შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ბავშვები, ცხოველები, ცირკი – რას „სწავლობს“ ბავშვი ნაწამები ცხოველების ცქერით?

რა ასოციაციები გებადებათ ცირკის ხსენებისას?

გართობა, ჯამბაზები, არენა, მხიარულება, აკრობატები, ილუზიონისტები, ჟონგლიორები…

გაწვრთნილი ცხოველები…

ველური ცხოველები, საბრალო, გატანჯული და ნაწამები ცხოველები…

სწორედ ასეა.

რაც არ უნდა სახალისო და გასაოცარი გეჩვენოთ საცირკო სანახაობა, თუ ცირკის მრგვალ არენაზე შინაურ ან ველურ ცხოველებს უყურებთ, რომლებიც იმას აკეთებენ, რაც მათთვის ბუნებრივი არ არის, უნდა იცოდეთ, რის ხარჯზე და როგორ აღწევენ მწვრთნელები ამას.

მიუხედავად იმისა, რომ ზღვა მასალაა გავრცელებული ცირკში ცხოველების წვრთნა/წამების შესახებ, მაინც უამრავი ადამიანი მიდის ამ საბრალო ნაწამები ცხოველების სანახავად და თან ბავშვებიც მიჰყავთ.

4 მაისსაც თბილისის ცირკში ცხოველების მონაწილეობით გამართულმა წარმოდგენამ ბევრი მაყურებელი მიიზიდა, თუმცა შესვლამდე მათ ე.წ. „სირცხვილის კორიდორის“ გავლა მოუხდათ. ცხოველთა მოყვარულებმა და ცხოველთა უფლებების დამცველებმა აქცია გამართეს მოთხოვნით, აიკრძალოს ქვეყანაში საცირკო წარმოდგენები, სადაც ნაწამები ცხოველები მაყურებლის გასართობად იმას აკეთებენ, რისი გაკეთებაც არ უნდათ და არ შეუძლიათ.

აქციაზე, ცხადია, წავედი.

ვიდექი იმის გასაპროტესტებლად, რაც იმ დღეს უნდა მომხდარიყო – რუსეთიდან მოწვეული საცირკო დასი მხიარული მუსიკის ფონზე არენაზე გამოიყვანდა ლომებს, ვეფხვს, ძაღლებს და მაიმუნებს, ამ გატანჯულ, საბრალო არსებებს – ადამიანების სახორხოცოდ და გასართობად.

გასაოცარი, გამაოგნებელი და გაუგებარია თბილისის ცირკის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე აღფრთოვანებული, ნასიამოვნები და მადლიერი მაყურებლების კომენტარების კითხვა.

გვერდის ადმინისტრატორს მე დაბლოკილი ვყავარ, რადგან ცხოველების წამების („წვრთნის“) ამსახველ ვიდეოკადრებს ვუზიარებდი მათ, ვინც ბილეთის ფასს ან „რომელი ცხოველები იქნებიანო“, კითხულობდა.

არადა, რამდენი კითხვა მინდა დავუსვა ამ ნასიამოვნებ ადამიანებს.

უპასუხობისთვის ან საღ აზრს მოკლებული პასუხებისთვის განწირული კითხვები, რადგან გასართობად ცხოველის წამება ის შემთხვევაა, სადაც მეორე მხარე, განსხვავებული აზრი და საწინააღმდეგო შეხედულება არ არსებობს.

როგორ შეიძლება, იცოდე, რას უშვრებიან ოთხფეხა არსებას იმისთვის, რომ ორ ფეხზე გაიაროს და მაინც გიხაროდეს ამის ნახვა?

ნუთუ სულ მცირე თანაგრძნობაც არ გააჩნია ადამიანს?

ასე როგორ გაიზარდა? ასე როგორ აზროვნებს? სულ არ ეცოდება? ოდნავაც არ წუხდება?

ბავშვებს რას ეუბნებიან? როგორ აწვდიან ამ უცნაურ სანახაობას?

რა უნდა ისწავლოს ბავშვმა ამ სანახაობით? როგორ შეიძლება, შემეცნებითი ან გასართობი დანიშნულება ჰქონდეს წამების შედეგის ყურებას?

პასუხები ამ კითხვებზე ცხადი და ერთმნიშვნელოვანია.

მას, ვისაც ნეიტრალური პოზიცია უკავია ან აქამდე არ დაფიქრებულა, რა ბოროტებაა ცირკში ცხოველების ტანჯვა, სავარაუდოდ, არც უნახავს ის მძიმე კადრები, სადაც „წვრთნის“ პროცესია ნაჩვენები. კადრები უმძიმესია, ყველა ვერ უყურებს, ამიტომ სიტყვიერადაც გადმოვცემ.

 

როგორ აიძულებენ ცხოველებს ამა თუ იმ ქცევის დასწავლას

ცირკებში ცხოველების გასაწვრთნელად გამოიყენება ისეთი ძალადობრივი მეთოდები, როგორებიცაა:

  • დიდი ხნის განმავლობაში სასმლისა და წყლის გარეშე დატოვება;
  • იძულება;
  • ტკივილის მიყენება (ჯოხით, ბასრი, მჩხვლეტავი საგნებით, ელექტროშოკერით. დიდ კატისებრებთან, მაგალითად, ელექტროშოკის გამოყენება ყოველდღიურადაა საჭირო, რათა მათ შიშის რეფლექსი ჩამოუყალიბდეთ);
  • ფსიქოლოგიური ზეწოლა – ყვირილი, პატარა გალიაში გამოკეტვა, მოკლე საბლით მოძრაობის შეზღუდვა, დიდი ხნის განმავლობაში დაბმა, სხვა ცხოველებისგან იზოლაცია.

მდგომარეობას ამძიმებს ისიც, რომ ცხოველები, როგორც წესი, მოთავსებულნი არიან ანტისანიტარიულ პირობებში, ხოლო მათი სამედიცინო საჭიროებები ხშირად უგულებელყოფილია.

სხვა მეთოდი, გააკეთებინო ცხოველს ის, რაც მის ბუნებაში არ დევს, უბრალოდ არ არსებობს. ყველა, ვინც საპირისპიროს ამტკიცებს, ტყუის.

ცხოველი არ შეხტება მათრახის გატკაცუნებაზე, თუ მანამდე ამ მათრახის სიმწარე არ უგემია, ლომი საკუთარი ნებით არ გაძვრება ალმოდებულ რგოლში, თუ მანამდე ხანგრძლივი წამებით არ აიძულეს, ინსტინქტი დაეთრგუნა და ბრძანებას დამორჩილებოდა, დათვი ვერ მართავს ველოსიპედს, თუ მანამდე რკინის კონსტრუქციით იძულებით არ დააფიქსირებინეს სხეული ზეაღმართულ მდგომარეობაში. იმის თქმა, რომ მწვრთნელები სინამდვილეში „ოჯახის წევრებივით“ ექცევიან ცირკის ცხოველებს, ცინიზმი და ადამიანების მოტყუებაა!

დასასრულ, ისევ კითხვები, ოღონდ კითხვები – პასუხებით.

 

რა გავლენას ახდენს სასტიკი მოპყრობა ცხოველებზე?

ცირკში არსებული პირობები და სასტიკი ცხოველებში დაუცველობის განცდას იწვევს, რაც შემდგომ აგრესიით და თვითდესტრუქციული ქცევით გამომჟღავნდება. ხშირია შემთხვევები, როდესაც ცირკის ცხოველები თავს ესხმიან მწვრთნელებს ან მომვლელებს. ამის შემდეგ, ცხადია, ისინი განწირულები არიან მოსაკლავად.

 

რატომ უნდა ვთქვათ უარი საცირკო წარმოდგენებზე ცხოველების მონაწილეობით?

ცხოველის დანიშნულება ადამიანების გართობა არ არის. ცხოველი ცოცხალი არსებაა, რომელიც განიცდის, სტკივა, გრძნობს. ცხოველთა სამყაროს და მისი საბინადრო გარემოს დაცვის ვალდებულებას კანონი ითვალისწინებს და ამ პირობებში სრულიად გაუგებარია, როგორ ან რატომ უნდა არსებობდეს სივრცე, სადაც მათ აწამებენ.

როდესაც ცირკის ბილეთს ვყიდულობთ და ველით წარმოდგენას ველური ან შინაური ცხოველების მონაწილეობით, ჩვენ ხელს ვუწყობთ ამ სისასტიკეს, ამიტომ თითოეულმა ჩვენგანმა კარგად უნდა გაიაზროს საკუთარი პასუხისმგებლობა.

 

დაბოლოს – მნიშვნელოვანი კითხვა: მიგვაჩნია თუ არა თავი ცივილიზებული, ჰუმანური სამყაროს ნაწილად? თუ პასუხი დადებითია, მაშინ ერთმნიშვნელოვანი, დღესავით ცხადი უნდა იყოს გადაწყვეტილებაც – ცირკი ცხოველების გარეშე!

ცნობისთვის: ევროპის არაერთ ქვეყანაში აკრძალულია ცირკი ცხოველებით. მათ შორის – ავსტრიაში, უნგრეთში, დიდ ბრიტანეთში, საბერძნეთში, ჩეხეთში, ფინეთში, ესტონეთში, დანიაში, რუმინეთში, სლოვენიაში, იტალიაში, მალტაზე, ნიდერლანდებში, შვედეთში, ხორვატიაში, ბოსნია-ჰერცოგოვინაში…

ცხოველების წარმოდგენები იკრძალება გერმანიის 50 ქალაქში, ირლანდიის, ესპანეთის, უკრაინის, პორტუგალიის, ნორვეგიისა და პოლონეთის ქალაქებში).

საქართველოში – არა.

იმედია, ჯერჯერობით.

 

(მასალის მომზადებისას გამოყენებულია ინფორმაცია ფეისბუქგვერდიდან „ცირკი ცხოველების გარეშე“)

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი