საერთაშორისო სასკოლო ინტერნეტპროექტები

ინტერნეტის მეშვეობით განხორციელებული საერთაშორისო სასკოლო პროექტები სულ უფრო დიდ ადგილს იკავებს ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში. მათი მიზანი სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეთა ერთმანეთთან დაკავშირება და საინტერესო, შემეცნებით ერთობლივ საქმიანობაში ჩაბმაა. ინტერნეტის საერთაშორისო სასკოლო პროექტებში მონაწილეობა ამაღლებს მოსწავლეთა როგორც ენობრივ, საკომუნიკაციო და ინტერკულტურულ უნარ-ჩვევებს, ისე მათ კომპეტენციებს ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში.

 

 

მსგავსი პროექტები უმთავრესად იმით გამოირჩევა, რომ მათი წარმოება ინტერნეტის (ელექტრონული ფოსტით მიმოწერის, ვებგვერდებზე მასალის განთავსების) მეშვეობით ხდება. პროექტი შესაძლებელია მოიცავდეს ისეთ დარგებს, როგორებიცაა სამოქალაქო განათლება, ისტორია და კულტურა, ბუნებისმეტყველება, ეკოლოგია და მრავალი სხვა. ასეთი პროექტები განსაკუთრებით საინტერესოა უცხოური ენების დაუფლების კუთხით, რადგან, ბუნებრივია, საერთაშორისო სასკოლო პროექტების უცხოურ ენაზე ხორციელდება.

 

ხშირად სასკოლო პროექტების იდეა თვითონ სკოლებში იბადება. სკოლები აყალიბებენ პროექტების მიზნებსა და მათი განხორციელებისთვის საჭირო პირობებს და ეძებენ უცხოელ პარტნიორებს, რომლებიც მათ მიერ შემუშავებულ პროექტში მონაწილეობისა და ამა თუ იმ დარგში ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებია სურვილს გამოთქვამენ. უცხოელი პარტნიორების ძებნაში სკოლებს პროექტების ვებგვერდები ან საერთაშორისო ვებგაერთიანებები ეხმარება.

არსებობს არაერთი ვებგაერთიანება, რომლებიც პროექტში მონაწილეობის მსურველი სკოლების/კლასების ერთმანეთთან კავშირსა და პროექტის მსვლელობისათვის საჭირო სივრცეებს უზრუნველყოფს ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კუთხით. საერთაშორისო დონეზე აღიარებული პროექტებია: e-twining (პროექტის Comenius ფარგლებში), iEarn, European Schools Project, European Collaborative Learning Network (Ecole), The Image of the Other და მრავალი სხვა. ზოგიერთი მათგანი მხოლოდ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოიცავს, ხოლო ზოგი – ევროსაბჭოში შემავალი ქვეყნების სკოლებს.

იმის გამო, რომ სკოლები ინტერნეტის მეშვეობით ურთიერთობენ, ასეთი პროექტები ხშირად არც რაიმე სახის დაფინანსებას მოიაზრებს და არც პირისპირ შეხვედრებს გულისხმობს. საერთაშორისო სასკოლო პროექტში შესაძლოა მონაწილეობდეს ორი ან მეტი სკოლა/კლასი, პროექტის მიზნებისა და ამოცანების, აგრეთვე მონაწილე მხარეების სურვილისა და საჭიროებების მიხედვით.

საერთაშორისო სასკოლო პროექტების ფარგლებში პარტნიორ სკოლებს საშუალება ეძლევათ იმუშაონ ყოველი მონაწილე მხარისათვის საინტერესო თემებზე. წარმატებულად მიიჩნევა ისეთი პროექტები, რომლებიც ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებისა და კარგად დაგეგმილი აქტივობების ბალანსს წარმოადგენს. გარდა ამისა, ძალზე მნიშვნელოვანია, მსგავსი პროექტები წარმატებით ეხმიანებოდეს მონაწილე სკოლების ეროვნულ სასწავლო გეგმებს.

საერთაშორისო სასკოლო პროექტებში მონაწილეობის მისაღებად სულაც არაა აუცილებელი, რომ მონაწილე კლასის/სკოლის მასწავლებელი ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში დახელოვნებული იყოს. პირიქით, ასეთი პროექტები უმთავრესად მონაწილე მხარეთა ისტ-კომპეტენციების ამაღლებას და საინფორმაციო ტექნოლოგიების მათ ყოველდღიურ სამუშაოში ინტეგრირებას ითვალისწინებს.

პროექტის თემა შესაძლოა იყოს როგორც საგნობრივ, ისე გამჭოლ კომპეტენციებზე ორიენტირებული. ინფორმაციულ-საკომუნიკაციო უნარების ინტეგრაცია მსგავს პროექტში აუცილებელ პირობად და მოცემულობად გვევლინება. ზოგჯერ ასეთი პროექტები სწორედ ისტ-კომპეტენციების ამაღლებასა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ყოველდღიურ სასწავლო პროცესში ინტეგრირებას ემსახურება.

საერთაშორისო სასკოლო ინტერნეტპროექტები ძალზე წარმატებულად მიიჩნევა უცხოური ენების სწავლებისას. სამიზნე ენის მატარებლებთან ან სამიზნე ენის შემსწავლელ უცხოელ პარტნიორებთან პროექტის წარმოება წარმატებულია სხვადასხვა ასპექტით. პირველ შემთხვევაში მოსწავლეებს ენის მატარებლებთან კომუნიკაციის საშუალება ეძლევათ, ხოლო მეორე შემთხვევაში პარტნიორები ცოდნასა და უნარ-ჩვევებს ერთმანეთს უზიარებენ. მთავარი კი ის არის, რომ უცხოელ თანატოლებთან მიმოწერისას მოსწავლეები ეუფლებიან წერითი კომუნიკაციისა და სწავლის სწავლისთვის საჭირო ღირებულ უნარ-ჩვევებს, აგრეთვე – ინტერკულტურულ და სოციოკულტურულ უნარებს.

პროექტების თემატიკა შესაძლოა სხვადასხვანაირი იყოს, დაწყებული ისეთი გლობალური საჭირბოროტო საკითხებიდან, როგორებიცაა ეკოლოგია, გეოგრაფია, ბავშვთა უფლებების დაცვა, ცხოვრების ჯანსაღი წესი მოსწავლეთა შორის. ხშირია პროექტები საბუნებისმეტყველო და ისტორიული, კულტურული და სოციოკულტურული თემატიკის შესახებ – ”ჩემი ქვეყანა”, ”ჩემი ქალაქი”, ”ჩემი სოფელი” და სხვა.

გლობალური თემატიკის ირგვლივ აგებულ საერთაშორისო პროექტში მონაწილეობა შესაბამისი ენის სათანადო დონეზე ფლობას მოითხოვს. რაც შეეხება ინტერკულტურული შინაარსის პროექტებს, – ისეთებს, როგორებიცაა ”ჩემი ქვეყანა”, ”ჩემი ქალაქი” და სხვა, – მათში მონაწილეობა იმ მოსწავლეებსაც შეუძლიათ, რომლებმაც ახლახან დაიწყეს უცხოური ენის შესწავლა. მასალა მხოლოდ განვლილ მარტივ ლექსიკასა და სამეტყველო ფუნქციებს მოიცავს და მარტივი ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლით შემოიფარგლება. დამწყებ ენის შემსწავლელთა შორის წარმოებული პროექტების ფარგლებში უმთავრესად ელექტრონული მიმოწერა და ინტერკულტურული და სოციოკულტურული ინფორმაციის გაზიარება ხდება. ელექტრონული კორესპონდენციის თემები შესაძლოა შემდეგნაირი იყოს: ”გაცნობა”, ”მიმოწერის მეგობარი”, ”ჩემი ოჯახი, ”ჩემი ჰობი”, ”ჩემი სახლი/ ბინა”, ”ჩემი სკოლა”, ”ჩემი ქვეყანა” და სხვა. ასეთი ელექტრონული წერილები შესაბამის თვალსაჩინოებასა და ილუსტრაციებს მოითხოვს. მნიშვნელოვანია, რომ ყოველ წერილს მოსწავლეებმა შესაბამისი თემატიკის შესახებ კითხვებიც დაურთონ, რათა რესპონდენტ/პარტნიორ მოსწავლეს შეეძლოს, საპასუხო წერილში გამოეხმაუროს მონათხრობს და თავის თავზე, თავის სკოლაზე, ქალაქზე და ა.შ. მოუთხროს თანატოლს.

უცხოური ენის მასწავლებლის როლი ელექტრონული წერილის წერისას მნიშვნელოვანია შემდეგი კუთხით: მან მოსწავლეებს უნდა ასწავლოს სამიზნე ენაში კორესპონდენციისთვის მისაღები კლიშეების მართებულად გამოყენება, მისალმების, დამშვიდობებისა თუ მიმართვის ფორმულები იქნება ეს, კორესპონდენციის ტიპის (ოფიციალური წერილი, მეგობრული წერილი) შესაბამისი თხრობის ფორმები, რეგისტრი – თავაზიანი/მეგობრული, დათარიღება თუ სხვა. გარდა ამისა, მასწავლებელმა მოსწავლეებთან სტილისტიკური და ენობრივი შეცდომების აღმოსაჩენად და აღმოსაფხვრელადაც უნდა იმუშაოს, რაც აამაღლებს მოსწავლეთა არა მარტო წერით-საკომუნიკაციო, არამედ ზოგად ენობრივ უნარ-ჩვევებსა და ცოდნის დონეს.

რაც შეეხება უცხოური ენების შემსწავლელ საქართველოს სკოლების მოსწავლეებს, უცხოური ენების განახლებულ სასწავლო გეგმაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ენის პრაქტიკული გამოყენების (მედიაციის) მიმართულებას, რომელიც ამა თუ იმ პროექტის უცხოურ ენაზე წარმოებას გულისხმობს. გარდა ამისა, ახალ სასწავლო გეგმაში ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სწავლის სწავლის მიმართულების მნიშვნელოვან ასპექტად გვევლინება. უდავოა, რომ სასწავლო გეგმის ორივე ზემოხსენებული მიმართულება წარმატებით პოვებს განვითარებას მსგავს პროექტებში მოსწავლეთა მონაწილეობისას.

საერთაშორისო ინტერნეტპროექტში მონაწილეობას მოსწავლეთათვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სარგებლობა მოაქვს, რაც, თავის მხრივ, ეროვნული სასწავლო გეგმის უმნიშვნელოვანესი მიმართულების – სწავლის სწავლის უნარის განვითარებას უწყობს ხელს. კერძოდ, პროექტთან დაკავშირებულ საქმიანობაში შესაძლებელია მონაწილე კლასის უკლებლივ ყველა მოსწავლის ჩაბმა, განურჩევლად მათი კომპეტენციების დონისა და აკადემიური მოსწრებისა. როგორც ყველა ჯგუფური სამუშაო, პროექტში მონაწილეობაც ხომ გასხვავებული იდეებისა და უნარების ერთობლიობას, აგრეთვე – გუნდურ სულისკვეთებას მოითხოვს: ზოგიერთი მოსწავლე შესაძლოა მუშაობდეს ტექსტობრივ მასალაზე, ზოგი – საჭირო ინფორმაციის მოპოვებასა და დამუშავებაზე, ზოგი – თვალსაჩინოებაზე, ზოგი კი ისტ-საქმიანობას თაოსნობდეს. ყოველივე ეს უფრო სახალისოს ხდის და მოტივაციას მატებს სასწავლო პროცესს.

ზემოხსენებულ პროექტებში მონაწილეობისას ევროსაბჭოსა და ევროკავშირის არაერთი ქვეყნის სკოლა, კლასი თუ ცალკეული მოსწავლე წარმატებას აღწევს. ვიმედოვნებთ, ამ ასპარეზზე სულ მალე საქართველოს სკოლებიც დაიმკვიდრებენ ადგილს.

კომენტარები

comments