სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

ამბების გაზიარება თუ სახლში ენის მიტანა – რომელი და ვისგან ეკრძალებათ მოსწავლეებს?!

ძნელი სათქმელია, პირველად როდის გაჩნდა ჩემს ცნობიერში სიტყვათა წყობა – ამბის მიტანა, ენის მიტანა, დასმენა, დაბეზღება ან „ჩაშვება“. ის კი მახსოვს, რომ 80-იანი წლების ბავშვს ბევრი წელი დამჭირდა ტვინში მათი პირვანდელი მნიშვნელობა გამეუქმებინა და საპირისპირო მრიდან დამენახა ამბის თუ ენის მიტანის მნიშვნელობა.

 

ბევრს ეს სიტყვები დღესაც გულზე ხინჯად მოხვდება! რადგან სახლში ენის მიტანა რომ არ შეიძლება, ხშირად არა მხოლოდ ქუჩაში, არამედ ოჯახებსა და საგანმანათლებლო დაწესებულელებშიც ისმის.

 

ზოგიერთ მშობელს მიაჩნია, რომ ბავშვმა დაბრკოლებები თავად უნდა გადალახოს, ამიტომ ბავშვის ყოველდღიურობაში ჩარევის კატეგორიული წინააღმდეგია. თუმცა მათ ავიწყდებათ, რომ თანამედროვე რეალობაში არსებობს პრობლემები, რომელთა მოგვარება ბავშვების ძალებს აღემატება. მით უფრო, თუ ზრდასრულები ამბის მიტანის აკრძალვით შემოიფარგლებიან და არაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ შვილებს დაბრკოლებების გადალახვის უნარი გამოუმუშაონ.

 

სახლში ამბის მიტანა რომ არ შეიძლება, ზოგჯერ და არც თუ იშვიათად სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლებისგანაც მოისმენთ. თუ თქვენ არ გსმენიათ, ჰკითხეთ ბავშვებს და ისინი დაგიდასტურებენ, რომ ამბის მიტანას ის ადამიანები კრძალავენ, რომლებიც მოსწავლეების თუ აღსაზრდელების მშობლებთან ერთად უნდა აგვარებდნენ არსებულ პრობლემებს; მუშაობდნენ გართულებების თავიდან ასაცილებლად.

 

როცა მშობელი სკოლიდან დაბრუნებულ შვილს ეკითხება, როგორი დღე ჰქონდა სკოლაში, მას მოლოდინი აქვს, რომ ბავშვი შთაბეჭდილებებს გაუზიარებს. მშობლისა და შვილის საუბარი სასკოლო საკითხებზე, არ შეიძლება ვინმემ განიხილოს დაბეზღებად. თუნდაც მშობელს არასწორი რეაგირება ჰქონდეს მოსმენილზე და არ/ვერ იცავდეს სკოლასთან სწორი კუმუნიკაციის წესებს.

 

ზოგჯერ ბავშვები მშობლებს არა მხოლოდ თავის, არამედ თანაკლასელების ამბებს უყვებიან. მაგალითად, როგორ გააბრაზა ვიღაცამ მასწავლებელი და როგორ განვითარდა შემდეგ მოვლენები. მიუხედავად მშობლის რეაქციისა, ეს არ არის დაბეზღება და ჩაშვება, ეს არის ემოციების გაცვლა მშობელსა და შვილს შორის. ეს მომენტი მეტად მნიშვნელოვანია ოჯახის წევრთა ურთიერთობაში, რადგან უამისოდ არსებობს დიდი რისკი, რომ ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად მათ შორის ურთიერთობა გაცივდეს, სულიერად დაშორდნენ და დაიკარგოს ემოციური კავშირი, რაც გაუცხოებას იწვევს.

 

 

რა არის მიზეზი, რომ საბავშო ბაღის ან სკოლის თანამშრომელი ბავშვს სახლში ამბის მიტანას უკრძალავს? ალბათ იმდენივე პასუხი არსებობს, რამდენიც ამკრძალავი პირი, მაგრამ ერთი რამ უდავოა – მათ არ სურთ უსიამოვნებები სამსახურში, რაც შეიძლება ბავშვების მშობლებმა შეუქმნან. ბავშვების მართვა ხომ გაცილებით ადვილია, ვიდრე მათი მშობლების და ოჯახის სხვა წევრების.

 

რომ არ იფიქროთ ამ წერილს ფანტაზიორი ავტორი ჰყავს, რომელიც 90-იან წლებშია ჩარჩენილიო, ორ ისტორიას გაგიზიარებთ არასამთავრობო ორგანიზაციის „მშობლები განათლებისთვის“ ბოლო ერთი წლის არქივიდან.

 

ისტორია I – მოქმედება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ხდება

 

აქტიური და მოძიძგილავე 5 წლის ბიჭუნებისგან შეწუხებული მასწავლებელი ორივე ბავშვს პატარა ბნელ ოთახში კეტავს. ოთახს ფანჯარა არ აქვს. 5 წლის ბიჭები ხელის ცეცებით ეძებენ კედელზე ელექტროენერგიის ჩამრთველს, მაგრამ შუქი შიგნიდან არ ირთვება. არც კარი იღება. ერთი ტირის, მეორე ჩუმად არის. ზუსტად რამდენ ხანს ატარებენ ბავშვები ცოცხების, სათლებისა და იატაკის ჩვრების შესანახ 3 კვ.მ. ოთახში, არავინ იცის, რადგან 5 წლის ბავშვებს, თან სტრესში მყოფებს დროის განსაზღვრის შესაძლებლობა არ აქვთ. როცა პედაგოგი ჩათვლის, რომ მიზანს მიაღწია, შეშინებულ ბავშვებს საერთო სივრცეში აბრუნებს. დღის ბოლოს ერთ-ერთი ბიჭი სახლში ჰყვება, როგორ შეეშინდა ბნელ ოთახში, როგორ იტირა და როგორ დასცინეს ცრემლების გამო. მშობელი მეორე დღესვე საბავშვო ბაღში მიდის. სიტუაციას არკვევს და მასწავლებლისთვის დისციპლინური სახდელის დაწესებას ითხოვს. მასწავლებელი თავს იმართლებს და პარალელურად უკვე გავლენიან ნაცნობებს ეძებს, იქით რომ დაემუქროს მშობლებს. მასწავლებელი სამუშაო ადგილზე რჩება და იმითაც უკმაყოფილოა, რომ სასტიკი საყვედური გამოუცხადეს. მეორე დღეს იწყებს ბავშვების დამუნათებას, რომ ბაღის ამბები სახლში არ უნდა მიიტანონ. ბაღი მათი ოჯახია და რაც იქ ხდება, არავინ უნდა გაიგოს. ამასაც პატარებისგან იგებენ მშობლები!

 

ისტორია II – მოქმედება სკოლაში ვითარდება

 

კლასში ახალი ბიჭი გადმოდის. ისეთი დამრიგებელი ჰყავთ, მუჭში უჭირავს მთელი კლასი. უცხო ენას ასწავლის და არავის უკვირს, რომ ბავშვების დიდი ნაწილი მასთან დამატებით ემზადება. სულ მალე ახალი ბიჭის მშობელიც სთხოვს მას შვილის მომზადებას. მასწავლებელი თანხმდება, მაგრამ ერთი თვის შემდეგ ბიჭი ამბობს, რომ გაკვეთილების შემდეგ სკოლაში მშიერი დარჩენა და დამატებითი მეცადინეობა უჭირს. ამის გამო, დედის თანხმობით ბიჭი თავს ანებებს ფასიან მეცადინეობას თავის მასწავლებელთან. პრობლემებიც აქედან იწყება. პერიოდულად ბიჭი მშობლებს უყვება, რომ დამრიგებელი მის მიმართ შეიცვალა. ნაკლებ ყურადღებას უთმობს, აგრესიულია, რამდენჯერმე დაუყვირა. მშობლები ამშვიდებენ, რომ ყველაფერი რიგზეა და ასწავლიან, როგორ დაარეგულიროს ურთიერთობა მშვიდად. ერთ დღეს ბიჭის სახლში შეწუხებული ხმით კლასელი გოგონა რეკავს და ბიჭის ამბავს კითხულობს. ასე იგებენ მშობლები, რომ მასწავლებელი მათ შვილს მთელი კლასის თვალწინ ფიზიკურად გაუსწორდა. ბავშვი შეძრწუნებულია. მშობლები სკოლაში მიდიან და დირექციისგან ითხოვენ, მასწავლებელმა მთელი კლასის თვალწინ ბოდიში მოუხადოს მათ შვილს. მეორე დღეს პედაგოგი კლასში შედის და განერვიულებული სახით იწყებს: – „მე თქვენ ჩემი შვილები მეგონეთ! მაგრამ თქვენ არ ყოფილხართ ჩემები. თქვენ ჩვენი საიდუმლო ამ კედლებს გარეთ გაიტანეთ. ენატანიები ხართ. და ბოდიშს ვუხდი ამ ვაჟბატონს, რომელმაც ჩვენი დედა-შვილობა და წესრიგი დაარღვია“.

ადვილი წარმოსადგენია, როგორ განვითარდა იმ კლასში მოვლენები. ახალგადასული ბიჭი, რომელსაც მასწავლებელი ფიზიკურად გაუსწორდა და ამის შესახებ სიტყვა არსად დასცდენია, ბულინგის მსხვერპლად იქცა.

 

ამ წერილის მიზანი სააღმზრდელო – საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მათი თანამშრომლების პრესტიჟის შელახვა არ არის. ჩემი მიზანია, გარეშე თვალით დაგანახოთ ჩვენი დროის საგანმანათლებლო დაწესებულებების შიდა სამზარეულო. როგორ უსუსურად, ხან სასაცილოდ და ხანაც საშიშად ჩანს გარედან. სადაც ამ დრომდე იშვიათად იმარჯვებს ბავშვის საუკეთესო ინტერესები. სადაც ბავშვთა უფლებებსა და პირად სივრცეზე დაწყებული საუბარი, თითქმის ყოველთვის  დისკუსიის ფორმატში გადადის და მასწავლებლის უფლებებზე საუბრით გრძელდება.

 

ის, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების ზოგიერთ თანამშრომელს ჰგონია, ბავშვს სხვა უფლებებთან ერთად სახლში ამბის მოყოლის უფლებაც უნდა შეუზღუდოს, ხომ არ არის ეს ყველაფერი კანონის უპატივცემულობის გამოხატულება?! ხომ არ არის ეს ბავშვებისთვის არასწორი ღირებულებების ჩანერგვა, დაშინება, „დაშანტაჟება“, ჩაგვრა?!

მინდა მივმართო ბავშვებს, თუ ოდესმე ვინმე გეტყვით, რომ სახლში ენის მიტანა არ შეიძლება, იცოდეთ, რომ ის ადამიანი არც ისე სანდოა!

ეს სიტყვები იყოს თქვენთვის საზომი, რომ თქვენი და იმ ადამიანის ურთიერთობაში რაღაც წესრიგში არ არის! როგორი სანდო და პატივცემულიც უნდა გეჩვენებოდეთ, იქნება ის თქვენი პედაგოგი, სკოლის დირექტორი, ბაღის გამგე, ოჯახის ახლობელი, ძიძა, უფროსი მეგობარი, თანატოლი თუ უბრალოდ ნაცნობი! ჩართეთ ტვინში განგაშის სიგნალი და აუცილებლად უთხარით ეს ამბავი მშობლებს, ოჯახის სხვა წევრებს, მეგობარ ზრდასრულებს. თქვენი ყოველდღიური ამბების ოჯახში გაზიარება „ჩაშვებას“ არ ნიშნავს. ეს თქვენი უფლებაა, რომელიც არცერთი კანონით არ იზღუდება.

გამოიყენეთ ეს უფლება და გვაგრძნობინეთ, რომ გჭირდებით!

ნუ მოგვცემთ საშუალებას, გასწავლოთ პრობლემებზე თვალების დახუჭვა!

ნუ გაგვიადვილებთ ცხოვრებას თქვენი მოთმინების ხარჯზე!

პ.ს. წერილი არ ეხება საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებულ კეთილსინდისიერ მასწავლებლებსა თუ დირექციის წარმომადგენლებს, რომლებიც  თავიანთი ზურგით ეზიდებიან თანამედროვე ქართული სკოლის სიმძიმეს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი