შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

 ინოვაციური მეთოდები ერთი ნაწარმოების ირგვლივ

ხშირად მიკითხავს საკუთარი თავისთვის: როგორ გავუადვილო და გავუხალისო ჩემს მოსწავლეებს სასწავლო პროცესი? როგორ გავხადო მოსწავლე ამ პროცესის აქტიური მონაწილე მისი ცოდნის, ინტერესების, შესაძლებლობებისა და გამოცდილების გათვალისწინებით? როგორ დავგეგმო და განვახორციელო გაკვეთილი ისე, რომ შესაძლებლობა მივცე ახალგაზრდებს, გამოამჟღავნონ დამოუკიდებელი და თანამშრომლობითი მუშაობის, კრიტიკული აზროვნებისა და არგუმენტირებული მსჯელობის, შეძენილი ცოდნის ტრანსფერის, თვითგამოხატვის, თვითრეალიზაციის, საკუთარი და სხვისი საქმიანობის შეფასებისა და სხვა უმნიშვნელოვანესი უნარები?

        ამ საკითხთან დაკავშირებით მინდა შემოგთავაზოთ ის ინოვაციური მეთოდები, რომლებიც არა მხოლოდ ვრცელი ნაწარმოების ტექსტის გაგება-გააზრებას შეეხება,არამედ  დემოკრატიული აზროვნების ჩამოყალიბებას ხელს შეუწყობს . ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით განხორციელებული  პროექტები  თუ  ჩატარებული  გაკვეთილები საკუთარი თავის შეცნობისა და კრიტიკული გააზრების, ენისა და კომუნიკაციის,  ცოდნა-შემეცნებისა უნარის,ემპათიისა და კონფლიქტების მოგვარების უნარ-ჩვევებს გამოუმუშავებს მოსწავლეებს.

ჩემი გამოცდილებიდან  გამომდინარე , ვფიქრობ, რომ ფრიად მოტივირებულია მოსწავლე იმ გაკვეთილზე, რომელზეც თავისუფლად გამოხატავს თავის აზრს და შეუძლია გულწრფელად ისაუბროს პრობლემასა და მისი გადაწყვეტის გზებზე,ამ მხრივ გავიხსენებდი თავისუფალ გაკვეთილს- „დისნეის სამი სკამის“ მეთოდის გამოყენებით (მოდიფიცირებული ვარიანტი)  და ერთ-ერთ  ჩემს უსაყვარლეს მეთოდს- „მე ვარ მეტაფორა“,რომელიც შემოქმედებით  და წარმოსახვით უნარ -ჩვევებს უვითარებს მოსწავლეებს.

როგორც მოგეხსენებათ, შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსნის“ არქაული ლექსიკა შინაარსის გაგების სირთულესაც უკავშირედება და ვრცელი ნაწარმოების დაძლევის შიშსაც. ამის შესახებ არაერთგზის მიმიმართავს მოსწავლეებისთვის შეკითხვით,მინი-კვლევაც ჩავატარე-„თუ როგორ წარმოედგინათ „ვეფხისტყაოსნის“ შესწავლის მარტივი გზა?“ პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით, უმეტესობას ეძნელებოდა ტექსტი  და  სურდათ,  მხოლოდ სახალისო აქტივობებით გადაელახათ ეს ლაბირინთი. ამასთან დაკავშირებით უამრავი  აქტივობა გამოვიყენე, რათა მათთვის მოტივაცია აღმეძრა და სასურველი შედეგისთვის მიმეღწია… მინდა გითხრათ, რომ პროგრამა kahoot-ის https://create.kahoot.it/search?creator=maikogoguadze1234&filter=1

აღმოჩენის შემდეგ, ეპიზოდების მიხედვით ვქმნიდი ტესტებს და ყოველ მეორე გაკვეთილს ვიწყებდი ამ პროგრამით–ე.ი. სახალისო ტესტებით გამოვიკითხავდი შინაარსს. როგორც მოგეხსენებათ, ეს პროგრამა უზრუნველყოფს ყველა მოსწავლის ჩართვას და ჯგუფურ მუშაობასაც. მონიტორზე მათი სახელებისა და ქულების გამოჩენა გასაოცარ ხალისს იწვევდა, მეორე დღე კი უფრო დიდი მოტივაციით იწყებოდა.

           რაც შეეხება ტქსტის გაგება-გააზრებისა და  პრობლემის ირგვლივ  მსჯელობას, მნიშვნელოვანი გახლდათ გაკვეთილი “დისნეის სამი სკამის მეთოდის“ გამოყენებით

  1. გაკვეთილის თემა-არღვევს თუ არა ტარიელი ხვარაზმშას შვილის მოკვლით რაინდულ ეთიკას?

გაკვეთილის მიზანი:  მოსწავლეები იმსჯელებენ პრობლემაზე და გაანალიზებენ პრობლემის გადაჭრის გზებს, გამოიტანენ სათანადო დასკვნებს; გაავლებენ პარალელს თანამედროვე ეპოქასთან , სხვა ტექსტებთან. განივითარებენ კრიტიკულ აზროვნებას, შემოქმედებით, წარმოსახვისა  და  ფანტაზიის  უნარებს;

გამოწვევის ფაზა–მასწავლებელს მოსწავლეებისთვის წინასწარ მიცემული აქვს ტექსტიდან თავები: „ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის თათბირი და გამორჩევა“, „ხვარაზმშას შვილის ინდოეთს მისვლა საქორწილოდ და ტარიელისაგან მისი მოკვლა“. მასწავლებელი სთხოვს მათ– გაიხსენეთ სამი რამ, რომელიც მნიშვნელოვანი იყო, ორი რამ, რომელიც მომეწონა/არ მომეწონა და ერთი კითხვა, რომელსაც დავუსვამდი ნაწარმოების მთავარ გმირს.

მასწავლებელი შეახსენებს  მოსწავლეებს ნაცნობი აქტივობის შესახებ, რომელსაც „დისნეის სამი სკამის მეთოდს“ უწოდებენ.

შინაარსის რეალიზება–კლასს ყოფს სამ ჯგუფად; მეოცნებეებად, რეალისტებად, კრიტიკოსებად.

მასწავლებელი აძლევს ინსტრუქტაჟს: თითოეულმა ჯგუფმა უნდა წარმოადგინოს სამივე პოზიციიდან საკუთარი თავი, ჯერ  მეოცნებეებია, მერე ამ ოცნებას რეალისტები პასუხობენ, მერე კი კრიტიკოსები აანალიზებენ…ასე იტრიალებს პრობლემა.(დრო და დრო  სხვადასხვა კუთხეში გადაადგილდებიან ბავშვები და  ასეთი ქმედება გაკვეთილსაც საინტერესოს ხდის ვიზუალური თვალსაზრისითაც და როლების მორგებისას თავად გრძნობენ საკუთარ თავს  იმ ეპოქის ნაწილად. დრო განისაზღვრება ქვიშის საათის მიხედვით-თითოეული პოზიციისთვის 3 წუთი, წარმოდგენისთვის 5წუთი…მეოცნებეები- რაზე ოცნებობენ ? შეგიძლიათ მოირგოთ როლი(მაგ,ერთ-ერთი მოსწავლის პასუხი ასეთი იყო: მე ვიოცნებებდი, რომ არ მოვხვედრილიყავი იმ სიტუაციაში, რათა არ დამეკისროს  ხვარაზმშას მოკვლის ვალდებულება.)

რეალისტები-ვინ არიან რეალისტები და რატომ არიან პრაგმატულად „მოაზროვნეები“( მაგ, ყოველი ტექსტის ესთეტიკა უნდა შევაფასოთ ეპოქის პარადიგმების შესაბამისად. ქრისტიანული თვალსაზრისით, მკვლელობა მძიმე ცოდვაა, მაგრამვეფხისტყაოსანიარ არის ქრისტიანული თეზისის გამომხატველი ნაწარმოები, ის ზერელიგიური და ზოგადსაკაცობრიოა და არც 21– საუკუნის ძეგლია, რომ ადამიანის უფლებები და სამართალი შუა საუკუნეების რაინდებს ისე ესმოდეთ, როგორც ეს  დღეს  გვესმის).

კრიტიკოსები-შეაფასებენ პრობლემას არა მხოლოდ იმ ეპოქის მახასიათებელი სიტუაციიდან გამომდინარე, არამედ დღევანდელი რეალობის შესატყვისად.

       რეფლექსიის ფაზა- მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს იმუშონ სამწუთიან ესეზე „ხელაუღებელი წერის“ მეთოდის გამოყენებით. ავალებს მათ , იფიქრონ მათ მიერ შესწავლილ ეპიზოდებზე, გაიხსენონ ის მოსაზრებები, რომლებიც მათმა თანატოლებმა წარმოადგინეს პრეზენტაციის დროს  და დღევანდელ რეალობაში მოიძიონ შესაბამისი ანალოგები(თუ ამის შესაძლებლობა არის)..ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დაწერონ:   რაინდები გუშინ და დღეს

      შეფასება–სამივე პოზოციიდან გამომდინარე აფასებენ როლებს და ავსებენ პოსტერს ფერადი სტიკერებით, რომელი პოზიცია იყო საინტერესო და რატომ?

 

  1. რაც შეეხება მეთოდს „მე ვარ მეტაფორა“ თამამად შემიძლია თქმა, რომ შემოქმედებითი  გაკვეთილის სავიზიტო ბარათია… ამით მხატვრული სამკაულების მიმართ ე.წ.“შიში“ და სიძნელეც დაძლეულია და გაკვეთილიც ძალიან სახალისოა და ინტერაქტიული.

შემოქმედებითი უნარების გასაუმჯობესებლად მივმართავ წერის სტრატეგიებს და ხშირად ვსაუბრობთ მეტაფორული ფერებით. ბავშვები ტექსტში ეძიებენ მეტაფორებს და შეუსაბამებენ მუსიკას, ხატვას… შეიცნობენ   სივრცულ მეტაფორას, რეალობიდან დანახულ  საზღვარს და მერე მოირგებენ როლს, რათა ადვილად მიხვდნენ მეტაფორის დანიშნულებსაც  და  ამასთანავე შემოქმედებითი უნარებიც დაეხმარება თავად იგრძნონ თავი მეტაფორად.

ხშირად გაკვეთილს მეტაფორების მოხმობით ვიწყებ,  დაფაზე ვწერ  მნიშვნელოვან ფრაზებს, ვისმენ მათ მსჯელობას, თუ რისთვის გამოიყენა ავტორმა ეს მეტაფორა და რა განცდა ეუფლებათ მათი მოსმენისას…მერე ვთხოვ ბავშვებს, მათი გამოყენებით შექმნან ჩანახატი… პრეზენტაცია ფრიად საინტერესოა და სახალისო…ერთ-ერთი გაკვეთილის სათაური კი  ასეთი გახლდათ-

“მე შემიძლია მზე გაჩუქოთ, მზის სხივები მოგართვათ პეშვით“ ან კიდევ „მე მზე ვარ და არ მსურს ზღვამ ჩამყლაპოს“

ამგვარი ინოვაციური მიდგომები ერთგვარი გასაღებია იმ ღირებულებების ჩამოსაყალიბებად, რომლებიც  ემსახურება დემოკრატიული პრინციპებს:

  • შეუძლიათ დაფიქრდნენ მორალურ ღირებულებებზე, შეუძლიათ გამოხატონ საკუთარი პოზიცია.. გამოიმუშაონ მსჯელობის, დისკუსიაში მონაწილეობის, აზროვნებისა და მეტყველების, ანალიტიკური,შემოქმედებითი წერის  უნარები…საკუთარი და სხვათა უფლებების დაცვის უნარ – ჩვევები.

 

ლიტერატურა

  1. სოფიკო ლობჟანიძე-„სწავლების მეთოდები და სწავლის სტრატეგიები“(ინტერნეტ- გაზეთი)
  2. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი-„ინტერაქტიური მეთოდები პრაქტიკაში“.თბ.2016

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი