პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

განათლების სისტემის ტრანსფორმაცია? – დიახ, ჩვენ ვალდებული ვართ, ეს გავაკეთოთ

კენ რობინსონი

01/11/09

მას
შემდეგ, რაც აშშ-ის 111-ე მოწვევის კონგრესის წევრები კაპიტოლიუმის შენობაში
დაიარებიან და თავიანთ მაგიდებსა თუ კაბინეტებს დაეძებენ, შესაძლოა ვინმეს მოეჩვენოს,
რომ ეს მოსწავლეთა პირველ დღეს წააგავს სკოლაში. კარგი იქნება, თუ ისინი ამავე გრძნობით
გააგრძელებენ მოღვაწეობას. ერთ-ერთი ყველაზე დიდი საქმე, რომლის გაკეთებაც კონგრესმენებს
მოუწევთ, ამერიკული განათლების სისტემის მოწესრიგებაა.

ეკონომიკური
რეცესიის, ახლო აღმოსავლთში გაბატონებული დაძაბულობისა და პლანეტაზე მიმდინარე
პროცესების ფონზე, განათლება ალბათ ვერ მოხვდება კონგრესმენების „აუცილებელი
საქმეების” ტოპათეულში. უნდა მოხვდეს კი. განათლების სისტემის ტრანსფორმაცია უნდა დაედოს
საფუძვლად ყოველივე იმას, რის მიღწევასაც ახალი ადმინისტრაცია იმედოვნებს. სხვაგვარად
ვერაფერი, რასაც მოკლევადიანი მიზნები ექნება, ვერ გახდება მდგრადი.

პრეზიდენტად
არჩევისას ობამამ ერის წინაშე დაიფიცა, რომ შეცვლიდა და განაახლებდა ამერიკულ ოცნებას. დარწმუნებული ვარ,
მანაც კარგად იცის, რომ თვითონ ოცნებაც შესაცვლელია. ამერიკული ოცნების მომავალი
არ გახლავთ ის მატერიალისტური აპათია, რომელზეც 60-იან წლებში პაროდირებდა ედუარდ
ოლბი

[1]

და
რომლის სავალალო შედეგებსაც ახლა ვიმკით.

„ამერიკული ოცნება” უნდა გახდეს
მარტინ ლუთერ კინგის გამომაფხიზლებელი ოცნება-შეძახილის მსგავსი მოწოდება, რომელიც
მოიტანს სოციალურ თანასწორობას, პირადი შესაძლებლობებისა და ეკონომიკური
პასუხისმგებლობის განვითარების და კულტურული ურთიერთპატივისცემის ახალ, მგზნებარე
ხედვას. ამ ოცნების განხორციელება ნიშნავს რადიკალურად განსხვავებული აზროვნების
დამკვიდრებას საკუთარი თავისა და ჩვენი შვილების შესახებ. იგი ნიშნავს დედამიწასთან
ჩვენი დამოკიდებულების გადახედვას და იმ მილიარდობით ადამიანის ბედის სხვაგვარად
გააზრებას, რომლებიც ჩვენთან ერთად ცხოვრობენ ჩვენს პლანეტაზე.

ეს ყველაფერი განათლების საქმეა,
მაგრამ არა იმ განათლებისა, რომელიც დღეს გვაქვს. დღეს არსებული სისტემა მე-19
საუკუნის ინდუსტრიალიზმის ეპოქისთვის შეიქმნა და დღეს იგი სახიფათოდ არის „გადახურებული”.
რეალური ამოცანა სისტემის ტრანსფორმაცია გახლავთ. ამერიკას სასწრაფოდ სჭირდება
განათლების სისტემა, რომელიც ცოცხალი იქნება, რომელსაც შეეძლება სუნთქვა 21-ე
საუკუნეში. ეს უდიდესი ამოცანაა და მისი შესრულების გადადება არ შეიძლება.

მე და ჩემი ოჯახი რვა წლის წინ გადმოვსახლდით
აშშ-ში. წამოსვლამდე მითხრეს, რომ ამერიკელებს ირონია არ ესმით. მე ამისა არასდროს
მჯეროდა და ამერიკაში ჩამოსვლისას მყარი არგუმენტიც მოვიპოვე – ეს არის კანონი
სახელად „არც ერთი ბავშვი განათლების გარეშე” (
No Child
Left Behind
). ფაქტია, მილიონობით ბავშვი ამერიკაში
ჩამორჩენილია და ვერ იღებს კარგ განათლებას. ნათელია,
რომ ირონია ძალიან კარგად ესმის მას, ვინც კანონს ასეთი სახელი დაარქვა. რა თქმა
უნდა, „მილიონობით ბავშვი განათლების გარეშე” ვერ იქნებოდა ყველაზე მიმზიდველი
სახელწოდება კანონისთვის, მაგრამ უფრო მიუახლოვდებოდა სიმართლეს და ნაკლებად
ირონიული ელფერიც ექნებოდა.

პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა,
რომ ამ კანონს კარგი განზრახვა ჰქონდა. მჯერა, ასე იყო. მან ისიც თქვა, რომ
კანონის განხორციელებისას მთავარი დაბრკოლება ფედერალური დაფინანსების სიმცირე
გახლდათ. ამასაც ვეთანხმები. მაგრამ პრეზიდენტმა კარგად იცის, რომ პრობლემას ფესვები
უფრო ღრმად უდგას. გაცილებით ღრმად, ვიდრე უფულობაა. ამ აქტის მთელი საფუძველია
გაბზარული.

ეს კანონი ეფუძნება ფატალურ
იდეას, რომ მომავლისთვის უკეთ მოსამზადებლად საჭიროა სკოლების დღევანდელი მუშაობის
გაუმჯობესება წარსულთან შედარებით, მე კი მიმაჩნია, რომ საჭიროა უბრალოდ საბაზისო ფასეულობებისკენ
მიბრუნება და სტანდარტების ამაღლება. აუცილებელია, სკოლები და პოლიტიკის
შემქმნელნი საბაზისო პრინციპებს დაუბრუნდნენ. მათ სტადარტებიც უნდა ასწიონ. ვითომ
რატომ უნდა დავწიოთ ისინი? მაგრამ ჩნდება კითხვა: რას ვგულისხმობთ საბაზო
ფასეულობებში და რომელ სტანდარტებზე ვსაუბრობთ?

წეღან ვთქვი, რომ ბზარი ამ
კანონის საფუძველშივეა. უფრო ზუსტად, მასში სამი დიდი ბზარია. პირველი: ეს კანონი
ხელს უწყობს გონებრივი უნარებისა და შესაძლებლობების მეტისმეტად ვიწრო გაგებას.
შედეგად უდარდელად ნიავდება ათასობით მოსწავლის ნიჭი და მოტივაცია.

მეორე შეცდომაა გაუგებრობა
სტანდარტსა და სტანდარტიზაციას შორის. შედეგად ვიღებთ უსახო და ერთგვაროვან
სკოლებს ქვეყნის მასშტაბით.

მესამე ბზარია მიდგომა, რომელიც ამბობს,
რომ განათლება შეიძლება გამოკეთდეს პროფესიული შემოქმედებისა და მასწავლებლების
პერსონალური დამოკიდებულების გარეშე. შედეგად ვიღებთ იმას, რომ ათასობით კარგი
მასწავლებელი სასწრაფოდ ტოვებს სკოლებს, ამ უკანასკნელთ კი ისინი განსაკუთრებით სჭირდებათ.
ეს ყველაფერი ამერიკას უკან სწევს. ეს უკუსვლა კი მიმდინარეობს აქამდე უნახავი
სისწრაფით განვითარებადი მსოფლიოს ფონზე.

მომავლის ღირსეულად შესახვედრად
ამერიკას თანაბრად სჭირდება ყველა ადამიანის, ახალგაზრდისა თუ მოხუცის, ნიჭის
განვითარება და ხელშეწყობა. ამ ქვეყანას სჭირდება შემოქმედებისა და სიახლის, ბიზნესს
შეეხება ის თუ კულტურას, სისტემატური და მტკიცე კულტივირება-მოვლა. ამერიკამ თავიდან
უნდა ააშენოს თავისი პოსტინდუსტრიული თემი. ამერიკამ უნდა იტვირთოს ლიდერის როლი
შინ თუ გარეთ და ხელი შეუწყოს კულტურული ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის ღრმა
ფორმების განვითარებას.

ეს გახლავთ რეალური საფუძვლები –
ადამიანური ნიჭისა და შესაძლებლობების განსხვავებული ჭვრეტა, იმ პირობების
განსაზღვრა-შექმნა, რომლებშიც ეს ტალანტი გაიფურჩქნება.

სახტად ვრჩები, როდესაც ვხედავ,
რომ უამრავ ზრდასრულ ადამიანს წარმოდგენა არ აქვს თავის რეალურ ნიჭზე, ან უარესი –
ჰგონიათ, რომ არაფრის ნიჭი არ გააჩნიათ. ბევრი უბრალოდ აკეთებს იმას, რასაც
აკეთებს, გრძნობისა და ვნების გარეშე.

ვიცნობ სხვებსაც, ვისაც უყვარს
თავისი საქმე; იმათ, ვინც, თუ საჭირო იქნება, ამ საქმეს გასამრჯელოს გარეშეც
გააკეთებს და სხვა რამის კეთება ვერც წარმოუდგენია. იმის არსში ჩაწვდომა, რა
იწვევს ცვლილებას, განათლების ტრანსფორმაციისთვის, ბიზნესისა და ადამიანთა თემისათვის
უმნიშვნელოვანესია. ეს აუცილებელია, რათა გავუმკლავდეთ 21-ე საუკუნის გამოწვევებს.

მართალი გითხრათ, უკვე ამერია იმ
უნიჭიერესი ხალხის სათვალავი, რომელსაც შევხვედრივარ და რომლებიც სკოლაში არცთუ კარგად
სწავლობდნენ. მრავალი მათგანი სკოლაშიც კარგი იყო, მაგრამ ბევრმა, მიუხედავად მოკრძალებული
ნიშნებისა, უდიდეს წარმატებას მიაღწია ცხოვრებაში. მათ თავიანთი ნამდვილი ნიჭი მუშაობის
პროცესში აღმოაჩინეს, მას შემდეგ, რაც სწავლების სიტემას ჩამოშორდნენ. ეს იმიტომ, რომ
განათლების დღევანდელი სისტემა არ შექმნილა თითოეული ადამიანის ტალანტის
განვითარებისთვის; იგი ჩამოყალიბდა გარკვეული ტიპის უნარების ხელშესაწყობად და
ძირითადად ინდუსტრიული ეკონომიკის ინტერესების მოსამსახურებლად.

ეკონომიკურად და კულტურულად ამერიკისა
და დანარჩენი მსოფლიოს მომავალი სხვა მიმართულებაში ძევს. ეს მომავალი დამოკიდებული
იქნება ამ ქვეყნების ხალხთა სიცოცხლისუნარიანობაზე, განსხვავებულობასა და
შემოქმედებით უნარზე. კარგი ამბავია ის, რომ უკვე არსებობს განათლების ძლიერი,
მაღალეფექტური და პრაქტიკული ფორმები, რომლებიც სწორ გეზს მისცემს ახალგაზრდების
სწავლებას.

განსახორციელებელ ცვლილებებს
განათლების სრული ტრასფორმაცია უნდა დაედოს საფუძვლად. ეს არ გახლავთ ის
საკითხები, რომლებიც კონგრესმა ან შტატების მთავრობებმა მოგვიანებით უნდა განიხილონ.
თუ მთავრობებმა ამ საკითხის განხილვა გადადეს, შესაძლოა მივიღოთ ის, რომ თვითონაც
და ჩვენი ქვეყანაც ჩამორჩებიან განვითარების პროცესს. ეს კი მართლაც საკუთარი
თავის დაცინვა იქნება.

 

ინტერვიუ სერ კერ რობინსონთან:
როგორ აღმოვაჩინოთ საკუთარი ნიჭი

ავტორი: დენ შვაბელი, ჟურნალ
”ფორბსის” ჟურნალისტი

 

6/05/2013



 

ჩემი საუბარი სერ კენ რობინსონთან წარიმართა ნიჭის,
ანუ იმის შესახებ, როგორ უნდა აღმოაჩინონ პროფესიონალებმა თავიანთი „შიდა” ტალანტი
და ვნებები. სერ რობინსონი გახლავთ საერთაშორისო აღიარების მქონე მოაზროვნე, განათლებისა
და ბიზნესის ინოვაციების სფეროსა და ადამიანის შემოქმედებითი უნარების განვითარების
სპეციალისტი. მის ვიდეოგამოსვლებს 2006 და 2010 წლების
TED-ის კონფერენციაზე 150 ქვეყანაში
250 მილიონზე მეტმა ადამიანმა უყურა. მისი ავტორობითაა გამოცემული პოპულარული
წიგნი – „საკუთარი სტიქიის ძიებაში: როგორ ვიპოვოთ საკუთარი ნიჭი და ვნება და
როგორ შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება”.

 

ინტერვიუში სერი რობინსონი საუბრობს ახალგაზრდა ტალანტების
აღმოჩენაზე, საქმისადმი საკუთარი ვნების ძიებაზე, იმაზე, როგორ მოვიქცეთ, როდესაც ის,
რაც მოგვწონს, არ გამოგვდის, რატომ არ შეუძლია ყველას, აკეთოს ის, რაც უყვარს და
სხვა.

 

• როგორ უნდა მიაგნოს ადამიანმა თავის ნამდვილ ნიჭს
და საქმისადმი ვნებას? ასე შემთხვევით ხომ არ ხდება?


საკუთარი
ნიჭის ან რაიმე საქმიანობისადმი ვნების აღმოჩენაში ნაწილობრივ შემთხვევა ან მოცემული
შესაძლებლობა გვეხმარება.

• რა ვქნათ, თუ რაც
გვიზიდავს, იმ საქმეში ძლიერი არ ვართ?

– სტიქია ის
სიტუაციაა, როდესაც ბუნებრივი ტალანტი ემთხვევა ან ხვდება პერსონალურ ვნებას, მიდრეკილებას.
საკუთარ სტიქიაში ყოფნა არ გახლავთ საკმარისი იმისთვის, რომ აკეთოთ ის, რაც კარგად
გამოგდით. ბევრს კარგად გამოსდის საქმე, რომელიც მათ არ იზიდავს. სტიქიაში
ყოფნისას უნდა გიყვარდეთ რასაც აკეთებთ: როდესაც გიყვარს, ეს აღარ არის „საქმე” ან
„სამუშაო”. ვნება წარმმართველია, ე.წ. „დრაივერი”, ნებისმიერ სფეროში. ზოგს უყვარს
იმის კეთება, რაშიც, ჰგონია, რომ არც ისე ძლიერია. შესაძლოა, ამაში მათ დაბალ თვითშეფასებას
მიუძღვოდეს ბრალი. შესაძლოა იმასაც, რომ თავიანთი ნიჭის განსავითარებლად სათანადოდ
არ უმუშავიათ. ასეა თუ ისე, ძლიერი ვნება, საშუალო ნიჭთან ერთად, უფრო შორს
წაგვიყვანს, ვიდრე მძლავი ტალანტი და მცირე ენთუზიაზმი.

• თქვენ მიგაჩნიათ, რომ ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია,
თავისი ვნება აქციოს თავის საქმედ და სრულყოს თავისი ცხოვრება?

ზოგიერთს შეუძლია,
სრულფასოვნად იცხოვროს თავის სტიქიაში ყოფნისას, ზოგს – არ შეუძლია, ხოლო
დანარჩენებს არ სურთ. საკუთარი სტიქიის პოვნა მხოლოდ ფულის შოვნასთან არ არის დაკავშირებული
– ეს შენი ცხოვრების წესს განსაზღვრავს და, იმავდროულად, იმის განსაზღვრაში
გეხმარება, რამდენად სავსეა, სრულყოფილი და მიზანმიმართული შენი ცხოვრება. განურჩევლად
იმისა, შეგიძლია, გსურს თუ არ შეგიძლია, საკუთარ სტიქიაში ამყოფო თავი, ყველაფერი
შენზეა დამოკიდებული – აკეთებ კი იმას, ერთი დღის განმავლობაში იქნება თუ კვირებისა,
რაც ყველაზე ბუნებრივად გამოგდის, რაც ყველაზე აუთენტურია შენთვის, რაზეც ყველაზე
უკეთ შეგიძლია მოახდინო კონცენტრაცია?

• დღევანდელ სავალალო ეკონომიკურ ვითარებაში როგორ დავირწმუნოთ
თავი, რომ შეიძლება, საკუთარ ოცნებას მივყვეთ?


– როგორც ვთქვი,
საკუთარ სტიქიაში ყოფნა შესაძლოა ჰობი და მიდრეკილება უფრო იყოს, ვიდრე სამუშაო.
ეს მთლიანად ადამიანსა და მის გარშემო არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული. ყველა
უნიკალური ვართ, ყველას სხვადასხვა ცხოვრება გვაქვს. ვერავინ იცხოვრებს სხვისას. ადამიანი
წარმოსახვისა და შემოქმედების უსაზღვრო ძალის პატრონია. ის თავად ქმნის თავის ცხოვრებას
და თავდვე შეუძლია მისი გარდაქმნაც. ეკონომიკური კრიზისისა და გაურკვევლობის პერიოდებში
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკუთარ თავში ღრმად ჩახედვა, იმაში ჩაწვდომა, როგორი
ცხოვრება გვსურს გვქონდეს და იმის გარკვევა, რომელი ნიჭი შეგვაძლებინებს ამის განხორციელებას.

• რა არის თქვენი სამი მთავარი რჩევა კარიერის დაგეგმვისას?



– პირველი – ცხოვრება
არ არის სწორხაზოვანი. რასაც ახლა აკეთებთ ან წარსულში გიკეთებიათ, არ
განსაზღვრავს იმას, რას გააკეთებთ მომავალში. ჩემს წიგნში („საკუთარი სტიქიის ძიებაში”)
უამრავ მაგალითს იპოვით იმისა, რომ ადამიანმა თავისი ცხოვრება გამაოგნებლად შეცვალა,
რათა თავის სტიქიას, ვნებას მიჰყოლოდა.

მეორე – ფული
არ გახლავთ ბედნიერების გარანტია. ჩვენ ყველას გვჭირდება იმდენი ფული, რაც საჭიროა
ჩვენი და ჩვენზე დამოკიდებული ადამიანების ნორმალური ცხოვრებისათვის, მაგრამ
კვლევები და გამოცდილება მოწმობს, რომ არ არსებობს პირდაპირი დამოკიდებულება
სიმდიდრესა და კარგად ყოფნას შორის. ბედნიერება, თუ ეს ის არის, რაც თქვენ გსურთ,
სულიერი მდგომარეობაა და არა მატერიალური. იგი სათავეს იღებს განხორციელებულიდან,
დანიშნულების აღსრულებიდან, აუთენტურობის შეგრძნებიდან.

მესამე – საკუთარი
ვნებისა და სტიქიის ძიებისას ყველაზე დიდი დაბრკოლება შესაძლოა თვითონვე შეუქმნათ თავს.
შესაძლოა შეგაშინოთ სხვების დამოკიდებულებამ, მოსალოდნელმა წარუმატებლობამ, სხვის
თვალში „სულელად” გამოჩენამ. საკუთარი სტიქიისა და მიდრეკილების პოვნას შესაძლოა
სიმამაცე დასჭირდეს და ეს ყველა საყურადღებო მიღწევისთვის აუცილებელია.

 

თარგმნა და
კომენტარები დაურთო ლევან ალფაიძემ






[1]

ედუარდ
ოლბი/
Edward Albee – ამერიკელი
დრამატურგი. სახელი გაითქვა ერთაქტიანი პიესით ”ამერიკული ოცნება” – მწარე სატირული
პიესით, რომელშიც გაშიშვლებულია 60-ნი წლების ამერიკული საზოგადოების მორალი, ’ამერიკული
ოცნების’ ყალბი ფასეულობები, თვითკმაყოფილება, სისასტიკე, უუნარობა და სიცარიელე. ამ
ავტორსვე ეკუთვნის გახმაურებული პიესები: ”ვის ეშინია ვირჯინია ვულფის?” და ”ზოოპარკის
ისტორია”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი