ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

  ქართველი მოლიერის საგა

  „ჩვენც ვეცადეთ და განვდევნეთ

რაცა არი ჩვენში ცუდი“

        გიორგი ერისთავი. კომედია „გაყრა“

 

1850 წლის 2 (ძვ.სტილით – 14) იანვარს, თბილისის გიმნაზიის სცენაზე, ქართველმა მსახიობებმა წარმოადგინეს გიორგი ერისთავის კომედია „გაყრა“ და ეს მოვლენა აღდგენილი ქართული პროფესიული თეატრის დღედ იქცა.

მას შემდეგ საუკუნე-ნახევარი გავიდა და, ჩვენი საზოგადოება ყოველ 14 იანვარს ქართული თეატრის დღეს აღნიშნავს.

ქართული თეატრის ისტორია გაცილებით ხანგრძლივია და თუ თეატრს, როგორც სანახაობით, სინთეზურ ხელოვნებას ისე გავიაზრებთ, როგორც ეთნოკულტურულ გამოცდილებას, ის შესაძლოა იმდროინდელიცაა, როცა საერთოდ გაჩნდა დედამიწაზე თეატრის ჩანასახი. მაგრამ ახლა ამ ისტორიაზე არ ვწერ. იმ კაცზე მინდა ვთქვა, ვინც ქართული პროფესიული თეატრის ფუძემდებლად იქცა და ვინც, ამ წერილის დასაწყისში უკვე ვახსენე.

გიორგი ერისთავი – დრამატურგი, რეჟისორი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე, ჟურნალ „ცისკრის“ დამაარსებელი. საერთოდ, იმ დრამატულ და პარადოქსულ მეცხრამეტე საუკუნეში ხომ ბლომად იყვნენ მანათობელი ადამიანები, ვისმა პროგრესულმა აზრმა და საქმემაც ეს ქვეყანა საღათას ძილიდან გამოიყვანა და საკუთარ ცოდვებზე, მანკიერებებზე დააფიქრა. ერთ-ერთი ასეთი გიორგი ერისთავიც გახლდათ, რომელმაც ისეთი ფასდაუდებელი საქმე გასწია, რომ, როგორც შინაურულად იტყვიან ხოლმე, მის ამაგს ვერასდროს გადავიხდით.

ის იყო ყველაზე მნიშვნელოვანი და პოპულარული კაცი იმ საუკუნის 40-იან წლებში. ქსნის საერისთავოს შთამომავალი, სახაზინო ექსპედიციის მწიგნობრის – დავით ერისთავისა და მარიამ ქობულაშვილის ვაჟი 1813 წელს, სოფელ ოძისში დაიბადა. ცოტა ხანს მოსკოვში სწავლობდა, მაგრამ ვერ გაძლო და მალევე დაბრუნდა. სოლომონ დოდაშვილის წრეში მოექცა, ახლობლობდა ორბელიანებთან, იყო 1832 წლის შეთქმულების აქტიური მონაწილე, თუმცა შეთქმულების გაცემის შემდეგ ისიც დააპატიმრეს და პოლონეთში გადაასახლეს.

პოლონეთმა დიდი გავლენა იქონია გიორგი ერისთავზე – საუცხოოდ შეისწავლა ენა, ისე, რომ „ვეფხისტყაოსნის“ თარგმნაც კი სცადა. (მოგვიანებით „ვეფხისტყაოსანი“ მისი თეატრალური შთაგონების წყაროდაც იქცა და განახორციელა კიდეც სცენაზე სამმოქმედებიანი პიესა).

ამბობენ, რომ ძალიან პრინციპული, ჯიუტი და ხისტი ბუნების კაცი იყო. ამის გამო ბევრჯერ შარსაც გადაყრია. ერთი ფაქტი კი, რომელიც მის ახალგაზრდობაში მოხდა, გიორგი ერისთავს, როგორც გულწრფელ პატრიოტს და ღირსეულ ადამიანს ახასიათებს – 1828 წელს, ნინო ჭავჭავაძის და ალექსანდრე გრიბოედოვის ქორწილში (რომელიც გენერალმა პასკევიჩმა გადაუხადა იმ დროის ყველაზე პოპულარულ წყვილს), გიორგი ერისთავი ქართული ჩოხით მივიდა. რა თქმა უნდა, კარშივე შეაჩერეს და ჩოხის გახდა მოსთხოვეს, მაგრამ ერისთავმა ძალიან იუკადრისა და საერთოდ აღარ დასწრებია ქორწილს.

სიყვარულშიც გულუხვი იყო. მუდმივი საზოგადოებრივი საქმის მიუხედავად, მაინც ბევრი თავგადასავალი ჰქონია, სატრფიალო წერილებიც უწერია, ბევრჯერაც დამწუხრებულა და გაბედნიერებულა. ქორწინებით კი ორჯერ იქორწინა – 1844 წელს, იაგორ ალიხანოვის ქალიშვილი ელისაბედი შეირთო და ხიდისთავში გადავიდა საცხოვრებლად. ელისაბედმა ტყუპი ვაჟი გაუჩინა – კონსტანტინე და დავითი, თუმცა კონსტანტინე მალე გარდაიცვალა, დავითი კი მომავალში ჩინებული დრამატურგი და მწერალი დადგა.

ელისაბედის გარდაცვალების შემდეგ, 1856 წელს  მეორედ იქორწინა – დავით თარხან–მოურავის ქალიშვილზე, მართაზე. მასთან გოგონა შეეძინა, მაგრამ ისიც მალევე გარდაიცვალა.

1845 წელს, მთავარმართებელ მიხეილ ვორონცოვის ხელშეწყობით, თბილისში რუსული თეატრი დაარსდა. საერთოდ, ამ ვორონცოვის შესახებ მრავალნაირი აზრი არსებობს და რამდენი მაქებელიც ჰყავს, იმდენი მაძაგებელიც მოიძებნება. ერთი რამ კი ფაქტია: მან სრულიად შეცვალა ცარისტული მმართველობის სისტემა საქართველოში, სამხედრო მმართველობიდან სამოქალაქო მმართველობისკენ, შესაძლოა გულწრფელად მოსწონდა და სჯეროდა კიდეც ქართველების ნიჭიერების, ჩვენს ეროვნულ წიაღში დაუნჯებული ათასნაირი პოტენციალის, რომლისგანაც, ამ პატიოსან რუსს „იმპერიის მარგალიტის“ შექმნა გადაეწყვიტა.

ხოლო იმაზე მეტად კი, ვიდრე თბილი სიტყვა, უხვი ხელშეწყობა, ხელისუფალის ალერსი და მხარდაჭერაა, არაფერი უყვარს ალბათ ბუნებრივად კომფორტისკენ (და მცონარებისკენაც) მიდრეკილ ადამიანს, მით უფრო ქართველს და, სულ არავის უნდა გაკვირვებოდა, რომ მიხეილ ვორონცოვის რეფორმატორულ სისტემას იმდროინდელი ქართველი დიდგვაროვნული საზოგადოების აღტაცებული ყიჟინა და მორჩილება მოჰყოლოდა.

სწორედ ვორონცოვს წარუდგინა მანანა ორბელიანმა ახალგაზრდა დრამატურგი და რეჟისორი გიორგი ერისთავი და სთხოვა – გადასარევია რუსული თეატრი, მაგრამ ჩვენ უკვე გვაქვს ჩვენი პიესები, გვყავს მსახიობები და რეჟისორები და მზად ვართ, ჩვენი თეატრიც გვქონდესო. ვორონცოვმა სიხარულით მიიღო ეს წინადადება და პრემიერისთვის სამზადისიც გამოაცხადა!

გიორგი ერისთავის კომედია „გაყრა“ იყო პირველი პრემიერა, რომლითაც პროფესიული ქართული თეატრი აღდგა. ამ უმნიშვნელოვანესი მოვლენით რაღაც სერიოზულად გარდატყდა იმდროინდელ საზოგადოებრივ ცნობიერებაში. გიორგი ერისთავის ბასრი, დაუნდობელი და საშინლად საჭირო რეალისტური სცენები ქართველი თავად-აზნაურებისთვის, ჩინ-მედლებიანი სამხედრო თუ სახელმწიფო ჩინოვნიკებისთვის მტკივნეულ სარკედ იქცა. ერისთავის მხატვრული პრინციპი იყო, ყველაფერი ზედმიწევნით ნამდვილი ყოფილიყო, რათა ყველას ეცნო საკუთარი თავი. თავად სპექტაკლ „გაყრის“ კოსტუმებზე სამუშაოდაც კი საგანგებოდ მოიწვიეს იტალიელი მხატვარი კორადინი, რომელმაც უზადო ოსტატობით შექმნა საუკეთესო სასცენო ესკიზები. დღეს ეს ესკიზები ქართული თეატრალური ისტორიის, სცენოგრაფიის ფასდაუდებელი ნიმუშებია.

ერისთავის მიმართ ინტერესი და პატივისცემა კიდევ უფრო გაიზარდა. თავადმა ვორონცოვმა საქართველოში ვიზიტით მყოფ იმპერატორ ალექსანდრეს ასე წარუდგინა იგი: „გაიცანით, თქვენო ბრწყინავლებავ – ეს ქართველი მოლიერიაო“. იმპერატორის პასუხი კი ყოფილა – არ ვიცოდი, ქართველებს თუ თავიანთი მოლიერი ჰყავდათო.

ამ ქართველმა მოლიერმა კიდევ ერთი დიდი საქმე ქნა – დააარსა ჟურნალი „ცისკარი“. ესეც, პირველი სახელოვნებო–სალიტერატურო ჟურნალი, რომელმაც გიორგი ერისთავის რედაქტორობით 2 წელი იარსება, გამოვიდა მისი 24 ნომერი. მოგვიანებით მას სხვა ადამიანები აღადგენენ და უპატრონებენ, ისევე, როგორც ბევრ საქმეს, რაც გიორგი ერისთავმა დაიწყო და შესწირა თავისი შინაარსიანი, საინტერესო, ტკივილებით, იმედგაცრუებებით, გამარჯვებებით სავსე ცხოვრება.

1860–იან წლებში გიორგი ერისთავი ევროპაში გაემგზავრა სამოგზაუროდ. შემორჩენილია მისი დღიურების ნაწილი. თუმცა, ამ მოგზაურობიდან მალე, 1864 წელს, ავადმყოფობის გამო მწერალი  გორში გარდაიცვალა.

მისი დაკრძალვის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით. ივანე კერესელიძემ „ცისკარში“ ნეკროლოგი გამოაქვეყნა. ითქვა, რომ გორში დიდძალი ხალხი ჩავიდა მის უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად.

დაკრძალეს იკორთის ტაძარში, რომელიც დღეს საოკუპაციო ხაზს მიღმაა და არის ცნობა, რომ მის საფლავსაც და იქ დარჩენილ სხვა საფლავებსაც დიდი ხანია ანადგურებენ…

ჩვენ გვყავს ქართველი მოლიერი და არ გვაქვს მისი საფლავი – ესეც იმ სევდიანი დრამატურგიიდანაა, რომლითაც დედამიწის სცენაზე ჩვენი ქვეყნის უცნაური, პარადოქსებით სავსე ისტორია დღემდე თამაშდება…

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი