სასწავლო პროცესის ძირითადი პრიორიტეტები დაწყებით კლასებში

დაწყებითი სასკოლო პერიოდის როლი და მნიშვნელობა სასკოლო ცხოვრების შემდგომ ეტაპებზე წარმატებების მისაღწევად განუზომლად დიდია. საშუალო და უფროს სასკოლო ასაკში მოსწავლის სასკოლო წარმატებებს ძალიან ხშირად განსაზღვრავს ის უნარ-ჩვევები, რომლებიც ჯერ კიდევ ადრეულ სასკოლო პერიოდში უყალიბდება ბავშვს. აქ ჩვენ მოვიაზრებთ არა მხოლოდ სოციალურ, არამედ სააზროვნო უნარ-ჩვევებსაც. ალბათ, დაწყებითი კლასების ნებისმიერი მასწავლებლისთვის საინტერესო იქნება, თუ რა უნარ-ჩვევების განვითარებაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული ამ ასაკობრივ საფეხურზე იმისათვის, რომ ჩვენი მოსწავლე სასკოლო სწავლების ზედა საფეხურებზე წარმატებებს აღწევდეს და საკუთარი თავის რეალიზებას მაქსიმალურად ახდენდეს. სასწავლო პროცესში წარმატებებს დიდ წილად  აზროვნების განვითარების სათანადო დონე ესაჭიროება. ამდენად, სასკოლო სწავლების პირველივე დღეებიდანვე ბავშვის აზროვნების განვითარებაზე ზრუნვა ერთ-ერთ პრიორიტეტად უნდა ვაქციოთ. 

    სამწუხაროდ, ბევრი ფიქრობს, რომ დაწყებით კლასებში მაღალი დონის სააზროვნო ოპერაციები (ანალიზი, სინთეზი, შეფასება) ბავშვისათვის დაუძლეველია, ამდენად, ამ ასაკში ანალიზის, სინთეზისა  და შეფასების უნარის განვითარებაზე ზრუნვას აზრი არა აქვს და ძირითადად უფრო დაბალი დონის სააზროვნო უნარების (ცოდნის, გაგების, გამოყენების)   განვითარებაზე უნდა ვიფიქროთ. ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ ზემოთ ჩამოთვლილი უნარების განვითარებაზე  ზრუნვა ჯერ კიდევ სკოლამდელ პერიოდშია საჭირო, რადგანაც,  როცა სკოლაში სწავლისათვის ბავშვის ინტელექტუალურ მზაობას იკვლევენ, იმის დადგენასაც ცდილობენ, თუ როგორ აქვს განვითარებული მას ანალიზის უნარი. მაინც რა შეიძლება გავაკეთოთ სასკოლო სწავლების საწყის ეტაპზე მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარების ხელშესაწყობად. პირველ კლასში ამის გაკეთება ძალიან ადვილად შეიძლება თუნდაც ანბანის სწავლების პროცესში. ამისათვის საკმარისი იქნება ვთხოვოთ ბავშვს შეადაროს ერთმანეთს შესწავლილი ასოები, მაგ. ვუხსნით ასო ”მ”-ს და ვაძლევთ დავალებას გვითხრას რითი გავს და რითი განსხვავდება ერთმანეთისაგან ასო ”მ” და ასო ”ნ”. შეადაროს ერთმანეთს სიტყვები მაგ. ”მუხა” და ”ხე” – იპოვოს მათ შორის მსგავსება და განსხვავება. ასეთი დავალებები, ერთის მხრივ, ანალიზის უნარის განვითარებას უწყობს ხელს და, მეორეს მხრივ, ისეთი ფსიქიკური პროცესების განვითარების ხელშემწყობიც ხდება, როგორიცაა აღქმა და ყურადღება. ცნობილია, რომ ბავშვის აღქმა, მოზრდილის აღქმისაგან განსხვავებით, უფრო დიფუზურია დ მოკლებულია შინაგან დანაწევრებულობას, რის გამოც ის ხშირად უშვებს შეცდომებს წერა-კითხვის დროს,  ურევს ერთმანეთში მსგავს ასოებს, უჭირს ცალკეული დეტალების აღქმა. ყოველივე აღნიშნული სერიოზულ პრობლემებს უქმნის მას სწავლის პროცესში და საყვედურებსაც ხშირად იღებს უფროსებისაგან.

    მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისათვის ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენს მიერ დასმულ შეკითხვებში ნაკლები იყოს დახურული შეკითხვების ხვედრითი წილი. უფრო ხშირად გამოვიყენოთ ღია შეკითხვები  და კითხვითი სიტყვა ”რატომ?”  მაგ. ”რატომ არ მოდის თოვლი ზაფხულობით?”, ”რატომ მიფრინავენ შემოდგომაზე ფრინველები თბილ ქვეყნებში?” და ა. შ. ასეთ შეკითხვებს ბავშვები ”საინტერესო”  შეკითხვებს უწოდებენ და სწორედ ასეთი შეკითხვები ხდება ანალიზის უნარის განვითარების ხელშემწყობი.

    ბავშვის სააზროვნო უნარების განვითარებაზე ზრუნვა სასკოლო სწავლების  პირველივე დღეებიდანვე იმიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ცოტა მოგვიანებით ის გააზრებული კითხვის უნარის განვითარებაშიც დაგვეხმარება. გააზრებული კითხვის  უნარის დეფიციტი ბავშვებში ჩვენი სკოლების ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ამიტომ, აღნიშნული უნარის განვითარებაზე ზრუნვა კითხვის დაწყების პირველივე დღეებიდანვე უნდა იქცეს სასწავლო პროცესის პრიორიტეტად  პედაგოგებისათვის. ამისათვის, კარგი იქნება, თუ სწორად შევარჩევთ კითხვის სტრატეგიებს. სამწუხაროდ, ჩვენს სკოლებში დღესაც კითხვის წამყვანი სტრატეგიაა ”გაგრძელებით კითხვა” და ეს იმ დროს, როცა აღნიშნული სტრატეგია ყველაზე ნაკლებ ეფექტიანია გააზრებული კითხვის უნარის განვითარებისათვის. მის ნაკლებ ეფექტიანობას განაპირობებს, უპირველეს ყოვლისა, ის, რომ ერთ კლასში მყოფი ბავშვები ხშირად ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ცოდნით, უნარებით, ასევე კითხვის,  მოქმედების, მეტყველების ბუნებრივი ტემპით. არცთუ ისე იშვიათია შემთხვევა, როცა ბავშვი, რომელიც უკვე საკმაოდ თავისუფლად კითხულობს, იძულებულია, გაგრძელებით კითხვის დროს, მოთმინებით დაელოდოს თავის თანაკლასელს, რომელსაც უჭირს კითხვა. ამასთან, ასეთი კითხვის პროცესში ბავშვმა თითი არ უნდა აიღოს ტექსტიდან, როცა სხვა კითხულობს, იმის გამო, რომ ნებისმიერ მომენტში მასწავლებელმა შეიძლება მას გააგრძელებინოს კითხვა. ხშირ შემთხვევაში, ”გაგრძელებით კითხვის” დროს, ბავშვებს ბეზრდებათ ერთმანეთის ლოდინი  და თითს აღარ აყოლებენ ტექსტს, რის გამოც პედაგოგის მხრიდან საყვედურებს იმსახურებენ. გარდა ამისა, მრავალრიცხოვან კლასში, ტექსტის ერთი ნაწილის წაკითხვის შემდეგ ხშირად ბავშვი ეთიშება კითხვის პროცესს, ვინაიდან გრძნობს, რომ ამდენ ბავშვში მას აღარ მოუწევს კითხვის გაგრძელება. ყოველივე აღნიშნულის გამო, უმჯობესია, ”გაგრძელებით კითხვის”  ნაცვლად, ან თუნდაც მის პარალელურად გამოვიყენოთ კითხვის ის სტრატეგიები, რომლებიც გააზრებული კითხვის უნარის უკეთესად განვითარების შესაძლებლობას იძლევა და რომლებსაც ჩვენი სკოლების პედაგოგთა საკმაოდ დიდი ნაწილი, ჯერ კიდევ წლების წინ, ”წიგნიერების” პროგრამის ფარგლებში ტრენინგებზე გაეცნო. განსაკუთრებით მოსწონთ ბავშვებს, როცა მასწავლებელი პატარა ბარათებზე ან დაფაზე დაწერილ კითხვებს წარუდგენს და სთხოვს, რომ მოიძიონ ტექსტში ის ადგილები, სადაც აღნიშნულ შეკითხვებზე პასუხების ამოკითხვა შეიძლება. ამასთან ერთად, სასურველია გაკვეთილის პროცესში გამოყენებული შეკითხვები ისეთნაირი  ფორმულირებით მივაწოდოთ ბავშვებს, რომ მათზე პასუხები ტექსტში  ზედაპირზე არ იყოს მოცემული  და მათ მოფიქრებას წაკითხულის გააზრება ჭირდებოდეს. ხშირ შემთხვევაში, პატარები, სიჩქარის გამო  პასუხებს, ტექსტიდან ამოკითხვის ნაცვლად, ზეპირად ამბობენ. გააზრებული კითხვის უნარის გამომუშავებისათვის სასურველია, რომ მასწავლებელმა ამას ყურადღება მიაქციოს და შეეცადოს ბავშვის ყურადღების კონცენტრაციას ტექსტზე. როცა მასწავლებელი ბავშვების მხრიდან პასუხების ზეპირად გადმოცემით კმაყოფილდება, ის მეხსიერებაზეა ორიენტირებული, მაშინ, როცა ტექსტის გასააზრებლად და გააზრებული კითხვის უნარის გამომუშავებისათვის პედაგოგი  ორიენტაციას მაღალი დონის სააზროვნო ოპერაციებზე უნდა აკეთებდეს.

 

   ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ვინაიდან მასწავლებელს ერთ ჯგუფში სრულიად განსხვავებული შესაძლებლობების ბავშვებთან უწევს მუშაობა, სწავლების პროცესში ინდივიდუალური მიდგომის უზრუნველყოფა სრულიად აუცილებელია თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზებისათვის. ინდივიდუალური მიდგომის ერთ-ერთ კარგ საშუალებას წარმოადგენს შეკითხვების, დავალებების დიფერენცირება და ბავშვების შესაძლებლობებზე მათი მორგება. ასეთ შემთხვევაში თითოეულ მათგანს მიეცემა წარმატების განცდის შანსი, ეს,  თავის მხრივ,    გაუძლიერებს მათ საკუთარი ძალების რწმენას და დადებითი განწყობა ჩამოუყალიბდებათ ყველაფერი იმის მიმართ, რასაც საგაკვეთილო პროცესში შესთავაზებს მასწავლებელი.
    სასურველია, რომ მასწავლებელი გაკვეთილის პროცესში იყენებდეს  სწავლების მრავალფეროვან მეთოდებს და აქტივობებს. ერთი და იგივე მეთოდისა და აქტივობის ყოველდღიური გამოყენება, როგორი საინტერესოც არ უნდა იყოს ის, ხშირად მოსაბეზრებელი ხდება ბავშვისთვის. გააზრებული კითხვის უნარის განვითარებაზე მუშაობის პროცესში  ბავშვები დიდი ხალისით ასრულებენ ისეთ დავალებას, რომელიც მოითხოვს მათგან მნიშვნელოვანი სიტყვების, მნიშვნელოვანი წინადადებების მოძიებას. ისეთი წინადადებების ამოკრებას ტექსტიდან, რომლის გარეშეც ტექსტის შინაარსის გაგება გაჭირდებოდა.  უმცროსკლასელებს ასევე  დიდ სიამოვნებას ანიჭებს პატარა  მოთხრობის შედგენა  წინასწარ მიწოდებული სიტყვების გამოყენებით.

 გააზრებული კითხვის უნარის განვითარება დამოუკიდებელი აზროვნების უნარის განვითარების პარალელურად უნდა მიმდინარეობდეს. ცნობილია, რომ დაწყებითი კლასების მოსწავლეები, იმის გამო, რომ მათთვის მასწავლებელი ხელშეუხებელი ავტორიტეტია, იშვიათად გამოთქვამენ ამ უკანასკნელის აზრის საწინააღმდეგო მოსაზრებას. კარგი იქნება, თუ ბავშვებს დამოუკიდებელი აზროვნებისთვის კომფორტულ გარემოს შევუქმნით, ყურადღებით მოვისმენთ მათ მოსაზრებებს ყოველივე ამას ადექვატურად გამოვიყენებთ მუშაობის პროცესში. 

  უმცროსი  სასკოლო ასაკი ძალიან კარგი პერიოდია  გააზრებული კითხვის უნარის განვითარებისათვის. თუ  ჩვენ ამ შესაძლებლობას გავუშვებთ ხელიდან და არ გავაკეთებთ ინას, რისი გაკეთებაც საკმაოდ ადვილად შეიძლება ამ პერიოდში, ცოტა მოგვიანებით ძალიან გაგვიჭირდება იმის შეცვლა, რაც უკვე საკმაოდ მყარად იქნება ჩამოყალიბებული. ცნობილია, რომ გაცილებით ადვილია შეცდომების თავიდან აცილება, ვიდრე   დაშვებული შეცდომების გამოსწორებაზე ზრუნვა. კორექცია საკმაოდ რთულ პროცესად ითვლება და ხშირად არ იძლევა  სასურველ შედეგებს.   ამდენად, უმჯობესია დაწყებით კლასებშივე ჩავუყაროთ საფუძველი იმას, რამაც ზედა კლასებში უბრალოდ შემდგომი განვითარება უნდა ჰპოვოს.  
  

კომენტარები

comments