პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

შექსპირი და მეშვიდე კლასი  

„ქარიშხალი“, როგორც უილიამ შექსპირის სხვა პიესები, კითხვისას უამრავ თავსატეხს აჩენს. საქმეს ვერც ანგარიშგასაწევ კრიტიკოსთა შეხედულებების გაცნობა აიოლებს – ერთმნიშვნელოვნად ვერაფერს იტყვი, მუდმივად გექნება განცდა, რომ რაღაც არსებითი დაგისხლტა ხელიდან. ამ შემთხვევაშიც შესაძლოა ერთადერთი გამოსავალი სპექტაკლის მრავალჯერ ნახვა იყოს – პიესა სცენაზე ახალ სიცოცხლეს იძენს და თვალშეჩვეული ტექსტიც სხვაგვარად ახმიანდება ხოლმე. ბოლოს და ბოლოს, დრამატული ნაწარმოები სწორედ სცენაზე დასადგმელად იწერება და ვინ იცის, იქნებ სწორედ იქ იპოვო სწორი პასუხები, იქნებ რეჟისორისა თუ მსახიობის თუნდაც მცდარი ინტერპრეტაცია მნიშვნელოვნად დაგეხმაროს შექსპირის ფანტასტიკურ სამყაროსთან მიახლოებაში.  ხანდახან ზუსტ დროს ნათქვამმა ერთმა ფრაზამაც კი შეიძლება გზა გაჩვენოს…

მოზარდ მაყურებელთა თეატრში ბოლო წლებში შექსპირის პიესების მიხედვით დადგმული ორი სპექტაკლი მქონდა ნანახი: „ზამთრის ზღაპარი“ (რეჟისორი დათა თავაძე) და „აურზაური არაფრის გამო“ (რეჟისორი დიმიტრი ღვთისიაშვილი) და, სიმართლე რომ ვთქვა, აღარ ველოდი, ისევ ამ დიდ სახელს თუ მიუბრუნდებოდნენ. ვფიქრობდი, რომ პირველ რიგში, თეატრის ტექნიკური შესაძლებლობები ნაკლებად შეესაბამებოდა იმ მოთხოვნებს, მსოფლიოს უდიდესი დრამატურგის პიესაზე მომუშავე რეჟისორს რომ უნდა ჰქონოდა. მეორე მხრივ, ისიც გასათვალისწინებელია, რომ როგორც დღის, ისე საღამოს წარმოდგენებს უმთავრესად მასწავლებლები და მოსწავლეები ესწრებიან და მათი ყურადღების მისაპყრობად თუ მოლოდინის გასამართლებლად რეპერტუარის ფრთხილად შერჩევაა საჭირო. აფიშაზე შექსპირის სახელის წაკითხვა გულისცემას კი აჩქარებს, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, სცენაზე რა დაგვხვდება და ვიქნებით თუ არა მზად მის აღსაქმელად და მისაღებად.

როდესაც მოზარდ მაყურებელთა თეატრის რეპერტუარში „ქარიშხალს“ გადავაწყდი, თვალებს ვერ ვუჯერებდი – ცხადია, მიხაროდა, რომ ძველ კითხვებთან მიბრუნების, პასუხების პოვნის ახალი შესაძლებლობა მომეცა, მაგრამ თან გულწრფელად მიკვირდა, ნუთუ მეექვსე-მეშვიდეკლასელები ამ სპექტაკლს რამეს გაუგებენ-მეთქი (ჩემი დაკვირვებით, სწორედ ამ ასაკისაა მაყურებლის უმრავლესობა საღამოს წარმოდგენებზე; როგორც ჩანს, დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს თეატრში ჯგუფურად სიარული ნაკლებად ეხალისებათ). 1611-1612 წლებში დაწერილი ეს პიესა რეჟისორ გიორგი თავაძეს დაუდგამს, პრემიერა კი თებერვლის თვეში ყოფილა. უდავოდ თამამი გადაწყვეტილებაა როგორც რეჟისორის, ასევე თეატრის მხრიდან – ურთულესი პიესის სცენური ინტერპრეტაცია სპეციფიკური მოთხოვნილებების მქონე მაყურებლისთვის.

მინიმალისტურმა დეკორაციამ აშკარად გაამართლა. სცენაზე დადგმულმა წყლით სავსე მინის ყუთებმაც თავისი სათქმელი თქვა. ქარიშხალიც, ასე თუ ისე, დატრიალდა… პირველი სირთულე დაძლეული აღმოჩნდა: შექსპირის გმირები სწორ დროს და შესაფერის გარემოში მოხვდნენ მაყურებლის თვალთახედვის არეში. პროსპეროს ჯადოქრობის დასამტკიცებლად იაფფასიანი ფოკუსების კეთება არ დაუწყია – უამისოდ მოიპოვა მაყურებლის ნდობაც და კეთილგანწყობაც. საერთოდაც, შოუს ელემენტები ნაკლებად შეინიშნებოდა სპექტაკლში და სულაც რომ არ ყოფილიყო, ჩემი წარმოდგენით, უკეთესი იქნებოდა. უკაცრიელ კუნძულზე დასახლებული ჯადოქრის ერთადერთი ქალიშვილი – მირანდა სინათლეს, სიხარულს, სიცოცხლეს აევსო. მისი გამოჩენა უმალვე ცვლიდა საერთო განწყობას – თითქოს წინდაწინ გვაუწყებდა, რომ ყველაფერი კეთილად დამთავრდებოდა, რომ საშინელი ქარიშხალი სიმართლისა და სიყვარულის გზებს გამოაჩენდა, მთავარი გმირების სამყაროში კი ახალ წესრიგს დაუდებდა სათავეს.

დარბაზში სწორედ მეშვიდეკლასელებს შორის ვიჯექი და მათი წამოძახილებიც მესმოდა, რაც იმაში მარწმუნებდა, რომ სცენაზე ნანახს შთაბეჭდილება უდავოდ მოეხდინა. კალიბანმა, როგორც მოსალოდნელი იყო, ჯერ დააფრთხო, მერე კი კარგად გაახალისა – ალბათ იმაზე მეტად მომხიბვლელად ცხოველური თუ ცხოველურად მომხიბვლელი იყო, ვიდრე უნდა ყოფილიყო. არიელის ჯამბაზობაც შეუმჩნეველი არ დარჩენიათ – ბავშვების გული თუ ვინმემ მოიგო, პირველ რიგში, სწორედ ამ გამუდმებით მოძრავმა, სასაცილოდ მოსაუბრე გმირმა. შეყვარებულ წყვილს – მირანდასა და ფერდინანდს კი მეც მთელი გულით თანავუგრძნობდი, მიუხედავად იმისა, რომ თვალი სულ დიდი ჯადოქრისკენ მეჭირა – მთავარი ხომ მისი ხელის მოძრაობა იყო…

ჩემი შიში – ბავშვები „ქარიშხალს“ თავსა და ბოლოს ვერ გაუგებენ-მეთქი, უსაფუძვლო აღმოჩნდა. ყოველ შემთხვევაში, ის, რაც მათ მოზარდ მაყურებელთა თეატრში დახვდებათ, ნამდვილად არ წარმოადგენს დაუძლეველ სიმაღლეს თუნდაც იმ ასაკის მაყურებლისთვის, რომლის რეაქციებზე დაკვირვების საშუალებაც მქონდა. მეშვიდე კლასმა გასაოცარი გამჭრიახობა გამოავლინა, ერთმა სათვალიანმა გოგონამ კი სპეტაკლის დასრულების შემდეგ მასწავლებელს უსაყვედურა კიდეც: რა ვერ გაიგეთ, მას – კაცმა გამოცდა მოუწყო შვილის შეყვარებულსო. ნეტავ შინ იმაზე თუ დაფიქრდებოდნენ, ვინ იყო, ბოლოს და ბოლოს, ეს კაცი – ეს ყოვლისშემძლე პროსპერო, რისკენ მიილტვოდა და რა მოიხელთა ამ ქარიშხალში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი