ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

მეტაფორა და აუტიზმი

უკვე რამდენიმე წელია, აუტიზმთან ერთად ვცხოვრობ და მის ამოხსნას ვცდილობ. აუტიზმი თავადაა მეტაფორა, ერთგვარი პარადოქსიც, როცა ბავშვი, რომელსაც, წესით, არ უნდა ესმოდეს გადატანითი მნიშვნელობით ნათქვამი სიტყვები და გამოთქმები (და ზოგჯერ ასეცაა), თავად ლაპარაკობს მეტაფორებით.

ამას წინათ დავფიქრდი, რომ აუტიზმის მეტყველებაზე დაკვირვებისას შეიძლება აღვადგინოთ, საზოგადოდ, ადამიანის მეტყველების განვითარების პროცესი, ენის განვითარების სტრუქტურა, ცვლილებების დინამიკა და სისტემების იერარქია.

აუტიზმის მქონე ბავშვი ისევე იწყებს მეტყველების სწავლას, ვერბალურ თუ კოგნიტიურ განვითარებას, როგორც ადამიანი უხსოვარ დროში.

მესამე პირიდან, საკუთარი თავის უცხოდ მოხსენიებიდან, ის თანდათან გადმოდის მეორე პირზე და ბოლოს – პირველზე, შესაბამისად, ავითარებს ზმნის პირის ნიშანსაც. თუ ნაცვალსახელის სისტემის განვითარებას გავიხსენებთ დიაქრონიულ ჭრილში, სადაც არამარკირებული, პირველადი მესამე პირის ნაცვალსახელის შემდეგ წარმოიქმნება მეორე და მესამე პირის ნაცვალსახელები, ადვილად დავადგენთ მსგავსებას. ასეთივე საინტერესო პარალელი შეინიშნება დროის სისტემის თვალსაზრისითაც, სადაც დროის გაგების ათვისების მიმდევრობა ემთხვევა გრამატიკული დროის განვითარების ისტორიულ გზას.

ჩემთვის, როგორც პოეტის, ლინგვისტისა და დედისთვის, ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა მეტაფორა. თავიდან უცნაურად მეჩვენებოდა, რომ ბავშვი, რომელსაც ზოგადი ხატოვანი გამოთქმების გაგების პრობლემა აქვს, უფრო სწორად, პირდაპირი მნიშვნელობით გაგების გამოცდილება, თავად ლაპარაკობს საოცრად პოეტური და დახვეწილი მეტაფორებით. მეტაფორებს აწარმოებს ლექსიკური დეტალებით და პარალელების პოვნის საშუალებით. ზოგჯერ სიტყვის ძირის გაშინაარსებით სრულიად განსხვავებულ შინაარსს დებს მასში.

წარმოგიდგენთ რამდენიმე თვალსაჩინო მაგალითს:

„- დიანა, შენ სახლის მოადგილე ხარ.

– და დირექტორი შენ ხარ ხო, გიო?

– არა, გოგო, შენ ხარ სახლის მო-ად-გილ-ე, შენთან რომ ვარ, სახლში ვარ“.

„შენ ხარ დედა მე ვარ შვილი შენ ხარ შემოდგომა მე ვარ გაზაფხული” .

„გული დავიბანე და კარგად გავხდი“

„ცრემლი არის გულის წვიმა“.

„ცა – დედამიწის ჭერია“.

„ზურგზე კიბე გაქვს?“ (ხერხემალი) – და ა.შ და ა.შ.

ამ ბიჭთან ერთად ყოველი დღე მეტაფორების ზღვაში ცურვაა, მისთვის ფორთოხალი დედამიწის მიკრომოდელია, მთვარე – ორცხობილის ყუა, ჰაერი – შუშა, ადამიანი – სათამაშო, გათენება – მზე რომ საბანს გადაიხდის და ა.შ. ეს მეტაფორული ხედვა მის ნახატებშიც იკითხება. „ადამიანი გოგრა არ არის“, – წერია მის ნახატზე, რომელზეც ორფეხა და ორხელა არსებას გოგრის თავი აქვს. „ხიდი“  – აწერია მის დახატულ ხელის მტევანს. ვუსმენ მის საუბარს, ვუყურებ მის ნახატებს და ისევ მიკვირს: წესით, ხატოვანი აზროვნება და განზოგადების უნარი ხომ უნდა მოისუსტებდეს ან არ უნდა ჰქონდეს, წესით ხომ…

ჩემს თავდაპირველ მსჯელობას რომ დავუბრუნდე, თუ აუტიზმის ენას ენის განვითარების რომელიღაც ეტაპს მოვარგებთ, მაშინ აშკარა გახდება, რატომ ახერხებს ბავშვი, რომელსაც თავად უჭირს ტროპული სახეების, მეტაფორის, ირონიის, კონტექსტით ამოსახსნელი მოქმედების გაგება, თავად მეტყველებს მეტაფორებით.

ადამიანის მეტყველება თავისი არსით ხატოვანია, მიუხედავად მისი ენობრივი განვითარების ეტაპისა, სოციოკულტურული თუ ფსიქოლინგვისტური განსხვავებებისა, ეს თანდაყოლილი უნარია, ერთგვარი ფუნქცია, იარაღი თუ „ოფცია“, რომლითაც ადამიანის მეტყველებაა აღჭურვილი. აუტიზმის დროს მეტაფორა მეტაფორა არ არის – რეალობაა. ბავშვი სწორედ ისე ხედავს და აღიქვამს მოვლენებს, როგორც აღწერს. ეს მეტყველების განვითარების ის ეტაპია, როცა მეტაფორა როგორც ენობრივი რეალობა გაჩნდა, ჩაისახა, მოგვიანებით კი გადატანითი მნიშვნელობა გაუჩნდა.

რა აქცევს მეტაფორას მეტაფორად? რა არის ნიშანი, რომელიც გაგვარჩევინებს კარგ მეტაფორას ცუდისგან? – ეს სიზუსტეა, მეტაფორა ზუსტი უნდა იყოს, ზუსტად დაიყვანებოდეს შინაარსის შემადგენლებამდე, იმ რეალობამდე, როცა მეტაფორა სინამდვილეს ზუსტად ასახავდა.

ამიტომაც დავინახოთ მეტაფორა აუტიზმის მქონე ბავშვის თვალით – ნიშნავს აღვიქვათ ის როგორც რეალობა. ასევე უნდა ვასწავლოთ და ავუხსნათ მხატვრულ ტექსტებშიც.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი