პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

კოგნიტური სქემების გამოყენება გაკვეთილზე

პიაჟეს თანახმად, ადამიანს დაბადებიდან აქვს მოცემული მარტივი სქემები, რომელთა საშუალებითაც ის თავიდანვე ახერხებს მარტივი ქცევების განხორციელებას. მაგალითად, ახალშობილს განვითარებული აქვს წოვის ინსტინქტი, ამ რეფლექსური ქცევის განხორციელების შესაძლებლობას პიაჟე სქემას უწოდებს. ასაკთან ერთად ეს სქემები რთულდება როგორც სტრუქტურულად, ისე შინაარსობრივად. სტრუქტურულად გართულება იმაში გამოიხატება, რომ მყარდება ახალი კავშირები და იქმნება უფრო რთული, ახალი სქემები. შინაარსობრივი სირთულე კი მდგომარეობს იმაში, რომ ყალიბდება რთული ქცევების განხორციელების შესაძლებლობა.

პიაჟე ყოველთვის ამბობდა, რომ კოგნიტური სქემები ვერ განვითარდება, თუ არ განვითარდა შესაბამისი ბიოლოგიური აპარატი – ტვინი, სმენა, მხედველობა და ა.შ. მაგრამ მხოლოდ ფიზიკურ-ბიოლოგიური განვითარება არ არის საკმარისი კოგნიტური სქემების განვითარებისათვის. აქ მიდის ერთი ფრიად საყურადღებო პროცესი, რომელსაც პიაჟე ხსნის ორი ცნების – ასიმილაციისა და აკომოდაციის მეშვეობით.

ასიმილაცია არის პროცესი, რომლის დროსაც ადამიანი გარემოდან მიღებულ ინფორმაციას ადარებს გამოცდილებაში არსებულ სქემებს და ახდენს მის ათვისებას, ასიმილაციას. აქ ხდება ერთი საინტერესო რამ: რადგან ასიმილაცია მთლიანად ეფუძნება ადამიანის გამოცდილებას და ამ გამოცდილების შედეგად უკვე ჩამოყალიბებულ სქემებს, ხშირ შემთხვევაში ძნელი, ზოგჯერ კი სრულიად შეუძლებელი იქნებოდა ისეთი ინფორმაციის გაგება, რომელიც აქამდე არ ყოფილა ადამიანის გამოცდილებაში.

ასეთ დროს, ადამიანი ზომბს რომ არ დაემსგავსოს, ერთვება მეორე პროცესი – აკომოდაცია. აკომოდაცია იძლევა უკვე არსებული სქემების გართულების საშუალებას. პიაჟე თვლიდა, რომ ინტელექტუალური განვითარებისათვის სწორედ აკომოდაციის პროცესია გადამწყვეტი კომპონენტი, განსაკუთრებით კი ბავშვებში.

განვითარების მამოძრავებელ ძალად პიაჟე ორგანიზმის წონასწორობისაკენ, ადაპტაციისაკენ მისწრაფებას მიიჩნევს. მისი აზრით, ადამიანს დაბადებიდანვე დაჰყვება სურვილი, ჰარმონიულ ურთიერთქმედებაში იყოს გარემოსთან. ამის მიღწევას იგი ცდილობს გარემოსადმი ადაპტაციის გზით – ასიმილაციისა და აკომოდაციის პროცესებით.

გრაფიკული სქემების გამოყენება წარმოდგენის არალინგვისტურ ფორმებს შორის ყველაზე ფართოდ გავრცელებული საშუალებაა. გრაფიკული სქემა, როგორც წესი, წარმოსახვის ორივე ფორმას გულისხმობს – ლინგვისტურს და არალინგვისტურს. ლინგვისტურია სიტყვები და ფრაზები. არალინგვისტურია სხვადასხვა ტიპის სიმბოლოები და ისრები, რომლებიც სიმბოლოებს შორის ურთიერთობებს გამოხატავენ.

კოგნიტური სქემა არის ჩარჩო, ყალიბი, რომელშიც მოცემულია ქცევის განხორციელების მონახაზი, შესაძლებლობა. კოგნიტური დიაგრამებით, ანუ გრაფიკული ორგანიზატორებით მუშაობა მოსწავლეებს მნიშვნელოვანი ინფორმაციის აღქმაში ეხმარება. მოსწავლეებს ხელთ ეძლევათ ტექსტის, იდეის, საკითხის კონტროლის მექანიზმი, რომელიც ნაწილისა და მთელის, ცნებისა და დეტალების ურთიერთმიმართების დადგენასა და ვიზუალურად დანახვაში დაეხმარებათ. კოგნიტური დიაგრამებით მუშაობა მოსწავლეთა აქტივობისა და დამოუკიდებლობის ზრდის კარგი საშუალებაა.

სწავლების პროცესში კოგნიტური დიაგრამების გამოყენებამ მნიშვნელოვნად შეცვალა პედაგოგის როლი და ფუნქცია, გაუადვილა მასწავლებლებს სტრუქტურირებული, საქმიანი გაკვეთილების დაგეგმვა, ხელთ მისცა აკადემიური პროგრესის და უნარ-ჩვევების გამომუშავების კონტროლისა და შეფასების საკმაოდ მოქნილი ტექნიკა, სწავლებისა და სწავლის პროცესი უფრო

მრავალფეროვანი და შემოქმედებითი გახადა.

კოგნიტური დიაგრამების საშუალებით მოსწავლე:

  • ანაწევრებს მოცემულ ინფორმაციას;
  • ორგანიზებას უკეთებს ინფორმაციას;
  • შეიცნობს მთელისა და დეტალების ურთიერთმიმართებას;
  • ეჩვევა კრიტიკულ აზროვნებას;
  • სწავლობს დამოუკიდებლად მუშაობას.

როდის და როგორ გამოიყენება კოგნიტური დიაგრამები:

  • გამოიყენება როგორც ახალი მასალის გაცნობა-წარმოდგენისას;
  • შემაჯამებელი სამუშაოს ჩატარების დროს;
  • გამოიყენება როგორც ტექსტის კითხვისა და დამუშავების;
  • გამოიყენება როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფებში მუშაობის დროს.

ჩემთვის, როგორც პედაგოგისთვის, კოგნიტური სქემების გამოყენება ნაცადი ხერხია გაკვეთილის ნებისმიერ ფაზაში(საჭიროებიდან გამომდინარე). ის ხელს უწყობს მოსწავლეებში სემიოტიკური კომპეტენციის განვითარებას.

გამჭოლი კომპეტენციებიდან ერთ-ერთი უმთავრესია სემიოტიკური კომპეტენცია.  სემიოტიკური კომპეტენცია არის ვერბალური და არავერბალური (რუკის, დიაგრამის, სქემის, ნახატის, მელოდიისა და სხვ.) საშუალებით გადმოცემული ინფორმაციის გააზრებისა და ინტეპრეტირების, საკუთარი ნააზრევისა და განცდილის სხვადასხვა საშუალებით გადმოცემის უნარი; ინფორმაციის ნიშანთა ერთი სისტემიდან მეორეში გადატანის  (მაგ. სიტყვიერ ტექსტში ან მუსიკალურ ნაწარმოებში გადმოცემული აზრის ილუსტრაციით გამოხატვის, სიტყვიერი ტექსტისა და ნახატის ერთმანეთთან დაკავშირების, სიტყვიერად გადმოცემული ინფორმაციის დიაგრამის სახით წარმოდგენისა და ა.შ.) უნარი.

ისტორიის გაკვეთილზე ხშირად ვიყენებ წყაროს ანალიზის დროს. ისტორიული წყაროს წაკითხვის და გაანალიზების შემდეგ ჯგუფებს ვაძლევ დავალებებს, ანალიზის საფუძველზე შეავსონ კოგნიტური სქემები. სქემების ნაირსახეობას ვარჩევ წყაროს შინაარსიდან გამომდინარე. ყველაზე ხშირად ვიყენებ ქვემოთ მოცემულ სქემებს:

 

 

აღნიშნულ სქემაზე მუშაობა  ეხმარება მოსწავლეს მოახდინოს წყაროში მოცემული  ინფორმაციის სწორი ტრანსფორმაცია, წყაროზე  მუშაობისას აქცენტი გააკეთოს ყველა იმ დეტალზე რომელიც საბოლოო  დასკვნის გამოტანას განსაზღვრავს.

 

 

 

მოსწავლეები ხალისით ეკიდებიან ისტორიული წყაროს დამუშავებას, იზრდება ინტერესი და მოტივაცია.

ჩვენი მიზანია  განათლებული მოქალაქის აღზრდა. ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ მოსწავლეებში 21-ე საუკუნის უნარების გასავითარებლად. მნიშვნელოვანია, მოსწავლისათვის სასწავლო პროცესი  დამღლელი და მოსაბეზრებელი არ გახდეს.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს აზროვნება (2007) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი;
  2. https://hrio.wordpress.com/2011/01/09/%E1%83%9F%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9F%E1%83%94-1896-1980-%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90/

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი