შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

დიდი კლასის მართვა

თეო ნეფარიძე

მასწავლებლებმა იციან, რომ დიდი კლასის მართვა და დიდ კლასში ეფექტური გაკვეთილის ჩატარება განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს. წინამდებარე სტატიაში დიდ კლასში მუშაობასთან დაკავშირებულ რამდენიმე პრობლემასა და მათი გადაჭრის გზებზე ვისაუბრებთ.

 პირველ რიგში, განვიხილოთ, რა არის დიდი კლასი და რა ფაქტორები განსაზღვრავს მის სიდიდეს. სხვადასხვა გამოკვლევის შედეგებით თუ ვიხელმძღვანელებთ, შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ დიდია კლასი, თუ მასში 30 ან მეტი მოსწავლე ირიცხება. თუმცა კვლევათა შედეგები იმის გათვალისწინებასაც მოითხოვს, რომ ზოგიერთი ფაქტორის ზემოქმედების გამო 15 მოსწავლისგან შემდგარი კლასიც კი შეიძლება დიდად ჩაითვალოს. ერთ-ერთი ასეთი ფაქტორია სწავლების შინაარსობრივი მხარე. მაგალითად, უნარ-ჩვევების (წერითი, სასაუბრო, კრიტიკული, კომპიუტერული და ა.შ.) განვითარებაზე ორიენტირებული კლასი თითოეულ მოსწავლესთან ინდივიდუალურ მუშაობას მოითხოვს და, შესაბამისად, მცირეკონტინგენტიანი ჯგუფიც კი შეიძლება დიდ კლასად მივიჩნიოთ. ინფორმაციის მიწოდებაზე, თეორიულ სწავლებაზე ორიენტირებულ კლასში შედარებით მეტი (სულ ცოტა, 30) მოსწავლე უნდა ირიცხებოდეს, რომ კლასი დიდად ჩავთვალოთ.

ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია მოსწავლეთა ასაკი. დაწყებითი კლასის მოსწავლეების კონცენტრირების უნარი გაცილებით დაბალია, შესაბამისად, კლასის სიდიდის სტანდარტული მაჩვენებელიც 25-მდე ჩამოდის.

კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც კლასის სიდიდის განსაზღვრაზე ახდენს გავლენას, საკლასო სივრცეა. თუ კლასში ავეჯის გადაადგილებისა და მასწავლებლის მოძრაობისთვის შეზღუდული შესაძლებლობებია, 20 მოსწავლისგან შემდგარი კლასიც კი რთული სამართავი ხდება.

მომდევნო ფაქტორია კლასის შემადგენლობა, მოსწავლეთა კულტურული და ეთნიკური მრავალფეროვნება ან განსხვავებები მოსწავლეთა სწავლის სტილსა და ცოდნის დონეში.

განურჩევლად იმისა, რომელი ზემოაღნიშნული ფაქტორი განაპირობებს კლასის სიდიდეს, მასწავლებლები დიდ კლასთან მუშაობისას შემდეგ სირთულეებს აწყდებიან:

. შეფასებასთან დაკავშირებული სირთულეები, განსაკუთრებით _ წერითი სამუშაოების, ტესტებისა და დავალებების შემოწმება;

. დისციპლინასთან დაკავშირებული ისეთი პრობლემები, როგორიცაა კლასში საუბარი, დაგვიანება, ხმაური, გადაწერა და ა.შ.;

. დროის მართვა და განაწილება;

. სივრცის მართვა და განაწილება;

. საკლასო აქტივობების შეცვლის შეზღუდული შესაძლებლობები;

. მრავალფეროვნება მოსწავლეთა ცოდნის ხარისხში, სწავლის სტილსა და კულტურულ თავისებურებებში.

დიდ კლასში მოსწავლეებიც ეჯახებიან თავისებურ სირთულეებს სწავლის პროცესში. განსაკუთრებით ახალგადაყვანილ მოსწავლეებს უჭირთ გაარკვიონ, რა ინფორმაციაა მნიშვნელოვანი; უჭირთ შეკითხვების დასმა, რეალური ცოდნის გამომჟღავნება, დროის სწორად განაწილება/გამოყენება. მეტია ცდუნება, მოსწავლეებმა უხეშად გააკრიტიკონ მასწავლებელი.

აღნიშნული გამოწვევების დასაძლევად მასწავლებლებს ხუთი ასპექტის გათვალისწინებით ურჩევენ სამოქმედო სტრატეგიის დასახვას:

. გაკვეთილის სტრუქტურა, სადაც მოსწავლეები მასწავლებლის პირდაპირი მონიტორინგის გარეშე შეძლებენ მიღებული ცოდნისა და უნარ-ჩვევების პრაქტიკულ გამოყენებას;

. ისეთი საგაკვეთილო პროცედურები, რომლებიც მოსწავლეებს დამოუკიდებლად მუშაობის მეტ შესაძლებლობას მისცემს;

. მოსწავლეთა ხელშემწყობი გარემოს შექმნა და კლასის მართვის საკითხებში მათი ჩართვა;

. სასწავლო ტექნიკების დიფერენცირება სხვადასხვა შესაძლებლობისა და სწავლის სტილის მქონე მოსწავლეების საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად;

. შეფასების რეალისტური პროცედურების განსაზღვრა მოსწავლეთა ცოდნის ხარისხის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მისაღებად.

სტრუქტურა

ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია როგორც მოსამზადებელი, ისე უშუალოდ გაკვეთილის წარმართვის საკითხები. სტრუქტურულ რეკომენდაციებში გათვალისწინებულია გაკვეთილის მსვლელობა, ასევე _ მასალებისა და სივრცის მართვა. სტრუქტურულად აწყობილი გაკვეთილისთვის აუცილებელია მკაფიოდ განსაზღვრული სასწავლო მიზნები და მიზნობრიობა. მოსწავლეებმა კარგად უნდა გაიაზრონ არა მხოლოდ ის, რას ისწავლიან გაკვეთილზე, არამედ ისიც, რატომ სწავლობენ და რაში შეიძლება გამოიყენონ მიღებული ცოდნა. გაკვეთილი ისე უნდა იყოს აგებული, რომ მოსწავლეებმა ყველაზე მნიშვნელოვანი მასალის დამახსოვრება შეძლონ. ამისთვის გაკვეთილი 10-15-წუთიან ბლოკებად უნდა იყოს დაყოფილი. თითოეული ბლოკი ერთ საკითხს და შესაბამისი მაგალითების წარმოდგენას უნდა დაეთმოს.

გაკვეთილის დასასრულს ყოველთვის შესთავაზეთ მოსწავლეებს მოკლე მიმოხილვა და მთავარი აზრის შეჯამება. აუცილებლად მოიტოვეთ რამდენიმე წუთი შეკითხვებისთვის. რაც შეეხება მოსამზადებელ დავალებებს, რეკომენდებულია, მოსწავლეებმა დამგეგმავი გამოიყენონ, დღიური აწარმოონ, მოკლე ანგარიშები მოამზადონ. კლასის მართვის თვალაზრისით, სტრუქტურული წესრიგის უზრუნველყოფის ყველაზე ეფექტური მეთოდი მოსწავლეთა განლაგების სქემის გამოყენებაა, რომლის მეშვეობითაც მასწავლებელს შეუძლია სტრატეგიულად გაანაწილოს სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე მოსწავლეები.

მოსწავლეთა განლაგების მატრიცის ტრადიციული მოდელი მოსწავლეებს სამ კატეგორიად ყოფს: საუკეთესოები, საშუალო დონისანი და სუსტები. აღნიშნული სქემის ტრადიციული მოდელი ასეთია:

სუსტი მოსწავლე

საშუალო დონის მოსწავლე

სუსტი მოსწავლე

საშუალო დონის მოსწავლე

სუსტი მოსწავლე

საშუალო დონის მოსწავლე

საუკეთესო მოსწავლე

საშუალო დონის მოსწავლე

საუკეთესო მოსწავლე

საშუალო დონის მოსწავლე

საუკეთესო მოსწავლე

საშუალო დონის მოსწავლე

სუსტი მოსწავლე ქცევითი პრობლემებით

საშუალო დონის მოსწავლე

სუსტი მოსწავლე ქცევითი პრობლემებით

საშუალო დონის მოსწავლე

სუსტი მოსწავლე ქცევითი პრობლემებით

საშუალო დონის მოსწავლე

მოცემული სქემა უზრუნველყოფს საუკთესო მოსწავლეების განაწილებას კლასის მთელ სივრცეში, გამორიცხავს რადიკალურად განსხვავებული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეთა წყვილში მოხვედრას, მასწავლებელს საშუალებას აძლევს, მეტი ყურადღება მიაქციოს ქცევითი პრობლემების მქონე მოსწავლეებს. გარდა ამისა, ის ხელს უწყობს თანაბარი შესაძლებლობების მქონე სექტორების არსებობას ჯგუფური მუშაობისთვის, უადვილებს მასწავლებელს აქტივობათა დაგეგმვას მოსწავლეთა განლაგების სქემის გათვალისწინებით, ეხმარება მას მოსწავლეთა მუშაობის გაკონტროლებაში და, უპირველეს ყოვლისა, მოსწავლეებს წესრიგისა და წესების დაცვას უადვილებს.

დიდ კლასში აუცილებელია, მასწავლებლებს საკმარისი სივრცე ჰქონდეთ მერხებს შორის მოძრაობისთვის, რათა ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობის მონიტორინგი შეძლონ. რაც შეეხება მასალების განაწილებას, გამოიყენეთ ჯგუფური საქაღალდეების ტექნიკა. თუ კლასი მოსწავლეთა განლაგების მატრიცის მიხედვით არის განაწილებული, ჯგუფური საქაღალდეები შეგიძლიათ კლასის ოთხ კუთხეში განათავსოთ და მათში მოსწავლეთა შესაბამისი მეოთხედის მასალები ჩააწყოთ.

საგაკვეთილო პროცედურები

დიდ კლასში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მკაფიო და თანამიმდევრული წესების შემუშავება/დაცვა და რუტინული პროცედურების დანერგვა.

კლასში უნდა არსებობდეს წესები და მოსწავლეთა უფლებები. წესები ვრცელდება როგორც მოსწავლეებზე, ისე მასწავლებლებზეც. სასურველია, წესების შემუშავებაში/შერჩევაში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთონ. თითოეული წესის მიზანშედეგობრიობა გააზრებული უნდა ჰქონდეს ყველა მოსწავლეს. ამასთან, წესები უნდა იყოს რეალისტური და შესრულებადი. არასრულად/არასწორად შედგენილმა წესებმა შესაძლოა პრობლემები უფრო გააღრმაოს. მაგალითად, შემდეგი წესი: გადაწერა აკრძალულია” _ არასრულია, რადგან მოსწავლეს არც აკრძალვის მიზანს აცნობს და არც მოსალოდნელ შედეგს.

რუტინული პროცედურები მასწავლებელს კლასის მართვასა და დროის მაქსიმალურად გამოყენებაში ეხმარება. შეგიძლიათ, გაკვეთილი ყოველთვის ერთსა და იმავე ფორმატში დაიწყოთ და დაამთავროთ. სასურველია, მოსწავლეებს წინასწარ გააცნოთ დაჯგუფების რამდენიმე პრინციპი, რომლებსაც რეგულარულად გამოიყენებთ სემესტრის განმავლობაში. გაკვეთილზე რომელიმე ამ პრინციპის გამოყენება მოსწავლეებში ნაკლებ დაბნეულობასა და უწესრიგობას გამოიწვევს.

ფართოდ არის გავრცელებული არავერბალური მინიშნებების გამოყენება კონკრეტული მნიშვნელობით. შესაძლებელია, ჟესტებით ესა თუ ის ინსტრუქცია გადასცეთ მოსწავლეს. მაგალითად, თუ თითს ყურთან მიიტანთ, ამით მოსწავლეს სთხოვთ, გაიმეოროს ნათქვამი, ტაშს თუ შემოჰკრავთ, ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ მოსწავლეების ყურადღების მიპყრობა გსურთ.

მოსწავლეთა ხელშემწყობი გარემო და მათი როლი კლასის მართვაში

მასწავლებლის უპირველესი ვალდებულებაა, მოსწავლეებს სწავლისთვის ხელსაყრელი გარემო შეუქმნას. მნიშვნელოვანია, მოსწავლემ კომფორტულად იგრძნოს თავი ახალ გარემოში და მასწავლებელთან პირადი კონტაქტის შესაძლებლობა ჰქონდეს. ყველა მოსწავლე უნდა გრძნობდეს, რომ მისი აზრი მნიშვნელოვანია და მის შეკითხვას ყოველთვის ინტერესით მოელიან. გირჩევთ, კლასში შეკითხვების ყუთი დადგათ, სადაც მოსწავლეები ანონიმურად განათავსებენ თავიანთ შეკითხვებს და მომდევნო გაკვეთილზე თქვენგან პასუხებს მიიღებენ. ეცადეთ, შეძლებისამებრ მეტი დრო დაუთმოთ გაკვეთილებს შორის მოსწავლეებთან ურთიერთობას. კლასში გაკვეთილის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე შესვლა და გაკვეთილის დამთავრების შემდეგ რამდენიმე წუთით გაჩერება მოსწავლეებს თქვენთან საუბრის მეტ შესაძლებლობას მისცემს.

სწავლის ხელშემწყობი გარემოს შესაქმნელად აქტიურად გამოიყენეთ ტექნოლოგიური საშუალებები: მულტიმედიაპრეზენტაციები, თვალსაჩინოებები, საგანმანათლებლო თამაშები, ინტერნეტის ძიების სისტემები და ა.შ.

მოსწავლეთა როლების განსაზღვრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიდ კლასში. მოსწავლეთა განლაგების სქემის გამოყენებით კლასი იმდენ ნაწილად გაყავით, რომ თითოეულ სექტორში ათზე მეტი ბავშვი არ იყოს. თითოეულ სექტორს დაუნიშნეთ მოსწავლე-კოორდინატორი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება თქვენ მიერ განსაზღვრული ვალდებულებების რეგულარულად შესრულებაზე (ეს შეიძლება იყოს ნაწერების შეგროვება, მასალების დარიგება, დასწრების ჩაწერა და ა.შ.). გაითვალისწინეთ: კოორდინატორის როლი ნეიტრალურ ფუნქციებს უნდა მოიცავდეს, მას მოსწავლეთა შეფასებისკენ მიმართული დავალებები არ უნდა მისცეთ. გარდა ამისა, ეცადეთ, როტაციის პრინციპი გამოიყენოთ და ყოველ თვე ახალი კოორდინატორი აირჩიოთ.

სწავლების დიფერენცირებ

დიფერენცირებული სწავლება დიდი კლასის ეფექტურსწავლებისა და მართვისთვის აუცილებელი მოთხოვნაა, რადგან ასეთ კლასში გარდაუვალია სხვადასხვა შესაძლებლობის, სწავლის სტილისა და სოციოკულტურული წარმომავლობის მოსწავლეთა არსებობა. გახსოვდეთ, რომ შინაარსობრივი მასალა ყველა მოსწავლისთვის იდენტური უნდა იყოს, ხოლო დიფერენცირება შესაძლებელია პროდუქტის, პროცესისა და ფორმატისა(პროდუქტი – დავალების შესრულების შედეგად მიღებული შედეგი; პროცესი – სხვადასხვა შესაძლებლობისა და სწავლის სტილის მქონე მოსწავლეების განსხვავებულ აქტივობებში ჩართვა;ფორმატი – სხვადასხვა ტიპის/ხარისხის ჩართულობა, სხვადასხვა სახის წყვილების ან ჯგუფების შექმნა).

დიფერენცირების კიდევ ერთი ეფექტური საშუალებაა ჯგუფური ან ინდივიდუალური სასწავლო პროექტების განხორციელება. დიდ კლასში სასწავლო პროექტებისა და ნებისმიერი სხვა აქტივობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დეტალური და ნათლად ჩამოყალიბებული ინსტრუქციების მიცემა. სასურველია, ინსტრუქციები წერილობით წარმოუდგინოთ და დავალებასთან ერთად გადასცეთ მოსწავლეებს.

ასევე, სწავლის სხვადასხვა სტილის მქონე მოსწავლეებისგან შემდგარ დიდ კლასში სწავლებისას მაქსიმალურად ეცადეთ, იხელმძღვანელოთმულტისენსორული სწავლების პრინციპით, რაც ინფორმაციის მრავალმხრივად წარმოდგენას გულისხმობს. ინფორმაციის მიწოდებისას გამოიყენეთ ჟესტები, ვიზუალური დამხმარე საშუალებები, წერილობითი ტექსტი, მოსასმენი მასალა, სიმულაციური მოდელირება.

შეფასება

დიდ კლასთან მუშაობისას შეფასების ეფექტური სტრატეგიისა და შეფასების გეგმის შედგენა ურთულესამოცანა.როგორც განმავითარებელი, ისე შემაჯამებელი შეფასებამასწავლებლისგან დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს. ამიტომ მაქსიმალურად ეცადეთ, გამოიყენოთ ავტომატიზებული შეფასების ფორმები, თვითშეფასებისა და თანატოლთა შეფასების მეთოდები.

ვიმედოვნებთ, ეს რეკომენდაციები მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ დიდ კლასთან მუშაობისას. სასურველია, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ სტატიაში განხილულ ხუთ ასპექტს: სტრუქტურას, საგაკვეთილო პროცედურებს, მოსწავლეთა როლს, სწავლების დიფერენცირებასა და შეფასების გეგმის შემუშავებას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი