ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ინტეგრირებული გაკვეთილი მათემატიკა და მუსიკა

ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვამ თანამედროვე სკოლისა და სასკოლო განათლების მიზნები მნიშვნელოვნად შეცვალა. თუ წინა წლებში სწავლება ორიენტირებული იყო ფაქტების, ფორმულებისა თუ აქსიომების დამახსოვრებაზე, ახლა გაცილებით რთული გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ეროვნულმა სასწავლო გეგმამ მოქმედ მასწავლებლებს მიზნად დაუსახა მოსწავლეებში ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების ხელშეწყობა. ამ მიზნის მიღწევა მრავალი ხერხითაა შესაძლებელი. მათ შორისაა საგანთა ინტეგრირება.

რაც უფრო დაქუცმაცებულია მოსწავლისათვის სამყარო სხვადასხვა საგნად, მით უფრო უჭირს მას მისი აღქმა და შესწავლა, სხვადასხვა კონტექსტში მოვლენის ან თემის დანახვა. ამ ფონზე მნიშვნელოვანია, სხვადასხვა ტექნიკისა და მეთოდის მეშვეობით, მოსწავლეებს დავეხმაროთ აღიქვან სამყარო ერთიან, მთლიან ერთობლიობად და ვაჩვენოთ საგანთა შორის კავშირი. ეს მათ მომავალში დაეხმარება, შეძლონ ცალკეულ საგნებში შესწავლილის სინთეზი და  მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს.

საგანთა ინტეგრირება თანამედროვე სწავლების მნიშვნელოვანი კომპონენტია. ასეთი გაკვეთილები მოსწავლეების შინაგან მოტივაციას ერთიორად ამაღლებს და ზრდის საგნების მიმართ ინტერესს. მოსწავლეები ეჩვევიან ერთი და იმავე მასალის სხვადასხვა კონტექსტში დანახვას, რაც მათ უადვილებს ამა თუ იმ თემის შესწავლას. მნიშვნელოვანია, ისე დაიგეგმოს საგანთა ინტეგრირება, რომ გათვალისწინებული იყოს ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით ამ საგნების მისაღწევი შედეგები, ხოლო გაკვეთილის ორგანიზების ფორმა და დაგეგმილი აქტივობები ემსახურებოდეს ორივე საგანში შედეგების მისაღწევად განსაზღვრულ მიზნებს.

ინტეგრირებული გაკვეთილისთვის სწორად შერჩეული თემა განსაზღვრავს გაკვეთილის ეფექტურობას. მე-7 კლასში, წილადების თემის სწავლებისას, ჩავატარე მუსიკასთან ინტეგრირებული გაკვეთილი. საკუთარი პრაქტიკიდან გამომდინარე შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა, რომ ინტეგრირებული გაკვეთილი არის არაჩვეულებრივი საშუალება, მოსწავლეებმა დაინახონ საგანთა შორის კავშირი.

  თანამედროვე სკოლის ყველაზე დიდი პრობლემა მოსწავლეთა დაბალი მოტივაციაა. მასწავლებლების უმნიშვნელოვანესი ამოცანაა სხვადასხვა გზით შევძლოთ მათი დაინტერესება. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით მოსწავლეთა მაღალი სააზროვნო უნარების განვითარება ნებისმიერი მასწავლებლის მოვალეობაა, თუმცა მასწავლებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სწავლების დაწყებით საფეხურზე ასეთ მაღალ შედეგებზე ვერ გავალთ და ეს მიზნები მხოლოდ საშუალო საფეხურისთვისაა. არადა სხვადასხვა აქტივობითა თუ ორგანიზების ფორმით ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია. საგანთა ინტეგრირება იძლევა მიწოდებული მასალის ანალიზისა და სინთეზის საშუალებას.

მოგეხსენებათ რა მნიშვნელოვანი და აუცილებელია წილადების ცოდნა მუსიკის შემქმნელი ადამიანისთვისაც (კომპოზიტორისთვის). მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მუსიკალური ნაწარმოები ქაოტურად გამოიყურება, სინამდვილეში იგი საოცარი წესრიგითა და სიზუსტითაა შექმნილი. აქ კი უდიდესი როლი სხვადასხვა გრძლიობის ნოტებს ენიჭებათ. ყველა ტაქტის ზომა კი ერთი და იგივეა.

ჩვენ ვიფიქრეთ, რომ კარგი იქნებოდა, მოსწავლეებს გაეცნობიერებინათ მუსიკასა და მათემატიკას შორის კავშირი და მათემატიკური სიზუსტით შეექმნათ პატარა რიტმული ნახაზი. სასტარტო შეხვედრაზე მუსიკის მასწავლებელთან ერთად განვიხილეთ თემა და დავიწყეთ რესურსების მოძიება. თავდაპირველად დავადგინეთ ჩვენი ჩანაფიქრის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი პროგრამებისმიზნებსა და ინდიკატორებთან.

 

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით მე-7 კლასის მათემატიკის საგნობრივი სტანდარტი განსაზღვრავს:

მათ.VI.7. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ხერხით შეასრულოს მოქმედებები რაციონალურ რიცხვებზე და მოქმედებათა შედეგის შეფასება

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • იყენებს წილადის ძირითად თვისებას წილადებზე შეკრება-გამოკლების მოქმედებების შესრულებისას;

 

ხოლო მუსიკის მისაღწევ შედეგებში ვკითხულობთ:

მუს.VIL.1. მოსწავლეს შეუძლია იმპროვიზაციის პროცესში მონაწილეობა.

მუს.VII,3 მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა დავალებების შესრულება ( კომპიუტერული პროგრამების გამოყენება )

მუს.VII,4. მოსწავლეს შეუძლია მუსიკალური დამწერლობის გამოყენება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • ამოიცნობს ნოტების გრძლიობას;

. ალტერაციას და მის ნიშნებს;

  • ტაშით ან კაკუნით გადმოცემს რიტმულ ნახაზებს;

აქტივობების დაგეგმვა :ორივე საგნის მასწავლებლისთვის მისაღწევი შედეგი თვალსაჩინო იყო და შესაბამისად განისაზღვრა საგაკვეთილო მიზანიც. დავიწყეთ ფიქრი,  რა აქტივობებით შეგვეძლო მიზნის მიღწევა. გაკვეთილის თითოეული ფაზა გავთვალეთ დროის მიხედვით, მოვიძიეთ და შევქმენით რესურსები.

მოსწავლეებს დაფასთან ამოვახსნევინეთ რამდენიმე მაგალითი წილადების შეკრებასა და გამოკლებაზე. მათ შორის იყო სხვადასხვა მნიშვნელიანი წილადების შეკრება-გამოკლების მაგალითებიც. შეცდომები განვიხილეთ და ჩამოვაყალიბეთ წილადის ძირითადი თვისება- როგორ დავწეროთ მოცემული წილადის ტოლი წილადები.

გაკვეთილის მსვლელობისას, შემდეგ აქტივობაში ჩაერთო მუსიკის მასწავლებელი. მან გამოიყენა კითხვა-პასუხის მეთოდი და მოსწავლეემა უპასუხეს მის კითხვებს:

  • რა ზომისაა მთელი ნოტი ?(რამდენი თვლა აქვს)
  • როგორ იყოფა მთელი ნოტი? (1)
  • როგორ იყოფა ნახევარი ნოტი ?(1/2, 1/4; 1/4; 1/4)
  • როგორ იყოფა მერვედი ნოტი ?(1/8)
  • როგორ იყოფა მეოთხედი ნოტი ?(1/4)
  • როგორ ხდება ტაქტის აწყობა ზომის მიხედვით ? და ასე შემდეგ.

მაგალითები შეასრულეს დაფასთანაც და ფურცელზეც.

მუსიკის მასწავლებელმა განუმარტა მოსწავლეებს, რომ აუცილებელია ყველა ტაქტის ზომა იყოს ერთი და იგივე ანუ თანაბარი. მე მათ მივმართე კითხვით: როგორ შეიძლება გავიგოთ ტაქტის ზომები ნამდვილად არის თუ არა თანაბარი? აქ ხომ სხვადასხვა ტაქტში სხვადასხვა გრძლიობის ნოტების ერთობლიობაა. ისინი  ადვილად მიხვდნენ, რომ მათ შეეძლოთ ამის შემოწმება ნოტებზე უკვე მიწერილი ზომების, ანუ, წილადების შეკრების გზით. ეს იყო ნამდვილი აღმოჩენა მათთვის. ამ ბოლო აკორდამდე მათთვის წარმოუდგენელი იყო მუსიკისა და მათემატიკის ასეთი საოცარი და მჭიდრო კავშირი. მარტივად მივედით დასკვნამდე, რომ ბუნებაში არაფერი არსებობს განყენებულად. არც ერთი საგანი ცალკე არაფერს წარმოადგენს. სინამდვილეში სამყაროს შესახებ ცოდნა ყველა საგნის ცოდნის ერთობლიობაა და ხშირ შემთხვევაში, ძალიან ძნელი მისახვედრია, სად მთავრდება ერთი საგნის შესახებ ცოდნა და იწყება მეორე. ამის შემდეგ ჩვენ შევკრიბეთ თითოეულ ტაქტში წილადები და ასე გავარკვიეთ, რამდენად სწორად იყო ჩაწერილი კარნახი. მოსწავლეებმა დაგეგმილი აქტივობებითა და წინარე ცოდნით თვალნათლივ დაინახეს მათემატიკისა და მუსიკის მჭიდრო კავშირი.

გაკვეთილის რეფლესიის ფაზაზე მოსწავლეებს დავუსვით შეკითხვები და მივეცით საშუალება უფრო ფართოდ გაშლილიყო თემა. ვთხოვეთ მათ, ეპასუხათ გაკვეთილის დასაწყისში დასმულ შეკითხვაზე: რა კავშირი ჰქონდათ მუსიკალურ ნაწარმოებსა და წილადებს ერთმანეთთან. ბავშვები ხალისით პასუხობდნენ კითხვაზე და გაოცებას ვერ მალავდნენ ამ კავშირების გამო. ამ გზით მათ სხვადასხვა რაკურსით შეხედეს წილადებს. თვალნათლივ დაინახეს მისი საჭიროება არა მხოლოდ ვაშლისა და პიცის გაყოფისას, არამედ სხვა, თითქოს მისგან თვისობრივად განსხვავებული საქმის შესრულების პროცესშიც.

გამოყენებული მეთოდის დადებითი მხარეები: მოსწავლეებმა ამ გაკვეთილის ჩატარებამდე უკვე იცოდნენ წილადის რაობა, არსი, წილადი, როგორც მთელის ნაწილი; წილადი, როგორც გაყოფის შედეგი და ამ ფონზე თემის ინტეგრირებამ საშუალება მოგვცა, მოსწავლეებს გაეანალიზებინათ და დაენახათ წილადების შესახებ ცოდნის მნიშვნელობა და საჭიროება.

როდესაც გაკვეთილებზე დაფასთან ვასრულებთ წილადებზე მოქმედებებს, განვიხილავთ შეკრებისა თუ გამოკლების სხვადასხვა მაგალითს, მოსწავლეების დაინტერესება გაცილებით დაბალია. წარმოდგენილი აქტივობებით კი მათი მოტივაცია იყო ძალიან მაღალი. მათ რეალურად აინტერესებდათ, რა პასუხი ექნებოდა თითოეულ მათგანს გაკვეთილის დასაწყისში დასმულ შეკითხვაზე. გარდა ამისა, აქტივობები ისე იყო დაგეგმილი, რომ გაკვეთილის დასაწყისიდანვე თითოეული მათგანი თავად წერდა მუსიკალურ ნახაზს და ბოლოს თავად მიხვდნენ და აღმოაჩინეს, თუ როგორ უნდა გაეგოთ თანაბარი იყო თუ არა ყველა ტაქტის ზომა. მიზნის მისაღწევად ყველა აქტივობა ისე იყო გადაჯაჭვული ერთმანეთთან,  რომ ბავშვებს არ გასჭირვებიათ თავად ეპოვათ პასუხები დასმულ კითხვებზე.

აღნიშნული მეთოდით სხვა დროსაც ჩაგვიტარებია სხვადასხვა საგანთან ინტეგრირებული გაკვეთილი და დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ყოველთვის ერთიორადაა გაზრდილი მოსწავლეთა ინტერესი და მნიშვნელოვნად გამარტივებული ეროვნული სასწავლო გეგმით დასახული მიზნების მიღწევა.

დასკვნა:გაკვეთილის ბოლოს, აუცილებელია, მასწავლებლებმა თვითშეფასება გააკეთონ და გააანალიზონ გაკვეთილი:

  • რამდენად ჩანდა გაკვეთილის მიზანში საგანთაშორის ინტეგრაცია?
  • აღმოჩნდა თუ არა აქტივობები მიზნის შესაბამისი?
  • მიეცათ თუ არა მოსწავლეებს საშუალება, მოეხდინათ ცოდნის სინთეზი?
  • მიეცათ თუ არა მოსწავლეებს საშუალება, საკითხების შეჯამებისას წინარე ცოდნა გამოეყენებინათ?

მოცემულ გაკვეთილში იმდენად ნათელი იყო აქტივობების შესაბამისობა გაკვეთილის მიზანთან, რომ მოსწავლეებმა ნამდვილად შეძლეს დაენახათ წილადებზე მოქმედებების ცოდნის მნიშვნელობა სხვადასხვა სიტუაციაში. ნათელი იყო ცოდნის სინთეზი. მათ წინარე ცოდნაზე დაყრდნობით შეძლეს და მოახდინეს ცოდნის ტრანსფერი. ეს აღმოჩენა იყო საკმაოდ მოულოდნელი მათთვის. მათი ემოცია იყო გულწრფელი. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ საგაკვეთილო პროცესში აქტიურად იყნენ ჩართულნი დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებიც.  გაკვეთილზე გამოყენებული იყო მოსწავლეთა ურთიერთშეფასება, რაც ასევე კარგი აქტივობაა მოტივაციის ასამაღლებლად.

ერთი მხრივ, ინტეგრირებული სწავლება მოსწავლეს ეხმარება ცოდნის განზოგადებაში, ხოლო, მეორე მხრივ, იგი ახდენს ცალკეულ დისციპლინებში მიღებული ცოდნის სინთეზს. შედეგად მოსწავლე სამყაროს დანაწევრებულად აღარ აღიქვამს, არამედ მას ერთ მთლიანობად წარმოიდგენს.

ინტეგრირებული გაკვეთილებით მოსწავლე სწავლობს, თუ როგორ უნდა დააკავშიროს სხვადასხვა დისციპლინაში მიღებული ცოდნა ერთმანეთთან ან ერთი საგნის წინარე ცოდნა როგორ გამოიყენოს მეორე საგანში ასათვისებელი მასალის საფუძვლად. საბოლოო ჯამში კი მოსწავლეებს უმარტივდებათ სწავლების პროცესი.ისინი მეტი მონდომებით და ინტერესით ითვისებენ მასალას.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. განვითარებისა და სწავლების თეორიები – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, თბილისი, 2008 წ;
  2. ბოჭორიშვილი მ., ნამიჭეიშვილი ნ. – ინტერაქტიული სწავლება – თბილისი, 2013 წ;
  3. https://mastsavlebeli.ge/?action=page&p_id=19&id=439

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი