პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

სასკოლო განათლება უნგრეთში

უნგრეთში, ისევე როგორც მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში, ბავშვებს აქვთ უფლება და ვალდებულება, იარონ სკოლაში. განათლების სამინისტროს შესაბამისი უწყება სათანადო ასაკს მიღწეული ბავშვების რეგისტრაციას აწარმოებს. თუ ბავშვის დარეგისტრირება არ მოხდა ან ეს პროცესი გადასცდა დადგენილ ვადას, დაიწყება გამოძიება. თუ დადასტურდა ზოგადი განათლების კანონის დარღვევის ფაქტი, შესაძლოა, მშობლებს დიდი ჯარიმა დაეკისროთ.

უნგრეთში ხუთ წელს მიღწეული ყველა ბავშვი ვალდებულია, იაროს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში, რომლის მიზანი დაწყებითი სკოლისთვის მომზადებაა. როცა ბავშვი ექვსი წლის ასაკს მიაღწევს, სკოლაში შეჰყავთ – მიიჩნევა, რომ ის უკვე საკმარისადაა მომზადებული სწავლის დასაწყებად. მიუხედავად ამისა, უნგრეთის განათლების კანონი მშობლებს საშუალებას აძლევს, შვილი სკოლაში ცოტა ადრე ან ცოტა გვიან შეიყვანონ. ბავშვებს, რომლებმაც მიაღწიეს განვითარების განსაზღვრულ დონეს, შეუძლიათ სკოლაში მისვლა, თუ ექვსი წელი წლის ბოლომდე ანუ 31 დეკემბრამდე შეუსრულდებათ. ასევე, მშობლის ინიციატივითა და ბავშვთა ფსიქოლოგის რეკომენდაციით, შეიძლება ბავშვის დატოვება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში, სანამ იგი არ მიაღწევს განვითარების იმ დონეს, რომელიც სკოლაში სწავლისთვის არის აუცილებელი.

უნგრულ სკოლებში სწავლა უფასოა ანუ მას სახელმწიფო აფინანსებს. ბიჭები და გოგონები ერთად სწავლობენ (მაგალითად, ბრიტანული და ავსტრალიური სკოლებისგან განსხვავებით). მოსწავლეებს სასკოლო ფორმა არ აცვიათ. ვიდრე მოსწავლე სკოლის ტერიტორიაზე იმყოფება, მის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად სკოლის ადმინისტრაციას ეკისრება.

სკოლა თანაბარ პირობებს უყენებს როგორც საკუთარ, ისე სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ მოსწავლეებს. სასტიკად იკრძალება ბავშვების დისკრიმინაცია როგორც მასწავლებლების, ისე თავად მოსწავლეების მხრივ კანის ფერის, ეთნიკური წარმომავლობისა თუ აღმსარებლობის მიხედვით.

უნგრეთში არსებობს კერძო სკოლებიც, რომელთა ნაწილი რელიგიური ორგანიზაციების მიერაა დაფუძნებული. მშობლებს უფლება აქვთ, საკუთარი მსოფლმხედველობის მიხედვით გადაწყვიტონ, რომელ სკოლაში შეიყვანონ შვილი. თუ, მაგალითად, მშობელი ეჭვობს, რომ მისი შვილი ამა თუ იმ სახის დისკრიმინაციას განიცდის, რომლის აღმოფხვრა მოცემული სასწავლო დაწესებულების ფარგლებში შეუძლებლად ეჩვენება, მას შეუძლია, საჩივარი შეიტანოს ბავშვის უფლებათა დამცველ უწყებაში ან მიმართოს ბავშვთა განათლების უფლებებზე მომუშავე ინსპექციას.

უნგრეთში სავალდებულოა სასკოლო პროგრამის დასრულება, როცა მოსწავლეს 16 (უმრავლეს შემთხვევაში) ან 18 წელი უსრულდება. ამრიგად, კანონი განათლების სავალდებულო ხასიათის შესახებ წყვეტს მოქმედებას იმ ახალგაზრდების მიმართ, რომელთაც მიაღწიეს 18 წელს.

სკოლის ადმინისტრაციას შეუძლია, თავად გადაწყვიტოს იმ ბავშვის მიღება-არმიღების საკითხი, რომელსაც არ გაუვლია ზემოხსენებული წინასწარი მომზადება, მაგრამ მშობლებს მიაჩნიათ, რომ მათი შვილი უამისოდაც გაართმევს თავს სასკოლო პროგრამას. ამ დროს ადმინისტრაცია კონსულტაციისთვის იწვევს შესაბამისი დარგის სპეციალისტებს, რომელთა აზრის გაუთვალისწინებლად ამ საკითხს არ წყვეტენ.

თუ ბავშვს აქვს ფიზიკური, მენტალური ან სხვა ნაკლი, სკოლა გამოწვლილვით შეისწავლის ამ საკითხს. თუ გაირკვევა, რომ ნაკლის გამოსწორება-დაძლევისთვის დროა საჭირო, ბავშვს ამის საშუალებას აძლევენ, მაგრამ ვადა არ აღემატება ორ წელს. თუ ამ ხნის განმავლობაში მდგომარეობა შესამჩნევად არ გამოსწორდა, მშობელს ორი ალტერნატივა აქვს – ან შინ მისცეს შვილს საშუალო განათლება, ან უნარშეზღუდული ბავშვებისთვის განკუთვნილ სპეციალურ სკოლაში მიაბაროს.

ზოგადი განათლების შესახებ კანონი უნარშეზღუდული ბავშვებისთვისაც უზრუნველყოფს სპეციალურ განათლებას. განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებს, პირველიდან ბოლო კლასამდე, შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ მათთვის შესაფერის მეცადინეობებში. როგორც უკვე ითქვა, კანონი ამგვარი განათლების ორ ფორმას განსაზღვრავს: შინ ან სპეციალურ სკოლებში სწავლას, რომელთა ფუნქციობაც განსაკუთრებული მეთვალყურეობით მიმდინარეობს.

უნგრეთში სრული სასკოლო განათლება გულისხმობს აუცილებელ და არააუცილებელ საკლასო გაკვეთილებს, დამატებით გაკვეთილებსა და ინდივიდუალურ მეცადინეობებს, ფიზიკურ აღზრდას, მაღალი კლასების მოსწავლეთათვის კი აუცილებელი მხოლოდ საკლასო გაკვეთილებზე დასწრებაა.

მშობლები პასუხისმგებელნი არიან ბავშვის დასწრებაზე. თუ მოსწავლე სკოლაში არ გამოცხადდა ან რომელიმე გაკვეთილი გააცდინა, სკოლის ადმინისტრაცია ამას დაუყოვნებლივ აცნობებს მშობლებს. შესაბამისი ცნობის წარმოდგენის შემთხვევაში გაცდენა საპატიოდ ითვლება. თუ გაკვეთილების არასაპატიო მიზეზით გაცდენა და სხვა დარღვევები დადასტურდა, მშობლები შვილებისთვის განკუთვნილ ფინანსურ თუ სხვა სახის შეღავათებს ვერ მიიღებენ. თუ მშობელს დიდი ხნით სურს ბავშვის სკოლიდან წაყვანა (მაგალითად, საზღვარგარეთ), ის ვალდებულია, რამდენიმე ხნით ადრე და შესაბამისი პროცედურების დაცვით წერილობით აცნობოს სკოლის დირექციას ამის შესახებ.

სკოლის დაწყებით კლასებში ყველა საგანს ერთი მასწავლებელი ასწავლის. მეხუთე კლასიდან მოსწავლეებთან მუშაობას იწყებენ საგნობრივი მასწავლებლები. ზოგად სასწავლო პროცესს კი კლასის დამრიგებლები კურირებენ. მასწავლებლები, რომლებსაც მოსწავლეთა აღზრდა-განათლებას ანდობენ, ვალდებულნი არიან, სათანადო კვალიფიკაციის მისაღებად 5-6-წლიანი მომზადება გაიარონ უნივერსიტეტის პედაგოგიურ ფაკულტეტებზე.

უნგრეთის სკოლებში სწავლება უნგრულ ენაზე მიმდინარეობს, მაგრამ არსებობს ისეთი სასწავლო დაწესებულებებიც, სადაც ყველა ან ზოგიერთ საგანს უცხო ენებზე ასწავლიან. სკოლებს უფლება აქვთ, საკუთარი სასწავლო პროგრამები შეიმუშაონ. სახელმძღვანელოებს მშობლები ყიდულობენ.

სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეებს აფასებენ როგორც წერილობითი ნაშრომების, ისე ზეპირი გამოკითხვის საფუძველზე. ამ შეფასებას დაწყებით კლასებში ტექსტობრივი (ანუ აღწერილობითი) ფორმა აქვს, მომდევნო კლასებში კი შეფასების ხუთქულიანი სისტემა მოქმედებს. ხუთიანი უმაღლესი ქულაა, ხოლო ერთიანი – ყველაზე დაბალი. შეფასების საშუალო მაჩვენებელი გამოჰყავთ წელიწადში ორჯერ.

მოსწავლეები კვირაში ხუთი დღე სწავლობენ. სწავლა დილის რვა საათზე იწყება. გაკვეთილი 45 წუთის განმავლობაში გრძელდება, შესვენებები კი ათწუთიანია. ბავშვები სამჯერ იკვებებიან: დილით, შუადღისას და ნაშუადღევს. თუ მშობელი სკოლას კვების გადასახადს არ უხდის, ის ვალდებულია, თავად უზრუნველყოს ბავშვის სამჯერადი კვება, მაგრამ უნდა გაითვალისწინოს, რომ სკოლაში არ შეიძლება ცხელი კერძის მიტანა. 

სკოლებს აქვთ გახანგრძლივებული ჯგუფებიც, სადაც დაკავებულ მშობლებს შეუძლიათ შვილების დატოვება. აქ ბავშვები მეთვალყურის დახმარებით ასრულებენ საშინაო დავალებებს.

უნგრეთში ყველა მოსწავლეს აქვს მოსწავლის ბილეთი, რაც მათ საშუალებას აძლევს, 50-პროცენტიანი ფასდაკლებით ისარგებლონ სხვადასხვა ტრანსპორტით მგზავრობისას, ასევე – მუზეუმებში, თეატრებსა და ზოგიერთ მაღაზიაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი