პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

მე მინდა სკოლაში წასვლა!

სკოლის ყველა თანამშრომელი დამეთანხმება – ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში სკოლა განსაკუთრებული სიხარულით პირველკლასელებს უღებს კარს. ისე მოხდა, რომ უკვე მესამე წელია, როგორც ინგლისური ენის მასწავლებელი, მათ მეც ვეგებები საკლასო ოთახში.

როგორები არიან ახლანდელი პირველკლასელები? მე მათ მოკლედ ასე დავახასიათებდი: ასაკის კვალობაზე საკმაოდ დამოუკიდებლები, ტექნოლოგიების მიმართ საოცრად ნიჭიერები, თავისუფლების მოყვარულები, ურთიერთობისთვის გახსნილები, თამამები და… ძალიან ლამაზები. მათთან მუშაობა ერთსა და იმავე დროს ძნელიცაა და სასიამოვნოც, გასათვალისწინებელია უმცირესი დეტალები, წარმატება და ხელის მოცარვა საოცარი სისწრაფით ენაცვლება ერთმანეთს. ამ სტატიაში დაწყებითი კლასების მოსწავლეებს, განსაკუთრებით კი პირველკლასელებს, შორის საკმაოდ გავრცელებულ პრობლემაზე – სკოლაში სიარულის სურვილის უქონლობაზე, სწავლის მიმართ ინტერესის დაკარგვაზე გესაუბრებით.

„არ მინდა სკოლაში წასვლა”, – ეს ფრაზა ალბათ ბევრ მშობელს ეცნო. კვლევებმა დაადასტურა (ამის შესახებ ჩვენს ინტერნეტგაზეთშიც ვწერდით): სკოლაში წასვლაზე 5-6 წლის ბავშვების უარი იმითაც არის განპირობებული, რომ რამდენიმეკვირიანი სწავლის შემდეგ პირველკლასელებისთვის მიზანშეწონილია ერთკვირიანი არდადეგები. რა მიზეზითაც არ უნდა ამბობდნენ უარს ბავშვები სკოლაში წასვლაზე, ხშირად მდგომარეობა საკმაოდ მძიმდება. ამ დროს მშობლებს დიდი ემოციური და ფიზიკური ძალისხმევის გაღება უხდებათ (ცემას არ ვგულისხმობ, მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგჯერ არც უამისობაა), რომ შვილს გადაწყვეტილება შეაცვლევინონ და სკოლაში წასვლა აიძულონ. შემდეგ მოვლენები უმეტესად ორი სცენარით ვითარდება: ბავშვი ან ეგუება სკოლას და სიჯიუტეს თავს ანებებს, ან საბოლოოდ შეიძულებს მას და მასთან ერთად – სწავლასაც. სპეციალისტები გვირჩევენ, ბავშვის მიერ სიჯიუტის პირველი გამოვლენისთანავე პანიკას არ მივეცეთ; გვახსოვდეს, ჯერ კიდევ გვაქვს დრო მდგომარეობის გამოსასწორებლად, გვაქვს შანსი, ბავშვს დავუბრუნოთ სკოლის სიყვარული და შემოვაბრუნოთ იგი სასწავლო პროცესისკენ. რაც მთავარია, ამის გაკეთება სავსებით მშვიდობიანი მეთოდებითაც შეიძლება.

ყველაზე გავრცელებული მიზეზი, რის გამოც ბავშვებს სკოლაში წასვლა არ უნდათ, ის არის, რომ მათ არ მოსწონთ კითხვა. აქ მასწავლებლებთან ერთად მშობლებიც უნდა გაისარჯონ, რომ შვილებს კითხვა მოანდომონ. განათლების ექსპერტები თანხმდებიან, რომ ბავშვისთვის სკოლის, სწავლის შეყვარება მშობელს გაცილებით უადვილდება, თუ მას თვითონვე უყვარს კითხვა. კითხვის მოყვარული მშობელი თავისი მაგალითით აჩვევს ბავშვს წიგნის სიყვარულს. „როცა ბავშვი ხედავს, რომ მშობელი კითხულობს და ყოველდღიურად იღებს ახალ ინფორმაციას, ეს მასზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს”, – მიაჩნია რესა ფოგელს (Resa Fogel), ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგს. „უბრალოდ ჟურნალის კითხვაც კი, რომელსაც მშობელი შესაძლოა სულაც გასართობად კითხულობდეს, ბავშვს თავისთავად აფიქრებინებს, რომ კითხვა ყოველდღიური ცხოვრების აუცილებელი ნაწილია, მის მშობელს კითხვა უყვარს და ყოველთვის ახერხებს ამისთვის დროის გამონახვას”.

ყოველგვარი ლიტერატურა, რომელსაც შვილს წააკითხებ, – კომიქსებით დაწყებული და ასაკის შესაბამისი ჟურნალებით დამთავრებული, – დაეხმარება მას ლიტერატურული უნარების განვითარებაში და სამუდამოდ შეაყვარებს კითხვას, წიგნს. კითხვის მიმართ ინტერესის გაჩენას ხელს უწყობს ბიბლიოთეკებსა და წიგნების მაღაზიებში სიარულიც. თავდაპირველად წიგნებს შვილისთვის მშობლები არჩევენ, მერე და მერე კი ის თვითონაც შეძლებს საკუთარი გემოვნებით წიგნების შერჩევას.

არ დაგავიწყდეთ, ყოველდღე ჰკითხოთ ბავშვს, როგორ ჩაიარა იმ დღემ სკოლაში. ნუ დასჯერდებით არაფრისმთქმელ ერთსიტყვიან პასუხს (მაგ., ,,კარგად”). დაუსვით კითხვები, რათა ის მოგიყვეთ რაიმე კონკრეტულ ამბავს, რომელიც იმ დღეს გადახდა თავს. ეს გულითადი ურთიერთობის დამყარების შესანიშნავი ხერხია და იმის საწინდარიც, რომ მომავალში ბავშვი თავის პრობლემებზე გულახდილად მოგიყვებათ.

შესაძლოა, ბავშვმა საუბარი იქით წაიყვანოს და ისეთ სფეროში გთხოვოთ დახმარება, რომლის ექსპერტად ვერ გამოდგებით. ამ შემთხვევაში უხერხული არ იქნება, თუ ეტყვით: „იცი, რა, მე ეს კარგად არ ვიცი, მაგრამ მოდი, ერთად ვიფიქროთ და ვიპოვოთ გამოსავალი”. მაგალითად, თუ ბავშვს ისეთ საგნებში სჭირდება დახმარება, რომლებიც თქვენ არ იცით (მაგ., უცხო ენაში), იდეალური გამოსავალი იქნება, ინტერნეტი მოიშველიოთ.

სპეციალისტები გვირჩევენ, თუ შვილმა ჩვენი მოწაფეობის დროინდელი ემოციების შესახებ გვკითხა, ყოველთვის დადებითად ვუპასუხოთ. „ნურასოდეს ეტყვით ბავშვებს, რომ სკოლა არ გიყვარდათ, თუნდაც სინამდვილეში საქმე სულ სხვაგვარად ყოფილიყო”, – გვიჩევს ქრისტინა ვებერი, ბავშვთა ფსიქოლოგი. ასეთი ტყუილი სიცრუეთა იმ იშვიათ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელსაც სარგებლობა მოაქვს. ხშირად მშობელი სკოლისადმი შვილის უარყოფით დამოკიდებულებას იმ საბაბით ეგუება, რომ თავადაც არ უყვარდა სკოლა და ეს ნორმალურ მოვლენად მიაჩნია. სინამდვილეში ეს გამამართლებელი არგუმენტი არ არის; საჭიროა ამ მცდარი წარმოდგენის შეცვლა

ამრიგად, ბავშვის ნურც ერთ კითხვას ნუ დატოვებთ უპასუხოდ და არ დაგავიწყდეთ სკოლისა და სწავლის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების გამოხატვა.

განათლების ექსპერტები მშობლებს სკოლასთან (როგორც მასწავლებლებთან, ისე დირექციისა და პერსონალის წარმომადგენლებთანაც) ხშირი და პოზიტიური ურთიერთობის დამყარებას ურჩევენ. შესთავაზეთ მათ დახმარება თქვენი შესაძლებლობლების ფარგლებში (მაგ., ოთახის მოწყობაში), იქონიეთ ელექტრონული მიმოწერა მასწავლებლებთან შვილის აკადემიური მიღწევებისთვის თვალყურის სადევნებლად, დაესწარით სასკოლო ღონისძიებებს. პროაქტიური, დაუზარელი დამოკიდებულება თქვენ როგორც მშობელს კარგ სამსახურს გაგიწევთ და მკვეთრად გააუმჯობესებს თქვენი შვილის შედეგებს სკოლაში. მასწავლებლებთან ერთად მუშაობა საწინდარია იმისა, რომ დროულად შეიტყობთ შვილის პრობლემების შესახებ და ეფექტურ გზას მონახავთ მათ მოსაგვარებლად.

„დაარწმუნე ბავშვი, რომ მასწავლებელი მისი მოკავშირეა”, – გვირჩევს სინდი კესლერი (Cyndi Kessler), სსსმ მოსწავლეთა განათლების სპეციალისტი. მეც მჯერა, მასწავლებლების აბსოლუტური უმრავლესობა მაქსიმალური პასუხისმგებლობით ეცდება გახდეს მოსწავლეებისა და მათი მშობლების მოკავშირე პრობლემებთან ბრძოლისას მომავალი წარმატებისთვის. 
დამეთანხმებით, საქმე არც ისე მარტივად არის, როცა მშობელი სკოლის მიმართ შვილის უარყოფით დამოკიდებულებაში მასწავლებელს მიიჩნევს დამნაშავედ. ასეთ დელიკატურ ვითარებაში მშობელს უფლება აქვს, მოიქცეს ისე, როგორც საჭიროდ მიაჩნია – მიმართოს დირექციას, თანაგრძნობა გაუწიოს ბავშვს და სხვ., მაგრამ ურიგო არ იქნება, თუ კესლერის ერთ რჩევასაც გაითვალისწინებს: „თუ შენ როგორც მშობელს პრეტენზიები გაქვს მასწავლებელთან, ნუ განიკითხავ მას შვილთან ერთად ან მისი თანდასწრებით”.

განათლების სპეციალისტები მშობლებს ურჩევენ, კარგად შეისწავლონ შვილის ხასიათი და ამის გათვალისწინებით შეურჩიონ სკოლა (ექსპერიმენტული, მონტესორი, ტრადიციული საჯარო, რელიგიური, სპორტული და სხვ.).

„ვფიქრობ, სწავლაში წარმატების მისაღწევად ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ბავშვის ხასიათისა და სკოლის სტრუქტურის სწორად მორგებაა. სკოლის ტიპი ბავშვის ხასიათს უნდა შეესატყვისებოდეს”, – ამბობს პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ვუ. ამისთვის მშობელმა არ უნდა დაიზაროს შვილთან ერთად რამდენიმე სკოლის დათვალიერება, პერსონალთან გასაუბრება საინტერესო საკითხების გასარკვევად (სასწავლო დაწესებულების ტიპი, სწავლის სტილი, სკოლის შინაგანაწესი და სხვ.), რათა დარწმუნდეს, რომ ეს სწორედ ის სკოლაა, რომელიც მის შვილს სჭირდება. 

ვითვალისწინებთ, რომ ჩვენს სინამდვილეში ამის გაკეთება ძალზე რთულია, ზოგჯერ შეუძლებელიც კი, მაგრამ, ვფიქრობ, დამეთანხმებით, რომ თავისთავად საინტერესო რჩევაა და თუ მშობელს აქვს არჩევანის საშუალება, ურიგო არ იქნება, ამ საკითხითაც დაინტერესდეს. 

მშობლებმა ისიც უნდა გაითვალისწინონ, რომ მათმა შვილმა შესაძლოა ერთნაირი წარმატებით ვერ დაძლიოს ყველა საგანი. როცა მშობელს ეუბნებიან, რომ მისი შვილი კარგად სწავლობს მათემატიკას, მას ეუფლება სურვილი, ბავშვმა ასევე გამოიჩინოს თავი ქართულში, უცხო ენაში და ა.შ. საბედნიეროდ, ნიჭიერი პატარები უმეტესად ყველა საგანში ნიჭიერები არიან, მაგრამ თუ ასე არ მოხდა, მშობელმა გული არ უნდა გაიტეხოს, სასოწარკვეთილებას არ უნდა მიეცეს. 

დაბოლოს, არამც და არამც არ დასცინოთ შვილს წარუმატებლობის შემთხვევაში, ნურასოდეს აიგდებთ აბუჩად მის შესაძლებლობებს. ყველამ ვიცით, რომ ცხოვრება წარმატებებისა და წარუმატებლობებისგან შედგება, ბავშვის ცხოვრება კი სკოლაა (ცხადია, მხოლოდ აკადემიურ შედეგებს არ ვგულისხმობთ) – მშობელს მოეთხოვება, უპირობო სიყვარულის ატმოსფერო შეუქმნას შვილს, მოუსმინოს და გაითვალისწინოს მისი აზრი, განუწყვეტლივ ითანამშრომლოს მასთან სწავლის პროცესში. მხოლოდ ამგვარად თუ მოახერხებთ, სწავლის სიყვარული ჩაუნერგოთ შვილს. გაწეული შრომის პირველი რეალური ჯილდო წარმატებული სტუდენტია, ხოლო საბოლოო – კვალიფიციური სპეციალისტი და ბედნიერი ადამიანი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი