პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

გამოგდის, ხო იცი!

რაც დრო გადის, სულ უფრო ხშირად გვესმის ამ ქვეყნიდან წასული ადამიანების შესახებ: „აღიარებას ვერ მოესწრო“, „დაფასება არ ეღირსაო“. ეს სიტყვები უკვე ისეთი ბუნებრივი გახდა, რომ საგაზეთო ნეკროლოგი, თოქშოუ და ფეისბუკ სტატუსები ამის გარეშე ვერ წარმოგვიდგენია. დანამდვილებით არ ვიცი, ამას რა იწვევს – ცხოვრების დაჩქარებული რიტმი, სადაც ერთმანეთისთვის დრო არ გვრჩება თუ მიცვალებულებისადმი ჩვენი განსაკუთრებული დამოკიდებულება, მაგრამ ერთი რამ ცხადია: დღითიდღე იზრდება დაუფასებელი ადამიანების რიცხვი.

მაინც რას გულისხმობს ეს დაფასება? რა ისეთი მიუღწეველი რამ მწვერვალია, დიდ-პატარა რომ ვაწყდებით გაუთავებლად და წარუმატებლად, არაფერს ვიშურებთ – გულს, სულს, ხელ-ფეხს, ნერვებს, არც სხვებს ვზოგავთ და საკუთარი თავიც გადადებული გვაქვს, რომ ერთხელაც, როცა იქნება, ვეწიოთ როგორმე.

რას არ ვხარჯავთ ამისთვის – მატერიალურ სიკეთეს, ძალისხმევას, ჯანმრთელობას, ნებისყოფას, მაგრამ საკმარისია ეს, დაფასებული რომ გერქვას? თუ შენც იმავე ადამიანების რიცხვში იქნები, ვისზეც ახლობლები, მეგობრები თუ სულაც უცნობი ხალხი დანანებით იტყვის, აღიარებას ვერ მოესწრო, დაუფასებელი წავიდაო.

ბოლოს და ბოლოს, იქნებ გვითხრას ვინმემ, რა ღირს დაფასება?

ბობ დილანი თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში „ქრონიკები“ ერთ ამბავს იხსენებს. მაშინ, გასული საუკუნის 50-იან წლებში, მშობლიურ ქალაქ დულუთში უკრავდა თურმე. ვეტერანების ერთი მემორიალური შენობა ყოფილა, სადაც ყველა დიდი შოუ ეწყობოდა – ფერმერების შოუები, ჰოკეის თამაშები, საცირკო სანახაობები, კრივი, ქანთრისა და ვესტერნული დღესასწაულები. წელიწადში ერთხელ თუ ორჯერ კი საქვეყნოდ ცნობილ გორჯას ჯორჯს მთელი თავისი პერფორმერების დასი ჩამოჰყავდა ქალაქში: გოლიათი, ვამპირი, საჰაერო გიმნასტი, ძვლების მტვრეველი, კუდიანი, ჯუჯა მოჭიდავეები და კიდევ ვინ იცის ვინ აღარ.

ეს გორჯას ჯორჯი დღეს არავის გვეცნობა, თორემ მაშინ ეტყობა ძალზე დაფასებული ვინმე უნდა ყოფილიყო. „მე სახელდახელოდ აწყობილ სცენაზე ვუკრავდი, – გვიყვება ბობ დილანი, – შენობის ფოიეში, ჩემ ირგვლივ ხალხი საქმიანად მიდი-მოდიოდა, მაგრამ მე დიდად ყურადღებას არავინ მაქცევდა“.

ამ დროს, მოულოდნელად, კარი ხმაურით გაიღება და დარბაზში თვით გორჯას ჯორჯი შემოიჭრება გრიგალივით. კულისებიდან კი არ შემოსულა, პირდაპირ ფოიეში აღმოჩნდა, თურმე საოცრად შთამბეჭდავი სანახაობა იყო – ორმოც კაცს უდრიდა მთელი თავისი არაჩვეულებრივი სიდიადითა და სიცოცხლისუნარიანობით. მსახურებით, ქალებით გარშემორტყმულს საუცხოო, ბეწვით გაწყობილი მოსასხამი ეცვა და მისი გრძელი, ქერა კულულები თავისუფლად ეყარა მოსასხამზე.

ყველა მას შესცქერის, ხალხის თვალი და ყური მისკენაა მიპყრობილი. და უეცრად, გორჯას ჯორჯი სცენას რომ მიუახლოვდება, მუსიკის ხმაზე მოიხედავს. „ფეხი არ შეუნელებია, – იხსენებს ბობ დილანი, – წამით შემომხედა, თვალები კონტრაბანდული ვისკისგან უბრწყინავდა. თვალი ჩამიკრა და ისე მომესმა, თითქოს თქვა: „გამოგდის, ხო იცი“.

„გამოგდის, ხო იცი!“ – რამდენი რამ ჩანს ამ სიტყვებიდან: ძლიერი და დაფასებული ადამიანის ფსიქოლოგიური პორტრეტი, მისი დამოკიდებულება სხვის – ნიჭიერი, უნარიანი, მაგრამ ჯერ დაუფასებელი ხელოვანის მიმართ; ზოგადად გარემოც ხომ კარგად ჩანს – თუ როგორ შეიძლება შეცვალოს ყველაფერი ერთმა ადამიანურმა, თანაგრძნობით სავსე ფრაზამ.

„გამოგდის, ხო იცი!“ – ეს ზებუნებრივი სიტყვები წარმოსათქმელად თითქოს ადვილია, მაგრამ თუკი გულწრფელობა არ ჩაატანე, თევზის ძვალივით შეიძლება გაგეჩხიროს ყელში. დაგახრჩოს და გაგანადგუროს, ისევე როგორც სიყალბემდე მისული ხოტბა-დიდება აცამტვერებს ნამდვილ ნიჭს, ნიჭიერ ადამიანებს.

დაუფასებლობის, აუღიარებლობის მიზეზიც, შურის გარდა, სწორედ ეს მგონია – თავის დროზე წარმოთქმული არაფრისმომცემი სადღეგრძელოები, კრიტიკის მიუღებლობა და თვითირონიის ნაკლებობა. ტაში და ოვაციები, რომელსაც ხშირად არაფერი აქვს საერთო ადამიანის მხარდაჭერასა და წახალისებასთან.

„გამოგდის, ხო იცი!“ – დარწმუნებული ვარ, ბევრ ჩვენს მეგობარს, კოლეგას, თანამოქალაქეს სჭირდება დღეს ეს სიტყვები, გულწრფელი და შთამაგონებელი, ზომიერების განცდით თქმული. ისეთი – იუმორსაც რომ იტევს, ყურადღებას და თანაგრძნობასაც. ამიტომ იქნებ არ დავიზაროთ და სადაც მოვხვდებით, როცა მოგვიხერხდება, სხვა თუ არაფერი, გასამხნევებლად ეს მაინც ვუთხრათ ერთმანეთს:

„გამოგდის, ხო იცი!“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი