ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

სოციალური რეკლამებით სწავლება სამოქალაქო განათლებაში

ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბებაში უდიდეს როლს თამაშობს სკოლა, სწავლა-სწავლების პროცესი. განსაკუთრებით კი სამოქალაქო განათლების სწავლება, რომლის ერთ-ერთი მიმართულებაა პიროვნული განვითარება. პიროვნული განვითარებისათვის კი აუცილებელია, მოზარდმა იცოდეს თავისი უფლება-მოვალეობები, განვითარდეს პიროვნული და ზნეობრივი თვალსაზრისით, ეზიაროს და ჩამოუყალიბდეს ისეთი ღირებულებები, რომლებიც მას დაეხმარება, გახდეს დემოკრატიული საზოგადოების აქტიური მოქალაქე.

ვფიქრობ, ყველა მასწავლებელი ცდილობს, დაგეგმოს გაკვეთილი ისე, რომ გამოიყენოს თანამედროვე სასწავლო რესურსები, რათა გაამრავალფეროვნოს თითოეული გაკვეთილი და მიაღწიოს მოსწავლეთა ჩართულობისა და მოტივაციის ამაღლებას. მიმაჩნია, რომ დოკუმენტური ფილმებითა თუ სოციალურის რეკლამებით სწავლების მეთოდი ამ მხრივ ძალიან შედეგიანია. მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ სოციალურ რეკლამებით სწავლებაზე აგებული გაკვეთილი. ასეთი გაკვეთილი მათ შემდგომ უნარ-ჩვევებს უვითარებს:

მსჯელობის;

მოსმენის;

პრეზენტაციის;

თანამშრომლობის;

პრობლემის მოგვარების და სხვ

მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება, რომელიც სოციალური რეკლამებით სწავლების მეთოდს ეხება.

 

ამ მეთოდის გამოყენების დროს მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი:

  1. წინასწარ გაეცნოს სოციალურ რეკლამას;
  2. მოამზადოს და შეამოწმოს (შეიძლება დავიხმაროთ მოსწავლეებიც) საპრეზენტაციო დაფა, კომპიუტერი, პროექტორი;
  3. რეკლამის დასრულების შემდგომ მოსწავლეებს მისცეთ შესაძლებლობა, იმსჯელონ, გამოხატონ თავიანთი ემოციები, შეხედულებები, გრძნობები;
  4. კლასში შექმნას კეთილგანწყობილი გარემო, რათა მოსწავლეებმა თავისუფლად გამოხატონ თავიანთი მოსაზრება;
  5. მოუსმინოს და აგრძნობინოს თითოეულ მოსწავლეს, რომ პატივს სცემს მის მოსაზრებას.

 

სამიზნე ჯგუფი-9 კლასი

       თემა – ბავშვთა  უფლებები (ქუჩის ბავშვები)

სოციალური რეკლამა – „მესბა“ (ანნეტა პაპატანასიუ/საბერძნეთი/2011/2 წთ.) გამოვიყენე პროვოცირების ფაზაზე და დამეხმარა სიღრმისეული წვდომის ფაზაზე მოსწავლეების ჩართულობისა და მოტივაციის გაზრდაში.

ნაბიჯი 1-ლი

კითხვა-პასუხი;

ვინ არიან ე. წ. „ქუჩის ბავშვები“;

როგორია მათი ცხოვრება?

დაასახელონ მიზეზები, რის გამოც ბავშვები ქუჩაში ხვდებიან.

ნაბიჯი მე-2

მოსწავლეებს ვაძლევ მკაფიო ინსტრუქციას და ვუჩვენებ

სოციალურ რეკლამას „მესბა“.

რეკლამის ჩვენების შემდგომ მოსწავლეებს ვურიგებ „ბავშვთა უფლებათა დაცვის კონვენციას“ და  წყვილებში ვაძლევ დავალებას, მოინიშნონ მუხლები, რომლებიც ირღვევა “მესბას“ შემთხვევაში. მოსწავლეები თავიანთ მოსაზრებას აფიქსირებენ ფლიპ-ჩარტზე.

ნაბიჯი მე-3

მოსწავლეებს ვთხოვ, დაწერონ – „მე რომ ქუჩის ბავშვი ვყოფილიყავი, შემეშინდებოდა…“

ნაბიჯი მე-4

მოსწავლეებს ვაძლევ დისკუსიის ინსტრუქციას. სადისკუსიო თემას ვწერ ფლიპ-ჩარტზე-„შესაძლებელია თუ არა ქუჩის ბავშვების დახმარება“. მოსწავლეები მსჯელობენ და ასახელებენ იმ ქმედებებს, რომლებიც  ქუჩის ბავშვებს პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

სწავლება დოკუმენტური ფილმების მეშვეობით. მასწავლებლის წიგნი-თბილისი-2013წ

გავიგოთ მეტი ადამიანის უფლებებზე. მასწავლებლის წიგნი.2014 წ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი