პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

სასკოლო განათლება იტალიაში

იტალიის კონსტიტუციის 34-ე მუხლის მიხედვით, „სკოლები ყველასთვის ღიაა. დაწყებითი განათლება, არანაკლებ რვა წლის ხანგრძლივობისა, სავალდებულოა და უფასო. ნიჭიერ და ღირსეულ მოსწავლეებს, რომლებიც მოკლებულნი არიან შესაბამის საშუალებას, აქვთ უფლება სწავლის მაღალ საფეხურებზე გადასვლისა. იტალიის რესპუბლიკა ამ უფლებას უზრუნველყოფს სტიპენდიებითა და სხვადასხვა სახის დახმარებებით, რომლებიც კონკურსების გზით მოიპოვება” (Costituzione della Repubblica Italiana, Articolo 34).

ამრიგად, იტალიის საკანონმდებლო სისტემა ერთსა და იმავე დროს გულისხმობს უფლებებსაც და მოვალეობებსაც: განათლების მიღების უფლებას და სკოლაში სიარულის მოვალეობას 16 წლამდე. ამიტომ უცხოეთის არასრულწლოვან მოქალაქეებს, რომლებიც ლეგალურად თუ არალეგალურად იმყოფებიან იტალიის ტერიტორიაზე, აქვთ უფლება, მიიღონ უფასო განათლება იმავე პირობებში, როგორშიც იტალიის მოქალაქეებს.

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში ჩაწერა მიმდინარეობს იმ წესებისა და პირობების მიხედვით, რომლებიც გათვალისწინებულია იტალიის არასრულწლოვანი მოქალაქეებისთვის, ეს კი შეიძლება მოხდეს წლის ნებისმიერ დროს. თუნდაც არასრულწლოვან უცხოელს (არაიტალიელს) არ ჰქონდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ის მაინც უნდა შევიდეს სკოლაში, რომლის დასრულების შემდეგ მიიღებს შესაბამის დოკუმენტს.

სკოლაში მიღებისას არასრულწლოვანს ამა თუ იმ კლასში ასაკის მიხედვით ანაწილებენ, მაგრამ თუ მასწავლებელთა საბჭომ სხვაგვარად გადაწყვიტა, ასაკს პირველადი მნიშვნელობა აღარ მიენიჭება. ამ დროს ითვალისწინებენ იმ ქვეყნის სასკოლო განათლების სისტემას, საიდანაც არის ჩამოსული ბავშვი, თავად ბავშვის ცოდნას, შესაძლებლობებს და ზოგად მომზადებას, ასევე – მის მიერ გავლილ კურსს და ამ კურსის წარმატებით დამთავრების მოწმობას.

იტალიის განათლების ნაციონალური სისტემა აერთიანებს სახელმწიფო და კერძო სკოლებს. სავალდებულო განათლება ორი სასწავლო ციკლისგან შედგება. პირველი მოიცავს დაწყებითი და პირველი საფეხურის სკოლებს, მეორე კი ლიცეუმს და პროფესიულ ტექნიკურ სასწავლებლებს. მეორე ციკლი მოსწავლეს სწავლის უნივერსიტეტში გაგრძელების საშუალებასაც აძლევს.

იტალიაში სასკოლო და სკოლამდელი განათლების სისტემა შემდეგნაირად არის ორგანიზებული:

● ბაგა-ბაღი. სამი თვიდან სამ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის არსებობს სახელმწიფო საბავშვო ბაღები, თუმცა იტალიელ მშობლებს შვილები, წესისამებრ, ბაღში არ მიჰყავთ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა „ბამბინოს” დამტოვებელი არავინ ჰყავთ.

● საბავშვო ბაღი. სამიდან ხუთ წლამდე ბავშვებს შეუძლიათ იარონ საბავშვო ბაღში (Scuola dell’infanzia; ადრე მას Scuola materna ერქვა). კურსი სამი წელი გრძელდება. არც საბავშვო ბაღშია სავალდებულო ბავშვის შეყვანა. იტალიაში არსებობს აგრეთვე ფასიანი კერძო ბაღები, რომლებიც ძირითადად ეკლესიებთან ფუნქციობს.

● დაწყებითი სკოლა ანუ SCUOLA PRIMARIA. დაწყებით სკოლაში სიარული სავალდებულოა ექვს წელს მიღწეული (თუ ამ ასაკს 31 აგვისტომდე მიაღწიეს) ყველა იტალიელი და არაიტალიელი ბავშვისთვის, რომლებიც იტალიაში დიდი ხნით იმყოფებიან. დაწყებით სკოლაში სწავლის ხანგრძლივობა ხუთი წელია (6-დან 10 წლამდე). მისი დასრულების შემდეგ გამოცდების ჩაბარება არ არის საჭირო.

● პირველი საფეხურის საშუალო სკოლა ანუ SCUOLA SECONDARIA DI PRIMO GRADO. მას შემდეგ, რაც დაამთავრებენ დაწყებით სკოლას, მოსწავლეები ვალდებულნი არიან, პირველი საფეხურის საშუალო სკოლაში გააგრძელონ სწავლა. აქ სწავლა სამი წლის განმავლობაში გრძელდება და 11-დან 13 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის არის გათვლილი. აქ უკვე სავალდებულოა სწავლის დასრულების შემდეგ სახელმწიფო გამოცდაზე (esame di Statо) გასვლა, რომლის წარმატებით ჩაბარება მეორე საფეხურის საშუალო სკოლაში გადასვლის საშუალებას იძლევა.

● მეორე საფეხურის საშუალო სკოლა. ამ საფეხურზე სწავლას 14 წლის ასაკში იწყებენ. იგი იყოფა შემდეგ ნაწილებად:

1) ლიცეუმი

უნივერსიტეტში ჩასაბარებლად მოსწავლეები სწორედ ლიცეუმებში ემზადებიან. არსებობს სამი სახის ლიცეუმი: კლასიკური (liceo classico), რომელშიც მეტი ყურადღება ეთმობა ჰუმანიტარულ დისციპლინებს, ტექნიკური (liceo tecnico) და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა (liceo scientifico). ყველა ლიცეუმის სასწავლო პროგრამა გულისხმობს იტალიურ ლიტერატურას, ლათინურ ენას, მათემატიკას, ფიზიკას, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს, ფილოსოფიას და ისტორიას. კურსის დასრულების შემდეგ მოსწავლეები აბარებენ გამოცდას (esame di maturita) და იღებენ სიმწიფის ატესტატს (diploma di maturita), რომლის საშუალებითაც შესაძლებელია უნივერსიტეტში ჩაბარება.

არსებობს ასევე ლინგვისტური ლიცეუმები (Liceo Lingtastico), სადაც, უცხო ენებთან ერთად, ისწავლება აგრეთვე ლიტერატურასა და ცივილიზაციის ისტორიასთან დაკავშირებული საგნები. პროფესიული მომზადება სხვადასხვა სფეროში, მათ შორის – სახელოვნებო მიმართულებით, მიმდინარეობს პროფესიულ ინსტიტუტებში (Institute Professionale), სამსახიობო ლიცეუმებსა (Liceo Artisticq) და ხელოვნების ინსტიტუტებში (Institute di Arte). 

იტალიაში ყველა ეს საგანმანათლებლო პროგრამა ითვალისწინებს სხვადასხვა სახის სიმწიფის დიპლომს (Diploma di Maturita): კლასიკურს, ლინგვისტურს, ტექნიკურს, მმართველობითს, ეკონომიკურს და სხვა. ნებისმიერი ასეთი დიპლომი მოსწავლეს უნივერსიტეტების კარს უღებს.

2) პროფესიული განათლება-მომზადება

პროფესიულ სკოლებში სწავლა ოთხწლიანია. აქ მოსწავლეები იღებენ პროფესიულ კვალიფიკაციას, რომელიც აღიარებულია როგორც იტალიაში, ისე მთელ ევროპაში. ამ სკოლების ატესტატი შემდეგ უმაღლესი ტექნიკური განათლების მიღების საშუალებასაც იძლევა. თუკი ამ სკოლის კურსდამთავრებულმა უნივერსიტეტში ჩაბარება მოისურვა, აუცილებელია, გაიაროს სახელმწიფო გამოცდისთვის მოსამზადებელი ერთწლიანი კურსი.

● ტერიტორიული მუდმივი ცენტრები ანუ CENTRI TERRITORIALI PERMANENTI. თექვსმეტი წლის უცხოეთის მოქალაქეებს შეუძლიათ ჩაირიცხონ პროფესიული მომზადების კურსებზე, რომლებიც ტერიტორიულ მუდმივ ცენტრებში (C.T.P.) ფუნქციობს. ამგვარი ცენტრები ორგანიზებას უწევს სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო და მოსამზადებელ კურსებს ზრდასრულთათვის, რომლებიც მოცემულ ტერიტორიაზე სახლობენ. ცენტრების მიზანია წერა-კითხვის უცოდინრობის ლიკვიდაცია და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება. ხსენებული ცენტრები ძირითადად შემდეგ საქმიანობას ახორციელებს:

▪ იტალიური ენისა და კულტურის კურსები;
▪ პირველი საფეხურის საშუალო სკოლის დისციპლინების სწავლება;
▪ კონსულტაციები უმაღლესი განათლებისა თუ პროფესიული მომზადების მიმართულებების თაობაზე.

იტალიის სკოლების საგანმანათლებლო პროგრამები ითვალისწინებს რომელიმე ერთი უცხო ენის სწავლებასაც.
მოსწავლეები სკოლაში დადიან კვირაში ხუთი დღე, საერთო ჯამში – 30 საათის განმავლობაში. გამოცდების პარალელურად ხშირია ტესტირებაც, რომელიც ფასდება არა ციფრებით, არამედ სიტყვიერად („კარგი”, „ბრწყინვალე” და მისთ.). 

იტალიის სახელმწიფო სკოლებში საკლასო ოთახები საკმაოდ დიდია. კერძო სკოლებში, რომლებიც სკოლების საერთო რაოდენობის მხოლოდ 5 პროცენტს შეადგენს, თითოეულ კლასში შედარებით ნაკლები მოსწავლე ირიცხება. მათი სასწავლო პროგრამები საჯარო სკოლების პროგრამების იდენტურია, მაგრამ კერძო სკოლებს აკრძალული აქვთ საკუთარი ატესტატების გაცემა, ამიტომ ორივე სახის სკოლების მოსწავლეები აბარებენ სახელმწიფო გამოსაშვებ გამოცდას და იღებენ სტანდარტულ დიპლომს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი