სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

კურიკულუმის მიღმა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის მიხედვით, დღევანდელ სკოლაში წახალისებულია არაფორმალური განათლება, ეს კი სხვადასხვა სახის საქმიანობასთან ერთად წრეებისა და კლუბების შექმნასაც გულისხმობს. წრეები და კლუბები სხვადასხვა ფორმატის შეიძლება იყოს. სკოლა თავად უნდა სთავაზობდეს მოსწავლეებს კლასგარეშე აქტივობებისთვის განკუთვნილ სექციებს. ამავდროულად ის მზად უნდა იყოს, მოსწავლეთა ინიციატივები წაახალისოს და მოქმედ ჯგუფებს ახლებიც დაუმატოს, თუკი ამის განხორციელებისათვის ელემენტარული ბაზა არსებობს. წრეებსა და კლუბებში გაწევრიანება უმეტესად ინტერესების მიხედვით ხდება და თუ მოსწავლე თავის ინტერესებს ვერც ერთს ვერ მიუსადაგებს, სკოლაში კი მისნაირი ინტერესების მქონე სხვა მოსწავლეებიც არიან, მას უნდა მიეცეს საშუალება, ახალი კლუბი დააფუძნოს. სკოლის მხრიდან ასეთი ინიციატივის ხელშეწყობა საკმაოდ მარტივია (თუნდაც არასამუშაო დღეებში თავისუფალი სივრცის გამოყოფა). კლუბები და წრეები მრავალნაირია. ერთი იზიდავს მეცნიერებით დაინტერესებულ ბავშვებს, მეორე – ნორჩ გამომგონებლებს. ზოგი მოსწავლე ინტელექტუალური თამაშებითაა გატაცებული, ზოგს წაკითხული წიგნების სხვებთან ერთად გარჩევა სურს. ხელმარჯვე მოსწავლეები “პროფესიულ” უნარებს იძენენ და ოსტატდებიან, სხვები კი მომავალში ლიდერობისთვის ემზადებიან.      

არ მეგულება საქართველოს ქალაქების არც ერთი სკოლა, სადაც თუნდაც ერთ მასწავლებელს ერთხელ მაინც არ განეხორციელებინოს სკოლის სცენაზე რაიმე დადგმა. ამ წერილში მკითხველის ყურადღება სწორედ სკოლაში დრამის როლზე მინდა გავამახვილო. მიუხედავად იმისა, რომ დრამა, როგორც საგანი, გათვალისწინებული არაა სკოლების კურიკულუმში, მასწავლებლები მაინც ძებნიან დამატებით დროს, არჩევენ პიესას, უთანხმდებიან მშობლებს, რეპეტიციებზე რჩებიან მოსწავლეებთან ერთად და ბოლოს წილად ხვდებათ სულ რამდენიმეწამიანი ან რამდენიმეწუთიანი ტაში. ეს დამსახურებული ოვაცია კი წვალებად ნამდვილად ღირს.

სკოლის ფარგლებში დრამატული წრეების არსებობას მართლაც მრავალი სარგებლის მოტანა შეუძლია მოსწავლეებისთვის. ერთ-ერთი ასეთი ელემენტია ხმის აწევის ხარჯზე მორცხვობის დაძლევა და სითამამის განვითარება. ვინაიდან ზოგიერთი მოსწავლე ბუნებით მორცხვია, მათ საკმაოდ უჭირთ გაკვეთილზე ხმამაღლა საუბარი. სპექტაკლზე მუშაობის პროცესში კი ასეთ მოსწავლეებს აუცილებლად დასჭირდებათ საკუთარი ხმის დამორჩილება და მისი მართვა. გარდა ამისა, მორცხვ მოსწავლეებს (და, რა თქმა უნდა, გამბედავებსაც) მოუხდებათ თავიანთი მოძრაობების დახვეწაც, რათა სწორად გამოხატონ მორგებული ხასიათი და მიბაძონ პერსონაჟს. აღსანიშნავია, რომ დრამის (კერძოდ, ტრაგედიის) მნიშვნელოვან როლზე ჯერ კიდევ არისტოტელე საუბრობდა. მას მიაჩნდა, რომ მაყურებელი, სპექტაკლის ყურებისას, მსახიობს ჰბაძავს. ამგვარი მიბაძვა, ანუ მიმესისი შესაძლებელია არსებული დისტანციიას ხარჯზე. ასეთ დროს მაყურებლის სულში თანაგრძნობა აღიძვრება და, შესაბამისად, იგი განიწმინდება, ანუ განიცდის კათარსისს. თუკი მაყურებელი იხვეწება და უკეთესი ხდება, წარმოიდგინეთ, რამდენად დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია სწორად შერჩეულ როლს მოსწავლეზე. აქ მასწავლებლის ინტუიციას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება: ზოგჯერ უარყოფითი როლის შესრულება მოსწავლეს საკუთარ ნაკლს მიახვედრებს, ზოგჯერ კი პირიქითაა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ნაწარმოების სცენაზე გაცოცხლებით ახალგაზრდები უკეთ ეცნობიან ლიტერატურულ ნიმუშებს, ხანდახან ისტორიასაც, როლზე მუშაობა კი საშუალებას აძლევს მათ, დაფიქრდნენ კონკრეტულ საკვანძო საკითხებზე, ტექსტზე, გააანალიზონ პერსონაჟის ხასიათი.  სპექტაკლში მონაწილეობით ბავშვს უვითარდება პასუხისმგებლობის გრძნობა თანაგუნდელთა წინაშე, ვინაიდან გუნდური მუშაობის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია დასახული მიზნის მიღწევა (არ ვსაუბრობ ე.წ. ერთი მსახიობის თეატრზე). გარდა ამისა, სპექტაკლებში მონაწილეობა ბუნებრივად ავითარებს კომუნიკაციურ უნარებს – მეტყველების, ჟესტების, მიმიკების დახვეწა იმდენად თავისთავად მიმდინარეობს, რომ საბოლოო შედეგით ბევრი გაკვირვებულიც კი რჩება. 

არ შემიძლია, არ შევეხო ენის ფუნქციას დრამაში. ჩვენში არასწორადაა მიჩნეული, რომ სპექტაკლის დადგმა, უცხო ენის უკეთ შესწავლის მიზნით, ძირითადად უცხო ენის მასწავლებლების პრეროგატივაა. რა თქმა უნდა, დრამატული წრეები და კლუბები საუკეთესო გარემოა იმისათვის, რომ უცხო ენის შესწავლისას პრაქტიკაში მოხდეს თეორიული ცოდნის გადმოტანა – გამოთქმით დაწყებული ლექსიკის გამდიდრებით დამთავრებული. მე თვითონ სკოლის პერიოდში ორ სპექტაკლში მივიღე მონაწილეობა და არასოდეს დამავიწყდება, რეპეტიციებიდან მოსული, როგორი აღტყინებით ვასწავლიდი ჩემს უმცროს დას მთელი პიესის ტექსტს ინგლისურ ენაზე და შემდეგ როგორი სიხარულით ვთამაშობდით სახლში მთელ სპექტაკლს, „ტომ სოიერს”. ეს ხდებოდა თითქმის ყოველდღე, ხან მე ვიყავი ტომი და ჩემი და – ყველა დანარჩენი პერსონაჟი და ხანაც – პირიქით. როდესაც გავიზარდე, მივხვდი, რომ ზოგიერთი სიტყვა შეცდომით მქონდა დამახსოვრებული, ვინაიდან დაწერილი მთლიანი ტექსტი არ მქონდა და, როგორც ჩანს, სმენით ყველაფერს სწორად ვერ აღვიქვამდი (მაგ., გვიან მივხვდი, რომ, როდესაც ჰეკლბერი ფინი ტომ სოიერს მკვდარი კატის საშუალებით მეჭეჭებისგან განკურნებაზე ესაუბრება, „თუ ქიარ ვერთს” კი არა, “to cure warts” უნდა მეთქვა).  და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ რაღაცას არასწორად ვიმახსოვრებდი, ჩემი ლექსიკა ძალიან გამდიდრდა ახალი სიტყვებით და გამოთქმებით.

დრამატული წრეების ამოქმედება, როგორც აღვნიშნე, არასწორადაა მიჩნეული მხოლოდ უცხო ენის მასწავლებლების პრეროგატივად. სცენაზე სხვადასხვა ნაწარმოების გაცოცხლება მშობლიური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ფუნქციაცაა. არ არის აუცილებელი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მხოლოდ მშობლიურ ენაზე შექმნილ ნაწარმოებებს მიაპყროს ყურადღება. ჩვენ გვაქვს ისეთი თარგმანებიც, რომლებიც თამამად იკავებს ადგილს ეროვნულ საგანძურში. გავიხსენოთ ქართული თეატრის ისტორია, როგორი წარმატებით იდგმებოდა ჩვენს სცენებზე თუნდაც მაჩაბლისეული თარგმანები. აკაკი ბაქრაძე აღნიშნავდა, რომ ქართული თეატრი იყო ადგილი, სადაც ამაყად გაისმოდა ქართული მეტყველება და საიდანაც მსმენელები წმინდა, შეუბღალავ ქართულს ისმენდნენ. მაშინ, როდესაც სხვა დაწესებულებებიდან სასტიკად იდევნებოდა ქართული ენა, ხალხის ნაწილი თეატრში სწორედ მის მოსასმენად მიდიოდა. სხვა სიკეთეებთან ერთად, აი, სწორედ ესაა სკოლებში დრამის კლუბის ჩამოყალიბების მიზანი. მოსწავლეებს გამართული, შეუბღალავი ენა უნდა ვასწავლოთ და ლექსიკის გამდიდრების საშუალება მივცეთ.

აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ტიპის კლუბებისა და წრეების შექმნა მსოფლიოში აღიარებულ ზოგიერთ პროგრამაშიცაა წახალისებული. ერთ-ერთი ასეთი პროგრამა საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამაა. კასი ამ პროგრამის სავალდებულო ნაწილია და, სხვა საგნებისგან განსხვავებით (რომლებიც გამოცდებით სრულდება), ის ჩათვლით ბოლოვდება. როგორი მაღალი ქულებიც არ უნდა დაიმსახუროს მოსწავლემ საგნებში, თუკი მას კასის ჩათვლა არა აქვს, დიპლომს ვერ მიიღებს. კასი აბრევიატურაა და კრეატიულობას, აქტიურობას და სერვისს აღნიშნავს. პირველი კომპონენტი – კრეატიულობა სწორედ მოსწავლეთა იმგვარ საქმიანობას გულისხმობს, რომელიც სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე ორიენტირებულ კლუბებსა და წრეებს უკავშირდება. ერთ-ერთი ასეთი კლუბი/წრე დრამისაა, რომელიც კარგად ავლენს მასში გაერთიანებულ მოსწავლეთა შემოქმედებითობას. სასურველია, ჩვენც გავითვალისწინოთ საერთაშორისო ბაკალავრიატის ზოგიერთი გამოცდილება (მით უმეტეს, რომ მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის მიხედვით, კლუბებისა და წრეების შექმნა არაფორმალური განათლების ნაწილადაა მიჩნეული და წახალისებული ჩვენს სკოლებში). კლუბების/წრეების შექმნის შემთხვევაში, ჩვენც მოვთხოვოთ მოსწავლეებს პორტფოლიოს შექმნა, სადაც აღწერენ, თუ რა შედეგი მიიღეს მას შემდეგ, რაც გაერთიანდნენ ამა თუ იმ კლუბში/წრეში. პორტფოლიოს შექმნა კასის წარმატებით დასრულების საწინდარია. მასწავლებელი აფასებს პორტფოლიოს, სადაც მოსწავლე აღწერს, თუ რა შედეგი მიიღო, რა ისწავლა, როგორ გაიზარდა, როგორ გამოავლინა ძლიერი მხარეები და დაძლია სისუსტეები, როგორ ისწავლა გეგმის განხორციელება და გუნდური მუშაობა, როგორ მიეჩვია საქმის ერთგულებას და როგორ ჩამოუყალიბდა ხასიათი. დამერწმუნეთ, ნებისმიერი საინტერესო საქმიანობის შედეგის აღწერა ისეთივე სასიამოვნოა, როგორც თავად ეს საქმიანობა. დაეხმარეთ მოსწავლეებს კლუბების შექმნაში, დადგით სკოლის სცენაზე სპექტაკლები, წაახალისეთ მოსწავლეთა კრეატიულობა და აღწერეთ მიღებული შედეგი, გაუზიარეთ თქვენი გამოცდილება თქვენს კოლეგებს.                

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი