ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

 კარიკატურა, როგორც რესურსი

საპროგრამო ლიტერატურული ტექსტების დამუშავებასთან ერთად ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე სხვადასხვა ფორმითა და საშუალებით გარკვეული სემიოტიკური კომპეტენციებიც უნდა ჩამოუყალიბდეთ მოსწავლეებს.

 

ეს ნიშნავს, რომ მათ უნდა შეძლონ ვერბალური და არავერბალური (რუკა, დიაგრამა, სქემა, ნახატი, კარიკატურა და სხვ.) ინფორმაციის გააზრება და ინტეპრეტირება, საკუთარი ნააზრევისა და განცდილის გადმოცემა როგორც წერილობით, ისე ზეპირად, ინფორმაციის ნიშანთა ერთი სისტემიდან მეორეში გადატანა –   მაგალითად, სიტყვიერ ტექსტში ან მუსიკალურ ნაწარმოებში გადმოცემული აზრის ილუსტრაციით გამოხატვა, სიტყვიერი ტექსტისა და ნახატის ერთმანეთთან დაკავშირება, სიტყვიერად გადმოცემული ინფორმაციის დიაგრამის სახით წარმოდგენა ან სხვადასხვა ჟანრის ნახატის სიტყვიერად აღწერა და ინტერპრეტირება.

 

კარიკატურა ამ მხრივ საინტერესო და სახალისო რესურსია.

 

საკუთრივ კარიკატურაზე მუშაობის დაწყებამდე აუცილებელია, მოსწავლეებს ესმოდეთ ცნების მნიშვნელობა. სახელმძღვანელოებში, როგორც წესი, რაიმე ახალი ცნება ან ტერმინი წინასწარ არის ახსნილი, რასაც მოჰყვება შესასრულებელი დავალებები და დასამუშავებელი მასალა.

ჩემი გამოცდილებით, მოსწავლეები გაცილებით უკეთ იმახსოვრებენ ამა თუ იმ ტერმინის, ცნების მნიშვნელობას მაშინ, როცა თავად ხსნიან და განმარტავენ მას.

 

კარიკატურის ენციკლოპედიური ან ლექსიკოლოგიური განმარტების მიწოდების ნაცვლად კლასს მოუმზადეთ მცირე პრეზენაცია, სადაც თავმოყრილი იქნება კარიკატურები ( სხვადასხვა ხერხით შეიძლება მოსამზადებელი სამუშაოს ჩატარება – ყველაზე მარტივი ინტერნეტში მოძიებული კარიკატურების ერთ პრეზენტაციად აკინძვაა, თუ ამის საშუალება არ არის, მაშინ გაზეთებიდან, ჟურნალებიდან ამოჭრილი კარიკატურების კოლაჟი შეგვიძლია შევთავაზოთ მათ ან წინასწარ ამოვბეჭდოთ რამდენიმე ეგზემპლარი და დავათვალიერებინოთ კლასს).

 

კარიკატურების დათვალიერების შემდეგ დამაზუსტებელი კითხვების მეშვეობით მოსწავლეები თავად ჩაინიშნავენ რვეულში განმარტებას.

საორიენტაციო კითხვები

რა იყო აღწერილი მოცემულ ნახატებზე?

როგორ იყო გადმოცემული ესა თუ ის შინაარსი?

რა განასხვავებდა ამ ნახატებს ჩვეულებრივი ნახატებისგან?

რა ემოციას აღძრავდა მნახველში ნახატები? რა იყო ამ ნახატების „გზავნილი“?

 

სამუშაოს დასრულების შემდეგ შეგვიძლია გავაცნოთ მოსწავლეებს განმარტება ლექსიკონიდან ან ენციკლოპედიიდან.

ამის შემდეგ უკვე ერთ კონკრეტულ კარიკატურას შევარჩევთ კლასის ინტერესების, დასამუშავებელი თემის ან სასწავო პროცესში დასახული მიზნების გათვალისწინებით.

ნიმუშის სახით წარმოგიდგენთ დანიელი მხატვრის, ჰერლუფ ბიდსტრუპის, ერთ ცნობილ კარიკატურას, ნახატების სერიას, რომელსაც ერთი საერთო თემა აერთიანებს და კლასისთვის ინდივიდუალური/წყვილებში სამუშაოს წერილობით მითითებებს.

 

 

 

 

დაურიგეთ მასალა კლასს ( ფურცლის ეკონომიის მიზნით შესაძლებელია მერხზე თითო ეგზემპლარის დადება ან პროექტორით კედელზე გამოსახვა).

მიეცით ინდივიდუალური სამუშაოსთვის განკუთვნილი დრო ( დაახლოებით 15 წუთი). ამის შემდეგ კი გარკვეული დრო – ნამუშევრის მეწყვილისთვის გასაზიარებლად (კარგი იქნება, თუ მოცემული სამუშაოსთვის მასწავლებელი დაწყვილებულ გაკვეთილს გამოიყენებს).

მოსწავლეებმა წერილობით უნდა შეასრულონ შემდეგი დავალებები:

1.დაასათაურე ნახატზე მოცემული თითოეული ეპიზოდი და მოკლედ აღწერე, რა ხდება. აღწერაში მხოლოდ ობიექტური ინფორმაცია აღნიშნე, შეფასების გარეშე.

2.მოიფიქრე საერთო სათაური, რომელიც შეესაბამება ნახატს. დაწერე მცირე კომენტარი ( იფიქრე და იმსჯელე წერილობით, გააკეთე გარკვეული დასკვნები, მოსაზრებები დაასაბუთე).

3.გაუზიარე წერილობითი ნაშრომი გვერდით მჯდომს. გაეცანი მისას.

4.გააკეთე კომენტარი – რა საერთო იყო თქვენს ნამუშევრებს შორის? რა განსხვავება? სიტყვერად შეაფასე კლასელის წერილობითი სამუშაო.

 

სურვილის მიხედვით, წყვილები წარმოადგენენ საკუთარ შემაჯამებელ კომენტარს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი