ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ჰოვარდ გარდნერის თეორია საკლასო ოთახში

ჰოვარდ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია

უკან დაგვრჩა სასერტიფიკაციო გამოცდების ოთხი წელი. როგორც ამბობენ, წინ ახალი საგამოცდო პერიპეტიები გველის, რომლებიც, ჯერ არ ვიცით, რა კრიტერიუმებზე იქნება აგებული, ამიტომ, მოდი, ამჯერად წარსულზე ვთქვათ ორიოდე სიტყვა. რა მოგვცა ამ წლებმა? მოსაზრება უამრავია და ურთიერთგამომრიცხავი, შეფასებებში დადებითს უარყოფითი სჭარბობს. როგორც ამ გამოცდებისა და ტრენინგების აქტიურ მონაწილეს (ამ ოთხი წლის განმავლობაში ყოველ წელს ვმონაწილეობდი სხვადასხვა საგანში სხვადასხვა მიზნით), საკმაო გამოცდილება დამიგროვდა. მერწმუნეთ, ამ გამოცდილებაში უარყოფითიც მრავლად მოიპოვება, მაგრამ ნება მომეცით, დღეს მაინც დადებით მხარეებზე გესაუბროთ.

თუ მკითხავთ, რა მიმაჩნია სასერტიფიკაციო გამოცდების დადებით მხარედ, ასე გიპასუხებთ: მასწავლებლების აქტიურმა ნაწილმა უკეთესად გაიცნო (ან ახლაღა აღმოაჩინა) მსოფლიო პედაგოგიური აზროვნების კორიფეები. იმედია, ამ აღმოჩენებს უკვალოდ არ ჩაუვლია და გაკვეთილების ხარისხზე აისახა, სასწავლო პროცესი უფრო მრავალფეროვანი და აქტიური გახადა. მინდა, ამ წერილში სწორედ ერთ ასეთ „აღმოჩენაზე”, კერძოდ, ჰოვარდ გარდნერსა და მის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიაზე გესაუბროთ.

ჰოვარდ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია რამდენიმე მიზეზის გამო მიმაჩნია საინტერესოდ. უწინარესად იმიტომ, რომ ის ფართო ასპარეზს იძლევა შემოქმედებითი უნარის წარმოსაჩენად. თეორია სულ რამდენიმე ათეული წლის წინ ჩამოყალიბდა. შემდეგ ის თავად ავტორმაც განავრცო და მისმა მიმდევრებმაც. ახალი იდეების წარმოშობა მომავალშიც არის მოსალოდნელი. გარდნერის თეორია საინტერესოა მის ირგვლივ წამოჭრილი აზრთა სხვადასხვაობის გამოც. მას გამოუჩნდა უამრავი მომხრე, რომლებიც ამტკიცებენ ამ თეორიის სიცოცხლისუნარიანობასა და გამოსადეგობას, მიიჩნევენ, რომ მასწავლებლებს წარმატებით შეუძლიათ მისი გამოყენება სასწავლო პროცესში. ამასთანავე, დღემდე არ წყდება საპირისპირო მოსაზრებებიც. ზოგიერთი სავსებით უარყოფს ამ თეორიას (მათ მიაჩნიათ, რომ მრავალმხრივი ინტელექტი არ არსებობს, რომ ადამიანს ერთი ზოგადი ინტელექტი აქვს), ზოგიერთი კი ირწმუნება, რომ მრავალმხრივი ინტელექტის თეორია პრაქტიკაში ძალზე რთული გამოსაყენებელი და, შესაბამისად, უსარგებლოა.

თავისი წიგნი „გონების ჩარჩოები: მრავალმხრივი ინტელექტის თეორია” ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა ჰოვარდ გარდნერმა 1983 წელს გამოაქვეყნა. მას იმთავითვე ფართო გამოხმაურება მოჰყვა. გარდნერის მომხრეებს მიაჩნდათ, რომ მრავალმხრივი ინტელექტის თეორია ექსპერიმენტატორი მასწავლებლის მრავალ კითხვას გასცემდა პასუხს, შეგვაძლებინებდა, გაგვეგო მოსწავლეებისთვის, რომლებიც ვერ ერგებოდნენ „ჩვეულებივი” მოსწავლის ყალიბს. გარდნერმა თვალნათლივ დაგვანახვა, როგორ განსხვავდებიან ერთმანეთისგან მოსწავლეები თავიანთი ინტელექტუალური მონაცემებით და გვირჩია, ყურადღება იმაზე გაგვემახვილებინა, რა შეუძლიათ მოსწავლეებს, ნაცვლად იმისა, რა არ შეუძლიათ მათ.

გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია ამტკიცებს, რომ ინტელექტი არ ნიშნავს ტესტებში მიღებულ მაღალ ქულას – ეს პრობლემა ორგანიზებული განათლების დაარსების დღიდან არსებობს. გარდნერის თეორიამ განათლების მუშაკებს ახლებურად გაააზრებინა IQ-ს მნიშვნელობა და გონებამახვილობის განმარტება. მან შეცვალა მრავალი მასწავლებლის სწავლების სტილი.

თავისი იდეები გარდნერმა განავრცო კიდევ ორი წიგნით: „როგორ აზროვნებენ ბავშვები და როგორ უნდა ასწავლონ სკოლებმა” (1991) და „მრავალმხრივი ინტელექტი: თეორია პრაქტიკაში” (1993). 

გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიის წარმატებით გამოყენების შემთხვევაში მასწავლებლებს შეუძლიათ, მოსწავლეებს სწავლის მრავალი ახალი გზა აღმოაჩენინონ და თითოეულ მათგანს შეურჩიონ ის მეთოდი, რომელიც მას ყველაზე მეტად შეეფერება და თავისი რეალური შესაძლებლობების გაგებისა და შეფასების საშუალებას მისცემს.

ჰოვარდ გარდნერმა უარყო ინტელექტის ერთი საზომით გაზომვის პრინციპი. თავდაპირველად მან გამოყო ინტელექტის 7 სახეობა:

• ლინგვისტურ-ენობრივი ინტელექტი – საუბრისას თუ წერისას ენის ოსტატურად გამოყენების უნარი, კარგი ლექსიკური მარაგი; 

• ლოგიკურ-მათემატიკური ინტელექტი – მათემატიკური ოპერაციებისა და კომპლექსური ლოგიკური აზროვნების გაძლიერებული უნარები;

• მუსიკალური ინტელექტი – მუსიკის შესანიშნავად გაგებისა და შექმნის უნარი; 

• სივრცული ინტელექტი – სამყაროს ვიზუალურად ზუსტი აღქმის, დანახულის გონებაში ან ქაღალდზე ასახვა-შეცვლის უნარი; 

• სხეულებრივ-კინესთეტიკური ინტელექტი – სხეულის მოქნილად გამოყენების, სისწრაფისა და შეხების შეგრძნების უნარი;

• ინტერპერსონალური ინტელექტი – სხვების ხასიათების, სურვილების, მოტივაციების გაგებისა და ემპათიის უნარი;

• ინტრაპერსონალური ინტელექტი – თვითშემეცნების, საკუთარ გრძნობებსა და ემოციებში გარკვევის, თვითდისციპლინის უნარი.

მოგვიანებით გარდნერმა თავის ნაშრომში „პირველი შვიდი და მერვე” განსაზღვრა მერვე – ნატურალისტური ინტელექტიც.

გარდნერი წერს: „ნატურალისტური ინტელექტი არის უნარი, აღიქვა და ერთმანეთისგან განასხვაო მცენარეები, მინერალები, ცხოველები, გქონდეს ფლორისა და ფაუნის ყველა სახეობის განსაკუთრებული სიყვარული. ზოგიერთი ბავშვი 3-4 წლის ასაკში გაცილებით უკეთესად განასხვავებს ერთმანეთისგან დინოზავრების სახეობებს, ვიდრე ზრდასრულთა უმეტესობა”. მკვეთრად გამოხატული ნატურალისტური ინტელექტის მქონე პიროვნებად გარდნერს ჩარლზ დარვინი მიაჩნდა.
გარდნერის თეორია საკლასო ოთახში

როცა გარდნერს ჰკითხეს, როგორ მოახერხებდნენ მასწავლებლები მისი თეორიის სასწავლო პროცესში იმპლემენტაციას, მან უპასუხა: „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელი თითოეულ მოსწავლეს ინდივიდუალურად მიუდგეს. იგი უნდა ცდილობდეს ბავშვის ხასიათის ამოცნობას და იმის გარკვევას, რით განსხვავდება ერთმანეთისგან მათი ინტელექტუალური შესაძლებლობები; რაც მთავარია, ხელს უწყობდეს მოსწავლეებს მათი შესაძლებლობების ზედმიწევნით ეფექტურად გამოყენებაში”.

ჰოვარდ გარდნერმა შესაძლებლობა მისცა განათლების სფეროს მუშაკებს, გამოეთქვათ ახალი ვარაუდები სწავლისა და მოსწავლეების შესახებ. მასწავლებლებმა ამ თეორიის მეშვეობით გადაიაზრეს სწავლებისადმი ძველი მიდგომა, მოახერხეს გაკვეთილებისა და შესასწავლი თემების ახლებურად გააზრება.

პატრიცია ვებერი, მრავალმხრივი ინტელექტის თეორიის ერთ-ერთი მიმდევარი, წერს: „განათლების სისტემის მიერ დამკვიდრებული ინტელექტის ვიწრო ხედვა უნდა შეიცვალოს და მობილიზაცია გაუკეთდეს ადამიანის მრავალმხრივ ინტელექტს”.

მასწავლებლების უმრავლესობა კარგი მოსწავლე იყო. ისინი თითქმის ყველა მიმართულებით აკმაყოფილებდნენ კურიკულუმის მოთხოვნებს, ანუ მათი უნარები კარგად იზომებოდა ოფიციალურად დამკვიდრებული შეფასების მეთოდებით. მაგრამ რა ქნან იმ მოსწავლეებმა, რომლებმაც ვერ შეძლეს თავიანთ შესაძლებლობათა ტრადიციული გზით დემონსტრირება? გვიფიქრია იმაზე, როგორ ვსჯით მათ?

გადნერის თეორია აფართოებს საზღვრებს, რომლებიც ჩვენს წარმოდგენაში არსებობს სწავლის შესახებ. შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩვენი თანამედროვეობის უდიდესი მომენტია. 21-ე საუკუნის მოქალაქეები მხოლოდ ლიტერატურული ან მათემატიკური უნარების დახვეწით ვერ მიაღწევენ წარმატებას; მათ მოეთხოვებათ გარემომცველი სამყაროს რეალური პრობლემების დანახვა და გადაჭრა. მომავალ თაობას უნდა შესწევდეს უნარი, იოლად მოიპოვოს და გამოიყენოს ამისთვის ყოველგვარი ინფორმაცია, იყოს პროდუქტიული. გარდნერის თეორია შესაძლებლობას გვაძლევს, ამ გამოწვევებისთვის დღესვე დავიწყოთ მზადება.

გარდნერის თეორიის კიდევ ერთი მიმდევარი, თომას არმსტრონგი, დიდი ხანია აწყობს ვორქშოპებს და პრეზენტაციებს მასწავლებლების დასახმარებლად, შეიმუშავებს მათთვის საკლასო აქტივობებსა და მეთოდებს. არმსტრონგი ეხმარება მასწავლებლებს, გაამრავალფეროვნონ სწავლის მეთოდები, უფრო მეტი იფიქრონ იმ ბავშვებზე, რომლებსაც წარუმატებლობა სდევთ თან, განსაკუთრებით მათზე, რომლებსაც დაქვეითებული აქვთ სწავლის უნარი ან ჰიპერაქტიურობის გამო ყურადღების მობილიზება უჭირთ.

არმსტრონგს მიაჩნია, რომ, მიუხედავად ყველა სირთულისა (დროის დეფიციტისა, რესურსების ნაკლებობისა და სხვ.), მასწავლებლებს შეუძლიათ გაკვეთილზე რვავე ინტელექტის გამოყენება. ამისთვის ზოგჯერ ყურადღება სახელმძღვანელოდან ისეთ ელემენტებზე გადავიტანოთ, როგორიცაა ვიზუალი, დრამატიზება, სიტყვიერება, სოციალიზაცია და ნატურალიზაცია. არმსტრონგის აზრით, მასწავლებელი უკეთეს შედეგს მიაღწევს, თუ მიმართავს მრავალმხრივი ინტელექტის თეორიაზე დაფუძნებულ სწავლების სტილს და მოიშველიებს შემდეგ ქმედებებს: დახატავს დაფაზე, მოჰყვება ამბებს, საუბრისას ზომიერად გამოიყენებს სხეულის ენას, მოხერხებულად გამოიყენებს რიტმიკას, მოიყვანს მაგალითებს ბუნებიდან და ა.შ.

არმსტრონგი სთხოვს მასწავლებლებს და მშობლებს, უარი თქვან ტრადიციულ წარმოდგენებზე მოსწავლეების ნიჭიერების შესახებ, არ შემოიფარგლონ აკადემიური უნარების შეფასებით და ყურადღება მიაქციონ ისეთ უნარებს, როგორებიცაა, მაგალითად, თაგადასავლების სიყვარული, გარემომცველი სამყაროს ესთეტიკური აღქმა, თანაგრძნობა, გამბედაობა, ხელგარჯილობა, ემოციური სიმწიფე და სხვ.

როგორც ვთქვით, მრავალმხრივი ინტელექტის თეორიას არც კრიტიკოსები აკლია. ზოგიერთი მათგანი მრავალმხრივი ინტელექტის თეორიას იმის გამო აკრიტიკებს, რომ ამ თეორიით მიღწეული შედეგები ზუსტად არ იზომება ტესტებით. არმსტრონგი ამ მოსაზრებას აბსურდულად მიიჩნევს, რადგან მრავალმხრივი ინტელექტის თეორია თავისთავად პარადიგმული ცვლილებაა, რომელიც სრულიად ახლებურ მიდგომას მოითხოვს შეფასების პრინციპების, საშინაო დავალებების და, საერთოდ, ყველაფრის მიმართ, რაც აზროვნებასთან არის დაკავშირებული. 

დაბოლოს, გარდნერის თეორია მასწავლებლებს – განსხვავებული გზებით სწავლების, მოსწავლეებს კი სწავლის პროცესის კორექტირების, საკუთარი შესაძლებლობების გაგებისა და შეფასების საშუალებას აძლევს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი