ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მოტივაცია, ანუ შემიძლია უფრო მეტი

,,ძალიან კარგ პოსტებს წერ სოციალურ ქსელში, ხშირად დადე’’ – მითხრა ჩემმა თანამშრომელმა სკოლაში. დავიმორცხვე, თან შევიფერე და გულში გამიხარდა კიდეც. გონებაში კი უნებლიეთ დავიწყე შემდეგის ამორჩევა. ერთმა წინადადებამ ზრდასრული, ჩამოყალიბებული ადამიანი წამახალისა და მოტივაცია მომცა. წარმოიდგინეთ პატარები, როცა მათ მათთვის ჯადოსნურ ერთ სიტყვას – ,,ყოჩაღს!’’ ვეუბნებით, რამხელა სტიმულს ვაძლევთ.

დაწყებით კლასებში მუშაობა ერთი დიდი თავგადასავალია. შენც ამ თავგადასავლის ნაწილი უნდა გახდე, სხვანაირად არ გამოვა. ისინი მუდამ მოელიან წახალისებას, შექებას. ამიტომ ყოველთვის ვცდილობ, მივცე მათ ისეთი მოტივაცია, რომელიც პროგრესირებად შედეგს მოუტანთ.

გაგიზიარებთ ჩემი პრაქტიკიდან რამდენიმე აქტივობას, რომელიც ალბათ ძალიან ბევრ ჩემს კოლეგას გამოუყენებია.

სახელმძღვანელოების მოფრთხილება = წიგნები საჩუქრად!

ჩემმა კოლეგებმა იციან, რომ მასწავლებლები ძალიან ხშირად სრულიად უანგაროდ, საკუთარი სახსრებით ვცდილობთ მოსწავლეებისათვის სასკოლო ცხოვრების გაფერადებას. ამიტომ მაისის წიგნის ფესტივალი ჩემთვის ერთგვარი მოტივაციაა, რომელსაც შემდგომში ჩემი მოსწავლეების მოტივაციისთვის ვიყენებ.

ჩემს სადამრიგებლო კლასში შევამჩინე, რომ მოსწავლეები სახელმძღვანელოებს არ უფრთხილდებოდნენ. მათემატიკის წიგნის ყდას ასოები გაფერადებული ჰქონდა, ბუნებისმეტყველების ყდებს წებოვანი ლენტი აერთიანებდა, მუსიკის სახელმძღვანელო ომიდან ახალ დაბრუნებულს ჰგავდა. ძალიან შევწუხდი. ვეცადე გამოსავალი მომეძებნა. ამ დროს პირველი სემესტრი უკვე სრულდებოდა. ახალი სასწავლო სემესტრიდან კი კლასში ხმამაღლა, ბედნიერი სახით გამოვაცხადე, რომ  წლის ბოლოს, რომელ მოსწავლესაც სახელმძღვანელო ყველაზე მოვლილი და გაფრთხილებული ექნებოდა, საჩუქრად გადავცემდი საკითხავ ლიტერატურას! ყველა წიგნს საგულდაგულოდ შევარჩევდი არჩეულ ჟიურის წევრებთან ერთად და გამოვავლენდით გამარჯვებულებს.

ამ განცხადებამ მოსწავლეებზე დადებითად იმოქმედა, რადგან წლის ბოლოს იმაზე მეტი ჯანსაღი წიგნი ეწყო ჩემს მაგიდაზე, ვიდრე პირველი სემესტრის დასასრულს. აღარც ასოები იყო გაფერადებული მომრგვალებული ასოების მუცელზე და არც წებოვანი ლენტები ეკრო ყდებზე.

 

მე ვცდილობ, ლამაზად ვწერო

კალმის, ფანქრის სწორად დაჭერა დაწყებით საფეხურზე, განსაკუთრებით პირველ კლასში ბევრ მოსწავლეს უჭირს, რომ აღარაფერი ვთქვა წერაზე. მათთვის ძალიან რუტინული და მოსაბეზრებელია ერთი ასო-ბგერის ორ ან მეტ სტრიქონზე გამოწერა. თავიდან ცდილობენ, ლამაზად მოამრგვალონ ასოები, რიცხვები, თუმცა შემდეგ ბეზრდებათ და  მოვალეობის მოხდის მიზნით ბოლოს მიაფუჩეჩებენ.

როგორც ყველა ადამიანს არ გამოსდის ლამაზად ხატვა, ისე ყველა ვერ წერს ლამაზად. თუმცა ჩვენ შეგვიძლია პატარებში მცირეოდენი ბიძგით, მოტივაციით, ინტერესი და სურვილი გავუღვიძოთ ლამაზად წერის. ამისათვის კლასში გამოვაცხადე კალიგრაფიის კონკურსი. როგორც ქართულის, ასევე მათემატიკის საგანში. მოსწავლეებს დავპირდი, რომ გამარჯვებულებს საჩუქრად გადავცემდი კალამს, ფანქარს და სიგელებს. კონკურსის ფარგლებში ბევრმა მოსწავლემ სცადა გამოესწორებინა წერა. ვინც ლამაზად წერდა შეენარჩუნებინა წერის მანერა. განსაკუთრებით მოულოდნელი იყო ჩემთვის, როდესაც დავიწყე დავალების შესწორება, რომელიც ძალიან მომეწონა, როგორც შინაარსით ასევე ნაწერით, რვეულის ყდაზე კი აღმოვაჩინე იმ მოსწავლის სახელი და გვარი, რომელიც აქამდე ლამაზად ვერ წერდა. ამ კონკურსმა მოსწავლეებს ლამაზად წერის მოტივაცია გაუღვივა.

მე მასწავლებელი!

ალბათ ყველას გვიოცნებია მასწავლებლის ადგილას ყოფნა. თუნდაც მაშინ, როდესაც გაკვეთილი არ გვქონდა მომზადებული და სიამოვნებით გავცვლიდით მოსწავლის როლს მასწავლებლობაში.

მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ, როდესაც საკუთარ ნივთს ათხოვებ, შენს ადგილას დასვამ, ჟურნალის მოტანას სთხოვ ან რვეულის დარიგებას.  მოგეხსენებათ, რომ მოსწავლეები ყველაზე დიდ პატივისცემას დამრიგებლის მიმართ გამოხატავენ. შესაბამისად მის გაკვეთილებზეც ყველაზე კარგი ყოფაქცევით გამოირჩევიან სხვა საგნებთან შედარებით. ამიტომ მოსწავლეებს ერთ დღეს დავუსვი შეკითხვა: ,,ვის უნდა იყოს მასწავლებელი და ჩაატაროს გაკვეთილი?’’ მცირერიცხოვან კლასში ყველამ ასწია ხელი. ახლა უკვე შემდეგი შეკითხვის  ჯერი დადგა: ,,ვინ იცავს საკლასო წესებს ყველა გაკვეთილზე?’’ ჩამჭრელმა შეკითხვამ თავისი ეფექტი მოახდინა. ამჯერად ჰაერში ყველა მოსწავლის ხელი არ ჩანდა. მოსწავლეებს შევთავაზე შეთანხმება, თუ ისინი ყველა გაკვეთილზე დაიცავდნენ საკლასო წესებს, რომელიც მათ მიერ იყო შედგენილი და ხშირად ავიწყდებოდათ, ისინი დაიმსახურებდნენ დღის მეორე მონაკვეთში ერთი გაკვეთილის ჩატარების უფლებას.

მოსწავლეები სიხალისით ჩაერთნენ ამ აქტივობაში. ცდილობდნენ ისეთი მოსწავლეები ყოფილიყვნენ, როგორსაც თავად ისურვებდნენ მასწავლებლის ამპლუაში.

მსგავსი სახალისო აქტივობები ძალიან ბევრია. მთავარია, ლამაზად შევფუთოთ და ისე მივიტანოთ მოსწავლეებთან. დადებითი შედეგი ნამდვილად არ დააყოვნებს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი