სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

როგორ მივაღწიოთ სკოლებში სწავლების მაღალ ხარისხს. მეოთხე ნაწილი

 წერილი მომზადებულია მოცემული კვლევის ორიგინალური და რუსული გამოცემების საფუძველზე: Barber, M. and Mourshed, M. (2007) How the World’s Best Performing Schools Come Out on Top. London, McKinsey & Company; М. Барбер, М. Муршед. КАК ДОБИТЬСЯ СТАБИЛЬНО ВЫСОКОГО КАЧЕСТВА ОБУЧЕНИЯ В ШКОЛАХ. „Вопросы образования” (2008) 
 
აუცილებელია, მაგრამ არა საკმარისი

წარმატებით მოფუნქციე განათლების სისტემები კლასში სწავლების ხარისხისადმი მუდმივი ყურადღებით გამოირჩევა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. უნდა მოიძებნოს მეთოდები, რათა კლასში კარდინალურად შეიცვალოს სიტუაცია. ყველა მასწავლებლისთვის აუცილებელია სამი რამ:

* თითოეულმა მათგანმა უნდა გააცნობიეროს საკუთარი ნაკლი. ეს უმეტესად გულისხმობს არა მარტო მუშაობის საკუთარი მეთოდების გაცნობიერებას, არამედ იმისასაც, რა უდევს მათ საფუძვლად.

* ყველა მასწავლებელმა უნდა აითვისოს უახლესი მეთოდიკები, ეს კი შესაძლებელია მხოლოდ რეალურ სამუშაო გარემოში დაკვირვებით.

* ყველა მასწავლებელი მოტივირებული უნდა იყოს საკუთარი მუშაობის სრულყოფისთვის. წესისამებრ, საამისოდ მატერიალური სტიმულები არ კმარა; რეალური ცვლილების მისაღწევად მათ უნდა ჰქონდეთ დიდი მოლოდინები, ესმოდეთ მიზანი, რომელსაც ყველა იზიარებს და, რაც მთავარია, კოლექტიური რწმენა, რომ შესწევთ უნარი, გააუმჯობესონ ბავშვების განათლების დონე. 

(მთარგმნელისა და რედაქტორის მინაწერი: სამწუხაროდ, ეს პროცესები ჩვენს განათლების სისტემაში, არსებითად, არ დაწყებულა)

რეფორმათა უმრავლესობის ანალიზმა გვიჩვენა, რომ ვითარების არსებითი გაუმჯობესება არ მომხდარა, რადგან ვერ მოხერხდა ამ სამი კომპონენტის ერთდროულად ამოქმედება. ვერც სემინარებზე და ვერც წიგნებიდან მიღებული ცოდნა უახლეს გამოცდილებათა შესახებ ვერ იძლევა სათანადო შედეგს, რადგან ეს ცოდნა არ არის საკმარისად კონკრეტული, რათა მასწავლებლებმა ის თავიანთ პრაქტიკაში გამოიყენონ. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ მასწავლებლებისთვის ლექციების კითხვა და სემინარებზე გაგზავნა კლასში მდგომარეობას ვერ ცვლის. ნებისმიერი სხვა პროფესიის ადამიანს მომზადებისას პრაქტიკული მეცადინეობები რეალურ გარემოში უტარდება (ექიმს – საავადმყოფოში, იურისტს – სასამართლო დარბაზში და ა.შ.), პედაგოგის პროფესიის დაუფლებისას კი პრაქტიკული მეცადინეობა იშვიათად ტარდება კლასში, თუმცა მაქსიმალური ეფექტის მიღწევა მხოლოდ ამგვარად არის შესაძლებელი.
მიდგომები

იმისთვის, რომ მასწავლებლებს სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში დაეხმარონ, საუკეთესო სისტემები ქმნიან პირობებს, რომლებიც თითოეულ პედაგოგს ხელს შეუწყობს თავისი ნაკლის გაცნობიერებაში, მიაწვდის ინფორმაციას უკვე აპრობირებული მოწინავე გამოცდილების შესახებ, გაუჩენს მათ შედეგების გაუმჯობესების სურვილს. ამ მიზნით გამოიყენება ოთხი მიდგომა.

* პედაგოგიური განათლების ადრეულ ეტაპზე პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება. ეფექტურ სისტემებში მასწავლებლების მომზადება აუდიტორიებიდან კლასებშია გადატანილი, რათა ისინი საჭირო უნარ-ჩვევებს სამუშაო ადგილზე დაეუფლონ. 

* სკოლებში მასწავლებლებისთვის გამოცდილი მენტორების დახმარების ორგანიზება. კარგი მასწავლებლების აღსაზრდელად აუცილებელია, მათ მცოდნე და გამოცდილი ხელმძღვანელები ჰყავდეთ. ასეთი ხელმძღვანელები არა მარტო პრაქტიკანტებს, არამედ მოქმედ პედაგოგებსაც სჭირდებათ. ექსპერტ-მასწავლებლები ესწრებიან გაკვეთილებს, აკვირდებიან, უზიარებენ პედაგოგებს თავიანთ მოსაზრებებს, ერთად ეძებენ სწავლების გაუმჯობესების გზებს.

* მენტორების შერჩევა და მომზადება-განვითარება. მასწავლებლებისთვის დამხმარე ხელმძღვანელების ყოლა განსაკუთრებით შედეგიანია, როდესაც სკოლა ხელს უწყობს ამ მიმართულებას. ამისთვის საჭიროა, სკოლების ხელმძღვანელები თავად იყვნენ ასეთი მენტორები, რათა თვითონვე შეეძლოთ კოლეგების დახმარება. ასეთ სკოლებში დირექტორებად წარადგენენ საუკეთესო პედაგოგებს, შემდეგ ისინი გადიან მომზადებას ხელმძღვანელის სამუშაოს შესასრულებლად და დროის უმეტეს ნაწილს მასწავლებლებთან მუშაობას უთმობენ. 

* პირობების შექმნა, რათა მასწავლებლებმა ერთმანეთისგან ისწავლონ. სკოლათა უმეტესობაში მასწავლებლები დამოუკიდებლად მუშაობენ. წარმატებულ სისტემებში (ჩინეთში, იაპონიაში, ფინეთში), პირიქით, ერთად გეგმავენ გაკვეთილებს, ერთმანეთის გაკვეთილებს ესწრებიან, ეხმარებიან ერთიმეორეს განვითარებაში. ასეთ სკოლებში ერთობლივი დაგეგმვა, აზრთა გაცვლა-გამოცვლა, ურთიერთდახმარება ნორმა და სკოლის მუშაობის მუდმივი ნაწილია. ასეთი გარემო დიდად ეხმარება მასწავლებელს განვითარებაში.

აუცილებელია დასახული ამოცანების ზედმიწევნით შესრულება: კარგად მოფიქრებული სტრატეგია მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიღებს შედეგს, თუ ის თანმიმდევრობით და ეფექტურად განხორციელდა.
პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება პედაგოგიური განათლების საწყის ეტაპზე
მასწავლებლები ცოდნის უმეტეს ნაწილს სწავლისა და პრაქტიკის პირველ წლებში იღებენ. რამდენიმე სასკოლო სისტემის შესწავლამ გვიჩვენა, რომ დახმარება, რომელსაც მათ სთავაზობენ, არ არის იმდენად ეფექტური, რამდენადაც შეიძლებოდა ყოფილიყო. ეს ხშირად იმის ბრალია, რომ სუსტია კავშირი მომზადების დროს მასწავლებლის მიერ მიღებულ ცოდნასა და იმას შორის, რის გაკეთებაც უწევს მას სამუშაო ადგილზე. ერთ-ერთი სკოლის ხელმძღვანელი შენიშნავს: „ჩვენ არასოდეს ვეტყვით ახალგაზრდა ექიმს: „წადი, გააკეთე ოპერაცია”, – სანამ ის არ გაივლის სამ-ოთხწლიან პრაქტიკას გამოცდილ ხელმძღვანელთან ერთად, მაგრამ იმავეს ვთხოვთ მასწავლებლებს – ვუშვებთ კლასში და ყურადღებას აღარ ვაქცევთ – დაე, თვითონვე გავიდეს ფონს”.

ჩვენ მიერ შესწავლილ წარმატებულ სასკოლო სისტემებში პრაქტიკული მუშაობა მასწავლებელთა მომზადების პროგრამასთან არის ინტეგრირებული. ბოსტონში (აშშ), ინგლისში, ფინეთსა და იაპონიაში უფრო წინ წავიდნენ – გაზარდეს და უფრო ინტენსიური გახადეს პედაგოგთა დახმარება პრაქტიკული სწავლის ხარჯზე და იპოვეს დახმარების ეფექტურობის გაზრდის მეთოდები.
 
ბოსტონში მოქმედებს პედაგოგთა მომზადების საუნივერსიტეტო პროგრამა, რომელიც ეფუძნება სამედიცინო ორდინატურის მოდელს – აქ ერთმანეთს ერწყმის პრაქტიკული მუშაობის დიდი მოცულობა, ძლიერი თეორიული მომზადება და მაგისტრის პრესტიჟული ხარისხი. პრაქტიკანტი მასწავლებლები ექვსთვიანი კურსების შემდეგ სკოლებში სტაჟიორებად აგრძელებენ სწავლას. ერთი წლის განმავლობაში ისინი კვირაში ოთხი დღე მუშაობენ გამოცდილი ხელმძღვანელის მეთვალყურეობით, ერთ დღეს კი საკურსო სამუშაოს უთმობენ. სწავლების მეორე წელს თითოეული მათგანი ემაგრება ხელმძღვანელს, რომელიც ყოველკვირეულად ორსაათნახევრის განმავლობაში ესწრება მეცადინეობებს. ხელმძღვანელთა დონის ასამაღლებლად, პროგრამის ჩარჩოებში, ქირაობენ ხელმძღვანელ-მასწავლებლებს. თითოეული მათგანი ეხმარება 14 ახალ პედაგოგს. 
ინგლისში მასწავლებელთა მომზადების ფინანსირებას მთლიანად სააგენტო (TDA) აკონტროლებს. ინსტიტუტებს, რომლებიც მასწავლებლებს ამზადებენ, მან დაუწესა მკაცრი სტანდარტი, სწავლების ორი მესამედი პრაქტიკულ მეცადინეობას დაუთმონ. თუ სტანდარტი დაირღვა, ინსტიტუტს უმცირებენ ან სრულიად უწყვეტენ ფინანსირებას. გარდა ამისა, ინგლისში შემოღებულია პრაქტიკა „სკოლაში შემოყვანის წელი”, რომლის განმავლობაში ახალგაზრდა სპეციალისტი იღებს განსაკუთრებულ დახმარებას: მას მინიმალურად ტვირთავენ, რათა მისცენ სწავლის დრო. იმავდროულად ის სისტემატურად გადის ატესტაციებს, რომელთა შედეგების მიხედვით ეძლევა რეკომენდაცია მუშაობის გაუმჯობესების შესახებ.

ფინეთში პედაგოგიური ფაკულტეტების უმეტესობა მეურვეობს სამსაფეხურიან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს, სადაც სტუდენტები სწავლების პრაქტიკას გადიან. ასეთი ორგანიზაციული სტრუქტურა უზრუნველყოფს მჭიდრო კავშირს სტუდენტთა მომზადების პროგრამის შინაარსსა და სკოლის რეალობას შორის, ამასთან, საშუალებას აძლევს ფაკულტეტებს, დახვეწონ თავიანთი პროგრამები სკოლაში განხორციელებულ დაკვირვებათა გათვალისწინებით.
იაპონიის უნივერსიტეტებში მასწავლებელთა მომზადების პროგრამები, უპირველესად, მიმართულია იქით, რომ გამოუმუშაონ მომავალ პედაგოგებს პრაქტიკული უნარ-ჩვევები, მიაწოდონ ცოდნა პედაგოგიურ და საგნობრივ სფეროში. 1989 წელს იაპონიაში აამოქმედეს ინტენსიური მომზადების სავალდებულო პროგრამა მასწავლებლებისთვის, რომლებიც პირველი წელია მუშაობენ სკოლაში. ეს პროგრამა ითვალისწინებს სწავლების პრაქტიკული ჩვევების ათვისებას. ახალი მასწავლებლები მუშაობენ სრულ განაკვეთზე, მაგრამ პირველი წლის განმავლობაში, კვირაში ორი დღე, მათ მენტორები ეხმარებიან.
სკოლაში მენტორების მუშაობის ორგანიზება
სწავლება უფრო ეფექტური რომ გახდეს, პედაგოგებს ხელმძღვანელი მასწავლებლები უწევენ დახმარებას. ამისთვის საგანგებოდ მომზადებული მენტორები აკვირდებიან მასწავლებლების მუშაობას, აძლევენ მაგალითს, ეხმარებიან დაგეგმვაში. ამ გზით მოკლე ხანში შედეგების საგრძნობი გაუმჯობესებაა შესაძლებელი. ზოგიერთ ქვეყანაში დამხმარე მასწავლებლებს საგანგებოდ ამზადებენ თეორიულად თუ პრაქტიკული სამუშაოს შესასრულებლად; ზოგან მათ სხვა სისტემებიდან იწვევენ, რათა რაც შეიძლება სწრაფად და რაც შეიძლება მეტი მასწავლებელი მოამზადონ სწავლების სხვადასხვა მეთოდიკაში.
დირექტორ-მენტორის შერჩევა და მომზადება
სკოლის მართვის შესახებ ერთ-ერთ საუკეთესო გამოკვლევაში ნათქვამია: „სკოლის მართვის ხარისხი ისევე მოქმედებს მოსწავლეთა განათლებაზე, როგორც კლასში სწავლების ხარისხი”. კვლევები გვიჩვენებს, რომ „ძლიერი მმართველობის გარეშე სკოლა შედეგებს ვერ გააუმჯობესებს”.

მხოლოდ ძლიერ ხელმძღვანელობას შეუძლია სკოლაში რეფორმების ეფექტურად გატარება. სკოლების ეფექტური მართვის პრინციპების ცოდნას წარმატებული სასკოლო სისტემები იმისთვის იყენებენ, რომ დირექტორებმა ბიძგი მისცენ მასწავლებლებს და გააუმჯობესონ პედაგოგიური პრაქტიკა. სკოლებში ისეთი ხელმძღვანელების ყოლისთვის, რომლებსაც სწავლების რეალურად გაუმჯობესების უნარი შესწევთ, სასკოლო სისტემები აკეთებენ შემდეგს:
* დირექტორის პოსტზე ირჩევენ შესაფერის მასწავლებელს;
* სკოლის ხელმძღვანელებს უვითარებენ ლიდერის უნარ-ჩვევებს.
* აღწევენ იმას, რომ დირექტორები დროის უმეტეს ნაწილს პედაგოგების განვითარებას უთმობენ.
დირექტორის პოსტზე შესაფერისი მასწავლებლების შერჩევა
თუ გვინდა, სკოლის ხელმძღვანელის მუშაობა ნაყოფიერი იყოს, აუცილებელია ამ პოსტზე შესაბამისი კანდიდატის შერჩევა. იმისთვის, რომ სკოლის დირექტორად „საჭირო ადამიანი” მიიღონ, წარმატებული სასკოლო სისტემები სტიმულს აძლევენ მასწავლებლებს, ისწრაფოდნენ ხელმძღვანელის პოსტისკენ; შემდეგ საუკეთესო პრეტენდენტები გადიან შესარჩევ პროცედურებს. იმის მიხედვით, რა დონეზე კონტროლდება დირექტორის დანიშვნა, ეს შერჩევა იქნება ცენტრალიზებული (მუნიციპალიტეტის ან სამინისტროს მიერ) ან დეცენტრალიზებული (ცალკეული სკოლის მიერ). სინგაპური და ჩიკაგო (აშშ) ურთიერთსაპირისპირო მიდგომების მაგალითებს წარმოადგენენ.
სინგაპურში სკოლის დირექტორები იღებენ მაღალ ხელფასს, რაც მათი პასუხისმგებლობის დონეზე მიუთითებს. კანდიდატი გადის მკაცრ ტესტირებას შეფასების ცენტრში – ასრულებს დავალებებს, რომლებმაც უნდა გამოავლინოს, რამდენად შეესატყვისება მისი ქცევა სკოლის ხელმძღვანელისადმი წაყენებულ  ძირითად მოთხოვნებს. კანდიდატები, რომლებიც სათანადო პოტენციალს ამჟღავნებენ, განათლების ნაციონალურ ინსტიტუტში გადიან ექვსთვიან მოსამზადებელ კურსს. მათ გამუდმებით აფასებენ ხელმძღვანელები, რომელთა აზრს შერჩევისას ითვალისწინებენ. ამ ექვსთვიანი პერიოდის შეფასება გაცილებით ობიექტურ სურათს იძლევა კანდიდატის შესახებ, ვიდრე ტრადიციული პროცედურები. კურსის დამთავრების შემდეგ შეარჩევენ კანდიდატებს, რომლებიც მზად არიან სამუშაოს შესასრულებლად.
ჩიკაგოში დირექტორს ირჩევს სკოლის კომიტეტი, ამიტომ ოლქს უფრო მეტად უჭირს კანდიდატების კონტროლირება, ვიდრე სინგაპურში, ამიტომ ქალაქის ხელმძღვანელობამ გამოიმუშავა შესაბამისობის მკაცრი კრიტერიუმები და დააწესა შერჩევის ორეტაპიანი პროცესი. დირექტორის პოსტის დაკავების მსურველმა უნდა დაადასტუროს, რომ შეესაბამება მოთხოვნებს. მათი ორი მესამედი პირველივე მცდელობისას იცხრილება. მომდევნო საფეხურზე გადასული კანდიდატები უკვე თითოეული სკოლის დონეზე ეჯიბრებიან სხვებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი