პრესკონფერენცია როგორც ეფექტური სწავლების სტრატეგია

სწავლა-სწავლება აქტიური შემეცნებითი პროცესია და „მოსწავლე-მასწავლებლის“ მუდმივ თანამშრომლობაზეა დაფუძნებული. მოსწავლე აგებს ცოდნას მასწავლებლის მიერ გადაცემული ინფორმაციის საფუძველზე, მასწავლებელი კი თანამშრომლობს მასთან ცოდნის კონსტრუირებაში. სწავლება უნდა დაეხმაროს მოსწავლეებს საკუთარი აზრის ჩამოყალიბებასა და შეძენილი ცოდნის რეალურ ცხოვრებაში გადატანაში. პედაგოგებმა კარგად ვიცით, რომ მოსწავლე სასწავლო მასალას ყველაზე უკეთ მაშინ ითვისებს, როდესაც მოტივირებულია, თავად აკეთებს არჩევანს და საკუთარი გამოცდილების მეშვეობით წყვეტს მნიშვნელოვან  საკითხებს. წარმატებული  სასწავლო პროცესი დაფუძნებულია სწავლების ისეთი ეფექტური სტრატეგიების გამოყენებაზე, რომელთა უშუალო მონაწილე და შემოქმედიც თავად მოსწავლეა.

სასწავლო პროცესში მასწავლებლის მიზანია, სასწავლო აქტივობები ისე წარმართოს, რომ მოსწავლეებმა მნიშვნელოვანი იდეები კარგად გაიაზრონ, ინდივიდუალური შესაძლებლობების ფარგლებში გაითავისონ, საკუთარი ინტერპრეტაციითა და წარმოსახვით გადმოსცენ ან სოციალური ურთიერთობების გზით განახორციელონ, ძველ ცოდნას ახალი დააშენონ და  წამოაყენონ მრავალფეროვანი მოსაზრებები. მხოლოდ ასეთ გარემოში არიან ჩვენი მოსწავლეები მოტივირებულნი და განწყობილნი ცოდნის მისაღებად.

სასწავლო გარემოს უკეთ ორგანიზებისა და ცოდნის კონსტრუირებისთვის ხშირად ვიყენებთ  თანამშრომლობითი სწავლების ფორმას როგორც სწავლების საუკეთესო საშუალებას. საკუთარმა პედაგოგიურმა პრაქტიკამ დამანახა, რომ მოსწავლე მაშინ სწავლობს კარგად და არ უჭირს სასწავლო აქტივობების შესრულება, როდესაც კარგად აქვს გააზრებული სასწავლო მასალა და თანატოლებთან თანამშრომლობს ან სახალისო როლების გათამაშებით წარმოადგენს საკუთრ მოსაზრებას, ეძებს პრობლემის გადაჭრის გზებს და არგუმენტირებულად მსჯელობს. ეს უფრო სახალისოა, როცა  მოსწავლე რომელიმე ჯგუფის წევრია და თანატოლების მხარდაჭერას გრძნობს, აქვს კონკრეტული მიზანი და კონკრეტული დავალება, შესაფერისი სასწავლო გარემო.

შესაფერისი გარემოს შესაქმნელად და საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა აქტიურად ჩასართავად ინტერაქციული სწავლების მრავალი სტრატეგია მოვსინჯე, რომელთა შორის საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა გაკვეთილზე პრესკონფერენციის გათამაშება.

 

რატომ პრესკონფერენცია?

პრესკონფერენცია ინფორმაციის გადაცემისა და მასმედიასთან შეხვედრის ისეთი ფორმაა, როდესაც დაინტერესებული მხარე გამოხატავს საკუთარ პოზიციას რომელიმე მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ და პასუხობს დასმულ კითხვებს. პრესკონფერენციაში მონაწილეობენ, ერთი მხრივ, საკითხის გაშუქებითა და ინფორმაციის მიწოდებით დაინტერესებული სუბიექტები, მეორე მხრივ – მასმედია და საზოგადოების წარმომადგენლები. პრესკონფერენცია საუკეთესო საშუალებაა მრავალმხრივი რეალობის წარმოსაჩენად, მით უმეტეს, როდესაც მასში მოსწავლის ინტერესები და მოთხოვნილებია გათვალისწინებული.

პრესკონფერენციაში მონაწილეობით მოსწავლეები სწავლობენ არგუმენტირებულ მსჯელობას და რაიმე საკითხის მიმართ საკუთარი პოზიციის გამოხატვას, უკეთ ეცნობიან საზოგადოებასთან კომუნიკაციის ამ ფორმას, ჟურნალისტურ საქმიანობას, იყენებენ კითხვების დასმის სტრატეგიას, იღებენ საჯაროდ გამოსვლის გამოცდილებას, სწავლობენ საუბრის დაგეგმვას, ფაქტების გაანალიზებასა და სისტემატიზაციას, სხვისი აზრის ყურადღებით მოსმენას, ამასთან ერთად, ეცნობიან დიპლომატიური ურთიერთობების ტაქტიკასა და   ჟურნალისტიკური ეთიკის მნიშვნელობას.

პრესკონფერენციაზე  საკუთარი პოზიციის გამოსახატად მოსწავლეები წინასწარ უნდა ფლობდნენ მნიშვნელოვან ცოდნასა და ინფორმაციას საკვანძო საკითხის სხვადასხვა კუთხით წარმოსაჩენად, არგუმენტირებული მსჯელობისთვის და კითხვების დასასმელად, ამიტომ  ამ სტრატეგიის გამოყენება წინასწარ სათანადო მომზადებას მოითხოვს.

პრესკონფერენციის სტრატეგია გამოვიყენე მერვეკლასელეთა ისტორიის გაკვეთილზე, როდესაც დავამთავრეთ სასწავლო კურიკულუმით გათვალისწინებული ცივი ომის საკითხების შესწავლა. მოსწავლეებს უკვე ჰქონდათ ცოდნა ცივი ომის ცხელი წერტილებისა და არსებული კონფლიქტების შესახებ. ამ მხრივ არსებული ცოდნის შეჯამებისა და საკომუნიკაციო უნარების განვითარებისთვის მივიჩნიე, რომ მათ უფრო მეტად დაამახსოვრდებოდათ და უკეთესად გაითავისებდნენ მასალას, თუ როლებს გაითამაშებდნენ და ცივი ომის მონაწილე მხარეების პოზიციებს წარმოადგენდნენ. გაკვეთილმა წარმატებით ჩაიარა და დასახულ მიზანს მივაღწიე, რამაც სურვილი გამიჩინა, საკუთარი გამოცდილება კოლეგებისათვის გამეზიარებინა. წარმოგიდგენთ  მერვე კლასში ჩატარებული გაგკვეთილის მასალებს თემაზე „ცივი ომის კონფლიქტები და მათი გადაჭრის გზები“. იმედი მაქვს, ანალოგიური სტრატეგიის გამოყენებაში დაგეხმარებათ.

გაკვეთილის მიზნად დავისახე, მოსწავლეებს გაეცნობიერებინათ და კრიტიკულად შეეფასებინათ ცივ ომთან დაკავშირებული ფაქტები და  მოვლენები,  როლების გათამაშების საფუძველზე შესძლებოდათ ამ მოვლენების შესახებ საკუთარი მოსაზრებებისა  და შეხედულებების  გამოხატვა, ცივი ომის კონფლიქტების მიზეზებისა და შედეგების შესახებ არგუმენტირებული მსჯელობა, საკვანძო კითხვების დასმა, ცივი ომის კონფლიქტური პრობლემების  გადაჭრის სავარაუდო გზების ძიება და სათანადო დასკვნების გამოტანა, რაც ხელს შეუწყობდა მოსწავლეებში კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობისა და ცოდნის ტრანსფერის  უნარების განვითარებას.

 

აქტივობა  1  –  ფილმის ჩვენება და წინარე ცოდნის გააქტიურება

გაკვეთილის თემისა და მიზნის გაცნობის შემდეგ მოსწავლეთა პროვოცირება მოხდა წინარე ცოდნასთან დაკავშირებული დოკუმენტური ფილმის ნაწყვეტის ჩვენებით (3 წთ), რომელშიც ასახული იყო ავღანეთის ომის ფაქტები და ამ ომში რუსეთის პოლიტიკური აქტივობა https://www.youtube.com/watch?v=1MGAhyC651E&t=836s

ფილმის ნახვის შემდეგ პრობლემასთან დაკავშირებული ცოდნა გავააქტიურე საკვანძო კითხვებით:

  • რა მნიშვნელოვანი ფაქტები აისახა ფილმში?
  • წინა ცოდნიდან რომელ ანალოგიურ ფაქტებთან შეგიძლიათ დააკავშიროთ, რა არის მათ შორის საერთო ?
  • კონფლიქტების ორგანიზატორებად  ძირითადად რომელი ქვეყნები გვევლინებიან და რატომ?
  • რა როლი აკისრიათ საერთაშორისო ორგანიზაციებს ომიანობის პირობებში?
  • როგორ აისახა ცივი ომის კონფლიქტები საქართველოს რეალობაზე?
  • რა არის აღნიშნული კონფლიქტების მთავარი პრობლემა?

დასმული  კითხვების საშუალებით მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს ცივი ომის არსი და მონაწილე მხარეები, ბოლო კითხვის დახმარებით კი გამოვყავით მთავარი პრობლემის არსი მესამე ძალის ჩარევით გამოწვეული მოუგვარებელი კონფლიქტები სისხლიანი დაპირისპირებისა და ძალისმიერი ფორმების გამოყენებით. პრობლემის გამოკვეთის შემდეგ მასზე სასაუბროდ და საკუთარი  პოზიციების გტამოსახატავად შევთავაზე როლური თამაში – „პრესკონფერენცია“.

 

აქტივობა  პრესკონფერენციისთვის როლების განაწილება

პრესკონფერენციის დაწყების წინ როლების გასანაწილებლად მოსწავლეებთან ერთად   გამოვყავი რამდენიმე  სტატუსობრივად განსხვავებული ჯგუფი, რომლებსაც არჩეული როლის შესაბამისად უნდა გამოეხატათ პრესკონფერენციაზე საკუთარი პოზიცია და  ეპასუხათ მათდამი მიმართული კითხვებისათვის:

  • აშშ-ს წარმომადგენლობა;
  • რუსეთის წარმომადგენლობა;
  • საქართველოს წარმომადგენლობა;
  • ავღანეთის წარმომადგენლობა;
  • ვიეტნამის წარმომადგენლობა;
  • საერთაშორისო ორგანიზაციები;
  • ექსპერტები;
  • ჟურნალისტები და საზოგადოების წარმომადგენლები.

მოსწავლეებმა საკუთარი სურვილითა და კენჭისყრით აირჩიეს საჭირო ჯგუფი, აიღეს ჯგუფისთვის საჭირო რესურსი (წარწერა, დროშა), რომელიც საკლასო ოთახში, რესურსების მაგიდაზე იდო და დაიკავეს სამუშაო ადგილები პრესკონფერენციის დასაწყებად.

პრესკონფერენციის წარმართვისთვის ავირჩიე ე.წ. პრესკოორდინატორი. დაკომპლექტებულ ჯგუფებს ჩავუტარე მოკლე ინსტრუქტაჟი  პრესკონფერენციის მუშაობის, საკუთარი მოსაზრებებისა და შეხედულებების არგუმენტირებულად წარმოდგენის შესახებ. ჟურნალისტების ყურადღება გავამახვილე  კონტრარგუმენტებისა და კითხვების დასმის  შინაარსობრივ მხარეზე. ჯგუფებს გადავეცი ფურცელზე დაწერილი დავალებები (არჩეული სტატუსების  შესაბამისად). დავალების ფურცლებზე  მითითებული იყო მათი უშუალო მოვალეობა.

თითოეულ ჯგუფს ევალებოდა არჩეული როლის კარგად გააზრება-გათავისება:

  • გამოეხატათ პრობლემისადმი წარმომადგენლობის შესაბამისი მყარი პოზიცია და შეხედულება;
  • მიზანმიმართული პასუხი გაეცათ კონტრარგუმენტებისა და დასმული კითხვებისთვის;
  • საკუთარი პოზიციის დასამტკიცებლად მოეყვანათ თემასთან დაკავშირებული კონკრეტული ფაქტები და არგუმენტები, საჭიროების შემთხვევაში – კონტრარგუმენტებიც;
  • პრესკონფერენციის წესების ეთიკურად დაცვით მიემართათ სხვა მონაწილეებისთვის და ისე გამოეხატათ საკუთარი განსხვავებული პოზიცია ან ნაწილობრივი თანხმობა;
  • მოეფიქრებინათ პრობლემის გადაჭრის ორიგინალური სავარაუდო გზა;
  • ყურადღება მიექციათ ჯგუფური პოზიციის გამხოატვისთვის.

 

თითოეული ჯგუფისათვის სამუშაოდ გამოყოფილი მაგიდები ოთახში ნახევარწრეზე განვალაგეთ, ისე, რომ ყველა ხედავდა ერთმანეთს. შუაში იჯდა პრესკოორდინატორი. თითოეულ მაგიდაზე იდგა წარმომადგენლობის შესაბამისი  წარწერა და დროშა. ოთახის მეორე მხარეს წარმომადგენლობის საპირისპიროდ ისხდნენ ჟურნალისტები და საზოგადოების წარმომადგენლები. ამგვარმა განლაგებამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა თანამშრომლობასა და კომუნიკაციას.

 

აქტივობა 3 – პრესკონფერენციის მსვლელობა

პრესკონფერენცია და იწყო პრესკოორდინატორმა, რომელმაც ყურადღება გაამახვილა  პრესკონფერენციის თემაზე და გამოყო საკვანძო საკითხი, მერე კი ამ კითხვით მიმართა მონაწილე მხარეებს:

  • დასრულდა თუ არა ცივი ომი პრესკონფერენციის მონაწილე ქვეყნებისათვის და რას  ფიქრობს თითოეული წარმომადგენლობა  მსოფლიოში ამჟამად მიმდინარე კონფლიქტების შესახებ? როგორია მათი შეხედულებები და  მოსაზრებები ამ პროცესებისადმი?

საკუთარი პოზიცია ქვეყანაში არსებული კონფლიქტური სიტუაციისა და მისი მიზეზების შესახებ  პირველმა გამოხატა საქართველოს წარმომადგენლობამ, რომლის გამოსვლის შემდეგ პრესკოორდინატორმა სიტყვა გადასცა ჯერ რუსეთის წარმომადგენლობას, შემდეგ კი საერთაშორისო ორგანიზაციებს.

პრესკონფერენცია მხოლოდ საქართველო-რუსეთის საკითხებს რომ არ შეხებოდა და ცივი ომის სხვა საკითხებიც განხილულიყო, სიტყვა გადაეცათ პრესკონფერენციის სხვა მონაწილეებსაც (ამ შემთხვევაში პრესკონფერენციის წარმართვა პრესკოორდინატორზეა დამოკიდებული. მთავარია, წარმომადგენელთა ჯგუფებმა მოკლედ ჩამოაყალიბონ  საკუთარი პოზიცია იმის შესახებ, რა შედეგი მოუტანა მათ ქვეყანას  ცივი ომის  კონფლიქტებმა და რა აქვთ დაგეგმილი მდგომარეობის გამოსასწორებლად. მნიშვნელოვანია, რომ პრესკოორდინატორმა პარალელი გაავლოს კონფლიქტებთან დაკავშირებულ ვიეტნამისა და ავღანეთის ცხელ წერტილებს, ომის მიმართ ამ ქვეყნების დამოკიდებულებას შორის. ასევე მნიშვნელოვანია  ცივი ომის მთავარი ორგანიზატორი სახელმწიფოების –  აშშ-სა და რუსეთს მოსაზრებების მოსმენა. მთავარია, ყველა ჯგუფმა მოკლედ და არგუმენტირებულად გამოხატოს საკუთარ პოზიცია. კონტრარგუმენტების არსებობის  შემთხვევაშიც ასევე იქცევიან და აღნიშნავენ, ეთანხმებიან თუ არა მოსმენილ მოსაზრებას. პრესკონფერენციაზე პოზიციას გამოხატავს საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობაც საკუთარი მშვიდობისმოყვარე პოლიტიკის წარმოსაჩენად. პრესკონფერენციას შესაძლოა მიეცეს დისკუსიის სახე, მაგრამ პრესკონფერენციის ფორმატს არ უნდა გასცდეს. დროს და მსვლელობას აკონტროლებენ კოორდინატორი და მასწავლებელი).

წარმომადგენელთა მოსაზრებების მოსმენის შემდეგ პრესკოორდინატორმა კითხვით მიმართა ჟურნალისტებსა და საზოგადოების წარმომადგენლებს:

  • რას ფიქრობენ პრესკონფერენციაზე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთა მიერ გამოთქმული პოზიციების შესახებ და რა კითხვები ექნებათ მათთან?

ყოველი კითხვის ავტორმა ჯერ დაასახელა, რომელი გამოცემის ან საზოგადოების რომელი ჯგუფის წარმომადგენელი იყო და შემდეგ დასვა კითხვა. პრესკოორდინატორმა წინასწარ განსაზღვრა დრო კითხვებისა და პასუხებისათვის. კითხვების დასმისას მან აამოქმედა ე.წ. „მოლაპარაკე მიკროფონი“ (თამაშის ეფექტისათვის), რომელსაც გადასცემდნენ ყოველი ახალი კითხვის ავტორს.

კითხვებისა და პასუხების  ამოწურვის შემდეგ  პრესკოორდინატომა პრესკონფერენციის მონაწილე მხარეებს მადლობა გადაუხადა მონაწილეობისთვის და სიტყვა გადასცა მასწავლებელს.   პრესკონფერენციიის მსვლელობისას, როგორც მასწავლებელი, ვასრულებდი ფასილიტატორის როლს, ვაკვირდებოდი პროცესებს და ვინიშნავდი მოსაზრებებს შეჯამებისა და შეფასებისთვის, საჭიროების შემთხვევაში ვიყენებდი წითელ და მწვანე სანიშნებს (მწვანე – მოწონება, წითელი – გაფრთხილება და მითითება) ან ვერთვებოდი მსჯელობისთვის სწორი მიმართულების მისაცემად.  ექსპერტები აკვირდებოდნენ და აანალიზებდნენ პროცესს, სპეციალურ გრაფებში ინიშნავენ მონაწილეთა აქტივობებს საბოლოო ანალიზისათვის.

 

აქტივობა 3 – ვარაუდების განსაზღვრა

პრესკონფერენციაში მონაწილეობისთვის ყველას მადლობა გადავუხადე და ყურადღება გავამახვილე ცივი ომის პერიოდში არსებული კონფლიქტების გადაჭრაში ყოველი მათგანის მონაწილეობის მნიშვნელობაზე. არსებული პრობლემის გადაჭრისთვის ვარაუდების გამსოათქმელად ყველა ჯგუფს მივმართე საკვანძო კითხვით:

  • შესაძლებელია თუ არა აღნიშნული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება, კონფლიქტების  შეჩერება და როგორ წარმოუდგენიათ ამ პრობლემის გადაჭრაში საკუთარი ან თანაამედროვე მსოფლიოს როლი, რა ფორმით უნდა მოხდეს მშიდობიანი თანაარსებობა?

თითოეულ ჯგუფს ვთხოვე, კონსენსუსის მისაღწევად საკუთარი ვარაუდი გამოეთქვათ. ჯგუფებში აზრთა გაზიარებისა და შეთანხმების შემდეგ მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლობამ, ჟურნალისტებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა წარმოადგინეს სავარაუდო მოსაზრებები პრობლემის მოგვარების გზების შესახებ. მოსაზრებები გონებრივი იერიშის საშუალებით აღინუსხა დაფაზე, რაც შემდეგ დასკვნების გამოსატანად გამოვიყენეთ.

 

აქტივობა 4 – დასკვნების გამოტანა და შეჯამება

მოსწავლეებთან ერთად დაფაზე დაწერილი ვარაუდები ღირებულების მიხედვით დავნომრეთ  . მათი  ანალიზისა და თემატური დაჯგუფების  საფუძველზე  გამოვიტანეთ დასკვნები, როგორ შეიძლებოდა ცივი ომის კონფლიქტური პრობლემების მშვიდობიანად გადაჭრა, როგორი იყო ამაში თითოეული ადამიანის, თითოეული ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციების  როლი, რის საფუძველზეც ფაქტობრივად შეჯამდა გაკვეთილის თემაც.

ექსპერტებმა გაგვაცნეს თავიანთი მოსაზრებები პრესკონფერენციაში მოსწავლეთა ჩართულობის შესახებ. მათ აღნიშნეს, რომელი ჯგუფის არგუმენტები, კითხვები და პასუხები იყო მნიშვნელოვანი, რომელმა ჯგუფმა ან მოსწავლემ უფრო რეალისტურად შეაფასა არსებული სიტუაცია, რომელი კითხვა იყო ყველაზე ორიგინალურად  დასმული და პრობლემის გადაჭრის შესახებ რომელი იდეები მიაჩნდათ საუკეთესოდ.      

 

აქტივობა 5 – შეფასება და თვითშეფასება

შეფასებისა და თვითშეფასების დაწყებამდე მოსწავლეებს შევახსენე შეფასების რუბრიკები და ყურადღება გავამახვილე შეფასების სტიკერების ფერების მნიშვნელობასა და მათი განთავსების ინსტრუქციაზე. თვითშეფასების სტიკერები წრიულ სამიზნეზე უნდა განეთავსებინათ.

მოსწავლეებმა  თავიანთი საქმიანობა შეაფასეს  სამქულიანი სისტემით წინასწარ  შემუშავებული რუბრიკების შესაბამისად. თითოეულმა ჯგუფმა მისთვის განკუთვნილი  4 ფერადი სტიკერი რუბრიკების შესაბამისად მიამაგრა წრიულად დახაზულ და დაშკალულ  სამ შრეზე, იმისდა მიხედვით, როგორი ქულა დაიმსახურეს (ყველაზე მაღალი, 3 ქულა, გარეთა შრე იყო, რადგან ათვლა იწყებოდა ცენტრიდან). წრე დაყოფილი იყო 7 სექტორად,კ წარმომადგენლობათა მიხედვთ. თითოეულმა წარმომადგენლობამ თავის სექტორში მიაკრა საკუთარი აქტივობის შეფასების სტიკერი.   ყოველ  ჯგუფს მოუწია თვითშეფასება  ოთხი  რუბრიკით:

  1. არგუმენტირებული მსჯელობა (ვარდისფერი);
  2. კითხვების დასმა (ყვითელი);
  3. შემოქმედებითობა და ორიგინალურობა (მწვანე);
  4. ჯგუფსა და წყვილებში მუშაობა (ნარინჯისფერი).

შეფასების ასეთ შკალაზე აისახა როგორც მოსწავლეთა, ისე მასწავლებლის მიერ ჯგუფების  შეფასებაც. მოსწავლეებთან ერთად შევაფასე პრესკოორდინატორისა და ექსპერტების მუშაობაც სპეციალურად შედგენილი შეფასების რუბრიკების მიხედვით, რომლებშიც ყურადღება გამახვილდა არგუმენტირებულ მსჯელობაზე, შემოქმედებითობაზე, დაკვირვებისა და კრიტიკული ანალიზის უნარის გამოვლენაზე.

შეფასების შემდეგ მოსწავლეებს რეფლექსიისათვის დავურიგე სხვადასხვა ფერის სტიკერები, რომლებსაც ჩამოწერეს პასუხები 3 კითხვაზე და მიაკრეს დაფაზე :

  • რა მომეწონა გაკვეთილზე ყველაზე მეტად?
  • რას ვერ გაართვი თავი?
  • რის შესწავლაზე მსურს მომავალში ყურადღების გამახვილება?

გაკვეთილის დასასრულს ყველას მადლობა გადავუხადე  აქტიური  მონაწილეობისა და  თანამშრომლობისთვის. ყურადღება გავამახვილეთ იმ უნარებზე, რომლებიც პრესკონფერენციაში მონაწილეობით შეიძინეს. ვუსურვე მომავალი წარმატება, ხოლო  საშინაო დავალებად მივეცი ესე თემაზე   „მე რომ მშვიდობის ელჩი ვიყო“, ან მშვიდობის თემაზე სინქვეინის (ხუთსტროფიანი ლექსის)  შექმნა.

 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ბოჭორიშვილი მ. ინტერაქტიური მეთოდები, თბ., 2014
  2. ეროვნული სასაწვლო გეგმა 2011-2016, თბილისი, 2011
  3. კუტალაძე ი. ეფექტიანი სწავლება, გამოცდების ეროვნული ცენტრი, თბილისი, 2010
  4. ლობჟანიძე ს, ფირჩხაძე მ, რატიანი მ. „ინტერაქტიური მეთოდები პრაქტიკაში, როგორ დავგეგმოთ მოქნილი და შემოქმედებითი გაკვეთილი, თბილისი, 2016
  5. https://edu.aris.ge/news/preskonferencia-rogorc-gakveTilis-forma.html

კომენტარები

comments