ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

ფრონტალური გამოკითხვის ალტერნატივა (ცნებათა ქსელი)

გაკვეთილზე ერთფეროვნებას თავი რომ დააღწიოს, კარგი მასწავლებელი მუდამ ძიებაშია. ყოველი ახალი მეთოდის გამოყენებისას ადვილი შესამჩნევია მოსწავლეთა გახალისება. ყველა დამეთანხმება: საკმარისია, მასწავლებელს საკლასო ოთახში შესვლისას ახალი ნივთი, თუნდაც თვალსაჩინოება ან დასურათებული წიგნი დაუნახონ, ბავშვებს თვალები ცნობისმოყვარეობით აენთებათ. ამიტომაც იჩენს კარგი პედაგოგი განსაკუთრებულ ინტერესს სიახლეების მიმართ, გამუდმებით ეძებს ახალ გზებს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისა და შემეცნებითი გააქტიურებისათვის. 

დღეს მასწავლებლებს ბევრ ახალ და საინტერესო მეთოდზე მიუწვდებათ ხელი, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ორგანიზების თვალსაზრისით რთული მეთოდი მათ ხშირად აფრთხობს. რაც უფრო მარტივად გამოსაყენებელია ესა თუ ის მეთოდი, მით უფრო მეტია ალბათობა, მასწავლებლებმა ის ადვილად მოსინჯონ პრაქტიკაში. სწორედ ასეთ მეთოდებს გაგაცნობთ ამჯერად. 

„ცნებათა” ქსელი. ეს მეთოდი ემსახურება ნასწავლი მასალის გამეორებას, არსებული ცოდნის გააქტიურებას. მას იყენებენ განვლილი მასალის სისტემაში მოსაყვანად შესასწავლი თემის დასრულების შემდეგ. თუმცა ამ მეთოდის გამოყენება წარმატებით შეიძლება გაკვეთილის პირველ ფაზაშიც, როდესაც ჩვენი მიზანი მოსწავლეთა წინარე ცოდნის დიაგნოსტირებაა. არსებული ცოდნის გააქტიურების მრავალი მეთოდი არსებობს, თუნდაც ყველაზე გავრცელებული ფრონტალური გამოკითხვა, მაგრამ ცნებათა ქსელის უპირატესობა ის არის, რომ მასში ყველა მოსწავლის ჩართვაა შესაძლებელი. ისინი შეუზღუდავად ამბობენ იმას, რაც ახსოვთ, არ უფრთხიან შეცდომის დაშვებას.

გარდა ამ დადებითი მხარეებისა, ცნებათა ქსელი
·ავითარებს კომუნიკაციურ უნარებს;
·ხელს უწყობს თანამშრომლობას, ურთიერთსწავლებას;
·ხელს უწყობს ცნებათა შორის ლოგიკური კავშირების დანახვას, ანუ ანალიტიკურ აზროვნებას;
·ადვილი გამოსაყენებელია ყველა საგანში. 
მეთოდის აღწერა: კონკრეტული თავის/პარაგრაფისთვის მნიშვნელოვანი ცნებები დავწეროთ ბარათებზე. თითო ბარათზე – თითო ცნება. ბარათების რაოდენობა უნდა აღემატებოდეს მოსწავლეთა რაოდენობას. გავანაწილოთ ბარათები შემთხვევითობის პრინციპით. მოსწავლეებს შეიძლება დავრთოთ ნება, ბარათი გაუცვალონ თანაკლასელს ან გადაცვალონ რომელიმე დარჩენილ ბარათზე. 10 წუთის განმავლობაში მოსწავლეები ფიქრობენ და თავს უყრიან იმ ცოდნას, რომელიც აქვთ ბარათზე დაწერილი ცნების შესახებ. შეუძლიათ, დახმარებისთვის მიმართონ თანაკლასელს ან საჭირო ინფორმაციის მისაღებად თავიანთი ჩანაწერები გამოიყენონ. ეს მათ საშუალებას მისცემს, დაძლიონ შიშისა და უსუსურობის განცდა იმ შემთხვევაში, თუ ამ ცნების შესახებ რამე არ იციან ან დაავიწყდათ. ჩვენი მიზანი იმის დადგენა კი არ არის, რა არ იციან მოსწავლეებმა, არამედ იმისა, რა იციან, და კიდევ – მათი დახმარება საკუთარი ცოდნის დონის დადგენასა და შევსებაში.

წარსადგენი ინფორმაციის მომზადების შემდეგ მოსწავლეები წრეში სხდებიან. რომელიმე მათგანი იწყებს თავის ბარათზე დაწერილი ცნების ახსნას. მის შემდეგ ლაპარაკს იწყებს ის მოსწავლე, რომლის ცნებაც ლოგიკურად ყველაზე მეტად უკავშირდება უკვე ახსნილს და ასე შემდეგ, ვიდრე ყველა ცნება არ განიმარტება. დასასრულ, შეიძლება იმ ცნებების დამატებით განხილვა, რომელთა შესახებ ინფორმაცია ბუნდოვანი და მცირე (ნაკლული) აღმოჩნდა, ანდა რომლებიც გაუნაწილებელ ბარათებზე დარჩა.

მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეთა გამოსვლა არ იყოს ხანგრძლივი, რათა მათი ყურადღება არ მოდუნდეს. ამისთვის მათ წინასწარ უნდა მივცეთ განსაზღვრული დრო – რეგლამენტი. შეიძლება, ერთმა მოსწავლემ რამდენიმე ბარათი აიღოს. ეს – იმ შემთხვევაში, თუ მას შედარებით მარტივი ცნება შეხვდა და ადრე დაასრულა სამუშაო.

გთავაზობთ ცნებათა ქსელის მოდიფიცირებულ ვარიანტსაც. ეს ვარიანტი მოსწავლის მიერ ცოდნის დამოუკიდებლად დამუშავებას ემსახურება. მისი გამოყენება მოსწავლეებს ეხმარება იმ „ჩავარდნების” აღმოჩენასა და დაძლევაში, რომლებიც კონკრეტული სასწავლო მასალის ფარგლებში აქვთ. მასწავლებელს შეუძლია, ეს ტექნიკა გამოიყენოს ახალი თემის შესწავლამდე – მოსწავლეთა წინარე ცოდნის დასადგენად და იმის განსაზღვრისთვის, კიდევ რაზეა საჭირო ინტენსიური მუშაობა კონკრეტული მასალის დამუშავების შემდეგ. 

ისევე როგორც ცნებათა ქსელის გამოყენებისას, მასწავლებელი თავს უყრის შესწავლილი მასალის ყველა მნიშვნელოვან ცნებას. მერე ამ ცნებებს ჩამოწერს ბარათებზე, თითოზე – თითოს. მზადდება საჭირო რაოდენობის ეგზემპლარები, თითო მოსწავლისთვის – რამდენიმე ბარათი, ანუ ბარათების შეკვრა (იმისთვის, რომ ყოველ ჯერზე ხელახლა არ მოგვიხდეს ასეთი ბარათების დამზადება, შეიძლება მათი ლამინირება და მრავალჯერადი გამოყენება). დავალება ასეთია: მოსწავლემ ბარათები ორ ჯგუფად უნდა დაახარისხოს. მარცხნივ თავსდება ცნებები, რომლებსაც მოსწავლე კარგად იცნობს და განმარტავს, ხოლო მარჯვნივ – ცნებები, რომელთა ცოდნაშიც მას ეჭვი ეპარება, ნაწილობრივ იცის ან საერთოდ არ იცის. დახარისხების პროცესი, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურია. დახარისხების შემდეგ მოსწავლე იღებს მარჯვნივ მოთავსებულ ბარათს და მუშაობს შესაბამისი ცნების გონებაში აღსადგენად (თუ დავიწყებული აქვს), შესავსებად (თუ ნაწილობრივ ახსოვს) ან შესასწავლად (თუ საერთოდ არ იცის). ამისთვის ის იყენებს მისთვის ხელმისაწვდომ მასალებს: სახელმძღვანელოს, საკუთარ ჩანაწერებს. ცნების შესახებ ინფორმაციის მოძიება შეიძლება წყვილებშიც. სწორედ ამ დროს მიმდინარეობს ურთიერთსწავლების, თანამშრომლობის პროცესი. მოსწავლეები ერთმანეთს უხსნიან ცნებას ან სთავაზობენ დამატებით ინფორმაციას მის შესახებ. 

ცნების საფუძვლიანად დამუშავების შემდეგ მოსწავლე ბარათს დებს მარცხენა მხარეს. თუ რომელიმე ბარათი მარჯვენა მხარეს დარჩა, მასზე დაწერილი ცნება კლასში განიხილება. ეს მოსწავლეს ეხმარება, გააცნობიეროს საკუთარი ხარვეზები და შეავსოს ისინი, თანაც თვალს ადევნებს საკუთარი ცოდნის შევსების პროცესს. ამაზე მას მარჯვნიდან მარცხნივ ბარათების გადანაცვლება მიანიშნებს. ეს ერთი შეხედვით მარტივი ტექნიკა ზრდის მოტივაციას, მატებს მოსწავლეს საკუთარი თავის რწმენას, უყალიბებს ობიექტურ თვითშეფასებას. მოსწავლესთან ერთად მასწავლებელსაც ეძლევა მოსწავლის ცოდნისა და საჭიროებების დიაგნოსტირების შესაძლებლობა.

ნებისმიერი მეთოდი კონკრეტული კლასის საჭიროებებსა და სასწავლო მიზნებს უნდა იყოს მორგებული, ამიტომ მასწავლებელს შეუძლია აღწერილი მეთოდის ინტერპრეტაცია. ეს მის შემოქმედებით უნარზეა დამოკიდებული. შემოქმედებითი უნარის მქონე მასწავლებლების ნაკლებობას კი, არა მგონია, ჩვენი სკოლა განიცდიდეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი