ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

გლობალური აზროვნების და დამოუკიდებელი უნარების განვითარება მოსწავლეებში

სკოლა რომ ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეების მოაზროვნე პიროვნებებად ჩამოყალიბებას, საყოველთაოდ აღიარებული ჭეშმარიტებაა. ამაში აკადემიური საგნების სწავლება გვეხმარება. მაგრამ ისიც ცნობილია, რომ მხოლოდ აკადემიური საგნების ცოდნა არ განაპირობებს სამოქალაქო თვითშეგნებით გამორჩეული ადამიანების ჩამოყალიბებას. სამოქალაქო თვითშეგნებით გამორჩეული ადამიანების ჩამოყალიბებისას დიდია პირადი გამოცდილებით მიღებული ცოდნის როლი. ეს იმას ნიშნავს, რომ სკოლამ მარტო თეორიული ცოდნით კი არ უნდა აღჭურვოს მოსწავლეები, არამედ უნდა წაახალისოს კიდეც ისინი, რომ იმოქმედონ, თავად მიიღონ ისეთი გამოცდილება, რომელიც დაეხმარებათ მათ, გახდნენ უკეთესი მოქალაქეები. 

როგორ უნდა შეუწყოს ხელი სკოლამ და მასწავლებელმა ისეთი მოსწავლის აღზრდას, რომელიც მაღალი მოქალაქეობრივი შეგნებით გამოირჩევა? ვნახოთ, რას გვთავაზობს საერთაშორისო გამოცდილება. მსოფლიო ბაზარზე აღიარებული და წარმატებით მოქმედი პროგრამა _ საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამა _ გვეუბნება, რომ მისი მოსწავლეებისთვის CAS ერთ-ერთი სავალდებულო ნაწილია. ეს აბრევიატურა სამ კომპონენტს მოიცავს, სადაც პირველი ასო კრეატიულობას, მეორე ასო მოქმედებას, ხოლო მესამე სერვისს აღნიშნავს. 

ამჯერად მესამე კომპონენტზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას. სერვისს საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მე-11 და მე-12 კლასებში მოსწავლეებმა ამ კომპონენტს კლასგარეშე დროის დაახლოებით 50 საათი უნდა დაუთმონ. ეს, უხეში გათვლებით, კვირაში ერთ საათს გულისხმობს. პროგრამის დასრულებისთანავე მოსწავლე ჩათვლას იღებს, რომელსაც მას კოორდინატორი ანიჭებს. ვინ შეიძლება გახდეს CAS-ის კოორდინატორი? ნებისმიერი მასწავლებელი, რომელსაც დრო აქვს იმისთვის, რომ რჩევებით დაეხმაროს ბავშვებს, ხოლო სხვადასხვა ეტაპზე გააკონტროლოს, რამდენად რეალურია ის საქმიანობა, რომელსაც მოსწავლე CAS-ის ფარგლებში ახორციელებს. ამ მიზნით პროგრამა გამოყოფს ერთ მასწავლებელს (რომელიც ჩვენს პირობებში საგნის მასწავლებელი ან დამრიგებელი შეიძლება იყოს). მისი მოვალეობაა, დაეხმაროს მოსწავლეებს, სწორად დაგეგმონ აქტივობები, აკონტროლოს განხორციელებული სამუშაოები და ბოლოს მისცეს ჩათვლა, რომლის გარეშეც ვერც ერთი მოსწავლე ვერ მიიღებს დიპლომს, თუნდაც უმაღლესი ქულები ჰქონდეს აკადემიურ საგნებში. ეს ბოლო პუნქტი კარგად გამოხატავს პროგრამის შემქმნელთა დამოკიდებულებას: შეუძლებელია, მოსწავლეს პრეტენზია ჰქონდეს უმაღლესში სწავლის გაგრძელებაზე, თუკი იგი არ არის ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში. 

რას გულისხმობს ის საზოგადოებრივი საქმიანობა, რასაც CAS-ის სერვისის ნაწილი გვთავაზობს და რომელშიც მოსწავლეს შეუძლია ჩაერთოს? ასეთი საქმიანობა უამრავია დაწყებული შეჭირვებული ოჯახების დახმარებით და დამთავრებული გარემოზე ზრუნვით თუ უფასო გაკვეთილების ჩატარებით სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისთვის.
როგორ უნდა მოხდეს ჩვენს პირობებში CAS-ის ამ ნაწილის დანერგვა? როგორ შეიძლება წავახალისოთ მოსწავლეები, გამოცდილებით მიიღონ ის ცოდნა, რომელიც უკეთეს მოქალაქეებად ჩამოყალიბების საშუალებას მისცემს? ამისთვის მრავალი ნაცადი ხერხი არსებობს. ერთ-ერთი ასეთი ხერხია, ვაჩვენოთ მათ დოკუმენტური ფილმები, სადაც თვალნათლივ ჩანს ის ეკოლოგიური კატასტროფები, რომლებიც დედამიწას ემუქრება იმ შემთხვევაში, თუკი ბუნების მოფრთხილებას არ დავიწყებთ. ცხადია, ამგვარი დოკუმენტური ფილმები პანიკის გამოწვევის მიზნით კი არ იქმნება, არამედ იმისთვის, რომ მოსახლეობამ უკეთ გააცნობიეროს მოსალოდნელი საფრთხეები და რაღაც შეცვალოს საკუთარ ქცევაში, რაც გააუმჯობესებს გარემოს. 

რატომ არ შეიძლება, მოსწავლეებმა თავად დაგეგმონ და მოაწყონ აქცია, დაასუფთაონ სკოლის მიმდებარე უახლოესი ტერიტორიები მაინც? თუკი მოსწავლეები სკოლის ასაკიდანვე მიიღებენ მონაწილეობას მსგავს აქციებში, მათ მომავალში აღარ გაუჩნდებათ სურვილი, დააბინძურონ გარემო და ალბათ სხვებსაც მიუთითებენ უგვან საქციელზე. მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავება არ არის სერიოზულ ხარჯთან დაკავშირებული. დასუფთავება რაღაც ხარჯებს ყოველთვის გულისხმობს, თუნდაც სანიტარული ხელთათმანებისა და ნაგვის განსათავსებელი ტომრების შეძენას. შორ მანძილზე წასვლა სატრანსპორტო ხარჯებსაც უკავშირდება, მაგრამ ინიციატივიანი მოსწავლეები ამ პრობლემის მოგვარებასაც ახერხებენ. 

მოსწავლეებს შეუძლიათ ორგანიზება გაუკეთონ ხეების დარგვის ღონისძიებას. ასეთი აქციები კარგად უნდა დაიგეგმოს, შეთანხმებული უნდა იყოს გარემოს დაცვის სამინისტროსა და ადგილობრივ ორგანოებთან. მოსწავლეებმა წინასწარ უნდა შეიგულონ ნერგებიც და ის უახლოესი ტერიტორიაც, სადაც ხეების დარგვის უფლება ექნებათ. ამ აქციას დიდი ხარჯები არ სჭირდება, რადგან მათ ნიჩბებსაც და სხვა ინვენტარსაც უფასოდ ათხოვებენ შესაბამის დაწესებულებებში.    

როგორც აღვნიშნეთ, მოტივაციის გაზრდის მიზნით, კარგია ფილმების ჩვენება ეკოლოგიაზე. აგრეთვე სასარგებლოა ისეთი ფილმებიც, სადაც მოთხრობილია შეჭირვებულთა ცხოვრებაზე. ემოცია, რომელსაც ასეთი ფილმების ნახვა აღძრავს, თითქმის ყველას უბიძგებს მომენტალური ქმედებისკენ. ბევრი ფიქრობს, რომ შეჭირვებულთა დახმარება მხოლოდ მატერიალური თანადგომით გამოიხატება. არადა, ეს ასე არ არის. მშობლის მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სახლებში ბევრია ისეთი ბავშვი, რომელთაც სწავლაში დახმარება სჭირდებათ. ამგვარი დახმარება კი ბევრ მოსწავლეს შეუძლია. დახმარება მარტო ასეთ სახლებში არ სჭირდებათ. უთხარით მოსწავლეებს, მიმოიხედონ გარშემო და ადვილად შენიშნავენ, რომ თანატოლებს, სკოლის პერსონალს, სამეზობლოსაც შეუძლიათ დაეხმარონ. ხშირად მოსწავლეებმა იციან უცხო ენა, რომელსაც სიამოვნებით ისწავლიდნენ უფროსებიც, თუკი ასეთ მომსახურებას უსასყიდლოდ შესთავაზებდნენ. რომელი ზრდასრული არ ივლიდა სიამოვნებით კომპიუტერულ კურსებზე, რომელსაც მოსწავლეები გაუძღვებოდნენ?! ეს არა მარტო ადამიანთა მადლიერებას გაზრდიდა, არამედ მოსწავლეების პასუხისმგებლობის შეგრძნებასაც აამაღლებდა. 

მთავარი მონდომებაა. ჩვენ, მასწავლებლებს, ამაში უდიდესი წვლილი შეგვიძლია შევიტანოთ. კვირაში ერთი საათის გამოძებნა თითქმის ყველა მოსწავლეს შეუძლია, რათა ესტუმროს ბავშვთა სახლს და იქ წიგნები წაუკითხოს პატარებს ან, უბრალოდ, მათთან გაატაროს დრო. ასეთი გასვლის მოწყობა მოხუცებულთა სახლებშიც შეიძლება. მთავარია, ასეთ ღონისძიებებს სისტემატური სახე ჰქონდეს და არ იყოს ერთჯერადი. თანაც ეს აქციები აუცილებლად მოსწავლემ უნდა დაგეგმოს. ჩვენ მხოლოდ მოტივაცია უნდა გავუზარდოთ ფილმის ჩვენებით თუ სხვათა ისტორიების მოყოლით.

როგორც ვიცით, ზოგიერთ აქციას ხარჯებიც ახლავს თან. ინიციატივიან მოსწავლეებს თანხის მოძიებაც შეუძლიათ. ე.წ. “ფანდრეიზინგი” (თანხის მოძიება) “ბეიქ სეილის” გზით ძალიან პოპულარულია დასავლეთის სკოლებში. ეს აქციები დღესასწაულების წინ ეწყობა, რათა მოსწავლეებმა საშობაოდ, საახალწლოდ ან სააღდგომოდ გაახარონ ისინი, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება თანადგომა. ამ მიზნით სკოლებში ეწყობა “ბეიქ სეილი”, როდესაც მოსწავლეები თვითონ აცხობენ ნამცხვრებს სახლებში და შემდეგ გასაყიდად მოაქვთ სკოლაში. აუცილებელი არაა, მხოლოდ მოსწავლეებმა შეიძინონ პროდუქტი. შეგიძლიათ სკოლაში მოიწვიოთ მშობლები და სხვა სტუმრებიც, რომელთაც წინასწარ ეცოდინებათ აქციის შესახებ. შემოსული თანხა მოხმარდება იმ მიზნებს, რისთვისაც მოეწყო აქცია.  
რა არის საჭირო, რომ მოსწავლემ ხორცი შეასხას თავის იდეებს და როგორ უნდა დაეხმაროს მას მასწავლებელი? პირველ რიგში, აუცილებელია,    მოსწავლეს ვასწავლოთ სწორად დაგეგმვა – სასწავლო წლის დასაწყისში ყველა მოსწავლემ უნდა წარმოადგინოს გეგმა, თუ რის განხორციელებას აპირებს ორი წლის მანძილზე. ამისთვის მან სწორად უნდა ამოიცნოს ისეთი გლობალური პრობლემები, რომელთა შეცვლაც ლოკალურ დონეზე იწყება. იგულისხმება გარემოზე ზრუნვა, დევნილებისა და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დახმარება, ხანდაზმულთა თავშესაფრების მონახულება, საავადმყოფოებში არსებული პრობლემების გაცნობიერება და სხვადასხვა ინიციატივის გამოჩენა, საქველმოქმედო აქციების ჩატარება, უმცროსკლასელებისთვის დამატებითი გაკვეთილების ორგანიზება, სკოლის პერსონალის (ან ადგილობრივი მოსახლეობის) კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სხვადასხვა სასწავლო ჯგუფის ჩამოყალიბება. მას შემდეგ, რაც მოსწავლე სწორად ამოიცნობს პრობლემას, სასურველია, გაიაზროს, რამდენად შეძლებს მის დაძლევას და რა არის ამისათვის საჭირო. თუკი მოსწავლე თავად გაართმევს თავს, მას შეუძლია, მარტომ წამოიწყოს საქმიანობა, ხოლო თუ პრობლემა ღრმაა, მაშინ მას თანაკლასელთა ან სკოლელთა გუნდისა და სკოლის ადმინისტრაციის დახმარება დასჭირდება. ზოგჯერ შეიძლება მშობლების ჩართვაც გახდეს საჭირო. გეგმის შედგენის შემდეგ მოსწავლე შეხვდება კოორდინატორს, რომელიც მიუთითებს მას გეგმის სუსტ მხარეებზე, რაც ზოგჯერ იმაში გამოიხატება, რომ მოსწავლეები სწორად ვერ საზღვრავენ თავიანთ ძალებს, მათ სურთ, დაძლიონ ისეთი პრობლემები, რომელთა გადაჭრაც ორ წელიწადში წარმოუდგენელია. ეს კი გამოიწვევს იმედგაცრუებას და დაწყებული საქმისთვის თავის დანებებას.

გარდა იმისა, რომ ასეთი აქტივობებით მოსწავლე სკოლის ასაკშივე კარგ მოქალაქედ ყალიბდება, იგი სხვა შედეგებსაც იღებს. საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამა CAS-ისთვის (მათ შორის სერვისის კომპონენტისთვის) რვა შედეგს მოიაზრებს:

1.მოსწავლე მოახდენს საკუთარი ძლიერი მხარეების იდენტიფიცირებას, ხოლო სუსტი მხარეების აღმოჩენის შემთხვევაში გაიაზრებს შემდგომი ზრდის აუცილებლობას. როგორც ვიცით, ყველა მოსწავლეს სხვადასხვა უნარი აქვს უკეთ განვითარებული, შესაბამისად, მათი საწყისი მდგომარეობა არათანაბარია. ზოგი დაბადებიდან ლიდერულ თვისებებს ამჟღავნებს, ზოგს გუნდური მუშაობა უჭირს და საქმის მარტო გაკეთება ურჩევნია და ა.შ. მას შემდეგ, რაც მოსწავლე სკოლას დაამთავრებს, მან უნდა შეძლოს, სწორად შეაფასოს თავისი შესაძლებლობები, დაინახოს, რომელი მხარე აქვს გამოსასწორებელი და შეეცადოს, გამოასწოროს სუსტი მხარეები, ხოლო ძლიერი მხარეები საზოგადოების საკეთილდღეოდ გამოიყენოს. ამაში კი CAS არაჩვეულებრივ დახმარებას გაუწევს.

2.მოსწავლე თვალს გაუსწორებს ახალ გამოწვევებს. ნებისმიერი ახალი საქმის დაწყება, მით უმეტეს, ისეთი საქმის წამოწყება, რომელიც გარკვეულ სირთულეებს უკავშირდება, ეხმარება მოსწავლეებს, აიმაღლონ საკუთარი თავის რწმენა, მიხვდნენ, რომ მათაც შეუძლიათ დადებითად შეცვალონ ის გარემო, რომელშიც მოუწევთ ცხოვრება.

3.მოსწავლე ისწავლის დაგეგმვას და განხორციელებას. ნებისმიერი წამოწყება ბევრად ადვილად შესასრულებელია, თუკი ის სწორად არის დაგეგმილი. სწორედ ამის შესწავლას უწყობს ხელს კოორდინატორი. დასაწყისში მოსწავლეს უჭირს პრიორიტეტების განსაზღვრა, მაგრამ ერთხელ და ორჯერ სხვადასხვა ტიპის ღონისძიების დაგეგმვის შემდეგ, მას უკვე თავისუფლად შეეძლება, მომავალში მარტომ განახორციელოს მსგავსი ტიპის სამუშაო. 

4.მოსწავლე ისწავლის გუნდურ მუშაობას. ყველამ ვიცით, რომ გუნდში მუშაობა არც ისე ადვილია, არადა, ცხოვრებაში თითქმის ყველა სამუშაო ამას მოითხოვს. თუკი ასეთ მუშაობას ადრეული ასაკიდანვე შევაჩვევთ მოსწავლეებს, მათ ის უფრო გაუადვილდებათ მომავალში. გარდა ამისა, გუნდური მუშაობა სხვაგვარი ვალდებულების წინაშე აყენებს ადამიანს, რაც მას პასუხისმგებლობის შეგრძნებას უვითარებს.

5.მოსწავლე მიეჩვევა საქმის ერთგულებას, ჩამოუყალიბდება შეუპოვარი ხასიათი. თუკი მოსწავლე დაგეგმავს აქტივობას, მერე კი პატარა სირთულის დანახვისთანავე ხელს ჩაიქნევს და აღარ გააგრძელებს დაწყებულ სამუშაოს, ეს მას სიკეთეს ვერ მოუტანს მომავალში. ამიტომაც, აღნიშნული სახის საქმიანობა მას ხასიათის გამობრძმედაში ეხმარება. 

6.მოსწავლე სკოლიდანვე ჩაებმება გლობალურ ინიციატივებში. 

7.მოსწავლე ისწავლის ეთიკური ქვეტექსტის ამოცნობას.

8.მოსწავლე განივითარებს ახალ უნარებს.

ჩვენი, მასწავლებლების მოვალეობაა, დავეხმაროთ მოსწავლეებს ამ წამოწყებებში. ამ ყველაფერს სხვა დადებითი მხარეც აქვს: თუკი მოსწავლეთა ასეთ აქციებს სტატიებში აღვწერთ, მაშინ სხვადასხვა ჟურნალის საშუალებით ანდა მასწავლებელთა კონფერენციებში მონაწილეობით ჩვენს გამოცდილებას სხვა მასწავლებლებისთვისაც ხელმისაწვდომს გავხდით. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი