შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ძერწვა და მისი როლი ბავშვის განვითარებაში

რომელი მშობელი იტყოდა უარს, რომ შემოქმედებითი უნარ-ჩვევებით აღჭურვილი შვილი ჰყოლოდა. ალბათ, ძნელი იქნება ასეთი მშობლის პოვნა. თუმცა, მათი უმრავლესობის ყურადღება ბავშვთან ურთიერთობის პროცესში ყველაზე ნაკლებად აღნიშნული უნარ-ჩვევების გამომუშავებისკენაა მიმართული, როგორც სასკოლო, ისე  სკოლამდელ პერიოდში.

ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში, ბავშვი მშობლიურ ენაზე მეტყველებას არ არის დაუფლებული და ბევრი მშობელი ცდილობს უცხო ენა შეასწავლოს მას. ამასთან, სიხარულს და ბედნიერებას ვერ მალავენ, თუ პირველ სიტყვას მათი პატარა სწორედ უცხო ენაზე წარმოთქვამს. სკოლამდელ პერიოდში უფროსები ძალასა და ენერგიას არ იშურებენ იმისათვის, რომ შეასწავლონ ბავშვს კითხვა, წერა, თვლა, მარტივი მათემატიკური ოპერაციების შესრულება. და,  ყველაფერ  ამას ისინი, ერთი შეხედვით, ძალიან „კეთილი“ განზრახვით აკეთებენ. მათი აზრით, ყოველივე აღნიშნული ბავშვის სკოლისათვის მომზადებას შეუწყობს ხელს, რაც, თავის მხრივ, სკოლაში სწავლის პერიოდში მათი შვილის წარმატებულობის წინაპირობა გახდება. ძალიან სამწუხაროა, რომ სკოლამდელ ასაკშიც კი, რომელიც შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარებისათვის სენსიტიურ პერიოდს წარმოადგენს, სათანადო ყურადღება არ ეთმობა ისეთ საქმიანობებს (ხატვა, ძერწვა, აპლიკაცია), რომელიც აღნიშნული უნარების განვითარების ხელშემწყობი გახდებოდა. შეიძლება ითქვას, რომ არც სასკოლო პერიოდში მოიაზრება აღნიშნული საქმიანობა პრიორიტეტულად. უფრო მეტიც, შეიძლება ბავშვმა საყვედურებიც კი მიიღოს მშობლებისგან, თუ ის ძერწვამ გაიტაცა და დავალებები მათემატიკაში ან უცხო ენაში შეუსრულებელი დარჩა.

მაინც, რა სარგებლობა შეიძლება მოუტანოს ბავშვს ძერწვამ და რა როლი შეიძლება შეასრულოს მან პატარას განვითარებაში. ბავშვებს, როგორც წესი, ძალიან უყვართ ძერწვა და ამისათვის ბევრნაირ მასალას იყენებენ – ქვიშით დაწყებული და დედის მიერ ხაჭაპურისთვის მოზელილი ცომით დამთავრებული.

ძერწვა ბავშვისთვის არა მხოლოდ გასართობი, არამედ გარკვეული სარგებლის მომტანიცაა:

  • ძერწვა ხელს უწყობს ბავშვის გონებრივ განვითარებას. პლასტილინის ან სხვა საძერწი მასალის ხელით დამუშავებისას, მისგან სხვადასხვა ფორმის დეტალების შექმნისას და ამ დეტალების ერთმანეთთან დაკავშირებისას ბავშვს უვითარდება ხელის წვრილი მოტორიკა, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს მისი მეტყველების, ზუსტი და კოორდინირებული მოძრაობების, მეხსიერების და პიროვნების განვითარებაზე. ყოველივე აღნიშნული კი ბავშვის გონებრივ განვითარებაში პოულობს ასახვას;
  • ძერწვა ნებელობის განვითარების კარგი საშუალებაა. როცა ბავშვი კონცენტრირებულია რაიმე, მისთვის საინტერესო და მიმზიდველ საქმიანობაზე, ის ადვილად სწავლობს მოთმინებას, ხდება უფრო ბეჯითი, მონდომებული, უვითარდება დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანის და სირთულეების გადალახვის უნარი, ხდება უფრო მობილიზებული, ყურადღებიანი, უვითარდება თვითრეგულაციის უნარი;
  • პლასტილინის სტანდარტული ნაწილებისაგან ახალი ფორმების შექმნისა და სხვადასხვა ფერების ერთმანეთში შერევის, ასევე ნიმუშის მიხედვით ძერწვის პროცესში ვითარდება ხატოვანი, აბსტრაქტული და ლოგიკური აზროვნება, მეხსიერება; ვლინდება შემოქმედებითი უნარები;
  • ძერწვა წარმოსახვის, ფანტაზიის განვითარების ძალიან კარგი საშუალებაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბავშვი ქმნის რაიმეს არა ნიმუშის მიხედვით, არამედ მის მიერვე მოფიქრებულს;
  • ძერწვა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვის ემოციურ ცხოვრებაში. ის დამამშვიდებლად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, პატარას ფსიქიკურ და ემოციურ მდგომარეობაზე, ამცირებს აგზნებადობასა და გაღიზიანებადობას. ძერწვა ეხმარება ბავშვს გამოხატოს თავისი ემოციები (მათ შორის ნეგატიური) სოციალურად მისაღები ფორმით, გაუმკლავდეს სიბრაზეს, განრისხებას, შფოთვას;
  • ფსიქოლოგიაში აქტიურად გამოიყენება ძერწვა, როგორც არტ-თერაპიის ერთ-ერთი მეთოდი. მას აქვს დამამშვიდებელი და თერაპიული ზემოქმედება. განსაკუთრებით სასარგებლოა ძერწვა ჰიპერაქტიური ბავშვებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ ბავშვებს რამდენიმე წუთითაც კი არ შეუძლიათ ერთ ადგილას მშვიდად ჯდომა, რეგულარული მეცადინეობები პლასტელინით ძერწვა ეხმარება მათ იყვნენ უფრო მობილიზებული, ორგანიზებული, მტკიცე, შეუპოვარი და დაწყებული საქმე წარმატებულ დასასრულამდე მიიყვანონ;
  • ნამუშევარი, რომელსაც ძერწვის პროცესში ქმნის ბავშვი, გვეხმარება უფროსებს გავერკვეთ მის სულიერ მდგომარეობაში და შევაფასოთ ემოციური და პიროვნული პრობლემების არსებობა;
  • ძერწვა ეხმარება ბავშვს გამოხატოს გრძნობები, რომლებიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაუგროვდა და რომელთა არსებობას შეიძლება ის ვერც კი აცნობიერებს; არავერბალურად გამოხატოს ასევე არსებული შინაგანი კონფლიქტები და წინააღმდეგობები;
  • ძერწვა ეხმარება ბავშვს „საგნობრივი“ გახადოს შიში და დაძლიოს ის ფიზიკური ურთიერთქმედების გზით – დაამტვრიოს, დასრისოს გამოძერწილი ფიგურა მისი შეცვლის, რაიმე უფრო კარგის, უკეთესის შექმნის მიზნით;
  • ძერწვა ბავშვისთვის გარემომცველი სამყაროს უკეთ შეცნობის საშუალებაა. იმისათვის, რომ პატარამ გამოძერწოს ესა თუ ის ფიგურა, მან კარგად უნდა შეისწავლოს ის, რის გამოძერწვასაც აპირებს, შეისწავლოს საგნების დამახასიათებელი თავისებურებები, დააზუსტოს დეტალები, გაიაზროს, გააცნობიეროს ობიექტების ძირითადი თვისებები. ამ გზით ის იძენს ცოდნას გარემომცველი სამყაროს შესახებ, ვითარდება მხედველობითი მეხსიერება, ასევე ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • მნიშვნელოვანია ძერწვის როლი ბავშვის პიროვნების განვითარების პროცესში. ძერწვა მარტივი და ეფექტური ხერხია ბავშვის დაფარული შესაძლებლობების გამოსავლენად და ბუნებრივი უნარ-ჩვევის განვითარებისთვის, იმისათვის, რომ დავანახოთ პატარას საკუთარი უნიკალურობა და შემოქმედებითი უნარები. მუშაობა ისეთი საძერწი მასალით, რომელსაც ბავშვმა სურვილის მიხედვით შეიძლება მისცეს ნებისმიერი ფორმა, შემდეგ კი, თუ საჭირო იქნება, შეცვალოს ეს ფორმა ახლით, უვითარებს ბავშვს საკუთარ ძალებში რწმენას, პასუხისმგებლობას და ცნობისმოყვარეობას. პატარა „ატარებს ექსპერიმენტებს“ და ავიწყდება, რომ რაიმე შეიძლება არ გამოუვიდეს. ის სწავლობს ახალს და ცდილობს გაცნობიერებულად გამოიყენოს თავისი უნარი საჭირო შედეგის მისაღწევად. ძირითადი მოტორული ჩვევების პარალელურად ძერწვა ავითარებს მიზანსწრაფულობას, სიბეჯითეს და ორგანიზებულობას.

დაბოლოს, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ძერწვა ბავშვის სკოლაში სწავლისათვის მზაობის მნიშვნელოვან ხელისშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს. ამდენად, როცა ბავშვს სკოლაში სწავლის დასაწყებად ვამზადებთ, წერა-კითხვის, უცხო-ენის და მათემატიკური ოპერაციების სწავლების ნაცვლად, აჯობებს დავაკავოთ ის ძერწვით, რომელიც მას ისეთ უნარ-ჩვევებს გამოუმუშავებს და ისე განავითარებს ინტელექტუალურად და სოციალურად, რომ მომავალში სკოლაში სწავლა მისთვის ბევრად უფრო ადვილი, საინტერესო და მიმზიდველი იქნება, ვიდრე წერა-კითხვის ცოდნის შემთხვევაში.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი