ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

სასკოლო განათლება ჰოლანდიაში

განათლების მიღების თვალსაზრისით ჰოლანდია საკმაოდ პოპულარული ქვეყანაა, მისი პოპულარობის ერთ-ერთი საიდუმლო კი ის არის, რომ არაინგლისურენოვან ქვეყნებს შორის ჰოლანდია პირველია, რომელიც ინგლისურენოვან სწავლებას სთავაზობს როგორც საკუთარ მოქალაქეებს, ისე უცხოელ მოსწავლეებს.

ნიდერლანდებში კონსტიტუციის 23-ე მუხლი დიდი პატივისცემით სარგებლობს, რადგან მისი ძალით ქვეყანაში გარანტირებულია განათლების თავისუფლება. ეს გულისხმობს შემდეგს: ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქესა თუ ორგანიზაციას, თუკი აქვს შესაბამისი რესურსი და ჰყავს საკმაო რაოდენობის მოსწავლე, შეუძლია გახსნას სკოლა, რომელიც რელიგიურ თუ არარელიგიურ მსოფლმხედველობაზე იქნება დაფუძნებული. ამიტომ სკოლების 70 პროცენტზე მეტი კერძო ორგანიზაციებისა და ფონდების მიერაა დაარსებული. საკმაოდ მრავალრიცხოვანია, მაგ., კათოლიკური, პროტესტანტული, იუდაური, მუსლიმური ზოგადსაგანმანათლებლო სკოლები. არსებობს არარელიგიური კერძო სკოლებიც, მაგ., მონტესორისა, ვალდორფისა. დანარჩენი 30 პროცენტი სახელმწიფო სკოლაა. მიუხედავად ასეთი სიჭრელისა, ნიდერლანდების განათლების სამინისტრო ყველა ტიპის სკოლებში განათლების მაღალ და თანაბარ სტანდარტს უზრუნველყოფს, ამიტომ ჰოლანდიაში მიღებულ განათლებას (როგორც სასკოლოს, ისე უმაღლესს) დამსახურებულად აღიარებენ მსოფლიოს დანარჩენი ქვეყნები.

ჰოლანდიაში სასკოლო განათლება სავალდებულოა. ბავშვები ოთხი წლის ასაკში მიჰყავთ სკოლაში. როდესაც პატარა სამი წლის ხდება, მუნიციპალიტეტიდან მშობლებს წერილი ეგზავნებათ, სადაც მათ ატყობინებენ, რომ ბავშვი რომელიმე სკოლის „მომლოდინეთა სიაში” უნდა ჩაწერონ. ჰოლანდიაში ზოგიერთი სკოლა ძალიან პოპულარულია. მათი „მომლოდინეთა სიები” საკმაოდ გრძელია.

სკოლებში საკმაოდ მკაცრი დისციპლინაა. მოსწავლეს არ აქვს არასაპატიო მიზეზით გაკვეთილების გაცდენის უფლება. ამასთან, თუ, მაგ., მშობელმა მოსწავლე საპატიო მიზეზის გარეშე არ გაუშვა სკოლაში და ამის შესახებ არ შეატყობინა სკოლას, ჰოლანდიური კანონმდებლობით, იგი დანაშაულს სჩადის და შესაძლოა, სერიოზულად დაჯარიმდეს კიდეც. მაგრამ თუ მოსწავლე მალულად აცდენს გაკვეთილებს, მშობლებს შეუძლიათ დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მათ მყისიერად დაუკავშირდებიან სკოლიდან.

ჰოლანდიაში სასკოლო განათლება შემდეგ ეტაპებად იყოფა: საწყის (4-დან 12 წლამდე), საშუალო (12-დან 17/18 წლამდე) და სპეციალურ ანუ პროფესიულ სკოლებად.

დაწყებითი განათლება. პირველი ორი წელი ბავშვები საბაზისო საგნებს სწავლობენ. ასეთია, მაგ., კითხვა, წერა და არითმეტიკა. ამის შემდეგ მოსწავლეები ზოგადსაგანმანათლებლო საგნებს ეუფლებიან: ისტორიას, გეოგრაფიას, ფიზიკას, მათემატიკას, ჰოლანდიურ ენას და სხვა. ამავე პერიოდში იწყებენ ინგლისური ენის სწავლას. დაწყებითი სკოლის დამთავრებისას მოსწავლეები ნაციონალურ ტესტს აბარებენ, რომლის შედეგების მიხედვით გადადიან საშუალო სკოლაში. 

საშუალო განათლება. 12 წლის შემდეგ ბავშვები საშუალო სკოლებში იწყებენ სწავლას. აქ საშინაო დავალებებისა თუ მასწავლებლების რიცხვი დაწყებითთან შედარებით მნიშვნელოვნად იზრდება. საშუალო სკოლებში სამი ტიპის განათლებას იძლევიან: წინაპროფესიულ საშუალო განათლებას (VMBO) – 4 წელი; ზოგად საშუალო განათლებას (HAVO) – 5 წელი; წინასაუნივერსიტეტო განათლებას (VWO) – 6 წელი. პირველი სამი წლის განმავლობაში ძირითადი საშუალო განათლება ყველა მოსწავლეს ეძლევა, განურჩევლად იმისა, რა ტიპის განათლებას იღებს – VMBO-ს, HAVO-ს თუ VWOს. აუცილებელი საგნებია: ჰოლანდიური და ინგლისური ენები, გერმანული ან ფრანგული ენა, ისტორია და პოლიტიკა, გეოგრაფია, ეკონომიკა, მათემატიკა, ფიზიკა, ბიოლოგია, კომპიუტერული ტექნოლოგიები და სხვა. სამი წლის შემდეგ მოსწავლეები თავად წყვეტენ, რომელი აირჩიონ ზემოთ დასახელებული სამი ტიპის განათლებიდან.

სპეციალური (პროფესიულ-ტექნიკური) განათლება. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჰოლანდიელ მოსწავლეს ორი ალტერნატივა აქვს: ან უნივერსიტეტში ჩაბარების, ან საშუალო სპეციალური განათლების მიღების, რომელიც 4 წელი გრძელდება (MBO). ეს უკანასკნელი გულისხმობს სასოფლო-სამეურნეო, ეკონომიკურ, ადმინისტრაციულ, ტექნიკურ, საზღვაო და სამედიცინო პროფესიებს.

ჰოლანდიაში არსებობს სკოლები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებისთვისაც (VSO).

ვინაიდან ჰოლანდიაში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების უმეტესობა სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებისა და საზოგადოებების მიერ არის შექმნილი, დანარჩენი კი საჯაროა, სასწავლო პროგრამებიც საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა ამ პროგრამათა ხარისხი თითქმის ყველა სკოლაში თანაბარია. ჰოლანდიაში ყოველთვის არსებობდა ინტერესი არატრადიციული საგანმანათლებლო თეორიებისა და მეთოდებისადმი, ამიტომ, მაგ., ვალდორფისა და მონტესორის სკოლები აქ უფრო ადრე წარმოიშვა, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნებში. არსებობს ბევრი ექსპერიმენტული სკოლაც, რომელსაც „ალტერნატიულს” უწოდებენ. ბრიტანული სკოლა-პანსიონების მსგავსად, ჰოლანდიაშიც არის ელიტური ტრადიციული სკოლა-ინტერნატები. აქ მოსწავლეებს 12 წლის შემდეგ ასწავლიან საბანკო საქმეს და პოლიტოლოგიის საფუძვლებს, რითაც ერთგვარად ამ ასაკიდანვე ამზადებენ მომავალში მაღალი თანამდებობების დასაკავებლად. ჰოლანდიაში არსებობს წმინდა ბრიტანული სკოლებიც, სადაც სწავლება ბრიტანული პროგრამებით მიმდინარეობს. The British School in the Netherlands 1935 წელს დაარსდა.

ზოგიერთს ჰოლანდიური სასკოლო განათლების სისტემის მთავარ ნაკლად (რაც, ზოგიერთის აზრით, ღირსებაა) ის მიაჩნია, რომ სხვა ქვეყნიდან მოსწავლე იქ ვერ ჩავა და ვერ ისწავლის მზრუნველის გარეშე. მას აუცილებლად უნდა ახლდეს მშობელი, ახლო ნათესავი ან სხვა ადამიანი, ვისაც მსგავსი უფლებამოსილება ექნება. მაგრამ ეს პრობლემა არ წარმოიშობა, თუ ბავშვის ოჯახს ჰოლანდიაში ახლო ნათესავები ან მეგობრები ჰყავს, რომლებიც თანახმა იქნებიან, ბავშვზე იზრუნონ.
ჰოლანდიელ მოსწავლეებს ძალიან ცოტა თავისუფალი დრო აქვთ. სავალდებულო საგნების სია, გარდა იმ დისციპლინებისა, რომლებიც, სტანდარტულად, ყველა ქვეყნის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში ისწავლება (მშობლიური ენა, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია და მისთ.), მოიცავს ისეთ საგნებსაც, რომლებსაც, მაგ., საქართველოში, წესისამებრ, მხოლოდ უნივერსიტეტებში ასწავლიან. ასეთია განათლების მეთოდიკა, ეკონომიკა, მედიცინა, ბუღალტერია. ასევე, ნაცვლად ერთი რომელიმე კონკრეტული კონფესიის საფუძვლების სწავლებისა (მაგ., რუსეთის სასკოლო სივრცეში მიღებულია შემდეგი სახელწოდების საგანი: „მართლმადიდებლური კულტურის საფუძვლები”), მოსწავლეებს ასწავლიან ყველა ძირითადი რელიგიის ისტორიას და ზოგიერთ თეოლოგიურ საკითხსაც კი აცნობენ.

სასკოლო პროგრამის ლინგვისტური ნაწილი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ჰოლანდიელები დაინტერესებულნი არიან, მათივე ენაზე ესაუბრონ მეზობლებს – ფრანგებს, გერმანელებს, ინგლისელებს, ასევე – „ძმურ” ქვეყნებს ბელგიასა და ლუქსემბურგს, რომლებთან ერთადაც ბენელუქსის პოლიტიკურ-ეკონომიკურ კავშირში არიან გაწევრებულნი. გარდა ინგლისურისა, გერმანულისა და ფრანგულისა, ზოგადი განვითარებისთვის ისწავლება ლათინური და ბერძნულიც. არცთუ იშვიათად ისწავლება რუსული, ესპანური და სხვა ენებიც.

18 წლამდე სასკოლო განათლება უფასოა. მაგ., დაწყებით სკოლაში ერთ მოსწავლეზე სახელმწიფო წელიწადში 3 086 ევროს იხდის, სპეციალურ სკოლებში თითოეულ შშმ ბავშვზე კი 6,444 ევროს. სკოლას შეუძლია, სთხოვოს მშობელს სკოლის ბიუჯეტში ყოველწლიური შენატანის გაკეთება, რაც ნებაყოფლობითია. ეს თანხა კულტურული ღონისძიებებისთვის იხარჯება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი