პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

სასკოლო საბჭოები დიდ ბრიტანეთში

დიდ ბრიტანეთში სასკოლო საბჭოები უდიდეს გავლენას ახდენენ საგანმანათლებლო პროცესების მიმდინარეობაზე. მათ სოლიდური უფლებები აქვთ მინიჭებული და სკოლის დირექტორსა და უფროს მენეჯერთან ერთად აქვთ გადანაწილებული სკოლის მართვა. სასკოლო საბჭოები არჩეული, დანიშნული და მიწვეული წევრებისგან შედგება. არჩეული წევრები მშობლები და მასწავლებლები არიან, დანიშნულ წევრებად ადგილობრივ ორგანოთა წარმომადგენლები მოიაზრებიან, მიწვეულები კი მიმდინარე პროცესებს ექსპერტის დონეზე უკეთებენ ანალიზს. იგულისხმება, რომ სასკოლო საბჭოები ასახავენ მოსწავლეთა, მასწავლებელთა, მშობელთა თუ ადგილობრივი საქმიანი საზოგადოებების წარმომადგენელთა ინტერესების ბალანსს.

ხშირად სკოლის დირექტორი სასკოლო საბჭოს წევრია. საბჭოს წევრთა რაოდენობა მოსწავლეთა რაოდენობაზეა დამოკიდებული. მაგალითად, თუ სკოლაში 600 ბავშვი სწავლობს, სასკოლო საბჭოში შედიან ხუთი მშობელი, ადგილობრივი მთავრობის ხუთი წარმომადგენელი, ორი მასწავლებელი, ექვსი მიწვეული ექსპერტი და დირექტორი.

სასკოლო საბჭოები გადამწყვეტ როლს ასრულებენ სკოლის მართვაში. ისინი პასუხს აგებენ სასკოლო ბიუჯეტზე, რომელშიც გათვალისწინებულია როგორც სახელფასო ოდენობა, ასევე პოლიტიკის დაგეგმვა და მისი ძირითადი კურსის განსაზღვრა. სასკოლო საბჭოები ერთად კრებენ მასწავლებლებს, განიხილავენ სახელფასო ანაზღაურების საკითხებს, უზრუნველყოფენ თითოეული მშობლისთვის სკოლის მუშაობის ყველა ასპექტის გაცნობას.

დირექტორს ევალება, თვალყური ადევნოს სკოლის ყოველდღიურ მართვას, თუმცა სასკოლო საბჭომ მას შეიძლება სხვა სახის დავალებებიც მისცეს. აქვე უნდა ითქვას, რომ ყველა სკოლა, იქ არსებული პრაქტიკისა და ტრადიციების კვალობაზე, სხვადასხვანაირად ანაწილებს უფლებამოსილებებს. სკოლები ანგარიშვალდებულნი არიან სასკოლო საბჭოების, ხოლო სასკოლო საბჭოები – მშობლებისა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების წინაშე. სასკოლო საბჭოები საკმაოდ ავტონომიურნი არიან. ერთია, რომ ზოგჯერ სკოლის ავტონომიის გაძლიერება ზრდის დირექტორის უფლებებსაც, რომელიც ხანდახან სასკოლო საბჭოს გადაწყვეტილებებზე გავლენასაც ახდენს.

გასული საუკუნის 80-იან წლებში ბრიტანულ განათლების სისტემაში განხორციელებულმა ცვლილებებმა ასახვა პოვა სასკოლო საბჭოების დღევანდელ დანიშნულებაზეც. დღის წესრიგში დადგა სკოლის დირექტორების სპეციალური გადამზადება. მასწავლებლებისთვის შემუშავებულ და პრაქტიკაში დანერგილ იქნა ეროვნული პროფესიული კვალიფიკაციის კრიტერიუმები. სხვა ინსტრუქციებთან ერთად გათვალისწინებულ იქნა სასკოლო საბჭოებთან მასწავლებლის მუშაობის უნარ-ჩვევები. უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი საბჭოები სხვა ქვეყნებშიცაა (ახალი ზელანდია, ავსტრალია, ევროპის ბევრი ქვეყანა, სამხრეთ ამერიკის შტატები), მაგრამ მხოლოდ ინგლისისა და უელსის სკოლები სარგებლობენ თვითმმართველობის უფლებით.

საბჭოების სულ უფრო მზარდი მონაწილეობა სკოლაში მიმდინარე პროცესებში ერთ-ერთი გლობალური ტენდენციაა. ერთია, რომ ზოგიერთ ქვეყანაში სასკოლო საბჭოს წევრებს მოეთხოვებათ განსაკუთრებული უნარ-ჩვევები და შესაბამისი განათლება.

შესაძლებლობა გვაქვს, განვიხილოთ ეფექტურობა სასკოლო საბჭოების საქმიანობისა, რომელიც წარმოებდა დიდ ბრიტანეთში 1987-დან 1997 წლამდე, ანუ 10 წლის განმავლობაში. 1987 წელს ადგილობრივი ორგანოების 54 პროცენტს ჩაუტარდა მოკლევადიანი კურსები. ზოგ შემთხვევაში ადგილობრივი მმართველობის ორგანოები მხოლოდ კოორდინატორების როლით შემოიფარგლნენ. 1988 წლიდან კი ცენტრალურმა ხელისუფლებამ ამ საქმის უკეთ განსახორციელებლად სპეციალური სახსრები გამოყო და უკვე ადგილობრივი ორგანოების 82 პროცენტი გადიოდა შესაბამის გადამზადებას. ყველაზე ფართოდ გავრცელებული იყო მოკლევადიანი კურსები, რომლებიც სასკოლო საბჭოების ფორმირებას ითვალისწინებდა.

ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან ერთად არსებობდა დისტანციური განათლების ქსელიც, რომელიც საკმაოდ წარმატებულად ვითარდებოდა. საბჭოს წევრების ინოვაციური და ნოვატორული წინადადებებით ფორმირდებოდა ღია უნივერსიტეტის მოდელი. განათლების სამინისტრო საბჭოს თითოეული წევრისთვის ამზადებდა რეფერატებს და საბჭოს წევრებს ვიდეომასალითაც უზრუნველყოფდა. ამ პერიოდისთვის მომზადდა რადიოპროგრამა, რომელშიც სასკოლო საბჭოების მუშაობა განიხილებოდა. ამასთანავე, შეიქმნა ცხელი ხაზი, სადაც დარეკვა სასკოლო საბჭოების საქმიანობით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს შეეძლო. ყველა საგანმანათლებლო გამომცემლობა რეგულარულად გამოსცემს სპეციალურ სახელმძღვანელოებს სასკოლო საბჭოების წევრებისთვის. გამოდის ყოველკვირეული გამოცემებიც.

საინტერესოა, ვინ ზრუნავს სასკოლო საბჭოების წევრთა მომზადებაზე. ხშირად ესენი ეროვნული და ადგილობრივი ორგანიზაციები არიან, მაგალითად, მენეჯერთა ეროვნული ასოციაცია, სასკოლო საბჭოების ეროვნული საბჭო. მათი უპირატესობა ის არის, რომ ისინი არ არიან დამოკიდებულნი ადგილობრივი მმრთველობის ორგანოებზე, მიუხედავად იმისა, რომ მათი უმეტესობა სწორედ ადგილობრივი მმართველობის ორგანოების ინიციატივით შეიქმნა. უელსის ადგილობრივი მმართველობის 32 ორგანოში ჩატარებული კვლევის თანახმად, აღმოჩნდა, რომ იქ, სადაც სასკოლო საბჭოების მხარდამჭერი სპეციალური სამსახური არ არსებობს, მას მრჩეველთა საბჭო ცვლის და იქ საკმაოდ შესამჩნევია სასკოლო საბჭოების სუსტი მუშაობა.

რა შეიძლება ითქვას სასკოლო საბჭოების მომზადების თაობაზე? თავდაპირველად (1986-1987 წ.წ.) მოსამზადებელი კურსების უმეტესობას მრავალი მიმართულება ჰქონდა, რაც უმთავრესად ემსახურებოდა იმას, რომ საბჭოს მომავალ წევრს საფუძვლიანად გაეგო სასკოლო საბჭოს დანიშნულება. აქვე შედიოდა დიდაქტიკური თემატიკაც – როგორ გამკლავებოდა სასკოლო საბჭო დაწესებულებაში თავჩენილ პრობლემებს. ჩართული იყო ასევე ფინანსური მენეჯმენტის საკითხები, ცოდნისა თუ გამოცდილების სწორად მართვის საკითხები, პერსონალის მენეჯმენტი, მოსწავლეთა მენეჯმენტი და ა.შ.

შემდგომ კი მომზადების თემატიკა უფრო და უფრო მჭიდროდ დაუკავშირდა მიმდინარე მოთხოვნებს. 1997 წლისთვის შემუშავებულ იქნა კურსების ჩატარების სპეციალიზებული ფორმა, რომელიც სამიდან ექვს საათამდე გრძელდებოდა. ეს, შესაძლოა, ყოფილიყო კურსები სკოლის ბაზაზე ამა თუ იმ პრობლების თაობაზე.

კურსებზე დასწრება ნებაყოფლობითი იყო, თუმცა მასწავლებელთა უმეტესობა სიამოვნებით თანხმდებოდა ამაზე. თვალსაჩინოებისთვის მოვიყვანთ მონაცემებს: 1997 წლისთვის აღნიშნულ კურსებს სასკოლო საბჭოების 22,6 პროცენტი ესწრებოდა, სასკოლო საბჭოების 90 პროცენტზე მეტს ჰყავდა თითო წევრი მაინც, რომელიც ხსენებულ კურსებს გადიოდა.

შესადარებლად მოვიყვანთ მონაცემებს: მშობლების 70 პროცენტი, მასწავლებელთა 64 პროცენტი, დაწესებულებათა დამფუძნებლების 30 პროცენტი მონაწილეობენ სასკოლო საბჭოების მიერ ორგანიზებულ კურსებში. 

შინაგანი კმაყოფილება კურსების მონაწილეთა ერთ-ერთ პრიორიტეტად მიიჩნევა. საბჭოს წევრთა სტატუსებს შორის არავითარი სხვაობა არ არის. ამასთანავე, ადგილობრივი მმართველობის ზოგიერთი ორგანო ცდილობს, დაამკვიდროს სასერტიფიკატო სისტემა. მაგალითად, ესექსის საგრაფოში არსებული კურსების გავლის შემდეგ მსმენელს სპეციალური სერტიფიკატი ეძლევა, რომელიც გარკვეულ უპირატესობას ანიჭებს მას. 

საერთო ჯამში სასკოლო საბჭოების წევრები უფრო თავდაჯერებულნი, უფრო მცოდნენი და კომპეტენტურები არიან სასკოლო პრობლემების მოგვარების სფეროში. ამავე დროს სპეციალური კურსების გავლამ მრავალ მათგანს შეაძლებინა, უფრო მეტად გაეაქტიურებინა პოლიტიკური მოღვაწეობა, გასჩენოდა ამბიცია, დაეყენებინა საკუთარი კანდიდატურა ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში სხვადასხვა პოზიციაზე და ა.შ. საკმარისია ითქვას, რომ უკანასკნელი წლის განმავლობაში მხოლოდ უელსის საგრაფოს მმართველობის სხვადასხვა შტოში საკმაოდ იმატა იმ ადამიანთა რიცხვმა, რომელთაც სასკოლო საბჭოების სპეციალიზებული კურსები ჰქონდათ გავლილი.

სასკოლო საბჭოების პასუხისმგებლობა სკოლის წინაშე საგრძნობლად გაიზარდა. გაძლიერდა ცენტრის როლი ეროვნული სასწავლო გეგმების ფორმირებაში.

ბოლო ხანს დაიბადა საბჭოების როლის გადახედვის იდეა. იყო წინადადება, სასკოლო საბჭოებს დემოკრატიული წარმომადგენლობის სტატუსი მინიჭებოდა, რომელიც ბრიტანეთის პარლამენტის წევრსა და სასკოლო საბჭოს წევრს თანაბარ პირობებში ჩააყენებდა. საბჭოს წევრს უნდა მიეღო დამატებითი შემოსავალი, როცა ის არანორმირებულ დროს დახარჯავდა და ა.შ. სასკოლო საბჭოების მუშაობის სრულყოფისა და დახვეწისთვის მუშაობა კვლავაც მიმდინარეობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი