პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ვკითხულობთ მხოლოდ მასწავლებლები

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ეს წერილი რომელიმე სისტემის უპირატესობის დასამტკიცებლად არ იწერება, მეტიც – ქვემოთ მოყვანილი მაგალითები ვინმესთვის შესაძლოა რიგი სისტემების წარუმატებლობაზეც მეტყველებდეს, მაგრამ მთავარი დისკუსიაა, დისკუსია მასწავლებლებს შორის, რომელიც არცთუ ისე ხშირად იმართება ხოლმე. ნებისმიერ საგანმანათლებლო სისტემას კი ცალკეული მცირე ჯგუფები კი არა, სფეროში ჩახედული პროფესიონალები ქმნიან, ცხადია, თუ ჰკითხავენ და თუ თავად მათ აზრის გამოთქმის არ შეეშინდებათ ან არ მოერიდებათ.

მაშ ასე, მსურს, შვედური სკოლის რამდენიმე უცნაური პრინციპი გაგაცნოთ, რომლებიც სრულიად მიუღებელია, მაგალითად ამერიკის, ბრიტანეთის და, ჩვენ ჩვენი ვთქვათ, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემებისთვის.

 

მობილური ტელეფონები

წარმოიდგინეთ, რომ ქართულ სკოლაში, გაგანია ფიზიკის გაკვეთილზე, მეშვიდეკლასელმა კაკო იორდანაშვილმა სმს-ები აგზავნოს პარალელურკლასელთან ან მეათეკლასელმა კენტუკელმა ჯონ ბლეიზერმა ყურსასმენები გაირჭოს და Ariana Grande-ს უსმინოს, ან ლივერპულელი მუშის სტივენ პეკის უმცროსმა ქალიშვილმა სარამ Facebook-ზე ან Instagram-ზე სელფი დადოს გაკვეთილის მიმდინარეობისას. საუკეთესო შემთხვევაში, მათ ძალიან მკაცრ შენიშვნას მისცემენ, უარესში კი დირექტორის გარეშე ეს ამბავი ვერ ჩაივლის.

შვედურ საგანმანათლებლო სისტემას კი სულ არ აწუხებს სასწავლო პროცესის დროს მოსწავლე ტეტრისს ითამაშებს თუ აინშტაინის დღიურებს წაიკითხავს, მასწავლებელი ბავშვს მოსმენას არასოდეს აიძულებს. თუ არ გაინტერესებს, ნუ მომისმენ, ნურც ხელს შეგვიშლი, მაგრამ იყავი ჩვენთან – ეს შვედური სკოლის უმთავრესი პრინციპია. თუ მასწავლებელი ბავშვის დაინტერესებას ვერ ახერხებს, ეს მასწავლებლის პრობლემად ითვლება და არა მოსწავლის, რადგან შვედური განათლება ნებაყოფლობითი სწავლის პრინციპზე დგას, რაც, შესაძლოა, სხვა ეთნოკულტურებში არ ამართლებდეს, მაგრამ ლოგიკური ახსნა ამ მეთოდს აქვს – თანამედროვე ფსიქოლოგები ხშირად ამბობენ, რომ ადამიანის არაცნობიერი მაშინაც კი იმახსოვრებს მიღებულ ინფორმაციას, როდესაც სძინავს. ამ თეორიას ისეთი მომხრეებიც კი გამოუჩნდა, ვინც ეს მეთოდოლოგია რელიგიურ ჭრილში გადაიტანა და ამტკიცებს, ქირურგიულ მაგიდაზე დაწოლა ახლობლის თანდასწრების გარეშე არ შეიძლება, რადგან ნარკოზში მყოფს რას ჩაგძახებენ, კაცმა არ იცისო (საიენტოლოგების ცნობილი თეზისი).

თუმცა, უნდა ითქვას, რომ ბოლო წლების კვლევები მობილურის გამოსხივებასა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მატებას შორის კავშირზე შვედ მშობლებს მაინც აშინებთ, ამიტომ ზოგიერთ სკოლაში – და ეს საერთო რაოდენობის 16%-ია – ბავშვებს საკლასო ოთახში ტელეფონის შეტანა უკვე ეკრძალებათ.

 

დაგვიანება

შვედეთში, ზემოხსენებული სისტემებისგან განსხვავებით, სასკოლო ზარის ცნება არ არსებობს, რადგან არ არის განსაზღვრული გაკვეთილის დაწყებისა და დასრულების ზუსტი დრო. რა უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, სასწავლო გაკვეთილების ხანგრძლივობა შეთანხმებაზეა დამოკიდებული. ეს ერთგვარი „ღირსების საქმეა“ – თქვა, რომ მიხვალ საერთო შეკრებაზე 12:25 წუთზე და გაჩერდები იქ 35 წუთი, ან 10, ან 1 საათი, გააჩნია, რამდენის გუნებაზე ხარ და რამდენი გინდა წამოიღო სკოლიდან.

ცხადია, ამ შეთანხმებას ყველა ყოველთვის არ იცავს, მაგრამ დაგვიანებული მოსწავლის კლასში შემოსვლისას მასწავლებელი არც „თავსა დამართ სცემს“ და არც „ასტამს უხეთქნის“ ვინმეს – იღიმება და გამარჯობას ეუბნება შემოსწრებულს.

 

მასწავლებელი ავადაა

ქართველი მასწავლებელი ავად არასოდეს ხდება. არ შეიძლება გახდეს. არც ნაბახუსევზე უნდა იყოს შვილის ქორწილის მეორე დღეს. ბავშვი არ უნდა გააჩინოს ხშირად და დასასვენებლად (სეზონზე) წასვლა არ უნდა აუტყდეს „უდროო დროს“. და, საზოგადოდ, ქართველი მასწავლებელი ბანაობასა და ჭამაზეც არ უნდა კარგავდეს დროს. ამერიკასა და ბრიტანეთში მთლად ასე არ არის, მაგრამ თუ ამერიკელი პედაგოგი ავსტრალიაში ორკვირიან მოგზაურობას გადაწყვეტს, მას შემცვლელს იმავე წუთას მოუძებნიან. აი, შვედეთში კი სხვანაირადაა – თუ შვედი მასწავლებელი ავადმყოფობს, ან ბედნიერებას მისცემია, ან კაეშანი მოსაძალებია და განსაქარვებლად „წყლისა პირს“ წასულა, მაგრამ ეს წყალი არა მის ქალაქში, არამედ შორს, თუნდაც სანკტ-პეტერბურგშია, კლასი ისვენებს, პირდაპირი გაგებით ისვენებს. ყველა მოსწავლე ელოდება მასწავლებელს, რადგან შვედური სისტემა პიროვნულ ურთიერთობებზე აგებული სისტემაა. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ეს დაახლოებით რეპეტიტორის ინსტიტუტია.

 

„აბა, ერთი შეგამოწმო“

შვედურ სკოლაში ტესტები და გამოცდები არის, მაგრამ წარუმატებლად ჩაბარების გამო ფსიქოლოგის დაქირავება, კარდიოთერაპიის კურსი (მშობლებისა და ბებია-ბაბუისთვის), აღსარების ჩაბარება და ტკივილგამაყუჩებლის მიღება საჭირო არ გახლავთ. გამოცდებისა და ტესტების ერთადერთი ფუნქციაც და მიზანიც მიმდინარე ცოდნის შემოწმებაა, რათა მშობელმა გაიგოს, ზარმაცობს თუ არა მისი შვილი და რაში სჭირდება მიხმარება. საგამოცდო სისტემის ამგვარი გაუბრალოების მთავარი მიზანი, როგორც ჩანს, სტრესული გარემოს შემცირებაა, ამიტომ, ბავშვებისთვის სკოლა შიშსა და უბედურებასთან კი არა, სიხარულსა და გართობასთან ასოცირდება, მეტიც – თუ სახლში Medal of Honor-ის ბოლო ვერსიის ჩართვის უფლება არ გაქვს, შეგიძლია სკოლაში წაცუნცულდე და მაგრად მოილხინო, ამის გამო არავინ, არავინ, არავინ დაგსჯის.

 

საშინაო დავალება

საშინაო რა? Home What? სახლში ზიხარ და ტვინს იჭყლეტ? „ვიკინგების“ ბოლო სეზონის ყურების მაგივრად ისტორიის წლებს იზუთხავ? რა სისულელეა, შვედეთში ეს ამბავი წარმოუდგენელია. სახლში მაქსიმუმ რაიმე პროექტის მომზადებას თუ დაგავალებენ, ისიც იმისთვის, რომ კლასის წინაშე თავი გამოიჩინო, აი, რა შემოქმედებითი ტიპი ვარო. მაგალითად, დაწერო ესე ფილმზე „პიანისტი“, ან ილაპარაკო რასიზმზე კინოში, ან მიწასთან გაასწორო დოსტოევსკი, რომელიც საშინლად მოგწონს ან უბრალოდ დაწერო შენი სიყვარულის ამბავი, – რა იცი, იქნებ მწერალი გამოხვიდე?

 

გრძელი გაკვეთილები და ცოტა საგანი

ამერიკული, ბრიტანული და ქართული საგანმანათლებლო სისტემებისგან განსხვავებით, შვედური კლასის მოდელი სხვანაირია. გაკვეთილი, საშუალოდ, საათი ან საათ-ნახევარი გრძელდება; შეგიძლია გახვიდე, მოხვიდე, მიირთვა, წაუძინო კიდეც (ამ მეთოდს მივმართავდი ხოლმე რეპეტიტორთან და მაგრად მშველოდა). შვედური განათლების სისტემის მთავარი მიზანი სიღრმისეული ცოდნის შეძენა და დროის მაქსიმალურად რაციონალურად გამოყენებაა, რაც, შეიძლება ითქვას, შედეგიანია, რადგან ბოლო ათეული წლებია, სკანდინავიური მოდელი უპირობო ლიდერია ამ მიმართულებით.

 

„ჩემი შვილი დოხტური უნდა გამევიდეს!“

ბავშვებმა, როგორც წესი, მცირე ასაკიდანვე იციან, რა პროფესიები ხიბლავთ და რომელ საგნებს უნდა მიეძალონ, ამიტომ, პოლიციელობის მსურველი ერიკი მეტად ისწავლის ფსიქოლოგიას, სპორტს, ისტორიას, კანონებს, ვიდრე გრეტა, რომელსაც დიზაინერობა აქვს გადაწყვეტილი. მათემატიკის გაკვეთილზე ჯდომასაც თვითონვე გადაწყვეტენ და სკოლის სპექტაკლში მონაწილეობასაც. საყვარელ საგნებში ინტენსიური მომზადების ხიბლი ისაა, რომ უნივერსიტეტში სწავლისას ერთი საფეხურით წინ არიან სხვა საგანმანათლებლო სისტემაგამოვლივლ ბავშვებთან და მათი მარგი ქმედების კოეფიციენტი გაცილებით მაღალია. ისინი დროს არ ხარჯავენ „ყოვლისმცოდნეობაზე“.

 

კლასი, მეგობრების შეკრება

ყველაზე მეტად მე ეს ნაწილი მომწონს, რადგან თავადაც ამ მეთოდს ვიყენებ ბავშვებთან და ძალიან ამართლებს. ქართული საკლასო ოთახი დაახლოებით ასეთია – დროის 80% მასწავლებელი ლაპარაკობს და სხვები უსმენენ ან იწერენ, დანარჩენი 20% კი ბავშვები ლაპარაკობენ და მასწავლებელი უსწორებს. მე ეს სისტემა ამოვატრიალე და პირიქით ვმუშაობ. შვედეთშიც ასე ყოფილა.

საკლასო ოთახში შეკრება გამოკითხვა კი არა, დისკუსია და სკუთარი ცოდნის დემონსტრირებაა. როდესაც მე ვიცი საკუთარი (ჰხმ, მაღალი) აზრი „შუშანიკის წამებაზე“, უკვე ვიცი და მაინტერესებს სხვისი თვალით დანახული ტექსტიც. წარმოიდგინეთ, რა საინტერესოა, როგორ ხედავს ამ ნაწარმოებს პატარა მოცარტი, ან პატარა გოგენი, ან პატარა ილია ჭავჭავაძე, ან პატარა ამბროსი ხელაია, ან პატარა ცელქი და მაიმუნი, მოუსვენარი და ონავარი თვალებციმციმა აინშტაინი!

ასეა თუ ისე, ვერავინ დამაჯერებს, რომ ვაჟა ფშაველას სკოლის მასწავლებელმა იცოდა, ვინ იჯდა მის წინ და განჭვრიტა, როგორ შეატრიალებდა ერის ცნობიერების ნაწილს პატარა ბრაზიანი მოჩხუბარი ბიჭის ნაფიქრი მთაში ხეტიალისას.

არც ჩვენ ვიცით, მასწავლებლებმა, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ.

შვედური სკოლის სისტემა ალბათ იდეალური არ არის, ის ალბათ სხვა განვითარებულ ან განუვითარებელ ქვეყანაში ნაკლებად იმუშავებდა. იქნებ მაგრადაც ემუშავა, არ ვიცი. ერთი რამ, რაც დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რაც დანამდვილებით ძალიან მომწონს, მიდგომაა – ყველა ბავშვი ინდივიდია, ყველა ბავშვზე ვარაუდობს სკოლა, რომ ის გენიოსია, ყველა ბავშვი დაბადებულია სიკეთისთვის.

შვედური ლიტერატურაც ხომ მთლიანად ამ მეთოდოლოგიას ემყარება!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი