ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ლევ ვიგოტსკი და ინკლუზიური განათლების ძირითადი პრინციპები

„ერთი მხრივ, დეფექტი ნაკლია, შეზღუდვა, განვითარებაში ჩამორჩენა, მეორე მხრივ კი, სწორედ იმით, რომ დაბრკოლებას ქმნის, იგი სტიმულს აძლევს წინსვლას”.
განათლების ფილოსოფია ლ. ვიგოტსკის იდეების ძლიერ გავლენას განიცდის. დასავლეთის მეცნიერები სინანულით აღნიშნავენ, რომ ვიგოტსკის შეხედულებებმა 50 წლის დაგვიანებით მიაღწია მათთან. დღეს ეს შეხედულებები ძალზე პოპულარულია და, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, სწავლებისადმი თანამედროვე მიდგომის ქვაკუთხედს წარმოადგენს. რასაკვირველია, იგივე ითქმის ინკლუზიური განათლების შესახებაც.
განვითარებაში უკვე მიღწეული დონის (განვითარების აქტუალური დონე) და ბავშვის პოტენციური შესაძლებლობების (განვითარების უახლოესი ზონა) დიფერენცირება, ასევე სენზიტიურ (რამის სწავლისთვის ოპტიმალურ) პერიოდზე აქცენტირება მეტად პროდუქტიული აღმოჩნდა სწავლებისა და განვითარების უთიერთდამოკიდებულების გააზრებისთვის, მათ შორის – ფსიქიკური განვითარების დარღვევების მქონე ბავშვებთანაც.

აცნობიერებს რა ინკლუზიურ კლასებში* მუშაობის სირთულეებს და ამის თაობაზე მასწავლებლების შიშს, ვიგოტსკი მათ მიმართავს: „ტიპურ ბავშებთან მუშაობის თქვენეული გამოცდილება, ცოდნა, დაკვირვებისა და შეფასების, საგანმანათლებლო მიზნებისა და ამოცანების დასახვის, განხორციელების უნარი ის საფუძველია, რომელზეც შეიძლება დააფუძნოთ ინკლუზიურ კლასებში წარმატებული მუშაობა. ამასთანავე, უნდა იცოდეთ, რომ ფსიქიკური განვითარების დარღვევების მქონე ბავშვებთან მუშაობის პროგრამა არ არის დაფუძნებული მტკიცედ დადგენილ მეთოდოლოგიაზე ან პროცედურებისა და მეთოდების ერთიან სისტემაზე. სწავლების პროცესი მეტად შემოქმედებითია, ბავშვის ინდივიდუალურ თავისებურებებს, მის მოთხოვნილებებსა და საჭიროებებს მისადაგებული. მთავარია გქონდეთ ისეთი ორიენტირები, ზოგადი მიზნების ისეთი ხედვა, რაც ბავშვისთვის სასაგებლო და ეფექტიანი იქნება”.

მოკლედ განვიხილოთ ზოგიერთი პრინციპი, რომლებიც ფსიქიკური განვითარების დარღვევების მქონე ბავშვებთან მიმართებით ჩამოაყალიბა ლ. ვიგოტსკიმ:

1. საზოგადოებისგან იზოლაცია მავნეა ნებისმიერი ბავშვისთვის, მით უმეტეს – ფსიქიკური განვითარების დარღვევების მქონეთათვის.

2. ყველა ბავშვს აქვს პოტენციური შესაძლებლობები და, შესაბამისად, უნარი, სრულად გამოამჟღავნოს ისინი, თუმცა ეს შესაძლებლობები სხვადასხვაგვარია.

3. ბავშვი უკეთ ვითარდება, როდესაც სწავლის პროცესში იკვლევს სამყაროს, ამჟღავნებს ინიციატივას, მასწავლებელი კი უქმნის ამისთვის სათანადო პირობებს.

4. ბავშვობის ძირითადი ნიშნებია განვითარება და პლასტიკურობა. აღზრდა და განვითარება ფსიქიკური განვითარების დარღვევების მქონე ბავშვს უფრო სჭირდება, ვიდრე ტიპურს.

5. ფსიქიკური განვითარების დარღვევების მქონე ბავშვის განვითარების ზოგადი კანონზომიერებანი ფეხდაფეხ მიჰყვება ტიპური ბავშვისას. აქედან – დასკვნა: მათ საერთო მეტი აქვთ, ვიდრე განსხვავებული.

6. ვინაიდან პიროვნების ფსიქიკის ადამიანური თავისებურებები განპირობებულია სოციალური გარემოთი, სოციალური ზემოქმედებით, სწავლა/სწავლების როლი განუზომელია. რთული უმაღლესი (კულტურული ) ფსიქიკური პროცესების (მაგ., ნებისმიერი მეხსიერების, ნებისმიერი ყურადღების და ა. შ.) ჩამოყალიბებაში გარემოს როლი უმნიშვნელოვანესია, განხვავებით ნატურალური, უნებლიე ფორმებისაგან.

7. ფსიქიკური განვითარების დარღვევების მქონე ბავშვთან მიმართებით მთავარია პოზიტიური ხედვა (არა რა აკლია მას, არამედ რა ახასიათებს). ოპტიმისტური განწყობა, აქცენტი შესაძლებლობებზე.

8. მუშაობა უნდა მიმდინარეობდეს არა სიმპტომზე ან სიმპტომთა კომპლექსზე, არამედ გახსნილ უნდა იქნეს მოვლენის ბუნება, მისი შინაგანი ლოგიკა. არ არის საკმარისი ვარჯიში და დრესურა, პირობითი რეაქციების შემუშავება; მთავარია ბავშვის მთლიანპიროვნული განვითარება.

9. უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ერთობლივ საქმიანობას, თანამშრომლობას, რომელიც მრავალმხრივ (როგორც გონებრივი, ისე სოციალური კომპეტენტურობის) განვითარებას უწყობს ხელს.

10. არსებობს პირველადი დეფექტი, გამოწვეული, მაგალითად, რომელიმე ორგანოს დაავადებით, და მეორეული დეფექტი – ჩამოყალიბებული არასწორი და არადროული პედაგოგიური ჩარევის შედეგად.

11. მოსწავლეთა გადარჩევა და დაჯგუფება ნეგატიური ნიშნით (პრინციპით: „ვერ აკეთებს”, „აკლია”, „არ შეუძლია”) იწვევს იმას, რომ პოზიტიური დაჯგუფებისას სულ სხვადასხვა ჯგუფებს მივიღებთ.

12. რაოდენობრივი გაზომვა და ნეგატიური ნიშნით შეფასება მცდარია. ვიგოტსკი ფსიქომეტრიული სკალების გამოყენების წინააღმდეგია.

13. ფსიქიკური განვითარების დარღვევების მქონე ბავშვი განუვითარებელი კი არა, სხვაგვარად განვითარებულია.

14. კომპენსაცია არ გულისხმობს სხვა ორგანოს ანატომიურ გაუმჯობესებას; ეს არის ფუნქციური შესაძლებლობების გაზრდა გავარჯიშების გზით. ასე რომ არ იყოს, მაშინ, მაგალითად, რომელიმე ორგანოს დეფექტი თავისთავად გამოიწვევდა სხვა ორგანოს განვითარებას, მაგრამ ასე არ არის, ორგანო ვითარდება ფუნქციური თვალსაზრისით.

15. სოციალური მოთხოვნები აიძულებს ბავშვს, განავითაროს შემოვლითი გზები, აამოქმედოს კომპენსატორული მექანიზმები – „რაც არ მკლავს, მაძლიერებს”. კომპენსაციის პროცესი – ეს ბრძოლის პროცესია. ის შეიძლება დამთავრდეს გამარჯვებით ან დამარცხებით. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია მასწავლებლის როლი.

16. მართალია, გონებრივი ჩამორჩენილობა ინტელექტის უკმარისობაა, მაგრამ არამხოლოდ ეს! ბავშვმა არ იცის, არც შეუძლია და არც უნდა – აი, ეს ქმნის დაბრკოლებას.

17. ძნელი გასარკვევია, ინტელექტუალური შეფერხება იწვევს ნებისყოფის, მოთხოვნილებების (აფექტური სფეროს) ჩამორჩენას თუ პირიქით. ვიგოტსკის მიაჩნია, რომ ჯერ აფექტური სფერო აფერხებს ინტელექტუალურ განვითარებას და შემდეგ უკვე პირიქით, ინტელექტი – აფექტური სფეროს განვითარებას.

18. ინტერესს შეუძლია გახსნას გონება და პირიქით, ამიტომ მოტივაცია სწავლება/სწავლის პროცესში უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თავისთავად ნიჭიერება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი