ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ბაღდათელი მოსწავლეების მედიაკლუბი „Generation Z/ახალი თაობა“

თუ რამე ძალიან მოინდომე, აუცილებლად მიაღწევ. უბრალოდ, ბევრი უნდა იშრომო. სულ მინდოდა, ბავშვებისთვის საინტერესო პროექტი გამეკეთებინა, რომელშიც აქტიურად ჩაერთვებოდნენ და რომელიც მალე არ დასრულდებოდა. ამ იდეის ხორცშესხმაშიც მშვიდობის კორპუსის მოხალისე დამეხმარა, თუმცა თავიდან ვიდეოკამერები სულ სხვა მიზნით შევიძინეთ. თუმცა მოდი, თავიდან დავიწყებ…

გარდა იმისა, რომ სკოლაში ვასწავლი, ბაღდათის ინოვაციების ცენტრის მენეჯერადაც ვმუშაობ. მშვიდობის კორპუსის მოხალისე, სახელად რაიანი, ცენტრში 2015 წელს მოვიდა. ყოველთვის მზად იყო დასახმარებლად. იმ დროს ჩვენი ინოვაციების ცენტრი ტურიზმის განვითარების ფონდს ექვემდებარებოდა. გვინდოდა, ბაღდათის ტურისტული ადგილების პოპულარიზაციაში წვლილი შეგვეტანა და ამისთვის ტექნოლოგიებიც გამოგვეყენებინა. დავწერეთ პროექტი ვიდეოკამერებისა და ტრიპოდების შესაძენად, დავასაბუთეთ ყველა დეტალი, გავწერეთ ბიუჯეტი და რაიანმა თხოვნით მიმართა მშვიდობის კორპუსს, მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაეფინანსებინა ჩვენი პროექტი. მალე დადებითი პასუხიც მივიღეთ და შევიძინეთ Soni-ს ორი ვიდეოხკამერა, მიკროფონები და ტრიპოდები. მომდევნო ეტაპი იყო ტრენერის მოძიება, რომელიც ბავშვებს ვიდეოგადაღებასა და მონტაჟს ასწავლიდა. მივმართეთ ინოვაციების სააგენტოს. ვერავინ დაგვეხმარა. ადგილობრივმა ფოტო- და ვიდეოოპერატორებმაც უარი გვითხრეს. ამაო ძებნის შემდეგ ისევ ჩემს შვილს, რომელიც ერთი წელი ოპერატორობას სწავლობდა, ვთხოვე, ჩვენი ცენტრის მოსწავლეებისთვის ვიდეომონტაჟი და გადაღება ესწავლებინა. სიამოვნებით დამთანხმდა და სრულიად უსასყიდლოდ რამდენიმე კვირაში შეასწავლა ჩვენს ბიჭებს ვიდეოგადაღება და მონტაჟის ტექნიკა. ჩემმა ნიჭიერმა ბიჭებმაც ადვილად აითვისეს ყველაფერი. შემდეგ ისევ მოხდა ცვლილებები და ტურიზმის განვითარების ფონდი სხვა უწყებაში გადავიდა. არ მინდოდა, ბავშვების ცოდნა და ტექნიკა გამოუყენებელი დარჩენილიყო, ამიტომ ვიფიქრე, რომ დადგა დრო, დიდი ხნის ოცნება ამეხდინა და საბავშვო ინტერნეტტელევიზია დამეარსებინა.

მეორე დღეს სკოლაში კლასები ჩამოვიარე და ბავშვებს, რომლებსაც ჟურნალისტიკა აინტერესებდათ, ვთხოვე, ჩემთან მოსულიყვნენ პროექტის გასაცნობად. რა თქმა უნდა, ჩვენი ოპერატორი ბიჭებიც შემოგვიერთდნენ. ჩვენი გუნდი ბაღდათის მეორე საჯარო სკოლისა და დიმის საჯარო სკოლის მოსწავლეებს აერთიანებს. ბავშვებს ავუხსენი, რა მინდოდა და მათაც სიხარულით აიტაცეს იდეა. დავიწყეთ ფიქრი პროექტის სახელზე, ლოგოზე, მიზანზე, ფორმატზე. როდესაც ყველაფერზე შევთანხმდით, სახელიც მოვიფიქრეთ: Generation Z/ახალი თაობა. ლოგოც გავაკეთეთ პროფესიონალი პროგრამისტის დახმარებით, გადაცემის ქუდების გაკეთებაც ვისწავლეთ და სიუჟეტებიც დავგეგმეთ. ბავშვები დიდი მონდომებით შეუდგნენ ახალი „პროფესიის“ ათვისებას.

მეტი პროფესიონალიზმისთვის მათ თავიანთი სახელობის ბეიჯებიც დავუმზადე და მიკროფონიც გავაკეთეთ ჩვენივე ლოგოთი. ძალიან უხარიათ, მიკროფონით და კამერებით რომ გადიან გადასაღებად. ჩვენი მოხალისის დახმარებით ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი ნატალია ქაჯაია გვესტუმრა, ბავშვებს მასტერკლასი ჩაუტარა და გადაღების ტექნიკა ასწავლა. ბავშვებმა ძალიან კარგი გამოცდილება მიიღეს და ბევრი სპეციფიკური ტერმინიც ისწავლეს.

ჩვენი პირველი სიუჟეტი იყო ჩემი და რაიანის ვიდეომიმართვა ახალ პროექტთან დაკავშირებით. მას მოჰყვა რუბრიკები „კვირის დაიჯესტი“, „ნიჭიერი ბავშვები“, „სასკოლო პროექტები“, „ქუჩის გამოკითხვები“ და სხვა. რამდენიმე ხანში ისევ დავიწყეთ ფიქრი ბაღდათის ტურისტული პოტენციალის გაშუქებაზე, თანაც ინგლისურ ენაზე. გადავიღეთ სიუჟეტი კურორტ საირმის შესახებ, ბაღდათის ვლადიმირ მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმის შესახებ. ინგლისურ ენაზე სიუჟეტების მომზადების მიზანი იყო, ბავშვები ენას უკეთ დაუფლებოდნენ, გამოთქმა გაეუმჯობესებინათ და ლაპარაკის კომპლექსიც დაეძლიათ. ბოლო ხანს გაგვიჩნდა სურვილი, ახალგაზრდა მეწარმეებზე მოგვემზადებინა სიუჟეტი, რომელსაც ინგლისურ ტიტრებს დავადებდით. მოგზაურთა კლუბ „იაგუნდთან“ ერთად სოფელ ხანში ჩვენმა ბიჭებმა შესანიშნავი სიუჟეტი მოამზადეს ჭურის ყველის შესახებ „რუსთავი 2“-ის ოპერატორთან ერთად. ეს სიუჟეტი დიდი პოპულარობით სარგებლობს და ბევრი მოწონებაც აქვს.

https://www.facebook.com/GZtaoba/videos/385659322233368/

ახლახან დავიწყეთ პროექტი „ინტერვიუ სკოლის დირექტორებთან“. მუნიციპალიტეტის დირექტორები თავიანთი სკოლების წარმატებებსა თუ პრობლემებზე გვიყვებიან. გვაქვს ჩვენი პატარა სტუდიაც, სადაც სტუმრებს ვიწვევთ და ბიჭები იქვე ამონტაჟებენ გადაღებულ მასალას. ჩვენი სტუდიის სტუმარი იყო აშშ-ს კულტურის ატაშე იულიუს ცაიც, რომელიც აღფრთოვანებული დარჩა პატარა ოპერატორების და ჟურნალისტების მუშაობით და საელჩოშიც მიგვიწვია.

მოკლედ, ბავშვები დიდი სიამოვნებით არიან ჩართული ამ პროექტში, რომელსაც 10 მაისს ერთი წელი შეუსრულდება. ამ პროექტმა ისინი პროფესიულად გაზარდა. ბავშვები უფრო გახსნილები გახდნენ და ადვილად შედიან კონტაქტში ადამიანებთან. განუვითარდათ კრიტიკული აზროვნების უნარი და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება აღარ უჭირთ, ადვილად ახერხებენ უცხო გარემოში ადაპტაციას და აუღელვებლად მუშაობენ სტრესულ სიტუაციაში.

თუ დაგაინტერესებთ და ეწვევით ჩვენს გვერდს Generation Z/ახალი თაობა, აუცილებლად ნახეთ ჩვენი გუნდის გადაღებული სიუჟეტები, მოიწონეთ და გაუზიარეთ მეგობრებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი