სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

სასკოლო განათლება ახალ ზელანდიაში

ახალ ზელანდიაში ბავშვები სკოლაში 5 წლის ასაკში მიჰყავთ. მანამდე ისინი საბავშვო ბაღში (Pre-school) დადიან. საბავშო ბაღში სწავლა ფასიანია და საკმაოდ ძვირიც, რის გამოც ბევრ მშობელს შვილები ბაღში არ დაჰყავს, თუმცა განსაზღვრული კატეგორიის ოჯახებს (ახალგაზრდა ან სტუდენტი წყვილები, დაბალშემოსავლიანი ოჯახები) ბაღის გადასახადს სახელმწიფო უხდის.

ახალ ზელანდიაში 400-ზე მეტი სკოლაა. მათი უმრავლესობა სახელმწიფოა, სადაც უცხოელ მოსწავლეებს იშვიათად იღებენ. კერძო სკოლა-პანსიონები კი უმთავრესად სწორედ უცხოელებზეა გათვლილი. არსებობს რელიგიური სკოლებიც. ახალ ზელანდიას, ისევე როგორც მის მეზობელ ავსტრალიას, საკმაოდ მაღალი დონის სასკოლო განათლება აქვს, ამიტომ ამ ქვეყნის საჯარო და კერძო სკოლებს შორის დიდი განსხვავება არც არის.

სკოლები ახალ ზელანდიაში დაწყებით (Primary School, 5-10 წელი), საშუალო (Intermediate School, 10-11 წელი) და დამამთავრებელ (High School 12-18 წელი) კლასებად იყოფა. ტიპური ახალზელანდიური სკოლა შედგება მთავარი შენობისგან (სადაც განთავსებულია ოფისები – დირექტორის, დირექტორის მოადგილის კაბინეტები, სამასწავლებლო, ბიბლიოთეკა და მისთ.) და მცირე სახლებისგან, სადაც საკლასო ოთახებია. უფროსკლასელებს მეცადინეობა მთავარ შენობაშიც შეუძლიათ. სკოლების მფლობელობაშია ასევე სპორტული მოედნები (კალათბურთის, ჩოგბურთის, ფეხბურთის) და საცურაო აუზი.

ამ ქვეყნის სასკოლო განათლების სისტემა ძალიან ჰგავს დიდი ბრიტანეთისას, თუმცა ახალი ზელანდიის სკოლებში უფრო მოქნილი პროგრამაა. სკოლის შემდეგ უნივერსიტეტებში ჩარიცხვაც მარტივად ხდება. მაგ., ინგლისური სკოლებისგან განსხვავებით, აქ არ არსებობს ასაკობრივი შეზღუდვა ამა თუ იმ კლასში სასწავლებლად – საკუთარი მომზადების დონიდან გამომდინარე, მოსწავლეს შეუძლია, მაღალი კლასების პროგრამა ერთ ან რამდენიმე წელიწადში გაიაროს.

სკოლაში სწავლის დაწყებამდე ორი კვირით ადრე ბავშვი მშობელთან ერთად მიდის სკოლაში. მას აცნობენ სკოლის ცხოვრებას, სხვა მოსწავლეებს, მასწავლებლებს და ა.შ. ამრიგად, ახალბედას ყოველგვარ პირობას უქმნიან უმტკივნეულო ადაპტაციისთვის. პირველივე დღეებიდან თითოეულ მოსწავლეს ეძლევა წიგნი შინ წასაკითხად. თავდაპირველად ეს საკმაოდ მარტივი ტექსტებია, მერე და მერე რთულდება. წიგნები დაყოფილია დონის მიხედვით და სხვადასხვა ფერისაა – ყვითელი, მწვანე, ცისფერი, წითელი და ა.შ. ზოგიერთი მოსწავლე წარმატებით ეუფლება კითხვის ტექნიკას და ხშირად 2-3 წლის მასალის დაძლევაც არ უჭირს.

სკოლებში სწავლა დილის ცხრიდან ნაშუადღევის სამ საათამდე მიმდინარეობს, მაგრამ პირველკლასელები სწავლის დაწყებიდან ოთხი კვირის განმავლობაში მხოლოდ პირველ საათამდე სწავლობენ. მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლიათ მათ სრული პროგრამით სწავლა.

ახალ ზელანდიაში სკოლა ვალდებულია, მოწაფეები შვიდი წლიდან მიიღოს. მას ხუთი წლის ბავშვების ჩარიცხვის უფლებაც აქვს, მაგრამ თუ პირველი ოთხი კვირის განმავლობაში ნათელი გახდება, რომ ბავშვი არ არის მზად სწავლისთვის (ტირის, სახლში წაყვანას ითხოვს, ტუალეტში დამოუკიდებლად სიარული არ შეუძლია, მასწავლებლებს ეურჩება და სხვა), მშობლებს რეკომენდაციას აძლევენ, ის სკოლიდან გაიყვანონ.

სკოლაში ჩასარიცხად სხვა საბუთებთან ერთად ითხოვენ ცნობას იმის შესახებ, რომ ბავშვს გაკეთებული აქვს ყველა საჭირო აცრა. გარდა ამისა, ივსება სპეციალური ანკეტა, სადაც მითითებულია ბავშვის ინტერესები. ხსენებულ ანკეტაში, მაგ., ისეთი საინტერესო ნიუანსიც კია შეტანილი, როგორიცაა: „რა სახელით სურს ბავშვს მიმართონ?” მოსწავლეს სრული უფლება აქვს მოითხოვოს, რომ მასწავლებელმა მას დაუძახოს, მაგ., „ნინიკო” და არა „ნინო”; „შოკა” და არა „შორენა”; „ლიკუნა” და არა „ლიკა”; „თაკო” და არა „თამარ” და ა.შ. – და მას მთელი სწავლების განმავლობაში მართლაც ასე მიმართავენ. უფრო მეტიც – მოსწავლის კარადას, მერხს და მისთვის განკუთვნილ ყველა სხვა საგანს მის სახელს სწორედ ამ ფორმით აწერენ.

სკოლები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ბავშვის ყოველმხრივ განათლებას. სასწავლო პროგრამები იმგვარადაა დაბალანსებული, რომ მოიცავს როგორც აკადემიურ საგნებს, ისე სპორტულ წვრთნებს, ასევე მუსიკისა და სხვადასხვა სახელოვნებო გაკვეთილებს. კლასებში ცოტა მოსწავლეა – არა უმეტეს 15-ისა, რაც მასწავლებელს შესაძლებლობას აძლევს, თითოეულ მათგანს ინდივიდუალურად მიუდგეს და ქმნის შესანიშნავ პირობებს მასალის მაქსიმალური ათვისებისთვის. ყველა სკოლა აღჭურვილია თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიებით და უსადენო ინტერნეტით.

ახალი ზელანდიის სკოლებში ნიშნებს არ წერენ. უფროსკლასელებს ტესტური დავალებების შესრულების შემდეგ ატყობინებენ მხოლოდ შეცდომების რაოდენობას. მოსწავლეები იღებენ მხოლოდ წლიური შეფასების ანგარიშებს. მთელი წლის განმავლობაში მოსწავლის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მასწავლებლებს შეაქვთ სპეციალურ კომპიუტერულ პროგრამებში, რომლებსაც მოსწავლის მოსწრების გამოთვლა და შესაბამისი რეზიუმეს გაცემა შეუძლია. ეს არის გრაფიკული ინფორმაცია კითხვასთან, წერასთან, მათემატიკასთან და სხვ. დაკავშირებული მოსწრების შესახებ. არავითარი დღიურები, მშობელთა ხელმოწერები და მისთანები. მშობელთა კრებები ახალი ზელანდიის სკოლებში თითქმის არ იმართება. ხდება მხოლოდ ინდივიდუალური შეხვედრები მასწავლებელთან წელიწადში ერთხელ ან ორჯერ. ამ შეხვედრაზე მასწავლებელი მშობელს აჩვენებს, რა გააკეთა მისმა შვილმა მთელი წლის განმავლობაში, აცნობს ბავშვის წარმატებებს და მიუთითებს, რას უნდა მიაქციოს მან მეტი ყურადღება. მასწავლებელი არასოდეს ეტყვის მშობელს, რა „არაფრის მაქნისი” და „ზარმაცი” შვილი ჰყავს მას, როგორც ეს საბჭოთა სკოლების მშობელთა კრებებზე ხდებოდა; პირიქით – მუდამ ეცდება, ბავშვის ძლიერ მხარეებზე გაამახვილოს ყურადღება.

მოსწავლეს სწავლის პროცესში საკმაოდ დიდი თავისუფლება აქვს მინიჭებული. მაგ., მას შეუძლია, უნებართვოდ ადგეს და გავიდეს საკლასო ოთახიდან, თუ, მაგ., ჯდომით დაიღალა. შესაძლოა ვინმემ იფიქროს, რომ „ნებაზე მიშვებული” ბავშვი კარგად ვერ ისწავლის, მაგრამ ახალ ზელანდიაში ასე არ არის; მოსწავლეთა მოსწრებაზე ეს გარემოება უარყოფით გავლენას არ ახდენს. კარგ ამინდში მეცადინეობა ხშირად ღია ცის ქვეშ ტარდება.
დიდი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა სპორტულ აღზრდას. თითქმის ყველა სკოლას აქვს, მაგ., საკუთარი აუზი. ბავშვებს ცურვას ხუთი წლიდან ასწავლიან. მესამე კლასიდან მათ შეუძლიათ, სხვა წრეებზეც იარონ, მუსიკა იქნება ეს, ცეკვა თუ ხატვა. ეს ყველაფერი უფასოა.

უცხო ენებს დაწყებითი კლასების შემდეგ ასწავლიან. ახალზელანდიურ სკოლებში ყველაზე მეტად ფრანგულის, იაპონურისა და ესპანურის სწავლებაა გავრცელებული. მაგრამ ამ ქვეყნის სკოლების თავისებურება ისიც არის, რომ აქ დიდი რუდუნებით ასწავლიან ჟესტურ და მაორის ენის საფუძვლებს. მაორი ახალი ზელანდიის აბორიგენების ენაა, რომელიც მეორე სახელმწიფო ენად არის გამოცხადებული ინგლისურის შემდეგ.

ახალი ზელანდიის სკოლებში (ისევე როგორც საბავშვო ბაღებში) ბავშვებს საკვები თავად მოაქვთ შინიდან. სკოლებში ბუფეტი ან სასადილო, როგორც ასეთი, არ არსებობს. მოსწავლეს შეუძლია, სკოლის ოფისის მეშვეობით შეუკვეთოს მზა საკვები, რომელსაც ოპერატიულად მიუტანენ. მენიუში შედის პიცა, სუში, ბაგეტი საქონლის ან ქათმის ხორცით, სენდვიჩები და სხვა. როცა სადილის დრო მოდის, ბავშვები საკლასო ოთახში ან სკოლის შენობის გარეთ მოწყობილ მაგიდებთან მიირთმევენ. ზოგიერთი ბალახზეც კარგად სადილობს. სასადილო შესვენება საკმაოდ ხანგრძლივია – ნახევარი საათი, ზოგჯერ მეტიც. ასე რომ, ბავშვები თავისუფლად ასწრებენ როგორც სადილს, ისე თამაშს.

სასკოლო ფორმის ტარება ყველა მოსწავლისთვის სავალდებულოა. ეს სიამოვნება მშობლებს არცთუ იაფი უჯდებათ. ყველა სკოლას აქვს ინდივიდუალური ფორმა საკუთარი ემბლემით, ფერით და ა.შ. ამასთან, არსებობს საზაფხულო და საზამთრო ფორმები.

ახალი ზელანდიის სკოლები საკმაოდ პოპულარულია უცხოელებს შორის. ეს ქვეყანა ყოველწლიურად 30 000 უცხოელ მოსწავლეს იღებს. აქ მათ უსაფრთხოება, ცხოვრების მაღალი დონე და ეკოლოგიურად სუფთა გარემო იზიდავთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი