ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

შემოქმედებითი აზროვნების სწავლება, უოლტ დისნეის „აზროვნების სამი სკამის“ დახმარებით

მეთოდის თეორიული და პრაქტიკული დასაბუთება
გამორჩეულად შემოქმედებით ადამიანებზე ფიქრის დროს შეუძლებელია არ გაგვახსენდეს ანიმაციური ფილმების ცნობილი ამერიკელი რეჟისორი და პროდიუსერი უოლტ დისნეი, რომელმაც მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი თავისი შემოქმედებითი და წარმოსახვითი აზროვნების წყალობით.

მაინც, როგორ ებადებოდა მას ეს იდეები?

დისნეის სტრატეგიის არსი ასეთი იყო:

* პრობლემის/საკითხის ხედვა სამ სხვადასხვა – მეოცნების, რეალისტისა და კრიტიკოსის – პერსპექტივაში;

* პროცესის დროს აზროვნების ტიპების ცვალებადობა.

აზროვნების სამივე ტიპი ყველა ადამიანში იმთავითვე დევს, მაგრამ სხვადასხვანაირად არის გამოხატული. სტრატეგია უზრუნველყოფს, რომ აზროვნების დროს არც ერთი მათგანი არ დარჩეს უყურადღებოდ, სამივე სათანადოდ იქნეს გათვალისწინებული.

დისნეიმ თავის კომპანიაში თითოეული – მეოცნების, რეალისტისა და კრიტიკოსის – როლისთვის გამოყო ოთახი, რომელიც ამ ტიპის აზროვნების შესაბამისად მოაწყო. მეოცნების ოთახი იყო დიდი, ნათელი, ფერადი, კედლებზე ეკიდა სურათები და კრეატიული გამონათქვამები, რეალისტს შესთავაზა ოთახი, სადაც იდგა დიდი სახატავი მაგიდა და იყო ყოველგვარი საშუალება მეოცნების იდეების რეალიზებისთვის, კრიტიკოსი კი ერთ პატარა, ვიწრო ოთახში რეალისტის ჩანახატებს აფასებდა.

ამრიგად, დისნეი შემოქმედებით აზროვნებას ანალიტიკურისა და კრიტიკულისგან განყენებულად არ განიხილავდა. ყველა კრეატიული იდეა ანალიზსა და შეფასებას მოითხოვს. ნებისმიერი პრობლემის გადაჭრის პროცესი სამივე ამ ელემენტს უნდა მოიცავდეს.

თავად დისნეი შესანიშნავად ფლობდა სამივე როლს. სწორედ ეს იყო მისი წარმატების საწინდარი. იგი თანამშრომლებს ყოველთვის რთავდა იდეების გენერირების, სელექციისა და შეფასების პროცესში.

უოლტ დისნეის მიერ კინემატოგრაფში დანერგილი ეს სტრატეგია მრავალ სფეროში გავრცელდა, მათ შორის – განათლებაშიც, სადაც იგი ცნობილია „აზროვნების სამი სკამის” სახელწოდებით. სტრატეგია მოიცავს როგორც ანალიტიკურ-სისტემატურ, ასევე ინტუიციურ-კრეატიულ ელემენტებს.

„აზროვნების სამი სკამი” როლური თამაშია, რომელიც შეგვიძლია წარვმართოთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურადაც. მეთოდის გამოყენებისას ოთახების ცვლა აუცილებელი არ არის, საკმარისია სამი სკამი: მეოცნებისა, რეალისტისა და კრიტიკოსისა, – რომლებიც ოთახის სხვადასხვა კუთხეში იდგება. სასურველია, თითოეული მათგანი გამშვენდეს აზროვნების ტიპის შესაბამისად. მეთოდის განხორციელება შეიძლება სკამის გარეშეც – ოთახის თითოეულ კუთხეში რაიმე ისეთი დეტალის მოთავსებით, რომელიც განასახიერებს აზროვნების ამა თუ იმ ტიპს.
მეოცნების სკამზე უნდა ავამოქმედოთ ჩვენი ფანტაზია, მივცეთ გასაქანი, თამამად გამოვხატოთ სურვილები, არ ვიფიქროთ იმაზე, შესაძლებელია თუ არა მათი განხორციელება, გამოვიჩინოთ ცნობისმოყვარეობა და ენთუზიაზმი, მივიღოთ სიამოვნება, ნაკლები ვიფიქროთ შედეგზე. ამ სკამზე ყველაფრის უფლება გვაქვს, გარდა ერთისა – სერიოზულად ვიფიქროთ პრობლემაზე. მნიშვნელოვანია, ყველა იდეა გამოვთქვათ.
რეალისტის სკამზე უნდა ვიფიქროთ იდეების განხორციელებაზე, ვიყოთ პრაგმატულები, ვიმოქმედოთ გეგმაზომიერად და გონივრულად, გავითვალისწინოთ პირობები, ვიყოთ სამართლიანები, შედეგზე ორიენტირებულები, ამოვირჩიოთ უმოკლესი და მიზანმიმართული გზა.
კრიტიკოსის სკამზე ფოკუსირება მოვახდინოთ იდეის მიზანშეწონილობასა და განხორციელებადობაზე; შევაფასოთ, შეესატყვისება თუ არა ეს გზა მიზანს და რა შედეგს გამოიღებს; ვიფიქროთ რისკებსა და შესაძლებლობებზე; შევაფასოთ მიუკერძოებლად. კრიტიკოსი არ უნდა იყოს იდეისადმი ნეგატიურად განწყობილი. მან ამ იდეაში პრობლემები უნდა იპოვოს, მაგრამ იდეის არსისა უნდა სჯეროდეს. 
მეთოდის გამოყენება
(ჩვენ მიერ აღწერილი მაგალითი ეხება ჯგუფურ როლურ თამაშს)
პირველი ნაბიჯი:

მეთოდით მუშაობის დასაწყისში მასწავლებელი/მოდერატორი სთავაზობს მსმენელებს/მოსწავლეებს ინფორმაციას დისნეის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ – როგორ დაიწყო საქმიანობა პატარა, უცნობმა მწარმოებელმა და თავისი გამბედაობისა და შემოქმედებითობის წყალობით როგორ გახდა მსოფლიოში ცნობილი ადამიანი. 

მეორე ნაბიჯი
სანამ მონაწილეებს განსახილველ თემას გავაცნობთ, ვატარებთ მოთელვას, რათა მონაწილეებმა გაითავისონ სამივე როლი. მეოცნების კუთხეში მათ უნდა გაიხსენონ თავიანთი ცხოვრების ულამაზესი და შემოქმედებითი მომენტები, ის დრო, როცა ოცნებობდნენ. ეს აქტივობა მათ პოზიტიურ განწყობას შეუქმნის.
მესამე ნაბიჯი
ხანმოკლე პაუზის შემდეგ ჯგუფი რეალისტის კუთხეში გადაინაცვლებს, სადაც ყველა მონაწილემ უნდა გაიხსენოს სიტუაცია, როდესაც მან პრობლემა რეალისტურად და პრაგმატულად გააანალიზა და გონივრულად გადაწყვიტა. თუ მოსწავლეს თავისი ცხოვრებიდან ასეთი სიტუაცია არ ახსენდება, მოუსმინოს სხვას და ურჩიოს, თავად როგორ მოიქცეოდა პრაგმატულად მის ადგილას. 
მეოთხე ნაბიჯი
ბოლოს, კრიტიკოსის კუთხეში, მოსწავლეებმა უნდა გაიხსენონ სიტუაცია, როდესაც იდეა საღი თვალით, ობიექტურად და კონსტრუქციულად გაუანალიზებიათ, სუსტი და ძლიერი მხარეების იდენტიფიცირება მოუხდენიათ და პოტენციური პრობლემები გამოუვლენიათ. 
მეხუთე ნაბიჯი
ამის შემდეგ მოდერატორი/მასწავლებელი ჯგუფს აცნობს გადასაჭრელ პრობლემას, რის შემდეგაც იწყება ნამდვილი როლური თამაში. ჯგუფი უბრუნდება მეოცნების კუთხეს. მეოცნებეები ამ ფაზაში იწყებენ პრობლემის შესახებ საკუთარი ხედვებისა და იდეების გამოთქმას. ამ ფაზაში მათ უსაზღვრო ფანტაზიის უფლება აქვთ. ყველა ქაოსურ და გიჟურ იდეას აქვს შანსი, იქცეს ახალ და ადეკვატურ მიდგომად.
მეექვსე ნაბიჯი
შემდეგ მონაწილეები მიადგებიან რეალისტის კუთხეს, სადაც უბრუნდებიან გამოთქმულ იდეებს და აანალიზებენ მათ. სვამენ შემდეგ კითხვებს: არის თუ არა ეს იდეები მიზნის რელევანტური? რა მასალა, ადამიანური რესურსი, ცოდნა და ტექნიკური მოწყობილობაა საჭირო მათ განსახორციელებლად? შესაძლოა თუ არა, ჩვენ მიერ შერჩეული მიდგომა მოვსინჯოთ? და სხვ. რეალისტები გამოსცდიან ყველა იდეას, სანამ კრიტიკოსებს გადასცემდნენ. ასე გარდაისახება თავდაპირველად არარეალისტურად მიჩნეული იდეები რეალისტურ, ინოვაციურ მიდგომებად.
მეშვიდე ნაბიჯი
წრებრუნვის უკანასკნელ პუნქტში კრიტიკოსებს ეძლევათ დავალება, იდეები კონსტრუქციულად განიხილონ. მათ უნდა დასვან კითხვები: რა შეიძლება გაუმჯობესდეს? როგორია ამ იდეის რისკები და შესაძლებლობები? რა არ გაითვალისწინეს? როგორ აფასებენ თავად ამ წინადადებას? – და ა.შ.
მეთოდი შეიძლება წარიმართოს სხვადასხვა ვარიაციით:
* კლასი დაიყოს სამ ჯგუფად, ყოველმა ჯგუფმა აზროვნების თითო ტიპიდან განიხილოს ერთი და იგივე საკითხი – ერთი ჯგუფის შემოქმედებით იდეებს მეორე ჯგუფი აანალიზებს, ხოლო მესამე კრიტიკულად აფასებს. 

* ერთმა და იმავე ჯგუფმა (ან ყოველმა მოსწავლემ ინდივიდუალურად) აზროვნების სამივე ტიპიდან განიხილოს ერთი და იგივე პრობლემა – თავად მიაგნოს კრეატიულ იდეებს, გააანალიზოს ისინი და შეაფასოს.

ნებისმიერ შემთხვევაში მასწავლებლის მიზანი მოსწავლეებში სამივე ტიპის აზროვნების განვითარება და აზროვნების პროცესის სწორად აგება უნდა იყოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი