შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

მოსწავლეთა ემოციური და სოციალური პრობლემების მართვის  სტრატეგიები

„სასწავლო გარემო არის სკოლაში და კლასში არსებული ყველა სასწავლო საშუალებისა და რესურსების ერთობლიობა, რომელიც ხელს შეუწყობს სწავლებისა და სწავლის პროცესის სწორად წარმართვას წინასწარ დაგეგმილი მიზნების მისაღწევად“(სასწავლო გარემო, 2)

ეფექტიანი სასწავლო გარემოს შექმნა გულისხმობს: პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება  მშობლებთან,  მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან; მოსწავლეთა თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფა; გაკვეთილზე  ქცევის წესებისა დაცვა მოსწავლეთა ჩართულობის გზით; ეფექტიანი სასწავლო რესურსების მოძიება.

მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებელი ითვალისწინებს ყოველივეს, რაც ეფექტიანი სასწავლო გარემოს შექმნისთვისაა აუცილებელი, არის შემთხვევები, როდესაც  ზოგი მოსწავლის კონცენტრირება  საგაკვეთილო პროცესში მიცემული დავალებების მიმართ ჭირს. ამისათვის, საჭიროა, მათ გამოუმუშავდეთ გაკვეთილის დროის ეფექტიანად გამოყენების უნარ-ჩვევები.

ეს აუცილებელია, რადგან „გაკვეთილის არასწორ მართვას შედეგად მოსდევს დისციპლინის პრობლემები და მოსწავლეთა აკადემიური შედეგების გაუარესება.“(1, 27)

საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეების ყურადღების გაფანტვას ან ხმაურს თავისი წინაპირობები აქვს. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს მოსწავლეთა ემოციური და სოციალური პრობლემებით.

მასწავლებელი უნდა ითვალისწინებდეს მოსწავლეთა ემოციურ და სოციალურ პრობლემებს. ეცადოს გაიგოს თითოეული მოსწავლის საჭიროებები, ამისათვის საჭიროა ითანამშრომლოს კოლეგებთან, სპეციალისტებთან და მასწავლებლებთან.

ამდენად, მოსწავლეთა ემოციური და სოციალური პრობლემების გათვალისწინებასა და მათ მოგვარებას დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც ეფექტიანი სასწავლო გარემოს შექმნისათვის, ასევე მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებისათვის.

ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში  იყო შემთხვევა, როცა კლასში იყვნენ მოსწავლეები, რომელთაც გაკვეთილის მსვლელობის დროს უჭირდათ ყურადღების დიდი ხნით კონცენტრირება. უჭირდათ საკლასო სამუშაოების შესრულებისას ყურადღებით ყოფნა; ადგილიდან წამოიძახებდნენ კითხვაზე პასუხებს; მასწავლებლის მიერ დასმულ შეკითხვას  ბოლომდე გულდასმით არ უსმენდნენ; არ უსმენდნენ თანაკლასელის მიერ კითხვაზე პასუხის გაცემას და მასწავლებლის თანხმობის გარეშე აკეთებდნენ არასასურველ კომენტარებს თანაკლასელის მიერ დაშვებულ შეცდომებზე ან არასწორ ქცევაზე.

მოსწავლეების პრობლემების გასარკვევად და მოსწავლეთა არასასურველი ქცევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად, ასევე ვაკვირდებოდი მოსწავლეთა ქცევებს და ვახდენდი მათთან გასაუბრებას. ერთი მათგანი აღნიშნავდა, რომ თვითონაც სურს თავისი ქცევის კონტროლი, მაგრამ ამას დამოუკიდებლად ვერ ახერხებს. მის მშობელთან გასაუბრებამაც მოსწავლის სურვილი, (იყოს გაკვეთილზე ყურადღებით), დაადასტურა.

არსებული პრობლემის პრევენციისათვის მოსწავლეებს გაკვეთილზე შევუტანე თვითდაკვირვების დღიურები, რომლებშიც აღნიშნული იყო, თუ რომელ ქცევაზე  გაემახვილებინათ ყურადღება გაკვეთილის მსვლელობისას და მოეხდინათ ამ ყველაფრის მონიშვნა. მათ ყოველ 10 წუთში უნდა აღენიშნათ + ნიშნით, როცა ახერხებდნენ მასწავლებლის მოსმენას,     – ნიშნით როცა ვერ ახერხებდნენ ყურადღებით ყოფნას.

მოსწავლეთა თვითდაკვირვების ფორმა ინდივიდუალურად იყო შედგენილი თითოეული მოსწავლისათვის მათი საჭიროებებიდან გამომდინარე, ხოლო- მინიშნებები და კითხვები მკაფიო და გასაგები .

პარალელურად ვახდენდი ანალოგიური დაკვირვების ფორმის შევსებას, რათა შემემოწმებინა მოსწავლესთან ერთად, გაკვეთილის ბოლოს, მიღებული შედეგები. ეს მეხმარებოდა გამეგო რამდენად გულწრფელად ახდენდნენ დაკვირვებას  საკუთარ არასასურველ ქცევაზე.

მოსწავლეები თავიდანვე აქტიურად შეუდგნენ თვითდაკვირვების დღიურის შევსებას და იშვიათად ხდებოდა,  შეცდომით შეევსოთ იგი.

მოსწავლეზე ინფორმაციის მოგროვების მიზნით ვთანამშრომლობდი მასწავლებლებთან, რის  შემდეგაც გაირკვა, რომ მათი ქცევა გამოწვეული იყო, როგორც სოციალური, ასევე ემოციური ფონით.

ერთ-ერთ მოსწავლეს, რომელზეც ხორციელდებოდა დაკვირვება, ჰქონდა ოჯახური პრობლემები. მშობლები ერთად არ ცხოვრობდნენ.  სოციალური სამსახურის დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა. პრობლემები მის აკადემიურ მოსწრებას დაეტყო და უჭირდა საგაკვეთილო პროცესში აქტიური ჩართვა. მისი არასასურველი ქცევები საგაკვეთილო პროცესში იმითი გამოიხატა, რომ არ აცლიდა მასწავლებელს კითხვაზე პასუხის გაცემას, ადგილიდან (მასწავლებლის თანხმობის გარეშე) წამოიძახებდა პასუხს. უჭირდა გაკვეთილზე ყურადღებით ყოფნა და ხშირად ხმაურის ინიციატორი იყო; უჭირდა სასწავლო აქტივობებში აქტიური მონაწილეობა. თვითდაკვირვების წარმოების შემდეგ მისი არასასურველი ქცევები გამოსწორდა, ის ახერხებდა საკუთარი ქცევების კონტროლს. განსაკუთრებით იმოქმედა მისი პრობლემების მიმართ გამოვლენილმა ყურადღებამ და მზრუნველობამ.

მეორე მოსწავლე, რომელიც ასევე დაკვირვების ობიექტი გახდა, ცალკე საუბრისას აღნიშნავდა როგორც მშობელთან, ასევე მასწავლებელთან, რომ თვითონაც განიცდის გაკვეთილზე მოუსვენრად ყოფნას და ცდილობს მათ მოგვარებას.  ამ მოსწავლისთვისაც შეიქმნა სპეციალური თვითდაკვირვების ცხრილი, რომელიც მოიცავდა შემდეგ საკითხებს: 1. იყო თუ არა გაკვეთილზე ყურადღებით; 2. არ ვიწვევდი ხმაურს; 3. ვასრულებდი საკლასო სამუშაოს.

აღნიშნული მოსწავლე გულდასმით შეუდგა საკუთარი ქცევის დაკვირვებას და მის მართვას. ის სიხარულს ვერ მალავდა, როცა აღმოაჩენდა, რომ მიაღწია წარმატებას. ნელ-ნელა მოსწავლემ საკუთარი ქცევის კონტროლი მოახერხა.

თუმცა თვითდაკვირვების წარმოებისას იყო მოსწავლე, რომელსაც მიუხედავად თვითდაკვირვების სისტემური წარმოებისა უჭირდა საკუთარი ქცევის მართვა. მაინც ვერ აღწევდა სასურველ შედეგს. მას სჭირდებოდა კომპლექსური მუშაობა მასწავლებლების, მშობლებისა და ფსიქოლოგის.

მასწავლებელი მუდამ უნდა ცდილობდეს მოსწავლეთა სწავლასთან დაკავშირებული პრობლემების გამოკვლევას. ეს ხელს უწყობს მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის პოზიტიურ კომუნიკაციას,  კეთილგანწყობილ და თანამშრომლობაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს. მრავალფეროვანი,  საინტერესო და მოსწავლეთა ინტერესებსა  და შესაძლებლობებს  მორგებული სასწავლო პროცესის დაგეგმვასთან ერთად, პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა  ხელს უწყობს მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას, თითოეული მოსწავლის მაქსიმალურ ჩართვას სასწავლო პროცესში.

გამოყენებული   ლიტერატურა:

  1. სასწავლო და პროფესიული გარემო, ტ.III, გამომც. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი, თბ.2008
  2. nplg.gov.ge, სასწავლო გარემო, განმარტებითი ლექსიკონი განათლების სპეციალისტებისათვის (პირველი ნაწილი) 2018

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი