ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

      „სწავლა კეთებით“ –  ერთი გაკვეთილის ისტორია     

ამასწინათ, სოციალურ ქსელში 2017 წლის 4 მაისს ჩემ მიერ გამოქვეყნებულმა სტატუსმა და სურათებმა შემახსენა თავი, რომელიც მეორე კლასში ჩატარებულ გაკვეთილს ეხებოდა.  მოგონება ერთი გაკვეთილის ისტორიას ინახავდა. სიამოვნებით გადავიკითხე, დავათვალიერე სურათები  და გავაზიარე. წუთიც არ გასულა, რომ  სერგი (მაშინ სერგი მეორეკლასელი იყო) მიწონებს მოგონებას ასეთი კომენტარით: „მადლობა ამისთვის, მასწავლებელო!“ დედამიწის ზურგზე ჩემზე ბედნიერი არავინ იყო. გამიგებთ, რატომაც…

პრაქტიკიდან ბევრი რამ მაქვს გასახსენებელი, მაგრამ ამ სტატიის დაწერა სწორედ ერთი გაკვეთილით მიღებულმა შედეგებმა გადამაწყვეტინა. მინდა გაგიზიაროთ ჩემი  გამოცდილება იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ერთი ჩვეულებრივი გაკვეთილი გადაიქცეს დღესასწაულად, როგორ შეიძლება მოსწავლეთა ცნობისმოყვარეობა გადავზარდოთ ცოდნის მოყვარეობაში, როგორ შეიძლება ერთ გაკვეთილში მოიცვა   ცოდნის სამივე კატეგორია: დეკლარატიული, პროცედურული და პირობისეული.

დაწყებითი კლასების მასწავლებლებს განსაკუთრებული მისია გვაკისრია, საფუძველი უნდა ჩავუყაროთ არა მარტო ამა თუ იმ საგნის ფუნდამენტურ ცოდნას, არამედ, იმასაც, რომ პატარებისათვის სწავლა მეტად საინტერესო და სახალისო გავხადოთ. ამ მოტივაციით გადავიყვანოთ შემდეგ საფეხურზე. ამის მიღწევა შესაძლებელია სწორად დაგეგმილი გაკვეთილით, მოსწავლეთა ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული სწავლებით, მათი ცოდნისა და გამოცდილების გამოყენებით, გაკვეთილის მიზნისა და მისაღწევი შედეგების მკაფიოდ დანახვებით.

„სწავლა კეთებით“ – იდეის ავტორი, მე-20 საუკუნის ამერიკელი ფილოსოფოსი, ფსიქოლოგი და განათლების სპეციალისტი ჯონ დიუი მიიჩნევდა – განათლება ერთი მხრივ, უნდა ემყარებოდეს გამოცდილებასა და არა ფაქტების დამახსოვრებას. წარმატებული სწავლისათვის საუკეთესოა ცოდნის მიღება გამოცდილებით და სოციალური ინტერაქციით, ასევე, პირადი იდეებისა და ცნობიერების ფორმირებით. სწავლის პროცესი მიმდინარეობს მაშინ, როცა რაღაც ხდება მოსწავლის „შიგნით“, ამიტომ, მისი აზრით, სწავლა უნდა მიმდინარეობდეს შრომისა და თამაშის აქტიური გამოყენებით. ბავშვებმა ცოდნა უნდა შეიძინონ კეთების საშუალებით.

ამიტომაც გადავწყვიტე თემები – „ადამიანის კვება“ (საგანი- ბუნებისმეტყველება) და სასაუბრო „ხილი და ბოსტნეული“ (საგანი – ქართული ენა და ლიტერატურა) ინტეგრირებულად შემეთავაზებინა მოსწავლეებისათვის.

გაკვეთილი გონებრივი იერიშით დავიწყეთ. დაფაზე ვწერ ლათინური ასოებს „A”, „B“, „C“, „D“, „E“ და მოსწავლეები მკარნახობენ ბოსტნეულისა თუ ხილის დასახელებებს, რომლებიც ამ ვიტამინებს შეიცავს. მე კი მათი ნააზრევი გადამაქვს დაფაზე(მე ხომ მათი კალამი ვარ). სწავლების ეს მეთოდი მოსწავლეებს ეხმარება თემის შესახებ  წინარე ცოდნის გააქტიურებაში, ერთმანეთთან დაკავშირებაში, სააზროვნო პროცესის ცნებების/სიტყვების გრაფიკულად წარმოდგენაში. თანაც, მეთოდი ინტერაქტიურია, დინამიური, მოსწავლეთა მამოტივირებელი.

შემდეგ ჯგუფურ მუშაობაში ერთვება მთელი კლასი. ერთ ჯგუფს პოსტერის შექმნა ევალება, მეორეს – კომიქსის, მესამეს კი – ჯანსაღი კვების რეკლამის. წესები თვალსაჩინოდაა გამოკრული, დროის განსაზღვრაც მნიშვნელოვანია,  ფუჭად რომ არ დაიკარგოს. ფუნქციებს ვინაწილებთ (იდეების მიმწოდებლები, მხატვრები, გამფერადებლები, დამკვირვებლები, პრეზენტატორები). მუშაობა მათთვის სახალისო და აზარტულია, უნარები კი, რომელთა განვითარებასაც უწყობს ხელს ჯგუფური მუშაობა, ფასდაუდებელი. თანდათან ვსწავლობთ ერთმანეთის პატივისცემას, ვიუმჯობესებთ თანამშრომლობით კულტურას.

მალე გადის დრო. პრეზენტაციები საინტერესო და გამორჩეული უნდა იყოს. მათ მიერ მომზადებული ნამუშევრები თემაზე –  „ჯანსაღი კვება“ სწორედ, რომ ჯანსაღი კვების პოპულარიზაციას უნდა უწყობდეს ხელს.

საინტერესოა ლექსიკაზე მუშაობა. „დღის სიტყვების კედელზე“ ფერად ფურცლებზე დაწერილ კულინარიულ ლექსიკურ ერთეულებს ვამაგრებ(მენიუ, კულინარი, დეგუსტაცია, დიზაინი, ალყა-ალყა, ზეითუნის ზეთი…), ზოგიერთის მნიშვნელობა უკვე იციან, ზოგის ამოცნობას კონტექსტის დახმარებით შეძლებენ, თუ საჭირო იქნება სინონიმებსა და ანტონიმებსაც მოვიშველიებთ, ზოგის განმარტებას კი პირდაპირ დაიმახსოვრებენ.

გაკვეთილის კულმინაცია ახლოვდება, სხვადასხვა სახის დაჭრილი ბოსტნეულისაგან ჯგუფებმა სალათები უნდა მოამზადონ და მორთონ, მერე,  მათი დაგემოვნებისა და შეფასების დროც დადგება. შეფასება პოზიტიური უნდა იყოს, ერთმანეთს მოტივაცია არ უნდა დავუქვეითოთ. შენიშვნებიც შეიძლება გვქონდეს, უბრალოდ, მისით არ უნდა დავიწყოთ. ე.ი. შეფასება ჩვენ საყვარელ „სენდვიჩს“ უნდა ჰგავდეს.

გაკვეთილს შეჯამება სჭირდება. გონებაში აღვადგენთ თითოეულ აქტივობას, ვსაუბრობთ, რით იყო საინტერესო? რა ვისწავლეთ? ან რაში გამოვიყენებთ მიღებულ ცოდნას? პასუხებიც მზად აქვთ: „მე, ჩემს პატარა და-ძმას მოვუმზადებ ჯანსაღ საკვებს“; „მე მზარეული გავხვდები“; „მე სტუმრები რომ მეწვევა, იმათთვის მოვამზადებ“… გეგმები შთამბეჭდავია.

გაკვეთილის შეფასების დროც დადგა. მოსწავლეები აფასებენ მეგობრების მიერ მომზადებულ სალათებს. უხარიათ, რომ თითოეული ჯგუფის მიერ მომზადებული განსხვავებულია, თუმც გაკვირვებას ვერ მალავენ, მათ ხომ ერთი და იგივე ინგრედიენტი გამოიყენეს… და ასკვნიან, რომ მთელი საიდუმლოება მათ მიერ გამოყენებული პროდუქტების რაოდენობასა და მომზადების ტექნოლოგიაშია.

ზარი ირეკება. თუმც განსხვავებით სხვა დღისა, ყურადღებას არავინ აქცევს. ბიჭები თათბირობენ, უბის წიგნაკს იშველიებენ და რეცეპტს ითხოვენ. მათი დავალებაც ეს არის, შეადგინონ კულინარიული რეცეპტი მასწავლებლის მიერ მიცემული ქარგის მიხედვით…

ამ გაკვეთილს გამოეხმაურა სერგი, ამისთვის გადამიხადა მადლობა და მე მიხარია, რომ ეს გაკვეთილი ორი წლის შემდეგაც ახსოვს მას.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ესგ საგნობრივი პროგრამა ბუნებისმეტყველებაში
  2. მასწავლებლის გზამკვლევი „ბუნებისმეტყველება“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი