უმართავი ბავშვები

უმართავი ბავშვი ბევრი მშობლისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ისინი, როგორც წესი, გაურბიან ასეთ ბავშვთან ერთად უცხო საზოგადოებაში მოხვედრას. ასევე, შიში იპყრობთ, როდესაც ოჯახში სტუმრად უცხო ადამიანი მოდის, რადგანაც არ იციან, თუ რას მოიმოქმედებს მათი პატარა, რა „სპექტაკლს დადგამს“  უცხო ადამიანების საყურებლად. იმისათვის, რომ ასეთ ბავშვთან ურთიერთობის სწორი ქცევითი სტრატეგია შევიმუშაოთ, სასურველია ვიცოდეთ, რა ქცევითი მახასიათელებით გამოირჩევა ის და რა მიზეზები განაპირობებს მის ქცევას.

უმართავი ბავშვის ძირითადი ქცევითი მახასიათებლები:

  • უფროსების მოთხოვნების შეუსრულებლობა და წესებისადმი დაუმორჩილებლობა;
  • მოჭარბებული მოტორული აქტივობა – ყველგან ძვრება, ყველაფერს ეხება, ყველაფრის ხელში ჩაგდება სურს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ის ერთდროულად რამდენიმე ადგილასაა;
  • უყურადღებობა, უნებისყოფობა – ის ხან ერთ საქმეს კიდებს ხელს, ხან მეორეს, მაგრამ, ბოლომდე არაფერი მიყავს;
  • თავშეუკავებლობა – უმართავი ბავშვი სერიოზულ პრობლემებს უქმნის მასწავლებლებს თავისი თავშეუკავებლობით. უყვარს დასმულ შეკითხვებზე პასუხის ადგილიდან წამოძახება, ისე, რომ არც ფიქრობს შეკითხვის არსზე. გაკვეთილზე ყოველთვის პირველი გამორბის საპასუხოდ, თუმცა, გამოსვლის შემდეგ არ იცის რა თქვას;
  • მოსმენის უუნარობა – არ ესმის მისკენ მიმართული, მისი მისამართით ნათქვამი სიტყვები. ისე იქცევა, თითქოს მის გვერდით არავინ არის;
  • თანატოლებთან ურთიერთობის უუნარობა – არ შეუძლია ბავშვებთან თამაში, პირველივე წუთებიდან მათი ურთიერთობა ჩხუბში გადადის;
  • შენიშვნებზე არაადეკვატური რეაგირება – სრულიად უმნიშვნელო შენიშვნაც კი მასში აგრესიას იწვევს, იწყებს თავის მართლებას, ყველას საყვედურობს, ჩხუბობს და თავისას აგრძელებს; ჩნდება იმის საფრთხე, რომ რაღაცას დაამსხვრევს, გატეხს, ვინმეს ზიანს მიაყენებს.

დღეს, როგორც წესი, ბავშვის ზემოაღწერილ ქცევით მახასიათებლებს მის ჰიპერაქტიურობას მიაწერენ. რა თქმა უნდა, ბავშვის უმართავი ქცევის ერთ-ერთი მიზეზი ნამდვილად არის ჰიპერაქტიურობა, თუმცა, ის არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი მიზეზი. და, თუ ჩვენ გვინდა, რომ პატარას ქცევა მართვადი გავხადოთ, უნდა ვიპოვოთ ის რეალური მიზეზი, რომელიც მას ამგვარი მოქმედებისკენ უბიძგებს. ამასთან, გავითვალისწინოთ, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ეს მიზეზი შეიძლება განსხვავებული იყოს.

ბავშვის უმართავი ქცევის მიზეზები:

  • განვითარების თანდაყოლილი, ფსიქოფიზიოლოგიური თავისებურებები. ჰიპერკინეტიკური სინდრომი, რომელიც მოჭარბებულ ქაოსურ და უნებლიე მოძრაობებში იჩენს თავს და ქცევის დარღვევის სახით ვლინდება;
  • განვითარების კრიტიკული პერიოდები და ამ პერიოდებისთვის დამახასიათებელი ნიშნები – თუ ვამჩნევთ, რომ პატარა გახდა ჭირვეული, ჯიუტი, გაუგონარი და ჩვენს შენიშვნებზე ისტერიკით პასუხობს, დიდი ალბათობით ასეთი უმართავი ქცევის მიზეზი ასაკობრივი კრიზისია. ამგვარ სირთულეებს ვაწყდებით 1 წლის, 3-5 წლამდე და გარდამავალი ასაკის, მოზარდობის პერიოდის ბავშვებთან. უნდა ითქვას, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და ასაკობრივ თავისებურებებთან დაკავშირებული კრიზისები ყველა ნორმალურ ბავშვს აქვს, ის ნებისმიერი მათგანისთვის არის დამახასიათებელი. ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებზე ჯიუტობით, ჭირვეულობით, გაუგონრობით, ისტერიკული რეაგირებით ბავშვი იზრდება, შეიმეცნებს სამყაროს, აღმოაჩენს ბევრ სიახლეს მასში და აცნობიერებს ნებადართულობის საზღვრებს;
  • შინაგანი არაკეთილდღეობის, დისკომფორტის დემონსტრირება – არცთუ იშვიათად უმართავი ბავშვები თავანთი ქცევით, რომელიც ჩვენთვის, როგორც წესი, მიუღებელია, დემონსტრირებას უკეთებენ თავიანთ შინაგან არაკეთილდღეობას და დისკომფორტს. მათი ყვირილი, ჭირვეულობა და ისტერიკაც კი ხშირად დახმარების მიღების მოთხოვნილების ნიშანია. ასეთი ქცევით ისინი მიგვანიშნებენ, რომ მათ აქვთ პრობლემები, სასწრაფოდ ჩვენი დახმარება ესაჭიროებათ და დაუყონებლივ მოითხოვენ მის მიღებას;
  • მშობლების არასწორი დამოკიდებულება ბავშვის ქცევის მიმართ – თუ პატარას ჯიუტობას, ჭირვეულობას, გაუგონრობას, დაუმორჩილებლობას უბრალოდ მისი ბავშვური სიცელქით ავხსნით, შეიძლება ჩვენ თავად გავხდეთ მისი უმართავი ქცევის მაპროვოცირებელი და წამახალისებელი. გავითვალისწინოთ, რომ პატარა არ იბადება ცუდ ბავშვად, ის უბრალოდ ისე იქცევა, როგორც მისთვის ნებადართულია მშობლების მხრიდან. თუ ჩვენ ყოველთვის მშვიდად შევხვდებით ბავშვის სოციალურად მიუღებელ ქცევებს და თავს დავიმშვიდებთ იმით, რომ ის ჯერ კიდევ პატარაა, არაფერი ესმის, გაიზრდება და შეიცვლება, მოგვიანებით, როცა ბავშვის უმართავი ქცევა უკვე სერიოზულად შემაწუხებელი გახდება, როგორც გარშემომყოფებისთვის, ასევე ჩვენთვისაც და მოვინდომებთ მის კორექციას, დიდი ალბათობით ჩვენი ყოველგვარი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდება;
  • მშობლების უყურადღებობა ბავშვის მიმართ და მათი მოუცლელობა პატარასთან ურთიერთობისათვის –   თუ ჩვენ სათანადო ყურადღებას არ ვაქცევთ ბავშვს და მასთან საკმარის დროს არ ვატარებთ, ეს შეიძლება ბავშვის არაადეკვატური და უმართავი ქცევის მაპროვოცირებელი გახდეს. პატარებისთვის გულგრილობაზე აუტანელი არაფერია. როგორც წესი, ისინი ნებისმიერი ხერხით ცდილობენ ჩვენი ყურადღების მიპყრობას. ერთმა ბიჭუნამ მშობლებისა და პედაგოგებისაგან საყვედურების მოსმენის შემდეგ ჩვენთან საუბარში სინანულით განაცხადა: „შეიძლება ცოტა უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ მე მირჩევნია მშობლები ჩემი საქციელის გამო მსაყვედურობდნენ, ვიდრე საერთოდ არ მაქცევდნენ ყურადღებას“;
  • უფროსების არათანმიმდევრულობა ბავშვის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებში – ბავშვის ქცევითი პრობლემები უფრო იმ ოჯახებში აღმოცენდება, სადაც მშობლები არათანმიმდევრული არიან მოთხოვნებში, არ ასრულებენ დანაპირებს, დღეს უკრძალავენ, ხვალ კი ნებას რთავენ; მამა ამბობს ერთს, დედა – მეორეს, სრულიად საწინააღმდეგოს, ბებია კი – მესამეს, რომელიც ორივე მშობლის მოთხოვნას ეწინააღმდეგება. ასეთ ოჯახებში ბავშვი ადვილად ახერხებს უფროსებით მანიპულირებას და „სპექტაკლების“ მოწყობას.

რეკომენდაციები უმართავ ბავშვთან ურთიერთობისათვის: 

  • უპირველეს ყოვლისა, იმისათვის, რომ გამოვრიცხოთ ბავშვის ქცევითი პრობლემების ნევროლოგიური საფუძვლები, კონსულტაციისათვის მივმართოთ ექიმ-ნევროლოგს. სამწუხაროდ, უმართავი ბავშვების მშობლები, როგორც წესი, არ ჩქარობენ ექიმისთვის მიმართვას და ეს მაშინ, როცა კონკრეტულ შემთხვევაში მკურნალობა ბავშვისთვის აუცილებელიც კი შეიძლება იყოს. ორგანული დაზიანების შემთხვევაში ნებისმიერი, ძალიან ეფექტიანი ფსიქოლოგიურ-პედაგოგიური მეთოდებიც კი ნახევარი ძალით იმუშავებს და სასურველ შედეგს არ მოგვცემს;
  • აუცილებელია, რომ უმართავ ბავშვთან ურთიერთობაში ვიყოთ ემოციურად გაწონასწორებული და ყვირილის, გაღიზიანებისა და ჩხუბის გარეშე ვესაუბროთ მას. ასეთი ბავშვის ქცევის ჩხუბით მართვა იგივეა, რომ აბობოქრებული სტიქიის შეჩერებას ყვირილით შევეცადოთ;
  • რადგანაც უმართავი ბავშვის სულში ქაოსი ბობოქრობს, მაქსიმალურად უნდა მოვაწესრიგოთ მისი ცხოვრება და შინაგანი სამყარო. ასეთი ბავშვებისთვის უფრო მეტად, ვიდრე ყველა სხვა დანარჩენისთვის აუცილებელია დღის რეჟიმის მკაცრად დაცვა. კარგი იქნება, თუ ბავშვთან ერთად ჩამოვწერთ და კედელზე გავაკრავთ მის მიერ დღის განმავლობაში განსახორციელებელი საქმიანობების ჩამონათვალს და თვალყურს ვადენებთ, რომ ის ბავშვმა დაიცვას და საკუთარი ნების მიხედვით არ შეცვალოს. გავითვალისწინოთ ისიც, რომ ამ ტიპის ბავშვთან ერთხელ თქმა და გაფრთხილება არ მოქმედებს და საჭირო იქნება რამდენჯერმე იმის შეხსენება, რომ ერთი საქმე დაასრულოს და მეორე დაიწყოს. თუ თამაშის დამთავრების დროა, ნუ მოვითხოვთ ბავშვისგან, რომ ის მან დაუყონებლივ დაასრულოს. წინასწარ გავაფრთხილოთ, რომ დრო იწურება. საერთოდ, როგორც უკვე ითქვა, უფროსებს გვიწევს, რომ ასეთ ბავშვს რამდენჯერმე ვთხოვოთ. ეს მათი თავისებურებაა და ამას ანგარიში უნდა გავუწიოთ;
  • უმართავ ბავშვთან, რომელიც, როგორც წესი, ადვილად ღიზიანდება, საჭიროა დიდი სიფრთხილე გამოვიჩინოთ შთაბეჭდილებების დოზირებისას. მისთვის სასიამოვნო, ნათელი შთაბეჭდილებების სიჭარბეც კი საზიანოა. თუმცა, ცხადია ამის გამო მას გართობას და მისთვის საინტერესო ადგილებში ყოფნას ვერ მოვაკლებთ. მაგრამ, თუ ვხედავთ, რომ ის იწყებს გაღიზიანებას, შფოთვას, უკეთესი იქნება მასთან ერთად დავტოვოთ ის ადგილი, სადაც ვიმყოფებით. არაფერი მოხდება, თუ ბოლომდე არ ვნახავთ სპექტაკლს ან საცირკო წარმოდგენას. მხოლოდ გავითვალისწინოთ, რომ ბავშვის გამოყვანა დარბაზიდან ნუ იქნება მიწოდებული მისთვის, როგორც სასჯელი. უკეთესი იქნება, თუ ვეტყვით, რომ დავიღალეთ და დასვენება გვჭირდება;
  • შფოთვისა და გაღიზიანების მომენტში სასარგებლო იქნება ბავშვის დიალოგში ჩართვა. ამ დროს მას უნდა ვესაუბროთ არა მისი ცუდი ქცევის გამო, არამედ რაიმე განყენებულ, მისთვის საინტერესო თემაზე. დავუსვათ მარტივი შეკითხვები, რომლებიც არ საჭიროებს ვრცელ პასუხებს. გავითვალისწინოთ ისიც, რომ გაღიზიანებული ბავშვი ცუდად აზროვნებს, უჭირს განსჯა იმისათვის, რომ ჩაერთოს დიალოგში. მაგრამ, თუ ჩვენ სწორად წარვმართავთ საუბარს, ბავშვს მოუწევს ნებით, თუ უნებლიეთ გაიაზროს თავისი პასუხები და თავი დააღწიოს ემოციების ბატონობას, რაც, თავის მხრივ, მას საკუთარი ქცევის მართვაში დაეხმარება;
  • აუცილებელია, რომ საშუალება და შესაძლებლობა მივცეთ უმართავ ბავშვს, გადმოაფრქვიოს, დახარჯოს თავისი მოზღვავებული ენერგია. ამისათვის კარგი იქნება ასეთი ბავშვების სხვადასხვა სახის სპორტულ სექციებსა და ქორეოგრაფიულ სტუდიაში ჩართვა, ასევე მოძრავი თამაშების შეთავაზება და სუფთა ჰაერზე სეირნობა;
  • ვიყოთ მაქსიმალურად ყურადღებიანი ბავშვის მიმართ, რომ მას არ დასჭირდეს, როგორც ჩვენთვის, ასევე საზოგადოებისთვის მიუღებელი ქცევის განხორციელება ჩვენი ყურადღების მისაპყრობად. თუ ჩვენ ყურადღებიანი ვიქნებით ბავშვის პრობლემების მიმართ, მისი ქცევა ნორმაში ჩადგება. გავითვალისწინოთ ისიც, რომ ბავშვი ყველაფერს უფროსებისაგან სწავლობს, ამიტომ, შევეცადოთ გავხდეთ მისთვის მისაბაძი.

 

დაბოლოს, გავითვალისწინოთ, რომ უმართავი ბავშვების არსებობას განაპირობებენ ისეთი აღმზრდელები, რომელთაც არ შეუძლიათ თავი გაართვან ბავშვთან დაკავშირებულ სირთულეებს. გვახსოვდეს, რომ ჩვენ უფროსები ვართ მთავარი ინიციატორი ბავშვთან ურთიერთდამოკიდებულების ასაგებად. ამიტომ, კარგი იქნება, თუ ბავშვთან მუშაობის პარალელურად ჩვენ საკუთარ თავზეც ვიმუშავებთ და გავაანალიზებთ ჩვენ მიერ გამოყენებული აღზრდის მეთოდებს. ამ გზით ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ წარმატებას და  ბავშვის ქცევას მართვადს გავხდით.

 

 

 

კომენტარები

comments