ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

საუნივერსიტეტო ვალი: გარდაუვალი გასაჭირი თუ ფინანსური პირამიდა ?

დღეს სტუდენტები უნივერსიტეტს ასტრონომიული ვალით ამთავრებენ. ღირს კი?
ავტორი: დეილ არჩერი, მედიცინის დოქტორი
წყაროები: Reading Between the (Head)Lines, in Psychology Today, 28.01.2013 და https://www.educationnews.org/higher-education/student-loan-debt-hits-1-trillion/
საუნივერსიტეტო განათლება აშშ-ში, საკუთარ სახლთან ერთად, ამერიკული ოცნების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს. 2008 წელს, უძრავი ქონების ბაზრის კოლაფსის შემდეგ, ჩვენ ვისწავლეთ, რომ საკუთარი სახლის ქონა არ იყო გარდაუვალი აუცილებლობა, მაგრამ ყველამ იცის, რა მნიშვნელოვანია საუნივერსიტეტო ხარისხი წარმატებისთვის – ასე არ არის? როგორც დღეს იკვეთება, საზოგადოებაში გაბატონებული აზრი შესაძლოა ამ შემთხვევაშიც მცდარი აღმოჩნდეს.
Описание
 
უახლოეს წარსულში უნივერსიტეტის დიპლომს რაღაც ფასი ჰქონდა. იგი წარმოადგენდა აღმასვლის საფუძველს და ვირტუალურად ნიშნავდა კარგ სამსახურს კონკრეტულ სფეროში, აქედან გამომდინარე ყველა სარგებლით. რაც მთავარია, უმაღლესი განათლება რენტაბელური გახლდათ – მუშაობის დაწყებიდან ოთხ წელიწადში შესაძლებელი იყო დანახარჯის გასტუმრება – კაპიტალდაბანდება გამართლებული ჩანდა.

მოგვიანებით, როდესაც უნივერსიტეტში განათლების მიღება საერთო სიკეთედ იქცა, უბრალოდ უნივერსიტეტში ჩაბარება აღარ იყო საკმარისი – ეს „კარგი უნივერსიტეტი” უნდა ყოფილიყო, „ტოპ 25″-იდან ან „სუროს ლიგიდან”. უკეთესი სკოლა უკეთესი სამსახურის შოვნის შესაძლებლობას ზრდიდა. როგორც ყველა „მოთხოვნა-შეთავაზებისას”, ყველაზე მაღალი დონის, მოთხოვნად და „პრესტიჟულ” სკოლებში სწავლის საფასური ასტრონომიულ ნიშნულებს მიუახლოვდა. მაგალითად, როდესაც 70-იან წლებში თულეინის უნივერსიტეტში (Tulane University, ნიუ-ორლეანი, ლუიზიანა) ვსწავლობდი, სწავლის, საცხოვრებლისა და კვების ხარჯები წელიწადში დაახლოებით 2500 დოლარს შეადგენდა. დღეს იგივე 60 000 აშშ დოლარი ღირს!

რა თქმა უნდა, ყველას არ შეუძლია ამ თანხის თავისუფლად გადახდა, მაგრამ რა პრობლემაა? ეს ხომ ამერიკაა! აიღებ სტუდენტურ სესხს, შეარჩევ საუკეთესო უნივერსიტეტს, შემდეგ იშოვი მეგა რაოდენობის დოლარს და გაისტუმრებ სესხს. მაგრამ სინამდვილეში თუ ხდება ასე?
Описание
 
აშშ-ში საშუალოსტატისტიკური ოჯახის საშუალო წლიური შემოსავალი 2007-2011 წლებში 52 762 დოლარი გახლდათ. ბოლო ათი წლის განმავლობაში აშშ-ის საჯარო (სახელმწიფო) უნივერსიტეტებში ოთხწლიანი სწავლის საფასურმა 104%-ით მოიმატა. თუ ამას მყარ რიცხვებში გადავიყვანთ, მივიღებთ შემდეგ სურათს: 2010-2011 წლებში აკადემიური სასწავლო წლის, საცხოვრებელი ოთახისა და საკვების ჯამური ხარჯი სახელმწიფო უნივერსიტეტში 13 600 აშშ დოლარი გახლდათ; იმავე პერიოდში კერძო, არამომგებიან უნივერსიტეტებში სწავლის გადასახადი საშუალოდ 36 300 აშშ დოლარს შეადგენდა; „უკეთეს” უნივერსიტეტებში, შესაბამისად, ეს რიცხვი უფრო მაღალი იყო.

2013 წელს ასეთი სტუდენტური სესხის ოდენობამ ეროვნული მასშტაბით ტრილიონ დოლარს გადააჭარბა! შეიძლება ითქვას, რომ აშშ-ის უმაღლესი განათლების სისტემა დღეს დარღვეულია და სწავლის გადასახადი ყოველ სემესტრში იზრდება. ნელ-ნელა ეს ტენდენცია გაურკვეველი მიზნისკენ რბოლას ემსგავსება. 

რამდენად ღირებულია დიპლომი, თუ სტუდენტი მის საფასურს ვეღარ იხდის? ჩვენ ყოველწლიურად ვუშვებთ კურსდამთავრებულებს, რომლებსაც ბაკალავრის ხარისხი აქვთ თავიანთ სფეროში, მაგრამ… ეს ახალგაზრდები დაუსაქმებელნი რჩებიან. ის, ვინც სამსახურს შოულობს, ხშირად თანხმდება დაბალ ხელფასზე, თანაც სხვა სფეროში – იძულებულია, იმუშაოს, რათა სწავლისას დაგროვილი ვალები გაისტუმროს.

რა უნდა ქნას ახალგაზრდა სპეციალისტმა, რომელსაც 80 000 დოლარი აქვს აღებული სესხად, შესაფერის სამუშაოს კი ვერ პოულობს? უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდა მაშინვე ვარდება სასესხო ორმოში, აქვს ფინანსური პრობლემა, რომელიც გადაუხდელად არ გვარდება… რა უნდა ქნას ასეთმა ადამიანმა?

მომხმარებელთა ფინანსური დაცვის ბიუროს ანგარიშის თანახმად, 2013 წელს აშშ-ის სტუდენტური სესხების მთლიანი მოცულობა გასცდა ერთი ტრილიონი დოლარის ნიშნულს. წინა წელს სტუდენტური სესხების გადახდის მოცულობა ერთი სასწავლო წლისთვის 100 მილიარდ დოლარზე მეტი იყო. სტუდენტური სესხებით ამერიკელებს უფრო მეტი ვალი აქვთ, ვიდრე საკრედიტო ბარათებზე.

ეს ვალი, მისი შედარებით მცირე საკრედიტო პროცენტის გამო, შეუძლებელია „გაქრეს” ან ჩამოიწეროს გაკოტრებით. კონგრესმა ასეთ ვალებზე გამსესხებლებს მეტი უფლება დაუდგინა. მაგრამ ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ ახალი თაობისთვის, რომელიც უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ახალ ცხოვრებას იწყებს, ასეთი სასესხო ტვირთი ძალიან მძიმე გამოცდა იქნება. ვალი უარყოფითად იმოქმედებს ახლაგაზრდების ცხოვრებაზე და შესაძლოა, ამ მოვლენამ აშშ-ის ეკონომიკაში უკუსვლის ეფექტი გამოიწვიოს.

ასეთი უარყოფითი ეფექტის მაგალითია აშშ-ის საცხოვრებელი სახლების ბაზრის პრობლემები – თუ კურსდამთავრებულებს მოუწევთ გიგანტური სასესხო პროცენტების გადახდა სტუდენტური ვალის გასასტუმრებლად, მათ აღარ შეეძლებათ სახლის შესაძენი კრედიტის აღება. განათლებამიღებული ახალგაზრდები კი საცხოვრებლის ბაზრის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ.

„ეს წარმოშობს სახელფასო მონების ახალ თაობას”, – ამბობს USA Today-სთვის მიცემულ ინტერვიუში ნიკ პარდინი, ვილანოვას უნივერსიტეტის ფინანსური ფაკულტეტის კურსდამთავრებული. თავის ბლოგში ბ-ნი პარდინი აფრთხილებს ახალგაზრდებს, რომ სტუდენტური სესხები მალე ახალ „საკრედიტო ბუშტად” იქცევა, რომელიც ყველაზე მეტად მსესხებლებს დააზიანებს.

„ამერიკული ოცნება” ყველა ამერიკელ ახალგაზრდას „ეუბნება”: თუ ბეჯითად იშრომებ, კარგად ისწავლი და მოიპოვებ საუნივერსიტეტო ხარისხს, გარემო დაგაჯილდოებს და მოგცემს ყოველგვარ შესაძლებლობას ცხოვრების გასაგრძელებლად. ამ ყველაფრის გარეშე ეს შესაძლებლობები ვერ მოგეცემა. თუმცა დღევანელ სამყაროში ეს უბრალოდ სიცრუეა; დღეს გარანტიები აღარ არსებობს. დღევანდელი სტუდენტები „ვალის თაობას” უფრო წარმოადგენენ. მათ აღარ გააჩნიათ ის სიკეთეები, რომლებიც წინა, დიპლომირებულ თაობებს ჰქონდათ. თანაც უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ტრილიონიანი ვალი, თუ მისი გადახდა გაძნელდა, ყველა ჩვენგანის გადასახდელი იქნება. 

ახლა დავანებოთ თავი ფულს და სხვა ფაქტებსაც გადავავლოთ თვალი. როგორც წესი, უმაღლესი განათლება ყველა კარს აღებდა, მაგრამ დღეს ასე აღარ არის. ადრე უმაღლესი განათლება პრეტენდენტთა შერჩევისა და გამოხშირვისთვის გამოიყენებოდა. დღეს სამსახურის მაძიებელთა ბაზარზე უამრავი ბაკალავრია.

ყოველ წელს ათიათასობით ახალგაზრდა უნივერსიტეტში იწყებს სწავლას, თუმცა ბევრს წარმოდგენა არ აქვს იმაზე, რა სურს აკეთოს ცხოვრებაში. მრავალი მათგანი იმავე პრობლემით ამთავრებს უნივერსიტეტს. მათ ხელში უჭირავთ დიპლომი, და რა? ახლა უკვე ვეღარავის გააკვირვებთ იმით, რომ სამსახურში გვერდიგვერდ მუშაობენ მეცნიერების მაგისტრი და უბრალო GED-ის მქონე საშუალოსკოლადამთავრებული, თანაც ერთნაირ ხელფასზე. ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ GED-ის მქონე ახალგაზრდას ექვსნიშნა სტუდენტური სესხი არ აქვს გადასახდელი.

მაგრამ, როგორც ყოველთვის, ამ სიტუაციაშიც არსებობს ალტერნატივა – პროფესიული სკოლები (ხშირად დაუმსახურებლად მივიწყებული და, გავრცელებული დამოკიდებულებისამებრ, უნივერსიტეტებთან შედარებით „არც ისე კარგები”), რომლებიც აშკარად ბრუნდებიან განათლების სცენაზე. 2011 წელს, ჰარვარდის განათლების უმაღლესი სკოლის მონაცემებით, ექვს წელიწადში ბაკლავრიატის დამთავრება მხოლოდ სტუდენტების 56%-მა შეძლო, რამაც მასწავლებლებს უბიძგა, სტუდენტებისთვის სწავლის პროფესიულ სკოლებში გაგრძელება შეეთავაზებინათ. 

საშუალოსკოლადამთავრებულებს შესაძლებლობა ეძლევათ, გაითვალისწინონ პროფესიული სკოლების შესაძლებლობები და მოკლე ხანში ეფექტურად შეისწავლონ პროფესია, მალევე ჩაერთონ შრომაში და დაიწყონ თავიანთი კარიერის შენება. პროფესიული სკოლები ინტენსიურად ასწავლიან სტუდენტებს შრომის ბაზარზე არსებულ და მოთხოვნად პროფესიებს – ჯანდაცვაში, ტექნოლოგიებში, ელექტრომეურნეობასა და ბუნებრივი წიაღისეულის მოპოვება-გადამუშავების სფეროებში, კარიერაზე ორიენტირებული შესაბამისი პერსპექტივით. 

პროფესიული სკოლის კურსდამთავრებულს ეძლევა სერტიფიკატი, რომელსაც ახალგაზრდა გაცილებით სწრაფად იღებს, ვიდრე საუნივერსიტეტო ხარისხისთვის არის საჭირო და რომელიც სამუშაოს დაწყებიდან მოკლე ხანში აუნაზღაურებს მას სწავლისთვის გაწეულ ხარჯებს. როგორც წესი, ბევრი პროფესიული სკოლა თავის სტუდენტებს არსებულ ვაკანტურ სამუშაო ადგილებსაც სთავაზობს, ზოგიერთი კი ამის გარანტიასაც იძლევა.

„უნივერსიტეტები ახალგაზრდებს რეალური ცხოვრებისთვის ამზადებდნენ”; მე გავბედავ და ვიტყვი, რომ კურსდამთავრებულები დღეს შედიან უნვერსიტეტებში და გამოდიან იქიდან ისე, რომ ზემოთ ნახსენებ რეალურ ცხოვრებაზე წარმოდგენა არ აქვთ. დროა გავაცნობიეროთ, რომ საუნივერსიტეტო ხარისხი აღარ არის ის, რაც იყო წინათ. დრო იცვლება და იცვლება წესებიც, რომელთა მიხედვითაც ვამზადებთ ახალგაზრდებს კონკურეტულ სამყაროში ცხოვრებისათვის.

სამწუხაროდ, მოწოდება „შენ უნდა ისწავლო უნივერსიტეტში!” კვლავ ძალაშია. ხშირად ეს ლოზუნგი გამყარებულია დიპლომიანთა შორის დაბალი უმუშევრობის სტატისტიკური მონაცემებით. სამაგიეროდ, ეს სტატისტიკა უგულებელყოფს, რომ ის, ვისაც კარგი ნიშნები აქვს, კარგად აბარებს გამოცდებს და წარმატებით ამთავრებს უმაღლეს სასწავლებელს, ყველაფერს აკეთებს წარმატების მისაღწევად, განურჩევლად ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ქონისა თუ არქონისა. ამის კარგი მაგალითები არიან Apple-ის შექმნელი სტივ ჯობზი, Microsoft Corporation-ის ხელმძღვანელი ბილ გეითსი და Facebook-ის იდეის ავტორი მარკ ცუკერბერგი – მათ მიატოვეს უნივერსიტეტში სწავლა, რათა რეალური საქმე დაეწყოთ. ერთ-ერთი გავლენიანი ამერიკული კვლევითი კომპანიის, Forrester Research (Nasdaq: FORR)-ის მონაცემებით, აშშ-ის მილიონერების 20%-ს უნივერსიტეტში საერთოდ არ უვლია!

ამ ტიპის ადამიანები, საუნივერსიტეტო განათლების ქონა-არქონის მიუხედავად, ნებისმიერ სამუშაო ადგილზე მიზანდასახულად მიისწრაფიან წინ, მიზნისკენ.

საუნივერსიტეტო დიპლომი ან აკადემიური ხარისხი დღეს შეიძლება „პონცის სქემას” შევადაროთ (ასე უწოდებენ ფინანსურ პირამიდას აშშ-ში). იმ ადამიანების ისტორიებით, ვინც დიდ წარმატებას მიაღწიეს, ვრცელდება „წარმატების მანტრა”, თითქოს წარმატებისთვის საკმარისი იყოს ამ დიპლომის აღება. ამის შედეგად კი ვიღებთ შემდეგს: ყოველ წელს მეტი და მეტი ადამიანი ფიქრობს ტოპუნივერსიტეტებში ჩარიცხვაზე, მოთხოვნის გამო სწავლის საფასური ზევით მიცოცავს, ისე მაღლა, რომ გადასახდელად ბანკიდან სესხის აღება ხდება საჭირო. ბოლოს კი, როგორც, საერთოდ, პირამიდულ სქემებშია, ვინც „წვეულებაზე” იგვიანებს, ყველაზე მეტს აგებს.
თარგმნა და კომენტარები დაურთო ლევან ალფაიძემ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი