პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

სწავლების თანამედროვე მიდგომები

ჩვენ, პედაგოგები ყოველდღიური საქმიანობით, პედაგოგიკის დარგში ნაშრომების გაცნობით, სხვადასხვა ტრენინგში მონაწილეობით, წარსულისა და თანამედროვეობის შედარებით, ანალიზით და ა. შ. ვცდილობთ, ავხსნათ წარმატების საიდუმლო, მაგრამ, მერწმუნეთ, არ არსებობს მზა რეცეპტები, რომელთა დაუფლებაც მასწავლებელს წარმატების გარანტიას მისცემდა.
იცვლება გარემო, ვითარდება ტექნოლოგიები, იქმნება განსხვავებული პირობები, შესაბამისად, ახალ სივრცეში განსხვავებული მოქმედებაა საჭირო. შემოქმედებითი აზროვნება სწავლების ნებისმიერ ეტაპზე მნიშვნელოვანია.
სწავლების პროცესში საჭიროა სხვადასხვა სტრატეგიის მოსინჯვა, მაგრამ მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ ავტომატურად არც მეთოდი, არც სტრატეგია შედეგს არ გამოიღებს.
მასწავლებელი ანალიტიკოსი უნდა იყოს, მან კრიტიკულად უნდა შეაფასოს როგორც სხვების, ისე საკუთარი გაკვეთილები. სწავლების პროცესში ჩვენი მთავარი ამოცანაა, ამოვიცნოთ კლასის ბუნება, მისი შესაძლებლობები და ინტერესები. ამ პროცესში გამუდმებით უნდა ვცვალოთ მეთოდი და სტრატეგია.
ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივ პროგრამაში სამი ძირითადი მიმართულებიდან (ზეპირმეტყველება, კითხვა, წერა) ერთ-ერთი ძირითადია წეპირმეტყველება.
ზეპირმეტყველების უნარი უმნიშვნელოვანესია თვითგამოხატვისათვის, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებისთვის და სრულფასოვანი, აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრების წარმართვისთვის. ზეპირმეტყველების დროს მოსწავლე ეჩვევა ლოგიკურ, არგუმენტირებულ მსჯელობას, სხვისი აზრის მოსმენასა და აღიარებას…
უწყობს თუ არა ხელს ზეპირმეტყველების განვითარებას ტექსტზე მუშაობა? ნამდვილად უწყობს და თუ როგორ, ვეცდები, ეს ერთი გაკვეთილის მაგალითზე გაჩვენოთ.
გაკვეთილზე აზრის თავისუფლად გამოხატვისთვის მასტიმულირებელი გარემოს შესაქმნელად მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის უნდა ჩამოყალიბდეს პარტნიორული ურთიერთობა. ასეთი ურთიერთობა კი დიალოგით იწყება. ჩვეულებრივ, დიალოგში ერთი მოსაუბრე სვამს კითხვას, რომელზეც მას პასუხი ან არ აქვს ან აქვს, მაგრამ სხვისი აზრის მოსმენა უნდა. სწორედ ამ დროს იქმნება დიალოგური სიტუაცია. და ეს პროცესი ისე უნდა წარვმართოთ, რომ მოსწავლეს მოეხსნას დაძაბულობა. მართალია, ვუსვამთ ცოდნაზე ორიენტირებულ კითხვას, მაგრამ უნდა შევქმნათ განცდა, რომ არასწორი პასუხის შემთხვევაში მას მასწავლებელი არ მიატოვებს და რომ შეცდომა საშიში არ არის… რომ შეცდომებზე ვსწავლობთ.
მინდა აღვნიშნო, რომ სწავლების პროცესში ჩემს ძლიერ მხარედ კითხვის დასმის ხელოვნება მიმაჩნია. ერთ კითხვაზე მე ვისმენ რამდენიმე პასუხს და თითქმის ყოველთვის თავს ვარიდებ არასწორი პასუხის კატეგორიულ უარყოფას (არ დაგვავიწყდეს, რომ მე ქართულ ლიტერატურას ვასწავლი). ასეთ დროს ვცდილობ ისევ კლასი მოვიშველიო და ნელ-ნელა მივიდეთ სწორ დასკვნამდე…
შეკითხვებით ჩვენ შეგვიძლია ისეთი სასწავლო გარემოს შექმნა, რომელშიც სრულად გამოვლინდება თითოეული მოსწავლის ინტელექტუალური პოტენციალი. ამიტომ დავუსვათ მოსწავლეებს შეკითხვები, მაგრამ წინასწარ კარგად მოფიქრებული და აზროვნების სხვადასხვა დონისკენ მიმართული.
გაკვეთილებზე, ასევე, წარმატებით ვიყენებ ჯგუფურ სამუშაოს. ეს მოსწავლეებს უვითარებს ურთიერთთანამშრომლობის, ურთიერთდახმარების, სხვისი აზრის გაზიარებისა და პატივისცემის უნარებს. ასევე, უზრუნველყოფს მთელი კლასის ჩართვას მუშაობაში.
რაც შეეხება დავით კლდიაშვილის შემოქმედების სწავლებას თანამედროვე მეთოდებით, მსურს, გაგიზიაროთ ჩემი მოკრძალებული გამოცდილება.
VIII კლასში ისწავლება დავით კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“ და „ჩემი ცხოვრების გზაზე“. მე შევჩერდები ავტობიოგრაფიულ მოთხრობაზე. დავით კლდიაშვილს კარგად იცნობენ მოსწავლეები. მით უმეტეს, ახალგავლილი აქვთ „დარისპანის გასაჭირი“.
ამ გაკვეთილის მიზანი ასეთია: მოსწავლეებმა უნდა შეძლონ წაკითხული ტექსტიდან მთავარი აზრის გამოყოფა, დამხმარე დეტალების მოხმობა ამავე ტექსტიდან. მიზანს წინასწარ ვაცნობ კლასს.
გონებრივი იერიში. კითხვები:
1. დაუკვირდით სათაურს, რას გეუბნებათ იგი მოთხრობის ხასიათის შესახებ? პასუხი ბევრნაირი იქნება, მაგრამ საბოლოოდ დაასკვნიან, რომ ეს მოთხრობა ავტობიოგრაფიულია.
2. მხოლოდ ნაწარმოების სათაურის მიხედვით შეიძლება თუ არა განვსაზღვროთ, რომ ავტობიოგრაფიულ თხზულებასთან გვაქვს საქმე? ისინი პასუხობენ, რომ შეიძლება და ასაბუთებენ ადრე ნასწავლი აკაკი წერეთლის „ჩემი თავგადასავლით“.
3. გაიხსენეთ, რაზე ამახვილებს ყურადღებას აკაკი წერეთელი თავის თხზულებაში? (მშობლებზე, ახლობლებზე, განსაკუთრებით იმ დროს სასწავლებელში გამეფებულ რეჟიმზე).
უნდა აღვნიშნო, რომ სანამ ნებისმიერი ნაწარმოების დამუშავებას შევუდგებოდეთ, მანამ მოსწავლეებს ვთხოვ, წაიკითხონ იგი შინაარსის გაცნობის მიზნით, ვიწყებთ თხზულების პირველი თავის – “იმერეთი, ადრეული ბავშვობა“ დამუშავებას.
ჯგუფური სამუშაო.

ჯგუფური მუშაობის უპირატესობა ისაა, რომ იგი თითოეულ მოსწავლეს აძლევს აზროვნების, საუბრისა და მოქმედების საშუალებას, რადგან სხვა ადამიანის მიერ დასმული თუნდაც მარტივი შეკითხვა უკვე წარმოადგენს ძლიერ სტიმულატორს შემეცნებითი და აზროვნებითი პროცესების გააქტიურებისათვის.
ტექსტს წინასწარ იმდენ ნაწილად ვყოფ, რამდენიც ჯგუფი იქნება. დავალებას ყველას ერთნაირს ვაძლევ, მაგრამ ტექსტი იქნება სხვადასხვა. მათ უნდა უპასუხონ შემდეგ კითხვებს:
1. რა წარმოადგენს ამ მონაკვეთის ძირითად სათქმელს?
2. წარმოადგინეთ ტექსტიდან დამხმარე დეტალები მთავარი აზრის საილუსტრაციოდ.
პრეზენტაციისას გაირკვევა, რომ ტექსტის პირველი ნაწილის მთავარი სათქმელი ყოფილა კლდიაშვილის დედულეთის გაცნობა. დეტალები: 1. დავითის დედის მამა, ნიკო ღოღობერიძე ქვემოიმერელი აზნაურის ტიპური წარმომადგენელი იყო; 2. შეძლებული ოჯახი ჰქონდა; 3. დიდ ქონებას ბევრი მომვლელი სჭირდებოდა და ასეც იყო.
ტექსტის მეორე ნაწილში ვეცნობით მწერლის მამის ოჯახს. მთავარი აზრი: ამ ოჯახში დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ბავშვების აღზრდასა და განათლებას. დამხმარე დეტალები: 1. მრავალრიცხოვან ოჯახში ორ უფროს ვაჟს მცირედი განათლება მაინც მიაღებინეს; 2. დავითი ბაბუამ გლეხი დათიკა მამობილად მიუყვანა შვილებს; 3. დავითის ოჯახს ერთგული მეთვალყურე და მზრუნველი გადიაც ჰყავდა.
ტექსტის მესამე ნაწილის მთავარი სათქმელი აღმოჩნდა დავითის ოჯახისა და მათი მოჯამაგირე – მოსამსახურეების განსაკუთრებული ურთიერთობა. სიმონა აშოლტიას მუშაობა არ შეეძლო, მაგრამ დიდი გამოცდილების, ფხიზელი გონების პატრონი, ჭკვიანი და მშვენიერი მოლაპარაკე უნებლიე პატივისცემას იწვევდა მისადმი; 2. შემოთვისებული ჰყავდათ დავითის შვილობილი ქალიშვილი მართა; 3. მეზობლებიც ძალიან ჰყოლია შემოკრებილი დავითის დედას.
პრეზენტაციისას სხვა ჯგუფის წევრებს უჩნდებათ დამატებითი კითხვები მოსაზრებისა თუ დამხმარე დეტალების დასაზუსტებლად. პრეზენტატორის პასუხები თუ ვერ დააკმაყოფილებთ, ეხმარებიან ჯგუფის დანარჩენი წევრები. ხდება ხოლმე, რომ საუბარში მეც ვერთვები.
პირველი თავის სამივე ნაწილის მთავარი სათქმელის გარკვევის შემდეგ კლასს ვუსვამ კითხვას:
თქვენ იცით მთლიანი მონაკვეთის შინაარსი, დედ-მამის და ახლო ნათესავების გარდა, მწერალი ბევრ სხვა ადამიანსაც იხსენებს. როგორ ფიქრობთ, რატომ მიიჩნია მან აუცილებლად ამ ადამიანების თავის თხზულებაში მოხსენიება? რისი თქმა სურდა ამით?
პასუხი იქნება არა ერთი და ორი, თანაც სხვადასხვანაირი. შევახსენებ სიტყვებს, რომლებიც მწერალმა თავისი მოგონებების წიგნს წაუმძღვარა. მოსწავლეები გააკეთებენ დაახლოებით ასეთ დასკვნას: ყველა იმ ადამიანმა, რომლებზეც გვიყვება ავტორი, გარკვეული როლი ითამაშა მისი პიროვნების ჩამოყალიბებაში, მათგან ისწავლა სიყვარული და პატივისცემა.
ამის შემდეგ მოსწავლეები ადვილად გამოყოფენ პირველი თავის მთავარ აზრსა და დამხმარე დეტალებს.
მთავარი აზრი: ირგვლივ გამეფებული სიყვარულისა და ურთიერთპატივისცემის წყალობით მწერალი ადამიანების სიყვარულს სწავლობდა.
დამხმარე დეტალები: 1. მწერლის მამისა და მისი მამობილის; 2. მამამისის შვილობილისა და ოჯახის; 3. მწერლის ოჯახისა და გადიის ურთიერთობა.
მიზანი მიღწეულია.
შეიძლება გამოვიყენოთ მუშაობა წყვილებში, ასევე, ინდივიდუალური, მაგრამ ყველაზე კარგ შედეგს ჯგუფური მუშაობა იძლევა, რადგან ამ დროს, როგორც ვნახეთ, მოსწავლეები მსჯელობენ, საუბრობენ და ჰყვებიან არამარტო პრეზენტაციისას, არამედ მუშაობის პროცესშიც. მუშაობაში ჩართულია ყველა და ყველაზე სუსტი მოსწავლეებიც იძულებული ხდებიან (ჯგუფი და ლიდერი „აიძულებთ“), თავიანთი წვლილი შეიტანონ ჯგუფის მუშაობაში. ვფიქრობ, ტექსტზე ამგვარი მუშაობა ხელს შეუწყობს ზეპირმეტყველების უნარების განვითარებას.
ამის შემდეგ გადავდივარ შეფასებაზე, რომელიც სხვადასხვა პროცესს მოიცავს, მათ შორის მოსწავლეების მუშაობაზე დაკვირვებას, მათი პასუხების მოსმენას… მეც და ჩემი მოსწავლეებიც ერთდროულად ვიყენებთ შეფასების ორსავე ფორმას: განმავითარებელსა და განმსაზღვრელს. მაგალითად, მეორე ჯგუფის პრეზენტატორის შეფასებისას კომენტარები იყო ასეთი: პრეზენტატორმა კარგად წარმოაჩინა თითოეული წევრის წვლილი ჯგუფის მუშაობაში, გამოყო მთავარი სათქმელი და დამხმარე დეტალები, მაგრამ ზოგჯერ მისი მსჯელობა ბუნდოვანი იყო. ჩვენ ვერ გავიგეთ, რა მიზანი ამოძრავებდა ბაბუას, როცა გლეხს თავისი შვილების მამობილად იწვევდა. კითხვებზე პასუხები სწორი კი იყო, მაგრამ ჯგუფის წევრები ეხმარებოდნენ დაზუსტებაში – ამიტომ 8 ქულა.
ამგვარად ვაფასებთ ყველა მოსწავლეს იქვე, ღიად და კომენტარებით.
საშინაო დავალება: 1. გაიხსენეთ V კლასში ნასწავლი აკაკი წერეთლის „ჩემი თავგადასავალი“, შეადარეთ მას „ჩემი ცხოვრების გზაზე“ იმ ნაწილში, რომელიც გავიარეთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ ვენის დიაგრამა.
3. ყურადღებით წაიკითხეთ მომდევნო თავი – “სწავლის წლები“.
ვფიქრობ, ასეთი მიდგომით მოსწავლეებში მაღლდება მოტივაცია, აზროვნებენ უკეთესად, ითვისებენ ადვილად და, რაც მთავარია, ამას აკეთებენ ხალისით.
გამოყენებული ლიტერატურა:
1. დიალოგი+ალმანახი – ტომი I და II, 2009 – 2010 წლების გამოცემა.
2. მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო – როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს აზროვნება. თბილისი – 2007 წელი;
3. ჟურნალი მასწავლებელი – 2016 წლის I და 2017 წლის I ნომრები;
4. სასწავლო პროცესის დაგეგმვა და სწავლის ეფექტური სტრატეგიები (სატრენინგო მასალა), მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი – 2015 წელი.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი