პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

არდადეგებზე საკითხავი

ამ წერილს მხოლოდ ჩვენთვის კი არა, მასწავლებლებო, მოსწავლეებისთვისაც ვწერ და თქვენ მხოლოდ იმას გთხოვთ, მიაწოდოთ, წააკითხოთ, მოუყვეთ მაინც.

საახალწლო არდადეგები ახლოვდება და ვიხსენებ, რას ვკითხულობდი ამ დროს, როცა სკოლის მოსწავლე ვიყავი. ვზივარ და ვფიქრობ. ათასი გმირი მიმოდის თვალწინ: ტომ სოიერი, ჰეკლბერი ფინი, გავროში, ქარის წისქვილების რაინდი… მათ მერე ბუნდოვანი და ფერმკრთალი ჩრდილებიც გამოჩნდებიან… ახლა, ამას რომ ვწერ, ჩემი ოთახი სავსეა სხვადასხვა წიგნის პერსონაჟებით.

დღეს, როცა – ბეჭდური წიგნების საცავებს რომ თავი დავანებოთ – უკვე არსებობს ელექტრონული ბიბლიოთეკები, აღარაფერია ხელმიუწვდომელი.

რა დარჩება თუნდაც ასი გაკვეთილიდან, თუ მოსწავლემ არ იგრძნო, რომ თვითონ არის ახალბედა მეცნიერ-მკვლევარი?! ბავშვი ჩართული უნდა იყოს მხატვრული ტექსტების სხვადასხვა კუთხით განხილვაში და არა ჩვენ, მასწავლებლები, ვაწვდიდეთ მას დოგმებს, აზრებს, იდეებს როგორც უცვლელ ჭეშმარიტებას. ყველაფერი, რაც ჩვენ, ადამიანებს, არ გვეხება, ნაკლებსაინტერესოა ჩვენთვის. იგივე ითქმის სასწავლო პროცესზეც.

არ მეგულება მხატვრული ტექსტი, ამოგლეჯილი რომ იყოს ეპოქიდან, ეპოქის ლოგიკიდან, და რომც არსებობდეს, თუ სწორად გავთვლით ყველაფერს, მისმა ალოგიკურობამაც შეიძლება დადებითი შედეგი გამოიღოს. ტექსტებს, რომლებიც სასკოლო პროგრამაშია შეტანილი, აქვთ წინამორბედი და მომდევნო მასალები. არდადეგებიც ამისთვის არსებობს ალბათ – იჯდე და ამ მასალებს ეცნობოდე. ასე რომ მოხდეს, ამ უკვე მკვლევარ-მეცნიერ ბავშვებს უნდა უთხრა მასწავლებელმა, ახლა სხვაგანაც ვეძებოთო და დაუსახელო ათობით სხვა წიგნი, მწერალი.

რას მომცემდა, სკოლაში მხოლოდ შუშანიკის, აბოსა და გრიგოლის სახელები რომ გამეგო, სხვა ჰაგიოგრაფიული ტექსტები კი არ წამეკითხა?! სიმართლე გითხრათ, ყველაზე უკეთ კლასგარეშე წაკითხული ტექსტები მახსოვს. ვიჯექი, ოთხი ელემენტის თეორიაზე ვფიქრობდი და თავი მართლა წარმომედგინა ახალგაზრდა მკვლევარად. მერე ისო ნავეს ძის ფსიქოლოგიურ პორტრეტს ვადგენდი, ზარზმელ მამებზეც მეღიმებოდა, მათ სირბილსა და აკეცილ კაბას რომ წარმოვიდგენდი.

მასწავლებლებო, თქვენ კარგად იცით, რომ თუ მხოლოდ ერთ ადგილას თხარე, ჭა შეგრჩება ხელთ, ხოლო თუ არეალი გააფართოე, შესაძლოა ნამარხი ქალაქიც აღმოაჩინო. მინდა გთხოვოთ: აჩვენეთ თქვენს „პატარა მეცნიერებს” სხვა ტექსტები, რომლებიც სკოლაში არ ისწავლება. 

აქამდე ეს წერილი თქვენთვის იყო, დანარჩენი კი, გთხოვთ, უთუოდ მიიტანოთ ბავშვებამდე:
 
მე არ ვიცი, სად და როგორ წაიკითხავთ ჩემს წერილს. იქნებ შინაარსსაც მოუყვეთ ერთმანეთს, სოციალურ ქსელებში გაუზიაროთ ან ფურცელზე ამობეჭდოთ და წაკითხვის შემდეგ მისგან გაკეთებული ქაღალდის თვითმფრინავი გაუშვათ კლასში. ისხდეთ და იცინოდეთ.

ან იქნებ დაგაფიქროთ. იქნებ მომძებნოთ კიდეც და დავმეგობრდეთ.

მე ამ წერილს არ გწერთ როგორც მასწავლებელი. უფრო მათი ბანაკიდან გამოპარული მოსწავლე ვარ, მასწავლებლის ნიღაბს ვიხსნი და ვყვები:

თითქოს არც ხარ ვალდებული, იკითხო. ცხოვრება იმდენად საინტერესო და დინამიკურია, ზოგჯერ მეც კი მეეჭვება, რა საჭიროა სხვათა ამბების, სურვილების, იდეების შესახებ კითხვა?! ადამიანები საკუთარის გააზრებასაც ვერ ვასწრებთ, რომ უკვე სხვა რამ ხდება გასააზრებელი. ამ დროს კი გეუბნებიან, ხუთი, შვიდი, თოთხმეტი საუკუნის წინათ მცხოვრები ხალხის ამბებს გაეცნო. სისულელეა! არ გააკეთო ის, რაც არ გაინტერესებს, არ გიზიდავს.

მარკ ტვენი ამბობდა: „არასოდეს მიმიცია უფლება ჩემი მასწავლებლისთვის, ჩემი განათლებისთვის ხელი შეეშალა”.

არდადეგები ის არის, იმ ტექსტების მერე, რასაც სკოლაში გასწავლიან და დიდად არ გხიბლავს, იჯდე და კითხულობდე შენთვის საინტერესო მწერლების ნააზრევს, მონათხრობს, განცდილს. არასდროს მიფიქრია, რომ ეს უქმი დასვენება იყო. მერე დოსტოევსკის ფრაზასაც მივაგენი და საკუთარი დამოკიდებულება გამახსენდა სკოლიდან სკოლამდე პერიოდის მიმართ: „წარმოდგენა არ მაქვს ისეთ მდგომარეობაზე, როცა შეიძლება არაფერი აკეთო”.

ახლა, ამ წერილის მკითხველს, ბევრად უფრო საინტერესო ტექსტებისთვის განკუთვნილ დროს გართმევ. ამიტომ მოკლედ მოვჭრი და აი, რას გეტყვი: უქმე დღეებში შენ თვითონ გახდი საკუთარი თავის მასწავლებელი. შენს ერთ ნაწილს, კითხვა რომ დაეზარება, მიუჯექი გვერდით და მიუტანე ათობით წიგნი, გადაუშალე ერთ-ერთი და კითხვა დაიწყე. იყავი მასწავლებელიც და მოსწავლეც, მკვლევარი თუნდაც, მეცნიერი… გქონდეს საკუთარი აზრები, იდეები, მისწრაფებები და მუდამ გახსოვდეს: „ადამიანის წადილით გამოიხატება მისი არსება”.
 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი