ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ნუ წაართმევთ პატარებს თამაშის კიდევ ერთ წელს

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა, 5 წლის ბავშვების სკოლაში მიღება აიკრძალოს, საზოგადოებაში დიდი სჯა-ბაასი მოჰყვა. მშობელთა ერთი ნაწილი ამართლებს ამ გადაწყვეტილებას, მეორენი კი ემოციურად ეკიდებიან მას. განსაკუთრებით იმედგაცრუებულნი არიან ის მშობლები, რომლებსაც შვილის სკოლაში მიყვანა ეჩქარებათ – მიაჩნიათ, რომ თორმეტწლიანი სწავლების პირობებში საუკეთესო გამოსავალია, ბავშვი სკოლაში 5 წლისა მივიდეს. მასწავლებელთა აზრიც ორად გაიყო: ზოგი ამბობს, რომ აქ პრობლემას ვერ ხედავს, ზოგი კი ამართლებს 5 წლის ბავშვების სკოლაში შეყვანის აკრძალვას.

უნდა მიუსხდნენ თუ არა ხუთწლიანები მერხებს?! შეუძლია თუ არა ხუთი წლის ბავშვს იმ სასწავლო აქტივობათა განხორციელება, რომლებსაც ეროვნული სასწავლო გეგმა ითვალისწინებს? დაძლევს თუ არა ის სტანდარტს?
სწავლა-სწავლების წარმატებისთვის მნიშვნელოვანია ბავშვის ფსიქიკური განვითარების კანონზომიერებათა გათვალისწინება. საყოველთაოდ აღიარებულია, რომ უმცროსი სასკოლო ასაკი მოიცავს პერიოდს 6-დან 11 წლამდე. აქედან გამომდინარეობს, რომ 5 წელი სკოლამდელი ასაკია.

ბავშვის განვითარება მოიცავს კოგნიტური (შემეცნებითი) პროცესების – აღქმის, ყურადღების, მეხსიერების, აზროვნების, მეტყველების – განვითარებას. ჩამოთვლილი პროცესების ნაკლებ განვითარებას ემატება ისიც, რომ სკოლაში ბავშვი უფრო „მკაცრ”, „არალოიალურ” გარემოში აღმოჩნდება და ადაპტაციის საკმაოდ რთული პერიოდის გავლა უწევს.

ფსიქოლოგთა კვლევებმა ცხადყო, რომ ამ ასაკის პატარებს იმპულსურობა ახასიათებთ. მართალია, შეინიშნება ნებისყოფის გამომჟღავნების შემთხვევებიც, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამას ეპიზოდური ხასიათი აქვს. 5 წლის ბავშვები, წესისამებრ, განიცდიან იმპულსების ძლიერ გავლენას, მაშინ როდესაც 6 წლისანი მეტად არიან მობილიზებულნი და შეუძლიათ, დაემორჩილონ მასწავლებლის ინსტრუქციას.

5 წლის ბავშვის წამყვანი ქცევა თამაშია. ვიგოტსკის აზრით, თუ ბავშვმა არ გაიარა თამაშის ყველა ფორმა, სწავლის მოტივიც დაიგვიანებს. თუ თამაში შევაწყვეტინეთ და სწავლის მოტივმაც დაიგვიანა, შესაძლოა ბავშვი დაეჭვდეს საკუთარ ძალასა თუ უნარში, ეს კი დაბალ თვითშეფასებამდე მიგვიყვანს.

ბუნებრივია, ყველა ბავშვზე იმავეს ვერ ვიტყვით, მაგრამ მაინც მინდა ვურჩიო სკოლამდელების სკოლაში მიყვანის მსურველ მშობლებს: ნუ წავართმევთ პატარებს თამაშის კიდევ ერთ წელს. თქვენ შინაც შეგიძლიათ შეუწყოთ ხელი ბავშვის კოგნიტური სფეროს განვითარებას. კერძოდ:
◊ ხშირად უკითხეთ ლექსები და ზღაპრები, აუხსენით ყველა უცხო სიტყვა (ხელს უწყობს ლექსიკური მარაგის გამდიდრებას);
◊ დაათვალიერებინეთ სურათები, დაეხმარეთ აღწერაში, მსგავსება-განსხვავებათა პოვნაში, გამოცანების გამოცნობაში (ავითარებს აღქმას);
◊ შეუწყვეთ ხელი, რომ ხშირად ხატოს და ძერწოს (ავითარებს ნატიფ მოტორიკას);
◊ უთხარით ბგერებად დაშლილი სიტყვა, რომელსაც ბავშვი გაამთლიანებს და პირიქით (თანდათან ეუფლება სიტყვების ფონოლოგიურ ანალიზს);
◊ დაიწყვეთ წინ რამდენიმე სათამაშო. ბავშვი 30 წამის განმავლობაში აკვირდება მათ. შემდეგ ერთ მათგანს მალავთ ან ადგილს უცვლით. პატარამ უნდა დაასახელოს „დაკარგული” სათამაშო (ავითარებს მეხსიერებას);
◊ ჩართეთ რაიმე საქმიანობაში, მიეცით მისი უნარების შესატყვისი დავალება;
◊ მიეცით თანატოლებთან ურთიერთობის საშუალება. აქ მან თანაფარდობაში უნდა მოიყვანოს საკუთარი და სხვისი პოზიცია (ხელს უწყობს ეგოცენტრიზმის დაძლევას);
◊ ნუ შეაქებთ დაუმსახურებლად;
◊ ხელი შეუწყვეთ ინიციატივის გამოვლენაში;
◊ არასოდეს შეადაროთ სხვა ბავშვებს, შეადარეთ მხოლოდ საკუთარ თავს.

ირმა კუჭავა
ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი