პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

სწავლა და კლასში არსებული ურთიერთობები

დიდი
ხანია მოძველდა აზრი, რომ მასწავლებელი მოსწავლეს მხოლოდ ცოდნას აძლევს. ინტერნეტს
უფრო მეტი ინფორმაციის მოწოდება შეუძლია, ვიდრე ყველა მასწავლებელს ერთად, რაც თავისთავად
მიგვანიშნებს, რომ მასწავლებლის ფუნქცია მხოლოდ ინფორმაციის გაცემა არ არის. მასწავლებლები ავითარებენ მოსწავლეთა უნარებს,
ღირებულებებსა და ნდობის სისტემას, რაც ბავშვებს მომავალ ცხოვრებაში ეხმარება.
მასალის
ცოდნა აძლევს მოსწავლეს ნიშანს ტესტის დაწერის შემდეგ, მაგრამ ეს ხანმოკლე წარმატებაა;
სამაგიეროდ, ყოფილ მოსწავლეებს მთელი სიცოცხლის განმავლობაში ახსოვთ სკოლაში არსებული
ურთიერთობები.

გავაანალიზოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ურთიერთობები სკოლაში და რა
კორელაციაა სწავლასა და ურთიერთობებს შორის.

სკოლაში
მოსწავლეთა სწავლა (ან არსწავლა) დამოკიდებულია ურთიერთობის სამ ძირითად ტიპზე:

1.საგანთან ურთიერთობა;

2. სხვა მოსწავლეებთან ურთიერთობა;

3. მასწავლებელთან ურთიერთობა.

სასწავლო
წლის დაწყების პირველივე კვირების განმავლობაში მასწავლებელმა ყველა ღონე უნდა იხმაროს
პოზიტიური ურთიერთობების დასამყარებლად და მათი სუპერსწავლების შესანარჩუნებლად. გაცილებით
ადვილია ამ ურთიერთობების ჩამოყალიბება დაწყებით კლასებში, რადგან ბავშვები მასწავლებელთან
მთელ დღეს ატარებენ. მომდევნო კლასებში ყველაფერი რთულდება, რადგან საგნების მიხედვით
დაყოფის გამო მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობის ხანგრძლივობა შეზღუდულია. მაგრამ
მასწავლებელი გამუდმებით უნდა ცდილობდეს, თითოეული აქტივობა ემსახურებოდეს ორ მხარეს:

მასალის სწავლას;

ურთიერთობების ჩამოყალიბებას

განვიხილოთ
ურთიერთობის ტიპები.

 

მოსწავლისა და საგნის
ურთიერთობა

 

მოსწავლეები
უკეთესად სწავლობენ, როცა საგანი აინტერესებთ. ეს ნიშნავს, რომ კავშირები უნდა წარმოიშვასემოციურ დონეზე. მასწავლებელმა უნდა გამოიყენოს
ნებისმიერი შანსი, რათა განავითაროს, წაახალისოს, მოძებნოს და განავრცოს საგანთან ნებისმიერი
ემოციური კავშირი.

მოტივაცია
წარმოადგენს საგნისადმი მოსწავლეთა დადებითი დამოკიდებულების მთავარ შედეგს. ქვემოთ
მოცემულია განათლების სპეციალისტთა მიერ შემოთავაზებული სტრატეგიები, რომლებიც მასწავლებელს
პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბებაში დაეხმარება:

აღაფრთოვანეთ მოსწავლეები რომანტიკული,
სენსაციური ან სათავგადასავლო ამბით სასწავლო საგნის შესახებ.

გამოჰკითხეთ, რა საინტერესო ფაქტები
იციან ამ საგანზე.

აღნიშნეთ სასწავლო პროცესის განმავლობაში
მიღწეული ყველა წარმატება.

სტიმულირებისთვის აჩვენეთ მათ
DVD.

მაგალითად გამოიყენეთ საკუთარი ინტერესი
საგნის მიმართ.

ისე წარმოადგინეთ სასწავლო მიზანი,
რომ მოსწავლეებმა მეტი საერთო იპოვონ მასა და ოჯახს, მეგობრებს, სახლს შორის.

მოიშველიეთ მრავალფეროვანი სასწავლო
სტრატეგია, მოწვეული სტუმრები, ექსკურსიები, ჯგუფური სწავლება.

მოიშველიეთ სწავლებისას იუმორი,
სიმღერები და თამაშები.

დაავალეთ მოსწავლეებს შინაარსის
სიმულაცია.

ამუშავეთ ისინი გუნდებად.

 

მოსწავლეებს შორის ურთიერთობა

 

მოსწავლეთა
ურთიერთდამოკიდებულების გასაუმჯობესებლად საჭიროა ბევრი შრომა. მცირეწლოვნებს ასწავლიან
სიკეთეს, მეზობლებისადმი კეთილგანწყობას, მათ მხარდაჭერას და დახმარებას, მაგრამ ბავშვები
იზრდებიან და ეს თვისებები იკარგება; მათ ცვლის სარკაზმი, ინდიფერენტულობა და ბოროტი
ხუმრობები. ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე რჩევა ცუდი ურთიერთდამოკიდებულების აღსაკვეთად:

შექმენით  კლასში დადებითად დამუხტული, ურთიერთმხარდამჭერი
ატმოსფერო.

დადგინეთ კლასში ქცევის წესები (ერთმანეთის
შეურაცხყოფა აკრძალულია).

ამუშავეთ მოსწავლეები ჯგუფებად,
დაიხმარეთ მშობლები, სხვა მასწავლებლები და მოსწავლეები.

ნება დართეთ მოსწავლეებს, გაუზიარონ
თანაკლასელებს პირადი ინფორმაცია ოჯახზე, შინაურ ცხოველებზე, ჰობიზე და ა.შ.

ყოველკვირა გამოიყენეთ “გაგვაცანი
თავის” ტიპის აქტივობა, რომელიც ისე იქნება ჩაქსოვილი სხვა აქტივობებში, რომ უხერხულობას
არ გამოიწვევს.

აჩვენეთ, რა ზრდილობიანი დამოკიდებულება
უნდა ჰქონდეთ ერთმანეთთან და სთხოვეთ, მოგბაძონ.

გამოიყენეთ აქტივობები, რომლებიც
დაამსხვრევს ბარიერს მოსწავლეებს შორის. ასეთია ექსკურსიები ფეხით, ავტობუსით, სპორტული
თამაშები და სხვ.

შექმენით კლასში ოჯახური გარემო.

გამოიყენეთ გუნდური მუშაობის პრინციპი.

აირჩიეთ ისეთი პროექტები, რომლებიც
აღაფრთოვანებს მოსწავლეებს, მერე კი გამოიკითხეთ მათი აზრი პროექტის შესახებ.

 

მასწავლებლისა და მოსწავლის
ურთიერთობა

 

მასწავლებელსა
და მოსწავლეს შორის ცუდი ურთიერთობა მრავალი პრობლემის მიზეზია. მასწავლებელმა ყველაფერი
უნდა იღონოს, რომ იმთავითვე დაამყაროს და შეინარჩუნოს ბავშვებთან თბილი ურთიერთობა.

დაამყარეთ
ჭეშმარიტი, გონივრული და მზრუნველობით აღსავსე ურთიერთობა, რომელიც დაეფუძნება ურთიერთპატივისცემასა
და პატიოსნებას. ამით თქვენ უამრავ პრობლემას აიცილებთ თავიდან. უამბეთ მოსწავლეებს
თქვენ შესახებ, რათა უკეთ გაგიცნონ. ესაუბრეთ თქვენს სიხარულზე, წარმატებებზე, გამოწვევებზე.
ამით შანსს მისცემთ მათ, გაეცნონ ზრდასრულთა ცხოვრებას.

 

არსებობს
საყოველთაო რეკომენდაციები, რომლებიც მასწავლებელს მოსწავლეებთან მეგობრული, მტკიცე
და ხანგრძლივი ურთიერთობის დამყარებაში ეხმარება.

 

1. გამოიჩინეთ გულისხმიერება

თუ
მოსწავლე ხელს იწევს, შეეცადეთ, ყურადღება მიაქციოთ მას, თუნდაც მისი გამოძახება იმავე
წუთს ვერ შეძლოთ. პროცესში ჩართეთ სპონტანური მოვლენები, რომლებიც სწავლების დროს ხდება.

მაგალითად,

თუ ვინმეს წიგნი
დაუვარდა, თქვით: „შესაძლოა, თქვენს გონებაში ახლახან კითხვა დაიბადა; იქნებ ვინმეს
მისი დასმა სურს?”

თუ მოსწავლე გაკვეთილის
შემდეგ კლასში რჩება, ეს ნიშნავს, რომ მას თქვენთან საუბარი სურს; დარჩით და მოუსმინეთ.

 

2. გაიცანით თქვენი მოსწავლეები

გაიცანით თქვენი მოსწავლეები. შეავსებინეთ მათ ბარათები,
სადაც საკუთარ თავზე დაწერენ: სად დაიბადნენ, რამდენი და ან ძმა ჰყავთ, რამდენი შინაური
ცხოველი ჰყავთ, ვინ უყვართ, რა მოსწონთ და რა – არა; სთხოვეთ, დაწერონ საკუთარ შიშზე,
წუხილზე ან პრობლემებზე, რა იციან კარგად, რომელია მათი საყვარელი სიმღერები ან ფილმები.
ორი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, რომლებიც მათ შეგიძლიათ დაუსვათ, ასეთია: რას ნიშნავს
მათთვის მოსწავლეობა და რა არის მათთვის მნიშვნელოვანი კავშირები.

ამის გაკეთება შეგიძლიათ ფორმალურადაც.

მაგალითად:

ყოველ ორშაბათს
ორი მოსწავლე გამოვიდეს კლასის წინაშე და საკუთარი თავი წარუდგინოს კლასს;

როდესაც მოსწავლეებს
ჯგუფებად მეცადინეობა მოუწევთ, სწავლებაში ჩართეთ აქტივობა, რომელიც მათ ერთმანეთთან
დაკავშირებს;

გამოიყენეთ მოსწავლეთა
სახელები მათ საქებად და კომენტარების კონკრეტული მოსწავლისკენ მისამართად. მაგალითად:
„მომწონს ეს იდეა, ნინო. მისი განხორციელება მომდევნო პროექტში შეგვიძლია”.

 

3. დააფასეთ თქვენი მოსწავლეები

აითვალისწინეთ,
რას ნიშნავს მოსწავლეობის დატვირთვა და სირთულე. გაიაზრეთ, რამდენი ძალისხმევა და გამბედაობაა
საჭირო, რომ მთელი დღე გაძლო. წარმოიდგინეთ, რამხელა დატვირთვას იღებენ ერთმანეთისგან
მოსწავლეები. გაიგეთ, რამხელა აკადემიურ დატვირთვას უძლებენ ისინი. განსაკუთრებულ ძალისხმევას
მოითხოვს მათი მოსმენა განუსჯელად.

მაგალითად:

მადლობა გადაუხადეთ მათ წვრილმანებისა
თუ მსხვილმანებისთვის; გადაუხადეთ მადლობა, რომ თქვენს ცხოვრებაში არსებობენ. დააფასეთ
ყველაფერი, რასაც კი გააკეთებენ. შეაქეთ სიტყვიერად, დაუწერეთ ქება პატარა ბარათებზე,
გაუღიმეთ და მოეპყარით თბილად. აგრძნობინეთ, რომ განსაკუთრებულები არიან თქვენთვის
და მართლა გიხარიათ, რომ მათ იცნობთ.

თუ მასწავლებელმა
დაფაზე გამოსახა სქემა, რომელიც მოსწავლეებს საკითხის გააზრებაში დაეხმარა, სასურველია,
მან მადლობა გადაუხადოს მოსწავლეებს, რომლებმაც ამ სქემის შექნა შთააგონეს.

 

3. მოუსმინეთ თქვენს მოსწავლეებს

მოსწავლეთა უმეტესობას ჰგონია, რომ მათ არავინ უსმენს
– არც მშობლები, არც მასწავლებლები, მეგობრებიც კი.

მაგალითად:

გაკვეთილი დაიწყეთ ისე, რომ მოსწავლეებმა
ილაპარაკონ თავიანთი სწავლის, სიხარულის ან პრობლემების შესახებ. ერთი შეხედვით წვრილმან
მოვლენებსაც კი დიდი მნიშვნელობა აქვს. აგრძნობინეთ თქვენს მოსწავლეებს, რომ მზად ხართ
მათ მოსასმენად. მათ სჭირდებათ უფროსი, რომელიც მოუსმენს მათ და რომელსაც პატივს სცემენ.

 

4. პატივი ეცით თქვენს მოსწავლეებს

ნებისმიერი
მასწავლებელი გეტყვით, რომ სურს, მოსწავლეებმა მას პატივი სცენ. მაგრამ ეს სამყარო
განსხვავებულია იმასთან შედარებით, რაც ერთი ან ორი თაობის წინ იყო; პატივისცემა ასე
მარტივად აღარ მოიპოვება.

არსებობს რჩევები იმის თაობაზე, როგორ მოიპოვოთ პატივისცემა:

მაგალითად:

ნურასოდეს გამოიყენებთ
დამცირების მეთოდს (განურჩევლად იმისა, რამდენად ხართ გაღიზიანებული);

მოერიდეთ სარკაზმს
(შესაძლოა, ბავშვებმა ეს არასწორად გაიგონ);

შეასრულეთ პირობა
(თუ დანაპირებს გადათქვამთ, აღიარეთ ეს);

პატივი ეცით
მოსწავლეების გადაწყვეტილებას (ნება დართეთ, თავად მიიღონ პატარ-პატარა გადაწყვეტილებები);

როცა კი შესაძლებლობა
გექნებათ, დააკისრეთ მოსწავლეებს მეტი პასუხისმგებლობა;

იყავით გულწრფელი
საკუთარ თავთან, არ დათმოთ თქვენი ღირებულებები;

დაამყარეთ სამართლიანი
წესები;

ნურასოდეს იქნებით
პომპეზური და ნურასდროს მოექცევით სხვებს ისე, თითქოს ისინი თქვენზე დაბლა იდგნენ.

 

5. ისწავლეთ
კავშირის ენა

ზოგი მოსწავლე თქვენთან მზერით გააბამს კავშირს, ზოგი
– სიტყვებითა და ხმით, ზოგიც – შეხებითა და გრძნობებით. საზოგადოდ, კულტურა ხელს უწყობს
ასეთ მოდალობებს.

სმენითი

 

ვიზუალური

 

შეგრძნებითი

 

თქვენი მოსწავლეების დაახლოებით 20 პროცენტი იმდენივე
ყურადღებას აქცევს იმას, როგორ ითქვა, რამდენსაც იმას, რა ითქვა.

ბევრი
მოსწავლე ფიქრობს სურათებით და იყენებს ვიზუალური მოსწავლის ენას.

 

ბევრ
მოსწავლეს სჭირდება საგნების აღქმა შეხებით. ყურადღება მიაქციეთ მოსწავლეების პოზას.
იხრებიან თუ არა ისინი თქვენკენ? გიქნევენ თუ არა თავს თანხმობის ნიშნად? გადაჯვარედინებული
აქვთ თუ არა ხელები ან ფეხები? რას იტყვით მათი თვალებისა და ტუჩების მოძრაობაზე?

 მაგალითად:

თუ თქვენი მოსწავლეები შემთხვევით არიან
შერჩეული და მათი დაახლოებით 40% ინფორმაციას ვიზუალურად გადაამუშავებს, 40% – სმენით,
ხოლო 20% – შეგრძნებით, ეს ნიშნავს, რომ მნიშვნელობა არ აქვს, რომელ მოდალობას აირჩევთ
მოსწავლეებისთვის ხმის მისაწვდენად (მაგალითად: „ხედავ, რას ვგულისხმობ?” „როგორ ჟღერს
ეს შენთვის?” „რა გრძნობა გაგიჩინა ამან?”); თქვენს პრედიკატებში მრავალფეროვნების
გამოყენება მოგიწევთ.

 

6. გააბით კავშირი ოჯახთან

თქვენი
სკოლის ყველა მოსწავლე ერთი ოჯახია, თუმცა შინ დარჩენილი მშობლებიც შეიძლება ამ ერთობის
წევრები გახდნენ. თქვენ მიერ შედგენილი მშობლების ჩართვის გეგმა აუცილებლად უნდა მოიცავდეს
თქვენს საკუთარ კვლევას, მასალებსა და დროს; უნდა ითვალისწინებდეს თქვენი კლასის ბავშვებისა
და მათი მშობლების განსხვავებულ ტიპებს; იმას, რა დაგეგმა თქვენმა სკოლამ, ასევე –
სკოლის პოლიტიკას, სკოლის კალენდარს, სპეციალურ სიტუაციებს, რომლებიც მოულოდნელად წარმოიშობა
და თქვენსავე საკუთარ პედაგოგიურ ფილოსოფიას.

მკვლევარები
მასწავლებლებს ურჩევენ, იფიქრონ შემდეგზე:

მშობლები პირველ ადგილზე დგანან
ბავშვის ცხოვრებაზე გავლენის კუთხით ხუთ წლამდე; შემდეგ ამ ადგილს თანატოლები იკავებენ.

მასწავლებელთა უმეტესობა ამბობს,
რომ ვერ იღებს სათანადო თანადგომას მშობლებისგან.

მშობლებს შეუძლიათ, ბავშვებს დაუთმონ
ინდივიდუალური ყურადღება, რასაც მასწავლებლები ვერ მოახერხებენ.

მშობლებს შეუძლიათ, შინ მხარი დაუჭირონ
იმ მცდელობებს, რომლებსაც სკოლაში ახორციელებთ.

როდესაც მშობლები სკოლის ამბებში
მონაწილეობენ, წესისამებრ, ბავშვები უკეთესად სწავლობენ.

 

სტატიაში
განხილული იყო კავშირის ძალა. მასწავლებელს მისი გაძლიერება მრავალი საშუალებით შეუძლია.

● მოსწავლისა და საგნის ურთიერთობა
მნიშვნელოვანია,
რადგან ის გავლენას
ახდენს მოტივაციასა და სწავლაზე.

● მოსწავლეებს შორის ურთიერთობა მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ სოციალური არსებები ვართ
და სხვებისადმი ჩვენი დამოკიდებულება გავლენას ახდენს ჩვენს ხასიათსა და მოტივაციაზე.

● მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობა, რა თქმა უნდა, გადამწყვეტია მრავალი მიზეზის გამო.
რაც უფრო მტკიცე ურთიერთობა გექნებათ მოსწავლეებთან, მით უფრო ნაკლები ძალა და უფლებამოსილება
დაგჭირდებათ გავლენის მოსახდენად და მით უფრო მეტ სიამოვნებას მიიღებთ თქვენი სამსახურისგან.

მნიშვნელოვანია ასევე, მასწავლებელმა ეფექტური კავშირი
დაამყაროს მოსწავლეთა ოჯახებთან. რა თქმა
უნდა, მას დრო შეზღუდული აქვს, ასე რომ, საჭიროებისამებრ უწევს არჩევანის გაკეთება.

ესყველაფერი ჰგავს ურთიერთობათა კომპლექსურ ქსელს, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ურთიერთობები
მასწავლებელს სწავლებასა და ცხოვრებას უადვილებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი