პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ზრდასრულთა განათლება – ღია კარი ახალ ცხოვრებაში

ლევანს ხატვა ბავშვობიდან უყვარდა, თუმცა სხვადასხვა გარემოება ხელს უშლიდა, ოცნება აეხდინა და ეხატა. ახლა ის ზრდასრულთა განათლების პროექტში მონაწილეობს, ხის მხატვრულ დამუშავებას და ავეჯის დამზადებას სწავლობს და მოსწონს ზრდასრულთა განათლების ცენტრის მშვიდი და მეგობრული გარემო, რომელიც მას ახალი სასწავლო უნარების გამომუშავებისკენ უბიძგებს. ის ყოველ მეცადინეობაზე სიხარულით მიდის.

 

„გასაგები მიზეზების გამო ჩაკეტილი ვიყავი საკუთარ თავში. მერიდებოდა ურთიერთობების და ჩემი ფიზიკური მდგომარეობა მაფერხებდა. დედას ვთხოვე ზრდასრულთა განათლების ცენტრში გაყოლა. იქაურმა გარემომ ჩემი ცხოვრება შეცვალა. ახლა უკვე ბედნიერი და ლაღი ვარ და ძალიან მომწონს ჩემი ახალი ცხოვრება. მომწონს, რომ სხვისი დახმარებაც შემიძლია და რასაც ვქმნი, ისიც ძალიან მახარებს. საოცარი შეგრძნება ყოფილა შენი შექმნილის დანახვა“, – ამბობს ლევანი.

 

კობა გრიგოლია ელექტრომემონტაჟის კურსს ზრდასრულთა განათლების ცენტრში ერთი თვის თავზე შეუერთდა. განათლებით ენერგეტიკოსია, თუმცა სამსახურის პოვნა გაუჭირდა იმის გამო, რომ გადამზადების სერტიფიკატი არ ჰქონდა. მერე კობამ ზრდასრულთა განათლების კურსების შესახებ შეიტყო და გადაწყვიტა, რომ ახალი ცოდნა სამსახურის პოვნაში დაეხმარებოდა.

 

აქ სწავლისთვის კარგი გარემოა. თეორიულადაც ახლებ ცოდნას და  სხვადასხვა სქემის პრაქტიკულად დატესტვის საშუალებამაქვს. გარდა ამისა, აქ ვიღებ პრაქტიკულ რჩევებს, როგორ წარვადგინო საკუთარი თავი, როგორ დავწერო CV. აქ შეძენილი ცოდნით ერთ-ერთი გასაუბრება წარმატებით გავიარე. ახლა უკვე რეალურად ვხედავ და ვაფასებ საკუთარ შესაძლებლობებს და იმედი მაქვს, მომდევნო გასაუბრებასაც სენაკის სამხედრო ბაზაზე წარმატებით გავივლი.

 

52 წლის ლეილა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში მეთოდისტად მუშაობს. მას უნდოდა, ბაღში მასწავლებლებისა და აღსაზრდელებისთვის ესწავლებინა ხელსაქმის სიყვარული. მას განსაკუთრებით მოსწონდა თექაზე მუშაობა, ზრდასრულთა განათლების ცენტრში კი სწორედ ამ საქმის უფრო კვალიფიციურად შესწავლის საშუალება მიეცა. მიღებული ცოდნის გამოყენებას იგი ბაღში აპირებს.

 

ირმა 47 წლისაა. მის სამსახურში მუდმივი რეორგანიზაციაა და ირმა ფიქრობს, რომ თუ პროფესიულად გამუდმებით არ განვითარდა და ახალი უნარ-ჩვევები არ შეიძინა, სამსახურის შენარჩუნება გაუჭირდება. ირმა ფიქრობს, რომ ახალი ცოდნის წყალობით ის არა მარტო პოზიციას შეინარჩუნებს სამსახურში, არამედ კარიერული წინსვლის პერსპექტივაც გაუჩნდება.

 

ყველა ისტორიის გმირმა ერთ დღეს საკუთარ თავსა და ცხოვრებაში რაღაც გარდაუვალი, აუცილებელი ცვლილების საჭიროება დაინახა და გადაწყვიტა, ამ ცვლილებისთვის ებრძოლა. ამისთვის საჭირო იყო, სხვანაირად დაენახა გარემო, გამოეკვლიაის და საკუთარ თავში ახალი ძალები და შესაძლებლობები აღმოეჩინა. ამან მათი ცხოვრების მდინარება შეცვალა და ცხოვრების ახლებური – უფრო მიზანმიმართული და მკაფიო ხედვა ჩამოუყალიბა. როცა არ მოგწონს შენი ცხოვრება და გარემო,  უნდა შეცვალო. ამ მიზნის მისაღწევად კი ზრდასრულთა განათლება და უწყვეტი განათლების კონცეფცია ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

 

2019 წლის 24 აპრილს ხარაგაულში სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის (DVV International) საქართველოს ოფისის ორგანიზებით და დაფინანსებით და ადგილობრივი თვითმართველობის მხარდაჭერით ეს ზრდასრულთა განათლების უკვე მე-11 ცენტრია, საქართველოში. ბენეფიციარებს აქ შესაძლებლობა ექნებათ, პიროვნული განვითარებისა და პროფესიული განათლების კურსები უფასოდ გაიარონ და სხვადასხვა სოციალურ, კულტურულ თუ სამოქალაქო აქტივობაში მიიღონ მონაწილეობა.

 

სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის საქართველოს ოფისის ინიციატივით, 2006 წლიდან ზრდასრულთა განათლების ცენტრებ საქართველოს რვა რეგიონში მოქმედებს: ახალციხესა და ახალქალაქში (სამცხე-ჯავახეთი), დაბა ჯვარსა და სენაკში (სამეგრელო), ქედაში (აჭარა), ჩოხატაურში (გურია), ლელიანში (კახეთი), კოდასა და შაუმიანში (ქვემო ქართლი), ამბროლაურში (რაჭა), ხარაგაული (იმერეთი). მათი მიზანია, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი გახდეს არაფორმალური განათლების მთავარი კონცეფციასწავლა მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

 

 

ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულება ზრდასრულთა განათლების სფეროს განვითარება-გაძლიერება და პროფესიული კადრების ჩამოყალიბების ხელშეწყობაა. განათლების ახალი ცენტრი დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს, სხვადასხვა მიმართულებით უფასოდ აიმაღლონ კვალიფიკაცია და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანები გახდნენ.

 

ინტერნეტგაზეთი „მასწავლებელი“ ესაუბრა DVV International-ის კავკასიის, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის და თურქეთის რეგიონულ დირექტორს მაია ავრამოსვკას, ასევე DVV International-ის საქართველოს ოფისის დირექტორს ლალი სანთელაძეს და DVV International-ის პროექტების კოორდინატორს დავით ჯიქიას, რომლებმაც ზრდასრულთა განათლების მნიშვნელობასა და საჭიროებაზე ილაპარაკეს.

 

„გარდამავალ პერიოდში მყოფი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა, მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლების კონცეფციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მდგრადი განვითარების მისაღწევად ქვეყანას სჭირდება ძლიერი, მდგრადი ზრდასრულთა განათლების სისტემა. ზრდასრულთა განათლებას შეუძლია, წინა სისტემების ჩავარდნათა კორექტირება მოახდინოს. ეს არის ძალიან მოქნილი სისტემა, რომელსაც უფრო სწრაფად შეუძლია ადამიანების შრომითი ბაზრისთვის მომზადება და გადამზადება, ვიდრე ფორმალურ განათლებას, რომელსაც ასეთი მოქნილობა არ გააჩნია. როდესაც საუბარია ზრდასრულთა განათლებაზე, ბევრს არ აქვს საშუალება, წლები გაატაროს ფორმალური განათლების მიღებაში და ეს პროექტი სწორედ ასეთი ადამიანებისთვის არის განკუთვნილი. ზრდასრულთა განათლების ეს სისტემა მოკლე, მოქნილი და ეფექტურია. ჩვენი გაგებით, ზრდასრულთა განათლება არის მთელი საგანმანათლებლო სივრცის ნაწილი, ისეთივე, როგორიცაა სკოლამდელი აღზრდა, სასკოლო განათლება, უმაღლესი განათლება, პროფესიული განათლება, და მას ისეთივე ყურადღება უნდა მიაქციოს სახელმწიფომ, როგორიც განათლების სხვა სეგმენტებს. საქართველოს მთავრობა მხარს გვიჭერს და გვეხმარება, მაგრამ ცვლილებები უფრო დიდი იქნება, თანამშრომლობაც – უფრო ეფექტური, თუ საქართველო მიიღებს კანონი ზრდასრულთა განათლების შესახებ, რომელიც აღიარებს ზრდასრულთა განათლებას როგორც მთელი საგანმანათლებლო სივრცის ნაწილს. ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებით და ვფიქრობთ, რომ ეს მალე მოხდება“, – ამბობს მაია ავრამოვსკა.

 

ზრდასრულთა განათლების სისტემის მიზანი არ არის ადამიანების მხოლოდ შრომითი ბაზრისთვის მომზადება – მას ასევე შეუძლია, ადამიანი მოამზადოს ყოველდღიური ცხოვრებისთვის, რათა ის ცვლილებებს და გამოწვევებს მუდამ მომზადებული შეხვდეს.

 

მაია ავრამოსვკამ ზრდასრულთა განათლების სისტემის გერმანული გამოცდილებაც გაგვიზიარა. წელს გერმანია პირველი სახალხო უნივერსიტეტების დაარსებას ზეიმობს. ის მაშინ გაიხსნა, როდესაც ვაიმარის კონსტიტუციით ზრდასრულთა განათლება განათლების განუყოფელ ნაწილად აღიარეს. სახალხო უნივერსიტეტები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნისთვის აქტუალური პრობლემების გადაჭრაში.

 

„როდესაც გერმანიაში ლტოლვილთა დიდი ნაკადი ჩამოვიდა, სახალხო უნივერსიტეტებმა ძალიან დიდი როლი შეასრულეს მათ სოციალურ ინტეგრაციაში. გერმანიაში 1000-მდე სახალხო უნივერსიტეტი ფუნქციონირებს. ეს ის მოდელია, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვმუშაობთ საქართველოში“, – ამბობს მაია ავრამოვსკა.

 

DVV International-ის თბილისის ოფისის დირექტორი ლალი სანთელაძე ორგანიზაციის სამომავლო გეგმებს გვიზიარებს. ის ფიქრობს, რომ ზრდასრულთა განათლების ცენტრები მალე საქართველოს ყველა რეგიონში ამოქმედდება. თბილისის ოფისის წარმომადგენლობა გეგმავს ზრდასრულთა განათლების კიდევ ორი ცენტრის გახსნას – პანკისის ხეობასა და თბილისში.

 

„ჩვენ ვქმნით ზრდასრულთა არაფორმალური განათლების სისტემას საქართველოში და ეს პროცესი მოიცავს არა მარტო ცენტრების გახსნას, არამედ ამ ცენტრებში დასაქმებული პერსონალის გადამზადებასაც. ადგილებზე უკვე გვყავს პროფესიონალი ზრდასრულთა განმანათლებლები, რომლებიც ყოველწლიურად მონაწილეობენ სხვადასხვა პროგრამაში. უკვე გვაქვს ბევრი საგანმანათლებლო ტრეინინგმოდული არაერთი მიმართულებით. ესენია მოკლევადიან საგანმანათლებლო საჭიროებებს მორგებული ადაპტირებული პროგრამები. DVV International-ის პრიორიტეტია, ებრძოლოს სიღარიბეს მთელ მსოფლიოში განათლების გზით. სწორედ ამის მიღწევას ვცდილობთ საქართველოშიც: შევცვალოთ მიდგომა, რომ ზრდასრულ ასაკში განათლება სირცხვილია ან დაგვიანებულია. გვსურს, გავაგებინოთ ადამიანებს, რომ სწავლა არასდროს არ არის გვიანი და ყოველთვის აუცილებელია. ეს არის შესაძლებლობა, არა მარტო დასაქმდე, არამედ საკუთარი თავისთვისაც საინტერესო გახდე და სავსე ცხოვრებით იცხოვრო“, – ამბობს ლალი სანთელაძე.

 

„ჩვენ ვმუშაობთ ისეთ რეგიონებში, სადაც ძალიან მძიმე სოციალური პირობებია, – გვეუბნება დავით ჯიქია, DVV Inernational-ის საქართველოს ოფისის პროექტების კოორდინატორი, – ზრდასრულთა განათლება რამდენიმე კომპონენტს მოიცავს. ერთი ის არის, რომ მიღებული ცოდნით ადამიანები საქმდებიან, მეორეა ცვლილებებსა და გამოწვევებთან გამკლავების, სამსახურის შენარჩუნების, დაბოლოს – სოციალიზაციის და რესოციალიზაციის შესაძლებლობა. ვგულისხმობ არა მხოლოდ მხოლოდ პრობაციონერებს და პატიმრებს, არამედ დიასახლისებსაც, რომლებიც წლების განმავლობაში ოჯახს ემსახურებოდნენ, ჰქონდათ რაღაც ინტერესები, მაგრამ მათ დაკმაყოფილებას ვერ ახერხებდნენ, ახლა კი ზრდასრულთა განათლების ცენტრებში იმავე ინტერესების მქონე ადამიანებთან ურთიერთობა შეუძლიათ“.

 

ცენტრების საგანმანათლებლო პროგრამებში ყოველწლიურად 7.000-ზე მეტი ბენეფიციარი მონაწილეობს, რომელთა 8-11% საქმდება. 2006 წლიდან დღემდე ზრდასრულთა განათლების ცენტრების მომსახურებით 100.000-მდე ბენეფიციარმა ისარგებლა, მათ შორის 30.000-ზე მეტმა იძულებით გადაადგილებულმა პირმა და 15.000-მდე ეთნიკური და რელგიური უმცირესობის წარმოამდგენელმა.

 

DVV International-ის საქართველოს ოფისის მრავალფეროვან პროექტებში მონაწილეთა საერთო რაოდენობამ 150 000 გადააჭარბა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი