ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

კიდევ ერთხელ მასწავლებლის პროფესიული გადაწვის შესახებ

მოთხოვნები, რომლებსაც თანამედროვე სკოლა უყენებს პედაგოგს, მრავალი მასწავლებლისთვის რთულია, ზოგჯერ – სტრესის გამომწვევიც კი. გახანგრძლივებული სტრესი გადაღლას და, საბოლოო ჯამში, პროფესიულ გადაწვას იწვევს, ამას კი სერიოზული შედეგები მოაქვს მასწავლებლის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის, მათი მოსწავლეების, თანამშრომლებისა და ოჯახებისთვის, რომლებთანაც ისინი ყოველდღიურად ურთიერთობენ. კვლევები ადასტურებს, რომ მასწავლებლები, რომლებსაც გადაწვის სინდრომი აღენიშნებათ, უფრო დოგმატურად ეკიდებიან სამასწავლებლო პრაქტიკას და ხისტად ეპყრობიან სტრუქტურასა და რუტინას, რითაც დაბრკოლებას უქმნიან სკოლის რეფორმირების ყოველგვარ მცდელობას. გადაწვის პრევენცია და მასთან ბრძოლა ერთ-ერთი სერიოზული საკითხია განათლებაში. მოსწავლეთა მოსწრების ასამაღლებლად აუცილებელია, სკოლაში მუშაობდნენ ისეთი მასწავლებლები, რომლებიც პოზიტიურ დამოკიდებულებას ინარჩუნებენ საკუთარი თავის, სამსახურისა და მოსწავლეების მიმართ.

წინათ უფრო მეტი პედაგოგი მიიჩნევდა მასწავლებლობას საყვარელ საქმედ, რომელსაც ერთგულად ემსახურებოდა, მაგრამ დღეს მრავალი კვლევა აჩვენებს, რომ სწავლება ძალზე სტრესულ საქმიანობად იქცა. ფარბერის მიხედვით, ამერიკელი მასწავლებლების 30-35% ძლიერ უკმაყოფილოა თავისი პროფესიით, ხოლო მათი დაახლოებით 20% პროფესიულად გადამწვარია. მასწავლებლის პროფესიული გადაწვის შესასწავლად კვლევები ჩატარებულია მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც: კანადაში, ინგლისში, ფინეთში, დანიაში, საფრანგეთში, ირლანდიაში, იტალიაში, საბერძნეთში, მალტაში, კვიპროსში, შოტლანდიაში, შვედეთში, ნიგერიაში, ისრაელში, ავსტრალიაში… მონაცემები მოწმობს, რომ დასავლურ სამყაროში, ასევე – აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლების 10-40% მწვავე სტრესის ან გადაწვის მსხვერპლია. ეს მაჩვენებელი 50%-ს უტოლდება აზიის ისეთ ქვეყანაში, როგორიცაა, მაგალითად, ტაივანი. პროფესიული გადაწვის დროს მასწავლებელს არ შეუძლია ყოველდღიურ მოვალეობათა შესრულება ფრუსტრაციის ან უიმედობის გამო. ასეთ შემთხვევებში მასწავლებელი ან მიდის პროფესიიდან, ან რჩება იმავე პოზიციაზე, მაგრამ წარუმატებელი ხდება.

თანამედროვე განმარტებით, გადაწვა – ეს არის სინდრომი, რომელიც ქრონიკული სტრესული მდგომარეობიდან მომდინარეობს და ადამიანის ენერგეტიკული რესურსების გამოფიტვას იწვევს. იგი იწყება უარყოფითი ემოციების დაგროვებით, რომლებიც ვერ პოულობენ გამოსავალს. გადაწვის პროცესში ყველაზე სახიფათო ის არის, რომ იგი ნელა მიმდინარეობს და ადამიანის შინაგან სამყაროს „ფერფლად” აქცევს. 1980-იან წლებში მასლაჩმა და ჯექსონმა პროფესიული გადაწვის სინდრომში გამოყვეს სამი არე: 

1. დეპერსონალიზაცია, როდესაც პიროვნება საკუთარი თავის გარშემო მყოფთაგან დისტანცირებას ახდენს და არ განიხილავს სხვას როგორც პიროვნებას. ეს შეიძლება გამოიხატოს მოსწავლეებისა და სამუშაო გარემოსადმი ცინიკური დამოკიდებულებით;

2. პროფესიული მიღწევების რედუქცია – ადამიანს ეუფლება არაკომპეტენტურობის, წარუმატებლობის განცდა, უქვეითდება წარმატების მოთხოვნილება, საკუთარ საქმიანობას დაბალ შეფასებას აძლევს;

3. ემოციური გამოფიტვა – ადამიანი გრძნობს, რომ პირადი ემოციური რესურსი ამოწურა და სტრესორებისადმი ძლიერ მოწყვლადია, ეუფლება დაღლილობის შეგრძნება, რომელიც გამოწვეულია სამუშაოს სპეციფიკით. 

გადაწვის შესწავლისას გამოიყოფა ორი ძირითადი მიმართულება: ფსიქოლოგიური და სოციოლოგიური. ფსიქოლოგიური კუთხით გადაწვა განიხილება როგორც სტრესთან გამკლავების უუნარობა. მკურნალობა გულისხმობს, დაეხმარონ პიროვნებას სტრესის დაძლევის სტრატეგიების დაუფლებაში. ფსიქოლოგები გადაწვის მსხვერპლს ურჩევენ, სცადოს სხვადასხვა კლინიკური მეთოდი, დაწყებული სტრესის მართვით, დამთავრებული ჰოლისტური ჯანმრთელობის პროგრამებით, როგორებიცაა იოგა, სუნთქვითი ვარჯიშები, დასვენება, ძილი. სოციოლოგები გადაწვას ოდნავ სხვაგვარად ხედავენ – მას მიიჩნევენ გაუცხოების ფორმად, რომელიც მოიცავს შემდეგ განზომილებებს: უღონობას, უსაგნობას, ნორმების არარსებობას, იზოლაციას და გაუცხოებას. მათი აზრით, გაუცხოებას ორგანიზაციული და სოციალური ფესვები აქვს და მასთან გამკლავება შეიძლება არა სტრესის დაძლევის ტექნიკებით, არამედ სტრუქტურულ ცვლილებებათა გატარებით. ისევე როგორც ფსიქოლოგიურ მოდელებში, აქაც გადაწვის მთავარი ფაქტორია სტრესი, მაგრამ გადაწვის გამომწვევ მიზეზებს სკოლის ან განათლების სისტემის ორგანიზაციის სტრუქტურის შიგნით ეძებენ. როდესაც მასწავლებელს არ შეუძლია გაარკვიოს ორგანიზაციაში თავისი როლი პასუხიმგებლობათა და მოლოდინთა მხრივ, მას უჩნდება უმწეობის განცდა, რასაც მალე მოსდევს ყოფის უაზრობის შეგრძნება. შემდეგ იწყება ადამიანის იზოლაცია სოციალური ურთიერთობებიდან, გაუცხოება და ჩნდება კითხვა – ღირს თუ არა ამ ორგანიზაციაში დარჩენა. ასეთი პროფესიონალები გრძნობენ, რომ ორგანიზაციას, რომელშიც მუშაობენ, აქვს დაუდგენელი ნორმები; ეუფლებათ განცდა, რომ წესები ან არ არსებობს, ან მათი მიყოლა დისფუნქციურია.

ამრიგად, გადაწვასთან გამკლავების მიზნით ფსიქოლოგი იძლევა რეკომენდაციებს სტრესის დაძლევის უნარების განვითარების თაობაზე, სოციოლოგი კი ყურადღებას სკოლაში ადმინისტრაციის ქცევის სტილისა და მართვის შეცვლაზე ამახვილებს. 

მეცნიერები სტრესის დაძლევის საუკეთესო საშუალებად პრობლემებზე (სტრესის გამომწვევ მიზეზებზე) ორიენტირებულ მიდგომას მიიჩნევენ. კერძოდ, ისინი გვთავაზობენ ასეთ სტრატეგიებს:

• თუ გადაწვა სამუშაოს სპეციფიკის შედეგია, ყოველნაირად ეცადეთ სიტუაციის გამოსწორებას პრობლემების თანმიმდევრული გადაჭრით.

• ეცადეთ მისდიოთ რაიმე განსხვავებულ, საინტერესო საქმიანობას – სპორტს, შემოქმედებას, გაიჩინოთ ჰობი.

• ეცადეთ გამოიმუშაოთ სტრესის პოზიტიური დაძლევის უნარები – სირთულეებისადმი პოზიტიური დამოკიდებულება, პასუხისმგებლობა, მაღალი თვითშეფასება, ოპტიმიზმი, ინიციატივიანობა.

• ეცადეთ იცხოვროთ საკუთარი და არა სხვისი ცხოვრებით. ეს არ არის ეგოიზმი; უბრალოდ, დაეხმარეთ სხვას ბუნებრივად, როდესაც ამის მოთხოვნილება გაგიჩნდებათ და არა მაშინ, როდესაც ძალაუნებურად გიწევთ ამის გაკეთება.

• ეცადეთ, გამიჯნოთ სამსახური და პირადი სამყარო. მაგალითად, შინ დაბრუნებული ამერიკელები სახლის ზღურბლზე ღრმად ჩაისუნთქავენ და ჩამოიფერთხავენ „სამსახურს” – ეს მიდგომა, ერთი შეხედვით, ძალზე პრიმიტული და არაბუნებრივია ჩვენი მენტალობისთვის, მაგრამ ზოგჯერ იგი „მუშაობს”.

• მონოტონურობისა და გამოფიტვის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა ზეამოცანის დასახვა და სამუშაოს მიმართ შემოქმედებითი მიდგომა – სიახლის შეტანა, ინიციატივა და ა.შ.

• შედეგიანია სუნთქვითი ვარჯიშები, რელაქსაცია და პოზიტიური ვიზუალიზაცია.

• ძალზე მნიშვნელოვანია შრომის დოზირება. უნდა ისწავლოთ სამუშაოს დროულად დამთავრება.

• სტრესის დროს ალკოჰოლის, მედიკამენტებისა და თამბაქოს გამოყენება მხოლოდ ილუზორულ, დროებით შვებას გვაძლევს. არც ერთი არ გამოიყენოთ დარდის ან ბრაზის გასაქარვებლად.

• გაუზიარეთ თქვენი განცდები კოლეგას, ოჯახის წევრს, პრობლემა ანალიზის საგანად აქციეთ.

• მიეცით თავს ოცნების უფლება! შექმენით რაც შეიძლება მეტი პოზიტიური ხატი. პოზიტიურ ხატებს რეალურ ცხოვრებაზე ზემოქმედება შეუძლია.

• ხშირად მიმართეთ „ტაიმ-აუტს” (მცირე შესვენებებს მუშაობის პროცესში), ეცადეთ, ფიქრით სამუშაოსგან განყენებულ საკითხებზე გადაერთოთ.

• ტრენინგებსა და გასვლით სემინარებში მონაწილეობა კიდევ ერთი საშუალებაა სამუშაოს რუტინისა და გადაწვის გადასალახავად 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, პროფესიული გადაწვის პრობლემა დიდ ყურადღებას მოითხოვს და ადამიანს მასთან ბრძოლის უნარი სჭირდება. ის შეიძლება შეფასდეს როგორც რთული წარმონაქმნი, რომელიც სტრესული მდგომარეობების ნამრავლს გულისხმობს. ასეთ მდგომარეობებს თავდაპირველად ყურადღება არ ექცევა, პატარ-პატარა ტვირთები გროვდება და თანდათან ერთ დიდ, მძიმე ტვირთად იქცევა, რომელსაც ადამიანი გვიან ამჩნევს – იმ დროს, როდესაც მასთან ბრძოლა უკვე ძალზე ძნელია. ისიც ცნობილია, რომ სტრესი შეიძლება მოტივაციის ამაღლებისა და პიროვნული ზრდის მთავარ სტიმულად მოგვევლინოს, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ მისდამი სწორ დამოკიდებულებას ვისწავლით .

ქვემოთ მოცემული ტესტი დაგეხმარებათ შეაფასოთ საკუთარი თავი გადაწვის სიმპტომების არსებობის თვალსაზრისით. 

ინსტრუქცია: უპასუხეთ კითხვებს და შეაფასეთ ქულებით: სრულიად არა – 1 ქულა, იშვიათად – 2 ქულა, ზოგჯერ – 3 ქულა, ხშირად – 4 ქულა, ძალიან ხშირად – 5 ქულა.

1. გრძნობთ, რომ დაქანცული, ფიზიკური და ემოციური ენერგიისგან დაცლილი ხართ?

2. ამჩნევთ თუ არა, რომ ზოგჯერ სამსახურზე უარყოფითად ფიქრობთ?

3. ამჩნევთ თუ არა, რომ ხალხის მიმართ უფრო მკაცრი და ნაკლებად თანამგრძნობი ხართ, ვიდრე ისინი იმსახურებენ?

4. ამჩნევთ თუ არა, რომ ადვილად გაღიზიანებენ თანამშრომლები და გუნდის წევრები?

5. გაქვთ განცდა, რომ თანამშრომლებს არ ესმით თქვენი ან არ გაფასებენ?

6. გაქვთ განცდა, რომ თქვენს საწუხარზე ვერავის ესაუბრებით?

7. გაქვთ გაცდა, რომ იმაზე ნაკლებს აღწევთ, ვიდრე უნდა მიაღწიოთ?

8. გაქვთ განცდა,, რომ წარმატების მისაღწევად უსიამოვნო წნეხის ქვეშ ხართ?

9. გაქვთ განცდა, რომ სამსახურისგან იმას ვერ იღებთ, რაც გსურთ?

10. გაქვთ განცდა,, რომ შეუსაბამო ორგანიზაციაში, შეუსაბამო პროფესიაში ხართ?

11. სამსახური თქვენში ერთგვარ იმედგაცრუებას იწვევს?

12. გაქვთ განცდა, რომ ორგანიზაციული პოლიტიკა ან ბიუროკრატია ხელს გიშლით კარგად მუშაობაში?

13. გაქვთ განცდა, რომ სამუშაო იმაზე მეტია, ვიდრე პრატიკულად მისი შესრულების უნარი გაქვთ?

14. გაქვთ განცდა, რომ დრო არ გყოფნით იმ საქმეების უმეტესობისთვის, რომელთა გაკეთებაც ხარისხიანი მუშაობისთვისაა საჭირო?

15. გაქვთ განცდა, რომ სამუშაოს დაგეგმვისთვის იმდენი დრო არა გაქვთ, რამდენსაც ისურვებდით?
შეაჯამეთ ქულები.

ქულების ინტერპრეტაცია:

15-18 – გადაღლის ნიშნები არ შეიმჩნევა.
19-32 – გადაღლის პირველი ნიშნები შესამჩნევია.
33-49 – ფრთხილად იყავით – გადაღლა გემუქრებათ.
 
50-59 – მძიმე გადაღლა გემუქრებათ.
60-75 – სასწრაფოდ იღონეთ რამე სიტუაციის გამოსასწორებლად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი