ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება

ამერიკელი განათლების ფილოსოფოსის ჯონ დიუის სახელს უკავშირდება პროგრესული განათლების მოძრაობა, რომლის მთავარ პრინციპს წარმოადგენდა გამოცდილებით სწავლა და  სოციალური ინტერაქცია. ეს არის მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომა, სადაც მთავარი პრინციპია სწავლა კვლევით, საკუთარი გამოცდილებით. ცოდნა მნიშვნელოვანია, მაგრამ მისი გამოყენების უნარი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი. ეს არის ორიენტაცია ცოდნის პრაქტიკულობაზე.
საბუნებისმეტყველო საგნებში მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მნიშვნელოვან იარაღს წარმოადგენს ისეთი მიდგომები, როგორიცაა კვლევაზე, პრობლემაზე და პროექტზე დაფუძნებული სწავლება. აღნიშნული სტრატეგიები უზრუნველყოფს მოსწავლის აქტიურ როლს სწავლების პროცესში და ავითარებს მაღალ სააზროვნო უნარებს.
წარმოგიდგენთ მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიდგომებით დაგეგმილ გაკვეთილს ბიოლოგიაში, სადაც აქტიურია მოსწავლე, ხოლო მასწავლებელი ფასილიტატორის როლშია.
სწავლების საფეხური/კლასი: საშუალო/ მე-10.
გაკვეთილის თემა: „მოძრაობა“
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლე უნდა შეძლოს:
1.   მსჯელობა სხვადასხვა ორგანიზმის განსხვავებულ გარემოში მოძრაობის თავისებურებებზე;
2.   საუბარი კუნთის შეკუმშვის მექანიზმზე და კუნთის მოდელის შექმნა;
3.   მსჯელობა ფრენასთან დაკავშირებულ თავისებურებებზე.
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები.
ბიოლ.X.12.
მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს სხვადასხვა გარემოს მიმართ ორგანიზმების მოძრაობის ადაპტაციურ თავისებურებებზე
•    მსჯელობს ჩონჩხისა და კუნთების დანიშნულებაზე ორგანიზმისათვის (მაგ., საყრდენ-მამოძრავებელი, დამცველობითი);
•    მოდელებზე ამოიცნობს ადამიანის ძვლებსა და კუნთებს და საუბრობს მათ ფუნქციაზე;
•    მსჯელობს ფრინველთა ჩონჩხის ფრენასთან დაკავშირებულ თავისებურებებზე (მაგ., ღრუიანი, მსუბუქი ძვლები, სხეულის ფორმა, დაბალანსებული წონა);
•    მსჯელობს წყალში მობინადრე ცხოველების ცურვასთან დაკავშირებულ სტრუქტურულ თავისებურებებზე (მაგ. სხეულის ფორმა, ფარფლები);
•    მსჯელობს მცენარეთა მოძრაობის სხვადასხვა ფორმებზე (მაგ., ფოტოტროპიზმი, გეოტროპიზმი).

1-ლი აქტივობა (2წთ.).
 აქტივობის მიზანი: მასწავლებელმა მოსწავლეებს უნდა გააცნოს გაკვეთილის თემა და მიზანი, მოაგვაროს საორგანიზაციო საკითხები, აღწეროს შეფასების ფორმები და რუბრიკები, რომელთაც გამოიყენებენ გაკვეთილის პროცესში.

აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის თემასა და მიზანს, ახდენს საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას. მოსწავლეებთან ერთად აღწერს შეფასების ფორმებსა და რუბრიკებს, რომელთაც გამოიყენებენ გაკვეთილის პროცესში.

აქტივობა მე-2  (8 წთ.) .
აქტივობის მიზანი: მოსწავლემ უნდა შეძლოს, სწორად უპასუხოს მასწავლებლის მიერ დასმულ ყველა შეკითხვას.
აღწერა: მასწავლებელი წინარე ცოდნის გასააქტიურებლად მოსწავლეებს ურიგებს ფოტომასალას (უხერხემლო და ხერხემლიან ცხოველთა ფოტომასალას) და სთხოვს დააჯგუფონ ფოტოები მასზე გამოსახულ ორგანიზმთა მოძრაობის ტიპების მიხედვით. ჯგუფები მოახდენენ ნამუშევრების პრეზენტაციას. მასწავლებელი სვამს ასევე დამაზუსტებელ კითხვებს წარმოდგენილი პრეზენტაციის ირგვლივ.
სავარაუდო კითხვები:
•    რომელი ფერმენტი უწყობს ქიტინის დემინერალიზაციას ხელს და რა მოხდებოდა ამ ფერმენტის გარეშე?
•    მოძრაობის რა საშუალებები აქვთ მცენარეებს?
•    ჭიაყელა მოძრაობს წინსვლით და უკუსვლით, აღწერეთ ეს პროცესი.
(განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტად გამოიყენება გამოსაძახებელი ჩხირები).

აქტივობა მე-3  (10 წთ.) .
აქტივობის მიზანი: მოსწავლემ უნდა შეძლოს შესწავლილი თემის გააზრება და დასმულ შეკითხვებზე სწორი პასუხის გაცემა.

აღწერა: მასწავლებელი ჯგუფებს აძლევს სხვადასხვა სახის დავალებას, და განუმარტავს მოსწავლეებს, რომ დავალების შესრულების შემდეგ უნდა მოახდინონ პრეზენტაცია.
1-ლი ჯგუფის დავალება-მიკროპრეპარატზე მუშაობა და კითხვებზე პასუხი, რომელიც გამომდინარეობს პრეპარატის მასალიდან. რას ხედავთ, როგორ ამოიცანით ეს სტუქტურა, როგორ დაახასიათებთ მას? კიდევ რა სტრუქტურებს იცნობთ, რომელიც არ ჩანს ამ გადიდებაზე?
მე-2 ჯგუფის დავალება
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს საინფორმაციო ტექსტს და სთხოვს -გააანალიზე ცხრილში მოცემული ინფორმაცია და უპასუხე კითხვებს.
იხ. დანართი N1
ცხრილი და დასკვნები მოსწავლეებს გადააქვთ ფლიპჩარტზე
მე-3 ჯგუფის დავალება
აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს რესურსებს და სთხოვს შექმნან კუნთის მუშაობის ამსახველი მოდელი, და ისაუბრონ კუნთის მუშაობაზე.

მე-4 ჯგუფის დავალება
მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს სიტუაციურ ამოცანას: ახალბედა დიასახლისმა ინკუბატორიდან წიწილები გამოიყვნა და დიდი ხალისით პატრონობდა მათ, როცა დაიზარდნენ, დაიწყეს საქათმიდან გადაფრენა და რამდენიმე ქათამი დაკარგა. დიასახლისმა დახმარებისთვის მეზობელს მიმართა, მეზობელმა ურჩია ქათმებისთვის ფრთები დაემოკლებინა. როგორ ფიქრობთ, გამოადგებოდა თუ არა დიასახლისს ეს რჩევა? ამასთან ერთად აძლევს სხვადასხვა ბუმბულს და ეკითხება, რომელი ბუმბულის დაჭრა იქნებოდა გამოსავალი? რატომ ფიქრობთ ასე?

აქტივობა მე-4. (15 წთ.).
აქტივობის მიზანი: ნამუშევრების პრეზენტაცია
აქტივობის აღწერა
მოსწავლეები წარმოადგენენ ჯგუფურ ნამუშევრებს. მასწავლებელი აჯამებს პრეზენტაციებს.

აქტივობა მე-5 (5 წთ.).
მიზანი “თემის შეჯამება“
აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს ელექტრონულ რესურსს, „სწორია-არასწორია“ და მოსწავლეებს ევალებათ ამოიცნონ სწორი ფრაზები.
8.  აქტივობა მე-6 (5 წთ.).
მიზანი: მასწავლებელმა მოსწავლეებთან ერთად უნდა შეაჯამოს გაკვეთილი. განხილული საკითხების გააზრების დონის შესაფასებლად გამოიყენოს გასასვლელი ბილეთები.
აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად აჯამებს გაკვეთილს. ურიგებს გასასვლელ ბილეთებს. ბილეთში მოცემულია:
1. ერთი რამ, რომელიც კარგად გავიაზრე;
2. ერთი აქტივობა, რომელმაც ყველაზე მეტად დამაინტერესა;
3. ერთი რამ, რაც დამრჩა გასარკვევი.

მოსწავლეები ავსებენ გასასვლელ ბილეთებს.
აკეთებენ თვითშეფასებას.
მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს განმსაზღვრელ და განმავითარებელ შეფასებას.

დანართი N1
საინფორმაციო ტექსტი:
„რამდენიმე მოსწავლემ ცხოველების ძვლების ქიმიური შედგენილობის კვლევა ჩაატარა. ექსპერიმენტის პირველ ნაწილში მათ ერთი და იმავე ცხოველის ძვლები 250oC-მდე გააცხელეს. შემდგომ ეტაპზე ძვლების მეორე ნახევარი 24-სთ-ის განმავლობაში მარილმჟავას კონცენტრირებულ ხსნარში მოათავსეს. ექსპერიმენტის შედეგები მოცემულია ცხრილში:

1.   მოიფიქრე, როგორ შეიცვლებოდა ძვალი თითოეული ცდის შემდეგ. ახსენი შენი მოსაზრება და შეავსე ცხრილის შესაბამისი თავისუფალი უჯრა.
2.    რამ გამოიწვია ძვლის მასის ცვლილება გახურების შედეგად მჟავას ზემოქმედების შედეგად?
3.   რომელი ორგანული და არაორგანული ნივთიერებები ჭარბობს ძვლის ქსოვილში?
4.   შენი აზრით, ბავშვის ორგანიზმში ორგანული და არაორგანული ნივთიერებების როგორი თანაფარდობა იქნება?
5.   როგორ ფიქრობ, რა იწვევს ძვლების ხშირ მოტეხილობას ასაკოვან ადამიანებში?
6.   წარმოიდგინე, რომ ექიმი ხარ, როგორ დიეტას დაუნიშნავ მოზარდს ძვლების ნორმალური ზრდისთვის?

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა, ბიოლოგიის პროგრამა
  2. მასწავლებლის გზამკვლები, ბიოლოგია

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი