პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ფრანგი მწერლის რჩევები – როგორ შევაყვაროთ ბავშვებს კითხვა

მათ, ვისაც გულწრფელად აწუხებს, რომ ახალგაზრდა თაობა მხატვრულ ლიტერატურას არ კითხულობს და ეძებს გზებს, როგორ შეაყვაროს მას კითხვა; მათ, ვინც ამას თავმოყვარეობაშელახული მშობლის პოზიციიდან, ანდა სნობური წამბაძველობით კი არ უყურებს, არამედ ენანება, რომ ახალგაზრდებისთვის შეუცნობელი რჩება ის ბედნიერება, რასაც წიგნის სამყარო ჰქვია, – ნამდვილად დაეხმარება ფრანგი მწერლის დანიელ პენაკის წიგნი “რომანივით საკითხავი”, რომელიც ახლახან გამოსცა გამომცემლობა “დიოგენემ”. გვინდა დასაწყისშივე აღვნიშნოთ, რომ ეს არ არის კითხვის შესაყვარებელი მეთოდოლოგიის სახელმძღვანელო; იგი მწერლისა და პედაგოგის დაკვირვებებსა და ცხოვრებისეულ გამოცდილებებზე აგებული ნაწარმოებია (რომელიც რომანივით მსუბუქად იკითხება) და არა დიდაქტიკური შეგონებებით აღსავსე ოპუსი. რას გვირჩევს დანიელ პენაკი და რა არის ის შეცდომები, რასაც მშობლები შვილებთან ურთიერთობისას სათავეშივე უშვებენ? პირველი, რასაც მწერალი შეგვახსენებს, ისაა, რომ “კითხვა”, ისევე როგორც “სიყვარული”, ანდა “ოცნება”, ვერ გუობს ბრძანებით კილოს. რაც უნდა მოწადინებული ვიყოთ, შეგონებებით ვერც სიყვარულს და ვერც ოცნებას ვერავის დავაწყებინებთ. ზუსტად ასეა წიგნის კითხვის შემთხვევაშიც, ამიტომ იმაზე საუბარი, რომ წიგნის კითხვა სასიამოვნო, სასარგებლო და აუცილებელია, მიზანს ვერასოდეს აღწევს და კედელს შეყრილი ცერცვივით დაბლა ცვივა. მაშ, რა ქნას მშობელმა? – იკითხავთ თქვენ. რა და, ადექით და წაუკითხეთ! ჩვენ ხომ ასე გვსიამოვნებდა შვილებისთვის ზღაპრის მოყოლა; ისინი მოუთმენლად ელოდნენ იმ წუთს, როცა დედა, მამა, ბებო ძილის წინ მათ საწოლთან წიგნით ხელში დასხდებოდნენ, ანდა, საკუთარ ფანტაზიას მინდობილნი, ერთი და იმავე ზღაპრის ახალ-ახალ ვარიაციებს თხზავდნენ ექსპრომტად. იმ დროს ოჯახში იდილია სუფევდა, ბავშვი თავს დაცულად და ბედნიერად გრძნობდა და მშობლის გულიც სიყვარულით იყო სავსე. მაგრამ მერე შვილები დაიზარდნენ (დავიზარდეთ), სკოლაში წავიდნენ და ყველაფერი შეიცვალა. ახლა მხოლოდ ანბანის სწავლა კი არა, კითხვაში გაწაფვაც იყო საჭირო და დაიწყო გამუდმებული “წაიკითხე, წაიკითხე”. მშობლები, ხასიათისა და განწყობის მიხედვით, სხვადასხვა მეთოდს იყენებდნენ: დაპირებას, მუქარას, მეგობრის შვილებსა თუ თანაკლასელებთან შედარებას და ა.შ. დანიელ პენაკი მშობლებისა და შვილების ამ ორთაბრძოლას დახვეწილი იუმორით აღწერს და იქვე სიყვარულით შეგვახსენებს იმ პაწია არსებებს, ახალნასწავლი ანბანით მარტივი წინადადებების შედგენაც რომ უჭირთ, ჩვენ კი ამ დროს დიდტანიან სათავგადასავლო წიგნებს ვაჩეჩებთ, თან ვამუნათებთ: ასეთი უინტერესო როგორ ხარ, სამყაროს შეცნობა როგორ არ გინდაო. დანიელ პენაკის სახელი გაგონილიც არ მქონდა, როცა დაახლოებით 14-15 წლის წინ ერთ ცნობილ ქალბატონთან ინტერვიუზე ვიყავი. საუბარი მის ვაჟს შეეხებოდა, რომელსაც თურმე ძალიან დიდხანს – არათუ ბაღის ასაკში, არამედ სკოლის მაღალ კლასებშიც კი – თვითონ უკითხავდა. “ვიდრე პატარა იყო, ნელა კითხულობდა, ამიტომ ეზარებოდა, მერე კი უკვე რიტუალად გვექცა ხმამაღლა კითხვა და წაკითხულზე მსჯელობა”, – ამიხსნა მან და ეს დედაშვილური რიტუალი იმდენად მომხიბლავი მომეჩვენა, იმავეს გამეორება საკუთარ შვილთან ვცადე. თუ შეიძლება, წიგნის კითხვის შეყვარებას დედამ წარმატება უწოდოს, მაშინ მე წარმატებული დედა ვარ. მეორე შეცდომა, რასაც პენაკი მშობლებს შეგვახსენებს, ანგარებაა. ეს სიტყვა ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ ზუსტად გამოხატავს სათქმელს – უკითხეთ უანგაროდ! არ მოითხოვოთ სანაცვლოდ არაფერი! წიგნის კითხვა არც პრიზია და არც ჯილდო, აქ ყველაფერი უსასყიდლოდ უნდა ხდებოდეს. სწორედ ეს არის ხელოვნების ერთადერთი საზღაური. და კიდევ – არ მოსთხოვოთ იმის ახსნა, რა გაიგო წაკითხულიდან. აცალეთ იოცნებოს, განმარტოვდეს საკუთარ შეგრძნებებთან; ის საიდუმლო, რაც მას წიგნში აღწერილ ახალ სამყაროსთან შეხებით გადაეცა, მასთან უნდა დარჩეს. თანამედროვე მშობლები ალბათ თავს გადააქნევენ და იტყვიან, რომ ყველაფერი ელექტრონული ტექნოლოგიების ბრალია, რომლებიც ბავშვს წიგნს აშორებს და რომ მათთვის მშობლებს მერვე კლასამდე წიგნი არ უკითხავთ, მაგრამ სასკოლო ბიბლიოთეკა ათვისებული ჰქონდათ. ამგვარ მშობლებს გვინდა შევახსენოთ, რომ მე-18 საუკუნეში, როცა საფრანგეთში ჟან ჟაკ რუსო ცხოვრობდა, ტელევიზორი და კომპიუტერი არ არსებობდა, მაგრამ ამ მწერლისა და ფილოსოფოსის თვალს მაინც არ გამოჰპარვია, რომ “კითხვა ის მათრახია, რომელსაც ბავშვს ხშირად გადაუჭერენ ხოლმე. მას ხომ, ჩვენი აზრით, კითხვის მეტი არაფერი ევალება”. აქ დასკვნის გამოტანას თქვენ მოგანდობთ… დანიელ პენაკი კითხვის სიყვარულს ზოგადად სიყვარულს ადარებს, რომელიც თუკი “მოვიდა”, არასდროს ვიკითხავთ, გვაქვს თუ არა ამის დრო. დანიელ პენაკი უტოპისტ დიდაქტიკოსად არ რჩება, მან კარგად იცის, რომ “კითხვის დრო მოპარული დროა”, რომელსაც ცხოვრებისეულ ვალდებულებებს ვპარავთ. “კითხვის დრო არასდროს მქონია, მაგრამ თუ რომანმა დამაინტერესა, ვერაფერი შემიშლის ხელს მის დამთავრებაში”, – პენაკის ეს სიტყვები ყველა ჩვენგანისთვის კარგად ნაცნობ განცდას გამოხატავს. მთავარია, ბავშვში მკითხველი გააღვიძოთ და ის საკუთარ თავს თვითონ გაუძღვება, თვითონ გაიკვლევს გზას წიგნების უზარმაზარ ლაბირინთში და გემოვნებაც ნელ-ნელა დაიხვეწება, წიგნზე მსჯელობაც თვითონ მოუნდება და აზრის გამოსახატავად კალამსაც თვითონ აიღებს ხელში. პენაკის ეს რჩევა სკოლის მასწავლებლებსაც ეხება, რომლებიც განუწყვეტლივ ჩივიან მოსწავლეთა გაუნათლებლობაზე. თუკი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები ცოტა ხანს დაივიწყებენ სასკოლო პროგრამას, და რამდენიმე გაკვეთილს, თუმდაც 1-2 თვეს წიგნის ხმამაღალ კითხვას მიუძღვნიან, შედეგი უფრო ეფექტური იქნება. ამას დანიელ პენაკი ფრანგი მასწავლებლების გამოცდილების საფუძველზე გვიჩვენებს, ხოლო მოსწავლეები ყველგან ერთნაირები არიან. ძირითადად ახალგაზრდებს წიგნების მიმართ რამდენიმე სახეობის შიში აქვთ, მათ შორის – ნაწარმოების ვერგაგებისა და სიდიდის შიში. ბევრს ეს შიში სიცოცხლის ბოლომდე მიჰყვება და წიგნის სამყაროდან გარიყული რჩება – გადაწყვეტს, რომ ეს მისი საქმე არ არის. მასწავლებლის ძალისხმევა – კლასში ხმამაღალი კითხვა, ანდა რომელიმე ნაწარმოების შინაარსის მოყოლა – მათ ამ შიშებს დააძლევინებს, ისე, რომ აღარც საპროგრამო ნაწარმოებების ათვისება გაუჭირდებათ. და როგორია თვითონ საზოგადოება, რომელიც ჩივის, ახალგაზრდებს წიგნი არ უყვართო? თვითონ რას კითხულობენ? სამაგიეროდ, მათ ძალიან უყვართ საუბარი – კომენტატორობა, ინტერპრეტატორობა, ანალიტიკოსობა, კრიტიკოსობა, ბიოგრაფობა. ” ამით ვითომდა წიგნის უზენაესობას ვაღიარებთ, მის წინაშე ვიხრით ქედს, სინამდვილეში კი უბრალოდ ვამუნჯებთ მას. საკუთარი კომპეტენტურობის ტყვეობაში მოქცეულნი, წიგნის სათქმელს ჩვენი სათქმელით ვანაცვლებთ. იმის მაგივრად, რომ ჩვენი სახით წიგნი ღაღადებდეს, წიგნს ჩვენი ჭკუის გამოსამზეურებელ ასპარეზად ვხდით”, – ეს უკვე დანიელ პენაკის მათრახია, რაზეც ქართველი საზოგადოება, წესით, არ უნდა შეიშმუშნოს. “წიგნები იმისთვის კი არ იწერება, რომ მათზე ილაპარაკონ, არამედ იმისთვის, რომ წაიკითხონ”, – ეს დანიელ პენაკის შეხსენების გარეშეც ვიცით, ხოლო იმ პროცესში, რასაც მკითხველისა და წიგნის ურთიერთობა ჰქვია, ფრანგი მწერალი მკითხველის ხელშეუვალ უფლებად ჩამონათვალს გვთავაზობს, რასაც ჩვენი გაზეთის დახმარებით თქვენც გაგაცნობთ: უფლება – არ წავიკითხოთ. უფლება – გამოვტოვოთ გვერდები. უფლება – ბოლომდე არ წავიკითხოთ. უფლება – ხელახლა წავიკითხოთ. უფლება – ვიკითხოთ, რაც გვინდა. უფლება ბოვარიზმისა (ტექსტუალური გზით გადამდები დაავადება). უფლება – სადაც გვინდა, იქ ვიკითხოთ. უფლება – საიდანაც გვინდა, იქიდან დავიწყოთ კითხვა. უფლება – ხმამაღლა ვიკითხოთ. უფლება – არ ვილაპარაკოთ წაკითხულზე. ასე იქცევიან უფროსები და თუ გვინდა, ჩვენმა შვილებმა იკითხონ, მათ ყველა ის უფლება უნდა მივანიჭოთ, რომლებითაც ჩვენ თვითონ ვსარგებლობთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი