შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

როგორ ვირჩევთ პროფესიას, ანუ უზრუნველყოფილი მომავლის ძიებაში

უკვე ერთი სემესტრი გავიდა, რაც მასწავლებლის სახელით სკოლის ზღურბლს გადავაბიჯე და თანდათან ვხვდები, რა რთულ და საპასუხისმგებლო საქმეს შევეჭიდე. სწავლა-სწავლებას რომ თავი დავანებოთ, მასწავლებლებს აღსაზრდელების „ნედლი ეგოს” დროულად და ზომიერად დამწიფებაშიც დიდი წვლილი მიუძღვით. მოსწავლეები, ძირითადად, სკოლაში დაგროვილი გამოცდილების მიხედვით იღებენ ერთ-ერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას – ირჩევენ პროფესიას. ჩემი აზრით, სკოლამ, სასწავლო უნარებთან ერთად, მოსწავლეს სწორი თვითშეფასების უნარიც უნდა განუვითაროს. უპირველესად, მოსწავლეებს ვურჩევდი, კარგად დაფიქრდნენ და აირჩიონ ისეთი პროფესია, რომელიც მათ ცხოვრებას რუტინად კი არა, საინტერესო თავგადასავლად აქცევს. 

პროფესიის არჩევა საკმაოდ რთულია, მით უმეტეს – საქართველოში, სადაც, ძირითადად, მშობლები „გვიმზადებენ” წარმატების ბურუსში გახვეულ პრეზენტაბელურ მომავალს. მაგრამ მოზარდთა უმეტესობას სხვის მიერ გაკვალულ გზაზე სიარული არ სურს – გადამეტებული თავდაჯერება და დინების საწინააღმდეგოდ ცურვის დაუოკებელი სურვილი ხომ თინეიჯერული ასაკის თანამდევი თვისებებია. როგორ მოვიქცეთ, რომ „სწორ გზაზე” დავაყენოთ „თავნება” შვილი, რომელსაც (მაგალითად) როკმუსიკოსობა გადაუწყვეტია, თმა „შხამისფრად” შეუღებავს, დაჩეხილი შარვლით და გონებაში ჩრდილოეთის სუსხიანი ქარის ქროლით იწონებს თავს?!

მშობელთა უმეტესობა შვილს მხოლოდ ქვეყნის საუკეთესო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პოპულარული ფაკულტეტის სტუდენტად მოიაზრებს. ადამიანები ირჩევენ პრესტიჟულ პროფესიას და ჰგონიათ, მათი მომავალი უზრუნველყოფილია.

მახსოვს, როცა მშობლები ჩემს მომავალს განიხილავდნენ, იმხანად პოპულარულ სპეციალობებს შორის არჩევანი პიანისტობასა და ექიმობაზე შეაჩერეს. დედა მედიცინის მუშაკი გახლდათ და უკვე აღარ ხიბლავდა უძილო ღამეების ხარჯზე, სიკვდილსა და ავადმყოფობასთან მუდმივი ბრძოლით მიღწეული წარმატება. აი, ასე მოვხვდი მუსიკალურ ათწლედში. არ ვიცი, სწორად მოვიქეცი თუ არა, კონსერვატორიას რომ გვერდი ავუარე. ისიც ცხადია, რომ ჩემ მიერ არჩეული პროფესია, ლიტერატურული დაოსტატება (ბატონი ვახუშტი კოტეტიშვილის მიერ დაარსებული ფაკულტეტი, რომელმაც 10-15 წლის შემდეგ არსებობა შეწყვიტა), არცთუ უზრუნველყოფილ მომავალს მპირდებოდა. შესაბამისად, სამუშაოს შოვნაც გამიჭირდა. ხშირად ვიბნეოდი კიდეც გასაუბრებებზე, როცა ჩემი პროფესიის განმარტებაზე მიდგებოდა საქმე. სულ სხვაა სამართალმცოდნე, ინგლისური ენის სპეციალისტი, ისტორიკოსი, სოციოლოგი, ფილოსოფოსიც კი… მაგრამ არა, მე ლიტერატურული დაოსტატების ფაკულტეტის სტუდენტი გახლდით და მიუხედავად ჩემი ბუნდოვანი „წარმომავლობისა”, ინსტიტუტში გატარებული წლები დაკარგულად არასდროს ჩამითვლია, რადგან ჩემმა ფაკულტეტმა ბევრი ისეთი უნარ-ჩვევა შემძინა, რასაც დღემდე ვიყენებ. 

სამწუხაროდ, საქართველოში მრავალმხრივი განათლებით აღჭურვილი უნდა იყო, შენმა რეზიუმემ როგორმე რომ ამოყვინთოს სასოწარკვეთილ უმუშევართა განცხადებების ზღვიდან (ერთ-ერთ გასაუბრებაზე, რომელიც წიგნის მაღაზიისთვის კონსულტანტის თანამდებობაზე ლიტერატურული გემოვნების მქონე კარგ მკითხველს ეძებდა (ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, სადაც ჩემი პროფესია და გამოცდილება შემოთავაზებული სამსახურის მოთხოვნებს სავსებით აკმაყოფილებდა), ინგლისური ენის არცოდნის გამო დამიწუნეს). ალბათ თქვენც, მკითხველო, ხშირად გიწევთ სამსახურში რამდენიმე სპეციალობისთვის საჭირო ცოდნისა და უნარის მოშველიება. იმედს ვიტოვებ, ოდესმე ვაღიარებთ ვიწრო სპეციალობების უპირატესობას თუ არა, საჭიროებას მაინც (რა თქმა უნდა, ვიწრო სპეციალობაში არ ვგულისხმობ იმას, რომ, მაგალითად, პროგრამისტმა არ უნდა იცოდეს, ვინ იყო შოთა რუსთაველი).

მაინც რა მოთხოვნებს უყენებენ მშობლები სკოლას? რატომ იცარიელებენ ჯიბეებს შვილებისთვის განსაკუთრებული განათლების მისაცემად და რას ნიშნავს „განსაკუთრებული განათლება”? 

ყველა მშობელს სურს, მისი შვილი წარმატებული ადამიანი იყოს. არსებობს კი სკოლები, სადაც „ხეზე ასვლას” ასწავლიან? თუმცა შეძლებული ოჯახები სკოლებისა და უნივერსიტეტებისთვის ფულს არ იშურებენ. საინტერესოა, მაინც რა კრიტერიუმით ირჩევენ მსოფლიოს უმდიდრესი ოჯახები საგანმანათლებლო დაწესებულებებს. 

ჩემი აზრით, გავლენიანი ადამიანები სრულყოფილებისკენ ისწრაფვიან, რადგან კარგად იციან წარმატებისა და ფუფუნების ფასი. შესაბამისად, მათ მიერ არჩეული სკოლის „შეფუთვა” და „შიგთავსი” ერთნაირად უზადო და ორიგინალური უნდა იყოს. 

მსოფლიოში საკმაო რაოდენობის პრესტიჟული სკოლა-პანსიონია, რომლებიც დამკვეთებს სხვადასხვა ეროვნებისა და განვითარების მოსწავლეებზე მორგებულ, მაღალი დონის მრავალფეროვან სასწავლო პროგრამებთან ერთად უახლესი ტექნოლოგიითა და ფუფუნების საგნებით სრულყოფილად აღჭურვილ გარემოს სთავაზობენ. ასეთი სკოლა-პანსიონების რიცხვს მიეკუთვნება Institut Le Rosey, რომელიც 1880 წელს დაარსდა. ის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და პრესტიჟული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაა შვეიცარიაში. მას „სამეფო სკოლასაც” უწოდებენ, რადგან დაარსებისას მხოლოდ „პრინცებისთვის” იყო განკუთვნილი. დღეს აქ გოგონები და ბიჭები ერთად იღებენ საკმაოდ ძვირად ღირებულ განათლებას.

Institut Le Rosey განთავსებულია შუა საუკუნეების ციხესიმაგრეში, რომელიც სკოლის დამაარსებელს ეკუთვნოდა.
რაც შეეხება მოსწავლეთა წარმომავლობას და სოციალურ სტატუსს: 1950-1960 წლებში სკოლა-პანსიონის მოსწავლეთა უმეტესობა ამერიკის შეერთებული შტატების, იტალიისა და საბერძნეთის მოქალაქეებისგან შედგებოდა. მომდევნო ათწლეულის განმავლობაში მათ შეუერთდნენ არაბეთის ქვეყნებისა და ირანის მოქალაქეები, მოგვიანებით კი იაპონელები, კორეელები და რუსები. 90-იან წლებში მოსწავლეთა მესამედს სწორედ რუსი ოლიგარქების შვილები შეადგენდნენ. მას შემდეგ, რაც დამტკიცდა, რომ რუსი მოსწავლეები მუდმივად ავიწროებდნენ სხვა ეროვნების მოზარდებს, სკოლაში ამოქმედდა ერთგვარი ნაციონალობის მარეგულირებელი სკალა, რომლის მიხედვითაც, სკოლის ადმინისტრაცია ვალდებულია უზრუნველყოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთა შეძლებისდაგვარად თანაბარი რაოდენობით მიღება.

Institut Le Rosey-ს თამამად შეუძლია იამაყოს საუკეთესო საგანმანათლებლო პროგრამებითა და მაღალკვალიფიციული თანამშრომლებით, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსწავლეთა მომზადებას მსოფლიოს საუკეთესო უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისთვის. დაწყებითი და საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ და ფრანგულ ენაზე. მომდევნო ეტაპზე მოსწავლეები თავად ირჩევენ, რომელ ენაზე სურთ განათლების მიღება, რაც თავისთავად იმაზეა დამოკიდებული, რომელი ქვეყნის უნივერსიტეტში აპირებენ სწავლის გაგრძელებას. სკოლა-პანსიონში გატარებული ერთი სემესტრის ღირებულება 50 000 ევროა. მეეჭვება, Institut Le Rosey-ს კურსდამთავრებულებს მომავალი პროფესიისა და, მასთან ერთად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების არჩევა გაუჭირდეთ.
 
თუ ვინმეს ხარისხიანი ცოდნის მიღებასთან ერთად ექსტრემალური შთაბეჭდილებებით სავსე სასწავლო წლის გატარება სურს, შვეიცარია ამ კუთხითაც შესაფერისი ქვეყანაა.

Collège Alpin International Beau Soleil – ასე უწოდებენ კოლეჯს, რომელიც ალპურ ზონაში , ზღვის დონიდან 1350 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ეს სასწავლო დაწესებულება ყოველწლიურად ორასამდე მოსწავლეს იღებს მსოფლიოს 50 ქვეყნიდან. კოლეჯის ინფრასტრუქტურა მართლაც შთამბეჭდავია. ცენტრალური კორპუსის ფანჯრებიდან და აუზით აღჭურვილი ტერასებიდან ალპური ბუნების ულამაზესი ხედი  იშლება. კოლეჯი აღჭურვილია სამხატვრო სახელოსნოებით, ხმის ჩამწერი მუსიკალური სტუდიებით, კინოსა და თეატრისთვის განკუთვნილი დარბაზით, რომელიც ორასამდე მაყურებელს იტევს, აგრეთვე – სპორტდარბაზითა და ფიტნესკლუბით. იქვეა სპორტული კომპლექსი, რომელშიც განთავსებულია სტადიონი და საციგურაო მოედანი. მოკლედ, შვეიცარიის ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული კოლეჯი (ერთი სემესტრი – 48 000 ევრო) ნამდვილად გამოირჩევა მსოფლიოს პრესტიჟული სასწავლო დაწესებულებებისგან უმაღლესი ხარისხის კომფორტული ინფრასტრუქტურით.
 
ალპურ ზონაში მდებარე სასწავლო დაწესებულება 1910 წელს დაარსდა და დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. ინფრასტრუქტურის გარდა, კოლეჯი მოსწავლეებს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის, მრავალფეროვან და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებისთვის მოხერხებულ სასწავლო პროგრამებს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა: ერთ კლასში მხოლოდ რვა მოსწავლეა, რაც, თავისთავად, ხარისხიან სწავლა-სწავლებას უწყობს ხელს. კოლეჯის პოპულარობას განაპირობებს ორიგინალური საგანმანათლებლო-სპორტული ექსპედიციებიც. გაზაფხული და შემოდგომა ეთმობა ფეხბურთს, კალათბურთს, ჯირითს, სამთო ველოსპორტს, ცურვას, წყლის თხილამურებს, ტენისს, გოლფს… ზამთარში მოსწავლეები სამთო-სათხილამურო სპორტის სახეობებში ვარჯიშობენ (თხილამურებით სრიალი, სნოუბორდი, ჰოკეი…), მართავენ ლაშქრობებს მყინვარებზეც. ამას წინათ თურმე კილიმანჯარო დაულაშქრავთ.
***
სამწუხაროდ, ქართული სკოლები შვეიცარიის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ახლოსაც ვერ მოვა. ჩვენთან არჩევანი ასეთია: კერძო ან საჯარო სკოლა. ვისაც ორიოდე კაპიკი უდევს ჯიბეში, თბილისის კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკეთებს არჩევანს. ფასიანი სკოლები სახელწიფო სასწავლო დაწესებულებებისაგან განსხვავებულ სასწავლო გარემოს სთავაზობენ მშობლებს, თავს იწონებენ დამატებითი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროგრამებით, კლუბებით და ქართულ კომფორტად წოდებული გარემოთი, რომელსაც სიტყვა „მისაღები” უფრო შეეფერება. ქართველ მშობელთა უმეტესობა არასაკმარისად დახვეწილ სასწავლო პროგრამებზე წუწუნებს, უმეტესობა, დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო, შვილის უსაფრთხო და მეტ-ნაკლებად კომფორტულ გარემოში მთელი დღით დატოვების შესაძლებლობითაც კმაყოფილია. ჩვენს თანამემამულეთა მხოლოდ მცირე ნაწილს შეუძლია, შვილს საუკეთესო განათლების მიღების საშუალება მისცეს და საზღვარგარეთის პრესტიჟულ კოლეჯებში მიაბაროს.

თუმცა არჩევანის თავისუფლებაც აქაც არ ვუჩივით: საქართველოში პროფესიის არჩევის მსურველთა ძიების საზღვრები იმდენად გაფართოვდა, რომ, სიტყვაზე, იურიდიული განათლების მიღების მსურველი (ოღონდ გარეთ არ დარჩეს და) შეიძლება სამხატვრო აკადემიის სტუდენტი გახდეს. ამ ორიგინალურმა სიახლემ, მახსოვს, თავიდან ძალიან დააბნია აბიტურიენტები და მათი ოჯახები. ამას წინათ ერთი ახლობელი მიყვებოდა, როგორ აქცია მისი მეგობარი უმაღლესი სასწავლებლების ჩამონათვალში დაშვებულმა გულუბრყვილო შეცდომამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნაცვლად ერთ-ერთი რაიონის ნაკლებპრესტიჟული ინსტიტუტის სტუდენტად, შეცდომის გასწორების მცდელობის შემდეგ კი უფრო შორს – დასავლეთ საქართველოში უკრა თავი. მოკლედ, თუ ფრთხილად არ იქნებით, პროფესიისა და სასწავლო დაწესებულების არჩევის მცდელობა შეიძლება ნამდვილ თავგადასავლად გექცეთ. 

არსებობენ ადამიანები, რომლებიც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაუხმარებლადაც ახერხებენ საკუთარი თავის შეცნობას და დიდ წარმატებასაც აღწევენ. მომდევნო წერილში სწორედ მათზე მოგიყვებით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი