პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ანა და ფრანკენშტეინი

ბავშვობაშივე აღმოვაჩინე, რომ ერთსა და იმავე ამბებს მე და ჩემი მეგობრები სხვადასხვანაირად ვიმახსოვრებდით და ის, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, დანარჩენების მეხსიერებას არც კი შემორჩებოდა ხოლმე. მეორე მხრივ, ისინი ისე ჰყვებოდნენ თუნდაც უბრალო, ყოველდღიურ ისტორიებს, რომ მსმენელს მომხდარის თანამონაწილედ აქცევდნენ, მე კი რაიმეს მოყოლას მუდმივად თავს ვარიდებდი – ვხვდებოდი, რომ ადამიანის გულთან ახლოს ვერ მივიდოდა, შესაფერისი ფორმის უქონლობისა და მხოლოდ ჩემს წარმოსახვაში შეძენილი ღირებულების გამო. ფორმის მოძებნა კი ძალიან მიძნელდებოდა და არც იმაში ვიყავი დარწმუნებული, რომ ამგვარ მცდელობებზე დროის დაკარგვა ღირდა.

ეს ფიქრები ცოტა ხნის წინ ნანახმა ძველმა ესპანურმა დრამამ ამიშალა, რომელსაც სამართლიანად მიიჩნევენ ბავშვებსა და ბავშვობაზე გადაღებულ ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად. „სკის სული“ („El espíritu de la colmena“) 1973 წელს გადაიღო ვიქტორ ერისემ – გასაოგნებლად ლამაზი ფილმი, რომლის ფაქიზ აბლაბუდაშიც თანდათან ეხვევი და ბოლოს იმ აზრამდე მიდიხარ, რომ შენ წინაშე ნამდვილი შედევრია, ხელოვნების დიდი ნაწარმოებების გვერდით თამამად დასაყენებელი. მთავარი გმირი ექვსი წლის ანაა, რომლის თვალით დანახული სინამდვილეც მნიშვნელოვნად განსხვავდება იმისაგან, რასაც მისი გარშემომყოფები ხედავენ. გასული საუკუნის 40-იანი წლების დასაწყისის ესპანურ სოფელში ანა და მისი უფროსი და, იზაბელი ერთნაირად იზრდებიან – ერთსა და იმავე სკოლაში დადიან, გვერდიგვერდ დადგმულ საწოლებში იძინებენ, სათამაშოდ და გასართობადაც თითქმის შეუზღუდავი სივრცე აქვთ და მშობლებისგან ყურადღებასა თუ მზრუნველობას დიდად არც ითხოვენ, მაგრამ გოგონებს შორის თვალში საცემი სხვაობაა. ამას ფილმის დასაწყისშივე ამჩნევ და მაშინვე მიზეზების ძებნას იწყებ: რას უნდა დააბრალო ყველაფერი – სხვადასხვაგვარად განვითარებულ მგრძნობელობასა და წარმოსახვის უნარს?

სოფელში კინოჩვენებას აწყობენ და აღელვებული სოფლელებიც თავიანთი სკამებით მორბიან ჯეიმს უეილის „ფრანკენშტეინის“ სანახავად. ბავშვები წინა რიგებში სხდებიან – კარგად ვხედავთ დაძაბულობის კვალს მათ სახეებზე, ვხდებით, რას უნდა განიცდიდნენ, მაგრამ ანა აქაც გამოირჩევა – მის გაფართოებულ თვალებში უფრო მეტი ჩანს, ვიდრე შემზარავი კინოგმირის აუხსნელი საქციელით გამოწვეული შიში და ზაფრაა. რადგან ყველაზე ახლოს დასთანაა, შეკითხვებსაც მას უსვამს: რატომ მოკლა ფრანკენშტეინმა გოგონა, რომელსაც მანამდე ეთამაშებოდა? და თავად ის რატომღა მოკლეს ამ ყველაფრის შემდეგ? რასაც ხმამაღლა არ ამბობს, ეს უნდა იყოს: ნუთუ შესაძლებელია, რომ ვისაც ბედნიერი ეთამაშები და მეგობრად მიიჩნევ, მოულოდნელად, რაღაც აუხსნელი ძალით, უმოწყალო, სასტიკი მკვლელი გახდეს? და მკვლელის სიკვდილით დასჯა რაღააა, თუ ისევ მკვლელობა არა? არის ვინმე ამ სამყაროში, დაუნდობელი მკვლელების გარდა?

ფილმში სიკვდილის სუნთქვა ისეთი ადვილი შესაგრძნობია, თითქოს ყვავილების სურნელით სავსე გვიანი გაზაფხულის ნიავი იყოს. მატარებელი და რელსზე თავის ჩამოდების თითქოსდა უწყინარი ჩვევა, შხამიანი სოკო, რომლის უმცირესი ნაწილიც კი საკმარისია სიცოცხლესთან გამოსათხოვებლად, იარაღიანი უცნობი, რომელიც სასოწარკვეთის პირას უნდა იყოს… სიკვდილზე ფიქრი ყოველდღიურ აუცილებლობად ექცევა ექვსი წლის გოგოს, რომელიც ამაზე სიტყვასაც არ ამბობს – სახეზე აწერია, თვალებში მოუჩანს. ამ დროს მისი და თავშექცევის ახალ-ახალ ფორმებს იგონებს, ხან ფრანკენშტეინის უკვდავებაში არწმუნებს ანას, ხან კი თავად იქცევა ფრანკენშტეინად.

მშობლები იმავე სახლში ცხოვრობენ, მაგრამ აშკარად სხვა ცხოვრებით – თავ-თავისი საფიქრალ-საკეთებელი აქვთ და შვილებთან განსაკუთრებულ სიახლოვეს არც ცდილობენ. ამიტომაცაა, რომ გოგოები თითქმის სულ მარტო არიან და ყველაზე არსებითი კითხვების პასუხებსაც დამოუკიდებლად ეძებენ. მათი ასაკოვანი მამა ერთთავად თავისი სკებისა და ფუტკრების შესახებ წერს და იმ საიდუმლოს ამოხსნას ცდილობს, ფუტკრების ცხოვრებას რომ ახლავს, სანიმუშოდ აწყობილს, ნაყოფიერსა და მაინც როგორღაც აზრს მოკლებულს. სახლში თაფლისფერი შუქი იღვრება და არაერთი სხვა მინიშნებაც გვხვდება, რომელიც გამუდმებით გვაბრუნებს ფილმის სახელთან – მორის მეტერლინკის „ფუტკრების ცხოვრებაში“ ამოკითხულ ფრაზასთან, რომელსაც ვიქტორ ერისემ ახალი სიცოცხლე მისცა.

ვიღაცისთვის სამყარო ერთი დიდი მოზუზუნე სკაა, რომლის ბინადრებიც გამოუცნობ, გაურკვეველ ძალას ემორჩილებიან და მისი ზემოქმედებით აკეთებენ დიდ-პატარა საქმეებს, ვიღაცისთვის კი ის ადგილია, სადაც სასიკვდილო საფრთხეებს ბოლო არ უჩანს და ნებისმიერ წუთს ფრანკენშტეინად შეიძლება იქცეს ყველა, ვინც მანამდე ყვავილი გამოგიწოდა და მეგობრულად გაგიღიმა.

რა სამყაროში ცხოვრობენ ანა და იზაბელი? და ჩვენ როგორ ვიცხოვროთ ფუტკრების ზუზუნით სავსე ჩვენს სამყაროში?

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი