შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ლიტერატურული კლუბი  “ჩხრეკანი” წარმოგიდგენთ  – აქა ამბავი იმისა, თუ რატომ არის კარგი ამბავთა მბობა

ეს ამბავი ასე უნდა იწყებოდეს – იყო და არა იყო რა – და ასეც დავიწყებ:

იყო და არა იყო რა, იყო ერთი სკოლა და 2012 წლის სექტემბერში ამ სკოლის 1-ლი კლასი მე ჩამაბარეს. ეს საერთოდაც კია ვრცელი ამბავი, მაგრამ ამჯერად სჯობს, მოკლედ ითქვას.
როგორც იქნა, რამდენიმე წლის ნატვრის შემდეგ სკოლამ მიხმო. ძალიან ბედნიერი ვიყავი, მაგრამ თან ისეთი გრძნობა მქონდა, როგორიც ალბათ ოკეანეში ერთი ფიცრისამარა მყოფს ექნებოდა. ვაითუ, ვერ შევძლო, ვაითუ, არ შემიყვარონ, ვაითუ, არ გამომივიდეს… “ვაითუებს” ბოლო არ უჩანდათ.
რამდენი ღელვა, ცრემლი და ფორიაქი გამოვიარე იმ პირველ წელიწადს, დიდ სიყვარულთან და სიხარულთან ერთად, ეს მხოლოდ მე ვიცი.
უამრავი რამ მაქვს მოსაყოლი. არ მინდა რამე გამომრჩეს და ძალიან მინდა, უგულოდ არ წაიკითხოთ ეს ამბავი, რომელიც 6 წლის წინ დაიწყო და ახლაც გრძელდება. აქ მხოლოდ დასაწყისზე გითხრობთ.

მეორე სემესტრი არც ისე დიდი ხნის დაწყებული იყო, თებერვლის ოდნავ ცივი დარი იდგა და ჩემი 26 პირველკლასელი წიწილა გარეთ გამოვიყვანე. ბაღის მხარეს ორი დაბალი, გრძელი სკამი იდგა და იქ ჩამოვსხი ყველა ცოტაოდენი სეირნობის შემდეგ და ვინაიდან მაშინაც ძალიან უყვარდათ ჩემი მოყოლილი ამბების მოსმენა (ამ ბედნიერებაზე ოდესმე ცალკე მოგითხრობთ), ეზოში კი განსაკუთრებით მოსწონდათ ეს საქმე, იმჯერადაც შემიპირეს – მაას, მოგვიყევითო, რა, რამე.
აი, ამ მუდარით ნათქვამ “მასს” გავიგებ და… გული ისე იძეძგება სიყვარულით და მერე სისხლს ისე მიაქვს ეს სიყვარული ყველა უჯრედში, რომ ხშირად მიკვირს, როგორ ვუძლებ ამდენს.
იმჯერადაც დავფიქრდი. სექტემბრიდან მოყოლებული ზღაპრები, რომლებიც კარგად მახსოვდა, რომ შემომელია, გადავედი სხვადასხვა ლიტერატურულ ნაწარმოებზე. ხან ლინდგრენიდან მოვყვებოდი ეპიზოდებს, ხან ჯანი როდარიდან, ხან კიპლინგიდან, ხან ილიას და ვაჟას მივადგებოდი, მოკლედ, რაც გამახსენდებოდა. მერე დონ კიხოტის ბრძოლებზე გადავედი, ჟან ვალჟანის სიკეთეც არ დამვიწყებია, გრაფ მონტე-კრისტოსა და ფარიაზეც კი ვილაპარაკეთ და იფის ჯურღმულებშიც შევიჭყიტეთ, მათ ენაზე, მათთვის გასაგებად და საინტერესოდ, ესმერალდას და კვაზიმოდოს ამბავიც მოგვეწონა და ა.შ.
და თებერვლის ერთ (იმ) მშვენიერ დღეს უცებ მოსაყოლი ვერაფერი გავიხსენე და ლამის მექანიკურად, ამაზე უკეთეს ზღაპარს მაინც რას მოვყვები-მეთქი, დავიწყე: – „ბავშვებო, დღეს ვიწყებ საოცარი ამბის მოყოლას…“ – როცა ხმა მითრთის, მათი მზერა სულ სხვანაირია და 26 წყვილი თვალი რომ მოლოდინით მომაჩერდა, მთელი გულით განვაგრძე, – „იყო ერთი ასეთი ქვეყანა – არაბეთი, რომელშიც ცხოვრობდა ძალიან კეთილი, სამართლიანი და ძლიერი მეფე როსტევანი და ერთხელ…“.

სწორედ ასე დაიწყო რუსთველური ოდისეის ამბავი. მეც კი არ მჯეროდა, რომ გავბედე, შევბედე, დავიწყე… მთელი ძალით, გულით, სულით ვყვებოდი, თან განვმარტავდი, ვხსნიდი რაღაცებს, ხან დამჯდარი, ხან ფეხზე წამომდგარი, ხან განვასახიერებდი, ხან გაშეშებული ვყოვნდებოდი, რომ მათაც ამოესუნთქათ და მეც. ლუკმა-ლუკმა ვუღეჭავდი “ვეფხისტყაოსნის” ძირითად ისტორიებს, შიგადაშიგ ვურთავდი ფრაზებს ტექსტიდან, ვიმეორებდი მათ თვალდახუჭულიც კი, გაბმით, სიმღერასავით, რომ ეგრძნოთ მუსიკა, მიეჩვიათ ყური… მთელი გრძნობით ვყვებოდი შუა საუკუნეების მოგზაურობისა თუ სხვა რამეების შესახებ… ამბავს ვწყვეტდი ისეთ ადგილას, აი, ერთი სული რომ გაქვს, გაიგო, რა მოხდება. აბა… 12 მონა რომ მიუგზავნეს… დანა რომ მიადო ასმათს, დევების განძი რომ ჩაიგდო ხელთ და სკივრი რომ გახსნა და… ქაჯეთს რომ მიადგნენ და… ა.შ.

არ მახსოვს, რამდენ ნაწილად დავყავი მთელი შინაარსი. მაშინ არ მეგონა, თუ ეს ასეთ დიდ სიყვარულში გადაიზრდებოდა და ფოტოც კი არ გადამიღია ამ თვალებადქცეული პატარებისათვის, რომლებიც პროტესტს გამოთქვამდნენ, როცა ამბავს ვწყვეტდი: „აუ, მააას, გააგრძელეთ, რაა!“ (აქ მე ცრემლებს ახლაც ვერ ვიკავებ. ალბათ, უკვე ვბერდები და გული წარამარა მიჩუყდება). “მას, გთხოვთ!” – ეს გოგოები მთხოვენ უფრო თამამად და სული მძვრება, ისე მინდა, გავაგრძელო, მაგრამ არა, სოფო, ელოდონ, ტკბილი მოლოდინია, შეიყვარონ უფრო, – ასე ვაჩერებდი სოფო მასს.
კულმინაცია ის იყო, როცა ჩემმა 6 წლის შვილმა, რომელიც ამავე კლასში სწავლობს, შაბათ დილით, გულმოდგინედ რომ ვცდილობდი, ეჭამა ორიოდე ლუკმა, უცებ მკითხა:
„- დე, ვიცი, შენ არ მომიყვები, მარა მარტო ის მითხარი, რა, იპოვის?“
ტარიელისაგან ნესტანის პოვნაზე მეკითხებოდა.
და რა ვთქვა, როგორი განცდა დამეუფლა მაშინ. ვიტირე სიხარულით. ბედნიერება ჰქვია ამ განცდას. კარაქიანი პურის ნაჭრით ხელში ვიცინოდი ცრემლმორეული და მოთმინებისკენ მოვუწოდებდი სანდროს.

ასე შევდგით ფეხი სავეფხისტყაოსნეთში და როცა მთავარი პერსონაჟების სახელების წარმოთქმას ერთმანეთს არ აცლიდნენ და აციმციმებული თვალებით უყურებდნენ ჩემს სიხარულს, მე გულში ვლოცავდი ყველას, რუსთაველს, გადამწერებს, მესტამბეებს, იმათაც, ვინც მე რუსთველი შემაყვარა (დედას და ჩემს ასმათ მასწავლებელს), ვინც სკოლა შემაყვარა, ვინც საერთოდ სკოლა მოიგონა, ვინც მიმიღო და კლასი მომაბარა და ა.შ. და მახსენდებოდა ჩემი ბებია და ბაბუა, ძილის წინ რომ სკოლაზე ლაპარაკობდნენ ტკბილად, სიმღერასავით, არადა, რამდენიმე წლის მიტოვებული ჰქონდათ თავიანთი საყვარელი საქმე და მაინც ამით ცოცხლობდნენ, იქ ტრიალებდნენ ისევ გულით, ფიქრით და სანამ ძილს მისცემდნენ თავს, ერთხელ მაინც გაიჟღერებდა – „გახსოვს“… და აუცილებლად სკოლას ფურცლავდა მათი სასწაულად მზრუნველი და მოყვარული გონება და გულები.
ბებია წელიწადზე მეტია, აღარაა და ახლაც, როცა რაღაც კარგი ხდება სკოლაში, თუნდაც წვრილმანი იყოს, გავიფიქრებ, ეს აუცილებლად უნდა მოვუყვე ბებიას-მეთქი და მხოლოდ მერე მახსენდება, რომ ცოცხალი არაა. ამ ამბის ნაწილის მოყოლა მოვასწარი. გავახარე. ისიც მოვუყევი, გაგანია თხრობაში ვარ, ვყვები, რომ ავთანდილი ორი დღე და ღამე მისდევდა უცხო მოყმეს, ხატაელი ძმებისგან დაკვალიანებული. წყალი, ტყე, ღრე, კლდე, რა აღარ გაიარა იმ ორ დღეში, ცხენიდან არ ჩამომხტარა-მეთქი და უცებ გაისმის კითხვა:
„- მაას, საჭირო ოთახში არ შესულა?“
დათო იყო თუ რაული, არ მახსოვს. ვიცინეთ.
“სი ქგგალუ სქანი ბებიქ”, – მითხრა მაშინ ბებიამ.

დღეს ეს იყო. შემდგომში გიამბობთ ამბავს იმისა, თუ როგორ გაგრძელდა ჩვენი რუსთველიადა.
ყველას მადლობა, ვისაც ჩემსავით აუჩუყდა გული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი