პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

 სასწავლო რესურსი ქართულის მასწავლებლებისათვის

ისეთი სასწავლო რესურისის შექმნა, რომელიც მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას უწყობს ხელს და, ამასთანავე, მოსწავლისთვის სახალისოცაა, მასწავლებლებისთვის სერიოზული გამოწვევაა. ამიტომაც მუდმივად ვეძებთ მასალას, რომელიც  სასწავლო რესურსის ფუნქციას შეასრულებს ან მოდიფიცირების შემთხვევაში ვაქცევთ რესურსად.

სტატიაში გთავაზობთ სასწავლო რესურსს, რომლის გამოყენებაც შეგვიძლია ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს, როცა  ვასწავლით არგუმენტირებული ესეს წერას (განსაკუთრებით საწყის ეტაპზე) .

სანამ მოსწავლეს უშუალოდ რესურსს მივაწვდით, უმჯობესია დავუსათ კითხვები:

-რა არის ესე?

-რა არის არგუმენტი?

-რა არის მაგალითი?

ამის შემდეგ   მოსწავლეებს უნდა, განვუმარტოთ, რომ აღნიშნული რესურსი დაეხმარება მათ, განასხვაონ ერთმანეთისაგან თეზისი, არგუმენტი, მაგალითი და დასკვნა.

ვაძლევთ მკაფიო და გასაგებ ინსტრუქციას:

     გთავაზობთ .ბაქრაძის ერთ- ერთ პუბლიცისტურ ესეს ,,ნაწილებად დაჭრილს“ ანუ  ცალცალკე ბარათზე არის დაწერილი თეზისი ,არგუმენტი ,მაგალითი  და დასკვნა. თქვენ უნდა   შეძლოთ ბარათების ისეთი თანმიმდევრობით დალაგება, რომ დაცული იყოს ესეს სტრუქტურა,მანამდე კი ერთხელ კიდევ გაეცანით თეორიულ მასალას და დავალება ამის შემდეგ შეასრულეთ.

                                      თეორიული მასალა

        თეზისიარის დებულება ,რომელიც უნდა დაამტკიცონ

        არგუმენტიარის ის ,რითაც მოცემულ დებულებას ამტკიცებენ

        მაგალითიარის საშუალება იმისა , რომ არგუმენტი გაამყარო( ფილმი ,ისტორია,

          ანდაზა,    მეცნიერება,ამბავი…)

         დასკვნარის შემაჯამებელი დებულება

 

მოსწავლეები სხდებიან ჯგუფურად. თითოეულ ჯგუფს ესეს  ასაწყობად ვურიგებთ  მარტივ სქემას  და ,,დაჭრილ  ესეის“.  უმჯობესია რამდენი ჯგუფიც არის, იმდენი სხვადასხვა ფერის ფურცელეზე ამოვბეჭდოთ ესე და დავჭრათ. ამით მასწავლებელი აირიდებს გაუგებრობას- ერთმანეთში არ აერევა დაჭრილი ბარათები

 

აქვე გთავაზობთ .ბაქრაძის პუბლიცისტური წერილის  ადაპტირებულ ვერსიას, რომლის გამოყენებას( დაინტერესების შემთხვევაში) ქართულის მასწავლებლები ადვილად შეძლებენ

 

 I . ,,ავადმყოფურად გაზვიადებული ,,მე“ უაღრესად საშიში მოვლენაა პოლიტიკაში.ამას საქართველოს    ისტორია ნათლად ადასტურებს.

  1.  ბაგრატიონთა სამეფო სახლს დიდი ხნის მანძილზე ებრძოდა ბაღვაშთა ფეოდალური გვარი.  ამ გვარის წარმომადგენლებმა არც დავით აღმაშენებელი მოასვენეს. მეფე იძულებული გახდა , ბაღვაშები საქართველოდან განედევნა. როცა ერისთავი რატი გარდაიცვალა, მატეანეში ჩაიწერა: ,,მოკვდა რატი ,ძე ლიპარიტისი… ესრეთ დასრულდა სახელი ბაღვაშთა, სახელი გამამწარებელთა.“

         III.  დააკვირდით: სახელი გამამწარებელთა. ქვეყნის სასარგებლო პოლიტიკური მიზანი მათ არ ამოძრავებდათ. ბაღვაშების ავადმყოფურად პატივმოყვარე ,,მე“  იბრძვის იმისთვის, რომ ტოლი არ დაუდონ ბაგრატიონებს. არც ძალაუფლებით , არც სახელით, არც ავტორიტეტით არ იყვნენ მათზე ნაკლები. რა მოჰყვება ამ გაუთავებელ ქიშპს, მათ ნაკლებ ადარდებთ. მთავარია ,,მე“ და თუ  ,,მე“ ვერ დაკმაყოფილდა, გაუთავებელი ხრიკებით ,ინტრიგებით მოწინააღმდეგის გამწარება. როგორც სხვა შემთხვევაში, ისე ახლაც ამას შესაძლოა მთელი გვარის დაღუპვა მოჰყვეს, მაგრამ ესეც არაფერია. მოწინააღმდეგეს ხომ გაამწარებენ.

  1. ძმამ ძმა არ დაინდო. სვიმონ პირველს, ქართლის მეფეს( 1558-1600 წ.წ)ეომება ძმა, დავითი, მუსლიმობის გამო დაუდხანად წოდებული. ვერ მიაღწია საწადელს დავითმა. ვერ გაანადგურა ძმა. იძულებული გახდა თურქეთში გადახვეწილიყო და სული სტამბოლში დაელია. ,,მე“ აწამებდა, თორემ დავითი უნიჭო არ ყოფილა. სტამბოლში ყოფნისას მედიცინა შეისწავლა, უნიკალური წიგნი ,,იადიგარ დაუდი“ დაგვიტოვა. ქართული მედიცინის ისტორიაში წარუშლელი კვალი გაავლო , მაგრამ რად გინდა, სანამ საქართველოში იყო , არც თვითონ მოისვენა, არც ძმა მოასვენა და არც ქვეყანა. მის გამო არც აწიოკება დაჰკლებია ჩვენს სამშობლოს და არც სისხლის ღვართქაფი.
  2. არ სჭირდება საქართველოს ძმების მტრობა- შუღლი, პირიქით, აუცილებელი მათი ერთად ყოფნაა, მხარდამხარ ბრძოლა მტრის წინააღმდეგ. თურქეთი იქნება იგი თუ სპარსეთი, მაგრამ უსაშველო ,,მე“ჭამს ყველაფერს. დავითმა, ამ უნიჭირესმა კაცმა, თავი გამამწარებელთა სიაში ჩაიწერა იმის გამო, რომ ავადმყოფურად გაზვიადებულ ,,მე“- ს ვერ მოერია …
  3. უთვალავი ასეთი მაგალითის მოხმობა შეიძლება, მაგრამ რაც გავიხსენეთ, ისიც საკმარისია. გასაგებია რისი  თქმაც მსურს: ქართული პოლიტიკური აზრი უფრო საპირადოს დაკმაყოფილებას გულისხმობს, ვიდრე- საქვეყნოს, სახალხოს. მართალია, ამას ზოგჯერ ცალკეული პირების ფართო, საერთო ეროვნული აზრი უპირისპირდება, მაგრამ გამარჯვებას ვერ ახერხებს.. თუ გაიმარჯვებს, ძალიან ხანმოკლე ვადით….სწორედ ამგვარმა მოვლენებმა აიძულა ალექსანდრე ფრონელი, ეთქვა ის, რასაც ახლა წაგიკითხავთ1907 წელს დასტამბული წიგნიდან,,ამბოხება კახეთისა(1812წ)“

     VII.   ,,ქართველი კაცის უპირობა, მეზობლური შური და მტრობა, განკერძოებით მოქმედება და მამლაყინწობა, ვინაითგან დარწმუნებულია, რომ მხოლოდ იგია რჩეულ და ქვეყნის მხსნელად მოვლენილი, რომ მის თავსა და ტვინშია მოთავსებული ქვეყნის სიბრძნე, რომ იგია ერთადერთი დიდებული სარდალი, რომ მარტოოდენ მისი აზრია მართალი და უცდომელი,ხომ კარგად მოგეხსენებათ. ეს ისტორიული სენი დღესაც ხომ თვალსაჩინო მოვლენაა ჩვენს საზოგადო ცხოვრებაში… დიდი კულტურული და შეგნებული შრომაა საჭირო ამ ისტორიული სენის ძირფესვიან განსაკურნებლად. თორემ რა ყრია, გეთაყვა, ზიზილ- პიპილო ფრაზებში ძმობა- ერთობაზე.“

    VIII.   ამ ტკივილს, რომელიც ალექსანდრე ფრონელის სიტყვებშია , მეტ-ნაკლებად ყველა ქართველი მოაზროვნე  გამოხატავს, მაგრამ ცვლილებით არაფერი იცვლება, ყველა თაობა იმეორებს ერთსა და იმავე შეცდომას. ავლენს ერთსა და იმავე თვისება- ხასიათს. ეს თვისება -ხასიათი , ეს შეცდომა ბოჭავს  ქართულ პოლიტიკურ აზრს, ასუსტებს მას, რაც ხშირად საფუძველია საქართველოს მარცხისა.“

 

       

 

ამ დავალების შესრულების შედეგ მოსწავლეებს მიეცით საშუალება შეადარონ თავიანთი ნაშრომი სხვა ჯგუფის მიერ მომზადებულ  ესეს. მხოლოდ ამის შემდეგ მიაწოდეთ სწორი ვერსია.

 

მეორე ნაბიჯი -ამ რესურსის წარმატებით გამოყენებისათვის შეგვიძლია მარტივი სქემის შევსება, რომელიც მოსწავლეს აძლევს საშუალებას-შეძლოს  ცოდნის ტრანსფერი, ანუ თავად შექმნას  ესე  სტრუქტურის დაცვით. ინდივიდუალური სამუშაოსათვის შეგიძლიათ მისცეთ ასეთი მარტივი სქემა.

აქვე დავძენ, რომ აუცილებელია მოსწავლეს მივცეთ არჩევანის საშუალება.

 

დასასრულს, თუკი დაჭრილ ბარათებსა და სქემის ფურცელს  ლამინირებას გაუკეთებთ, რესურსს მრავალჯერადად აქცევთ და მის გამოყენებას თქვენი კოლეგებიც შეძლებენ.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

1.აკადემიური წერა. გოჩიტაშვილი გ.შაბაშვილი ნ. შარაშენიძე   თბილისი ,,საიმედო“ 2009

2.პუბლიცისტიკა .ა. ბაქრაძე. თბილისი.,,,დიოგენე“ 2011

 

 

 

     

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი