პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ფსიქოლოგიური თეორიის პრაქტიკაში გამოყენების შესახებ

მასწავლებლები ხშირად წუხან, რომ ფსიქოლოგიური თეორიების პრაქტიკაში გამოყენება ძალიან უჭირთ. ამ წერილში მინდა გაგაცნოთ ლ. ვიგოტსკის სკოლის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის, პ. გალპერინის, კონცეფცია გონებრივ ქმედებათა ეტაპობრივი ფორმირების შესახებ, რომლის პრაქტიკული გამოყენება სურვილის შემთხვევაში სავსებით შესაძლებელია და ძალზე ეფექტიანიც.

გალპერინს (პიაჟეს მინიმალური ჩარევის მეთოდისგან განსხვავებით) მიაჩნია, რომ მასწავლებლის ჩაურევლად ბავშვისთვის შეუძლებელი იქნებოდა ზოგიერთი კოგნიტური სქემის დაუფლება. იგი ეფუძნება მოზრდილისა და ბავშვის ურთიერთობის ვიგოტსკისეულ მოსაზრებას: მასწავლებელი უნდა დაეხმაროს მოსწავლეს და ამ პროცესში ორიენტაცია აიღოს ბავშვის ხვალინდელ დღეზე („განვითარების უახლოესი ზონა”).

გალპერინის კონცეფციის თანახმად, ცოდნის შეძენა გარკვეული პროცესია, სადაც გონებრივი ქმედებები შეიძინება/ფორმირდება მხოლოდ მატერიალური მოქმედების გავლით. იგი 5 ეტაპს მოიცავს:
I. მოქმედების წინასწარი წარმოდგენა. ამ ეტაპზე შესაძლებელია ორი მეთოდის გამოყენება:

1. მასწავლებელი მოსწავლეს უხსნის მოქმედებას და სთხოვს, გაიმეოროს ის მისი დახმარებით, მითითებით;

2. მასწავლებელი მოქმედებას თვითონ ასრულებს, მოსწავლე აკვირდება და ეხმარება მას, რაღაცას „კარნახობს”. დადასტურდა ამ უკანასკნელი მიდგომის დიდი ეფექტიანობა, მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლე ამ დროს უფრო პასიურია, ვიდრე პირველ შემთხვევაში, თუმცა ამგვარი შედეგი ადვილად აიხსნება ცნობილი რუსი ფსიქოლოგის ლურიას კვლევის შედეგებით: მოსწავლეს განვითარების განსაზღვრულ ეტაპზე უჭირს ერთსა და იმავე დროს რამის კეთება და სიტყვიერი გამოხატვა. გალპერინს მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე კონკრეტული ქმედებისგან გათავისუფლება მოსწავლეს ამოცანაზე კონცენტრირებაში ეხმარება.

რეკომენდაცია მასწავლებელს: თავდაპირველად სასურველია, თქვენ თვითონ აკეთოთ რამე, ბავშვი დააკვირდეს ამ პროცესს და მისი მონაწილეობა შემოიფარგლოს თქვენდამი გამოთქმული ერთგვარი „მითითებებით” (მაგ., „მასწავლებელო, მოდი, ასე გავაკეთოთ…”). ამ ეტაპზე გამოიყენეთ რეალური საგნები, მოდელები, მაგ., ჩხირები თვლა-ანგარიშის სასწავლებლად. თქვენ შეასრულეთ მოქმედება, მოსწავლე „დაიხმარეთ”.

II. მოქმედების დაუფლება საგნის გამოყენებით. ამ ეტაპზე მოსწავლე თვითონ ურთიერთობს მასალასთან, მასწავლებელი ხელმძღვანელობს, უხსნის და უსწორებს. მისი მეტყველება მოსწავლის პრაქტიკული მოქმედებისკენ არის მიმართული, თუმცა არ უბიძგებს მას მასალის აბსტრაჰირებისკენ, არ წაახალისებს წარმოსახვითი ოპერაციების წარმოებას, მასწავლებელი არ სთხოვს მოსწავლეს, რაიმე წარმოიდგინოს, განაზოგადოს, მით უფრო – დასკვნა გამოიტანოს.

რეკომენდაცია მასწავლებელს: თქვენი დახმარება უნდა გამოიხატოს იმაით, რომ მოსწავლემ შეძლოს საგნის გამოყოფა, დაინახოს კონკრეტული მოქმდების მიზანი და მისი მიღწევის გზა. ამ ეტაპზეც გამოიყენეთ რეალური საგნები, მოდელები, მაგ., ჩხირები თვლა-ანგარიშის სასწავლებლად. მოსწავლე ასრულებს მოქმედებას, თქვენ ეხმარებით.
III. მოქმედების დაუფლება გარეგანი მეტყველების დონეზე. ამ ეტაპზე მოსწავლე უკვე დაუფლებულია საგნების გამოყენებით განსაზღვრულ მოქმედებებს; შესწევს უნარი, თავისი მოქმედებები გარეგანი მეტყველების საშუალებით წარმოიდგინოს. მას შეუძლია ახსნას, რა ხერხით აპირებს მოქმედებას. პრაქტიკული მოქმედებები თეორიული ხდება, ეს უკანასკნელი კი გარეგანი მეტყველებითაა გამყარებული.
რეკომენდაცია მასწავლებელს: ნუ აუკრძალავთ მოსწავლეს მოქმედების შესრულებისას ხმამაღლა ლაპარაკს – პირიქით.

IV. მოქმედების გადატანა შინაგან დონეზე. ამ სტადიაში მასწავლებელმა, ნაცვლად ხმამაღალისა, უნდა წაახალისოს თავისთვის ლაპარაკი, ჩურჩული. მოსწავლე კვლავ იყენებს გაშლილ მეტყველებას, მაგრამ მოქმედების შესრულებაში გაწაფვასთან ერთად მისი მეტყველებაც იკვეცება.
რეკომენდაცია მასწავლებელს: ნუ აუკრძალავთ მოსწავლეს ჩურჩულს – ის მას დიდ დახმარებას უწევს მოქმედების გაშინაგნებაში (ინტერიორიზაცია).
V. გონებრივი მოქმედების საბოლოო ფორმირება. ამ ეტაპზე გონებრივი მოქმედება მთლიანად შინაგანი ხდება, იგი შეკუმშულია და შემოკლებული. მეტყველების ნაკადი, რომელიც დამახასიათებელია წინა ეტაპებისთვის, ცნებების სახით ფორმირდება. პრაქტიკული მოქმედება გონებრივი ფენომენი ხდება. 

რეკომენდაცია მასწავლებელს: თუ აღმოჩნდა, რომ მოსწავლე ცდება და არასწორად ისწავლა, აუცილებელია დავბრუნდეთ უფრო ადრეულ სტადიაზე და დავიწყოთ თავიდან, მივცეთ მოზარდს საშუალება, გავარჯიშდეს იმ სტადიაზე, სადაც ესა თუ ის მოქმედება შეცდომით განუმტკიცდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი